რუსეთში სავალდებულო მესენჯერი MAX – „ამხანაგი მაიორი“ შენს ტელეფონში

ვლადიმირ პუტინი ხელში მესენჯერი MAX-ის ლოგოთი (ილუსტრირებული ფოტო)

ვლადიმირ პუტინს Telegram-ი აშინებს, MAX-ის შექმნა კი „ციფრული სუვერენიტეტის“ მიღწევის წინაპირობად მიაჩნია.

რუსეთის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო სოციალური ქსლების მომხმარებლების მესენჯერ-აპლიკაცია MAX-ში გადასაყვანად. აპლიკაციის გამოყენება უკვე სავალდებულოა როგორც სახელმწიფო მოხელეებისთვის, ასევე საშუალო სკოლების და საცხოვრებელი კორპუსების ჩატებისთვის.

MAX-ის ლობირების პარალელურად, "როსკომნადზორი" (კომუნიკაციის სფეროს მარეგულირებელი ორგანო რუსეთში) ზღუდავს და ბლოკავს რუსეთში პოპულარულ მესენჯერებს - WhatsApp-სა და Telegram-ს. 2025 წლის აგვისტოში დაიბლოკა ამ მესენჯერებით დარეკვის შესაძლებლობა, ხოლო 2026 წლის თებერვალში "როსკომნადზორმა" გამოაცხადა Telegram-ის შემდგომი შეზღუდვის შესახებ. სავარაუდოდ, 2026 წლის 1 აპრილიდან მოსკოვი აპირებს სრულად დაბლოკოს Telegram-ი, რომლის მუშაობაც უკვე ისედაც მნიშვნელოვნად შენელდა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე.

MAX-ი - „ჯაშუში“ შენს ტელეფონში

რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რუსული მესენჯერი MAX-ი სავალდებულო გახადოს ქვეყნის მთელ ტერიტორიასა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში - ხარჯავს უზარმაზარ ადმინისტრაციულ რესურსს, ბლოკავენ პოპულარულ და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ კონკურენტებს, მომხმარებლებს გადაწყვეტილების მიღება რომ „გაუადვილდეთ“. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რუსული პროპაგანდის წარმომადგენლებიც კი გააღიზიანეს ამ შეზღუდვებით: ე.წ. Z-საზოგადოებაში სერიოზული უკმაყოფილებაა - რუსი სამხედრო ბლოგერები მიმდინარე პროცესს „აკრძალვების შიზოფრენიას“ და „სულელების დღის (საპირველაპრილო) საჩუქარს“ უწოდებენ.

„იძულებულები გავხდით, MAX-ში არხი შეგვექმნა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გვინდოდა, - წერს რუსი ე.წ. სამხედრო კორესპონდენტი („ვოენკორი“) ვლადიმირ რომანოვი, - თუ იცის ვინმემ, რატომ ჰგავს MAX-ში დახურული არხის ბმულები ბიტკოინის საფულის მისამართებს?“

2025 წლის სექტემბრიდან MAX-ი სტანდარტულად, წინასწარ არის ინსტალირებული იმ სმარტფონებზე, რომლებიც რუსეთში იყიდება. ამ აპლიკაციაში ინტეგრირებულია სახელმწიფო სერვისებიც - მასში რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო სისტემის - „გოსუსლუგის“ („სახელმწიფო სერვისების“) - ანგარიშის გამოყენებით.

ასევე ნახეთ რუსეთი Telegram-ის გარეშე - "ტექნოლოგიური სუვერენიტეტი" თუ კრემლის კონტროლი?

MAX-ზე მასობრივად გადაჰყავთ მოსწავლეები, სტუდენტები, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები და სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკები როგორც რუსეთში, ისე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არის შემთხვევები, როდესაც ოკუპაციის პირობებში ამ მესენჯერის ჩამოტვირთვას აიძულებენ სამსახურიდან გათავისუფლების ან უნივერსიტეტიდან გარიცხვის მუქარით.

როგორც რადიო თავისუფლების პროექტის, krym.Realii-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ოქტომბრიდან სკოლებში (მათ შორის ყირიმის სკოლებში) რუსეთის ხელისუფლება გეგმავს ყველა მესენჯერის აკრძალვას, MAX-ის გარდა. ადგილობრივი ადმინისტრაციები ზეწოლას ახდენენ ბავშვებსა და მშობლებზე, აიძულებენ მათ ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვას.

MAX-ი - რუსული მესენჯერი

MAX-ი - ეს მესენჯერი კონტროლისა და ინფორმაციის შეგროვების ინსტრუმენტია, - ამბობს ინტერნეტუსაფრთხოების ექსპერტი და ორგანიზაცია Internet Protection Society-ის ხელმძღვანელი მიხაილ კლიმარევი, რომლის თქმით, ამ აპლიკაციის ჩატვირთვა საკუთარ მოწყობილობაზე უსაფრთხო არ არის.

