ადამიანის უფლებათა დამცველები უსაფრთხოების ძალების მიერ პროვოკაციების შესახებ იუწყებიან, რომლებიც, მათი აზრით, ბავშვებს სდევნიან მთელი საზოგადოების დასაშინებლად.
FSB-ს ექსპერიმენტი
Mediazona-ს ცნობით, რუსეთში 2022 წლის თებერვლიდან, სულ მცირე, 240 მოზარდს წაუყენეს ბრალი დივერსიაში, ტერორიზმსა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებში.
მათი უმეტესობა ბრალდებული იყო ელექტრორელეების კარადების, მობილური ტელეფონის ანძების და სხვა ინფრასტრუქტურისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეში: უსაფრთხოების ძალები აცხადებენ, რომ ბავშვები ამ ყველაფერს მცირე ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ აკეთებენ, ხოლო ინსტრუქციებს ინტერნეტით იღებენ.
ასეთი ბრალდებებით არასრულწლოვანების სისხლის სამართლებრივი დევნა რეგულარულად ხდება სამხრეთ რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში.
მარტში, ადიღეში 16 წლის მოზარდი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გაგზავნეს მობილური სადგურისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის. სისხლის სამართლის საქმე დივერსიის მუხლით აღიძრა. მას 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ასევე ნახეთ
როგორ ქმნის რუსეთის უშიშროება „ნორჩ ტერორისტებს“კრასნოდარის მხარეში სამი არასრულწლოვანი დააკავეს სარელეო კარადებისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მათ დავალება მესენჯერით მიიღეს და დავალების შესრულებისთვის ჯილდოს ელოდნენ. კიდევ ერთ შემთხვევაში, ყუბანის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გაამხილეს თანხა, რომელსაც, სავარაუდოდ, ტუაფსელ ორ ბავშვს დაჰპირდნენ ანაზღაურებას გარკვეული „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტის“ ცეცხლის წაკიდებისთვის - დაახლოებით 30 დოლარს.
სტავროპოლის მხარეში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შეუტყობინებლობის შესახებ მოზარდების ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებმაც, სავარაუდოდ, იცოდნენ ტერორისტული თავდასხმის შესახებ მათი ნაცნობის გეგმებზე. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მათ იცოდნენ, რომ ის პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას გეგმავდა, მაგრამ არ აცნობეს.
გასული წლის ოქტომბერში, დაღესტანში მე-11 კლასის მოსწავლე სოფელ ხუჩნიდან დააკავეს ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების ბრალდებით. სისხლის სამართლის საქმე, როგორც ამბობენ, მოსწავლის TikTok-ზე მიმოწერას ეფუძნებოდა აკრძალული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრთან. მოზარდს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყაბარდო-ბალყარეთში დააკავეს ორი მოზარდი, 15 და 17 წლის. მათ ბრალი ედებათ ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების მცდელობაში, სავარაუდოდ, უკრაინელი უცნობი პირის დაკვეთით. რესპუბლიკაში კიდევ ერთი საქმე ეხება 16 წლის ნალჩიკიდან ჩამოსულ სტუდენტს, რომელიც წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს ხელყუმბარის უკანონო ფლობის ეჭვის გამო. მოგვიანებით, რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ არასრულწლოვანის „დაუყოვნებლივი გათავისუფლება“ ბრძანა, ხოლო წინასწარი პატიმრობის იზოლატორი შინაპატიმრობით შეუცვალეს.
ძალოვანი სტრუქტურების ოფიციალური ინფორმაცია არცერთ ამ საქმეზე არ იძლევა ბრალდებულების შესაძლო მონაწილეობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. არასრულწლოვანებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები დახურულ კარს მიღმა ტარდება.
OVD-Info-ს პრესმდივანმა დიმიტრი ანისიმოვმა, რომლის კოლეგებმაც მონაწილეობა მიიღეს Mediazona-ს კვლევაში, აღნიშნა, რომ მოზარდები ხშირად შეიძლება გახდნენ სამართალდამცავი ორგანოების პროვოკაციების მსხვერპლი.
ასევე ნახეთ
„მოზარდი მოსახერხებელი სამიზნეა“ - როგორ ასამართლებენ ბავშვებს რუსეთში დივერსიის, ტერაქტებისა და ღალატისთვის„მოზარდების წინააღმდეგ საქმეებში პროვოკაციები ხდება. უფრო მეტიც, FSB ამას არ ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქმედებები კანონით კატეგორიულად აკრძალულია. მაგალითად, რამდენიმე საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ ანონიმური დაზვერვის ოფიცერს ეჭვმიტანილთან ჰქონდა ურთიერთობა, ბრალდებულმა არ იცოდა მისი ვინაობა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა ორგანიზება გაუწიეს „სოციალურ ექსპერიმენტებს“, ახალგაზრდებს შესთავაზეს ფასიანი დივერსიული დავალებები და შემდეგ მათ შესახებ სათანადო სამსახურებს ნაპოვნი დამნაშავეების რაოდენობის შესახებ აცნობეს. რა დაემართათ ამ ექსპერიმენტების მსხვერპლებს, უცნობია“, - აღნიშნავს ანისიმოვი.
ის ხაზს უსვამს, რომ ასეთი მეთოდები არ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოების ძალებით: „ზოგჯერ მათ იყენებენ უკრაინის სპეცსამსახურები ან თაღლითები, რომლებიც რუსებს ფულს სძალავენ. ჩვენ არ ვიცით, როგორია მათ მოქმედებაში პროვოკაციების წილი“.
კავკასიაში არსებობს უსიტყვო შეთანხმება: პასუხისმგებლობა დაეკისრება არა მხოლოდ მოზარდს, არამედ მის ოჯახსაც.
„სიგნალი საზოგადოებას"
პროექტმა „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა. მემორიალი“, რომელმაც ბავშვთა საერთაშორისო დღისთვის სპეციალური ანალიტიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, სცადა შეეფასებინა არასრულწლოვანთა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის მასშტაბები.
ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველებმა იცოდნენ ბავშვებისა და მოზარდების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის 427 შემთხვევის შესახებ. 299 არასრულწლოვანს თავისუფლება აღეკვეთა, ხოლო 107 პატიმრობაში რჩებოდა.
მიმოხილვის გამოქვეყნების შემდეგ, ეს მაჩვენებლები გაიზარდა. როგორც Kavkaz.Realii-ს აცნობეს, ადამიანის უფლებათა დამცველებმა ამჟამად 18 წლამდე ასაკის პირთა დევნის 441 შემთხვევის შესახებ იციან. 133 მოზარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება, მათგან 114 ციხეშია.
"მემორიალის" მიერ რედაქციისთვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, სამხრეთ რუსეთში დევნის ყველაზე მეტი შემთხვევა კრასნოდარის მხარეშია აღნუსხული.
ადამიანის უფლებათა დამცველებმა იქ ბავშვების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული 18 საქმე აღმოაჩინეს. სამი კვლავ პატიმრობაში ან ციხეშია. როსტოვის ოლქში მსგავსი 12 შემთხვევაა დაფიქსირებული, სადაც ოთხი არასრულწლოვანია პატიმრობაში. სტავროპოლის მხარეში საქმეში 11 არასრულწლოვანია ჩართული, რომელთაგან ხუთი ციხეშია. ვოლგოგრადის ოლქში ადამიანის უფლებათა დამცველებმა არასრულწლოვანთა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ორი შემთხვევა აღნიშნეს.
ადიღეში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში ბრალდებულებად ექვსი არასრულწლოვანი დათვალეს, რომელთაგან ორი კვლავ პატიმრობაში რჩება. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ადამიანის უფლებათა დამცველებმა მხოლოდ ორი მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეს - დაღესტანში და ჩეჩნეთში.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ბევრ შემთხვევაში, მოზარდების ქმედებები კლასიფიცირდება როგორც ტერორისტული დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოიცავს ცეცხლის წაკიდებას, „მოლოტოვის კოქტეილით“ ექსპერიმენტებს ან ინტერნეტით პუბლიკაციებს. ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ ეს კლასიფიკაცია გამომძიებლებს საშუალებას აძლევს, მოითხოვონ უფრო მკაცრი სასჯელები და რეალური თავისუფლების აღკვეთა.
ასევე ნახეთ
„გავუძლებ“. ახალი საქმე სკოლის მოსწავლე პოლიტპატიმრის, არსენი ტურბინის წინააღმდეგასეთი საქმეების შედეგები სცილდება სასამართლო პროცესებს და გავლენას ახდენს არა მხოლოდ თავად ბრალდებულებზე.
„ძნელია ასეთი დევნის გავლენის შეფასება მოზარდებსა და მათ გარშემო მყოფებზე. თუმცა, ცხადია, რომ პოლიტიკური რეპრესიები მიმართულია არა მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც პირდაპირ სამიზნეა. მისი სამიზნეა მთელი საზოგადოება: ასეთი საქმეები გავლენას ახდენს ბევრად უფრო ფართო სპექტრზე“, - ასე თვლის „მემორიალი“.
ამ აზრს ეთანხმება სოციოლოგი დიმიტრი დუბროვსკიც, რომლის აზრით, ბავშვების დევნა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელ ოჯახზე.
„მოზარდებს ნაკლები დამოუკიდებლობა აქვთ, ამიტომ ზეწოლა არა მხოლოდ მათზე, არამედ მათ მშობლებზეც ხდება. ეს სიგნალია უფროსებისთვის: თუ არასწორად მოიქცევით, შესაძლოა თქვენი შვილებიც დაზარალდნენ. ათასი ადამიანის დასაშინებლად საკმარისია ერთი ადამიანის სამაგალითოდ დასჯა“, - მიაჩნია სოციოლოგს.
მისი აზრით, მოზარდების წინააღმდეგ რეპრესიები იდეოლოგიურ ფუნქციასაც ასრულებს - ის ხელს უწყობს იმ აზრის ჩამოყალიბებას, თითქოს ახალგაზრდები განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ და ამართლებს მათზე კონტროლის გაძლიერებას.
„ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს ახალგაზრდებისგან მომდინარე საფრთხეებზე. შემდეგ კი გამოჩნდება ხოლმე სისხლის სამართლის საქმეები, რომლებმაც ამ საფრთხის არსებობა უნდა დაადასტურონ. თუ ოფიციალურად გამოცხადდება, რომ მოზარდებიც შეიძლება იყვნენ ტერორისტები, მაშინ მოზარდი ტერორისტებიც მოიძებნებიან “, - აღნიშნავს თანამოსაუბრე.
„მემორიალის“ მონაცემებზე საუბრისას, დუბროვსკი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში არასრულწლოვანთა დევნის ცნობილი შემთხვევების რაოდენობა უფრო დაბალია, ვიდრე მეზობელ - სამხრეთ რუსეთის რეგიონებში.
„არ გამიკვირდება, თუ ჩრდილოეთ კავკასიაში მაჩვენებლები უფრო დაბალია, არა იმიტომ, რომ იქ ასეთი შემთხვევები არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ არსებობს მათთან გამკლავების არაიურიდიული და საერთოდ, არაკანონიერი გზები. იქ არსებობს უსიტყვო შეთანხმება: პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ მოზარდს, არამედ მის ოჯახსაც. ამიტომ, ზეწოლა შეიძლება განხორციელდეს ნათესავების მეშვეობით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გარეშე“, - ვარაუდობს დუბროვსკი.
ასევე ნახეთ
პატრიოტების ამოცნობა: რუსეთში ყმაწვილებს ტვინებს უსინჯავენ ლიდერებისა და „ანტილიდერების“ გადასარჩევად- ბავშვებს სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში - მათ ასამართლებენ ტერორიზმის, შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის მუხლებით. უსაფრთხოების წარმომადგენლები, როგორც წესი, ბრალდებებს უკრაინის სპეცსამსახურებისთვის მუშაობას უკავშირებენ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, როგორც წესი, დაკავებული და დაპატიმრებული ბავშვების შესაძლო ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ ხოლმე თავიანთ მწირ პრესრელიზებში. რიგი მიზეზების გამო, ასეთი საქმეების განხილვა უფრო ადვილია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, განუმარტავენ იურისტები „კავკაზ.რეალიის.“
- რუსეთში იზრდება სისხლის სამართლის იმ საქმეების რიცხვი, რომლებშიც არასრულწლოვანები სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში არიან ბრალდებული. ამ საქმეების შესახებ იტყობინებიან სამართალდამცავი ორგანოები და სპეცსამსახურები და ხშირად განმარტავენ ხოლმე, რომ ვითომ დაკავებულები მოქმედებდნენ “უკრაინელი კურატორების დავალებით“, თუმცა ამის მტკიცებულებები არ მოაქვთ. ადამიანის უფლებათა დამცველების აზრით, რომელთაც „კავკაზ.რეალიი“ ესაუბრა, მოზარდები ხშირად იდევნებიან უსაფრთხოების ძალების მხრიდან პროვოკაციების გამო.