ყველა მიმოწერა იკითხება. მეტიც, შესაძლებელია სკანირება (გამჭოლი ძებნა) საკვანძო სიტყვებით. ეს ყველაფერი ინახება მინიმუმ სამი წელი, შეიძლება მეტიც. ჩვენ არ ვიცით, როდის და რის წაშლას გადაწყვეტენ. ტექნიკური შესაძლებლობები, სულ ცოტა, ტექსტური ინფორმაციის შესანახად მათ ფაქტობრივად შეუზღუდავი აქვთ - შეუძლიათ საუკუნეების განმავლობაშიც კი შეინახონ“, — ამბობს მიხაილ კლიმარევი.

MAX-ი აგროვებს მონაცემებს და ასევე აქვს წვდომა გეოლოკაციაზე, კამერაზე, მიკროფონზე, ეკრანის ჩაწერაზე, მომხმარებლის მიერ ვებსაიტების მონახულების ინფორმაციაზე და სხვა მრავალ მონაცემზე. MAX-ის დეველოპერებმა ღიად განაცხადეს კიდეც, რომ პლატფორმამ შეიძლება მონაცემები გადასცეს რუსეთის სახელმწიფო ორგანოებს მათი მოთხოვნის საფუძველზე.

„ჯაშუშობისთვის საკმარისია ისიც, რომ MAX-ი უბრალოდ დაყენებული იყოს ტელეფონში, - ამბობს მიხაილ კლიმარევი, - თუ ჩატვირთული გაქვთ MAX-ი და ტელეფონს თან ატარებთ, მაშინ თქვენი ადგილმდებარეობა ეცოდინებათ რამდენიმე ათეული მეტრის სიზუსტით - ფაქტობრივად ისე, როგორც GPS-ის მიხედვით“.

კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა ანალიზის ექსპერტი მიხაილ კოლცოვი მიიჩნევს, რომ MAX-ის დანერგვა - ეს არის რუსეთის ხელისუფლების მცდელობის ნაწილი, დაამყაროს სრული ციფრული კონტროლი მოსახლეობაზე, ჩინური აპლიკაციის, WeChat-ის ანალოგიით.

„ელემენტარული ტექნიკური ანალიზიც კი აჩვენებს, რომ თუ აიღებთ MAX-ს და ნახავთ, რა ნებართვებს ითხოვს ის თქვენგან, მომხმარებლისგან, მიიღებთ ისეთი ნებართვების უზარმაზარ სიას, რომლებიც კომუნიკაციისთვის საერთოდ არ არის საჭირო, თუმცა სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურებისთვის ძალიან საინტერესო მონაცემებს შეიცავს. ეს მესენჯერი თქვენზე ყველაფერს აგროვებს, იმასაც კი, რაც კომუნიკაციისთვის ან სასარგებლო სერვისებისთვის საერთოდ არ არის საჭირო“, - განმარტავს ექსპერტი.

ასევე ნახეთ პუტინი რუსეთს ახალ რკინის ფარდას აფარებს - ციფრულს

IT სფეროს ექსპერტის, ოლეგ სტეპანოვის თქმით, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება და ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახური ცდილობენ მომხმარებლების გადაყვანას Telegram-იდან ეროვნულ მესენჯერ MAX-ში, ექსპერტებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი წონიანი მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ამის გაკეთება: MAX-ი აგროვებს არა მხოლოდ პირად მონაცემებს, არამედ ინფორმაციას იმის შესახებაც, იყენებს თუ არა მომხმარებელი VPN-სერვისებს ან ჯერ კიდევ დაუბლოკავ Telegram-ს.

“ამ მესენჯერის გამოყენება პირველ რიგში იმიტომ არის საშიში, რომ ვერასოდეს დარჩებით მარტო. ყოველთვის არსებობს მესამე პირი - „ამხანაგი მაიორი“, - რომელიც შეიძლება დროებით არ ჩანდეს, მაგრამ ნებისმიერი ინფორმაცია მისთვის ნებისმიერ მომენტში იქნება ხელმისაწვდომი”, - ამბობს ოლეგ სტეპანოვი.

VPN-ი (virtual private network-ი — „ვირტუალური კერძო ქსელი“) - ესაა დაშიფრული კავშირის საშუალება მოწყობილობასა და ინტერნეტს შორის, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს და ციფრული ინფორმაციის დაცვას. VPN-ი მალავს მომხმარებლის ნამდვილ IP-მისამართს (ანუ სად იმყოფება ის, საიდან შევიდა ინტერნეტში) და მის ნაცვლად წარადგენს VPN-სერვერის მისამართს. 2025 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, ინტერნეტში ექსტრემისტული მასალების განზრახ მოძიება, მათ შორის VPN-ის გამოყენებით, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.

MAX-ი რომ არასაიმედო აპლიკაციაა და უსაფრთხოების სუსტი ფუნქციები აქვს, ირიბად დასტურდება იმით, რომ ფრონტზე მყოფ რუს სამხედროებს დროებით აუკრძალეს მისი გამოყენება.

„რუსეთის არმიის ქვედანაყოფებს მიეწოდათ ბრძანებები, რომ უარი თქვან ამ მესენჯერის გამოყენებასა და დაყენებაზე, - განაცხადა რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებთან დაკავშირებულმა სამხედრო ბლოგერმა ილია ტუმანოვმა.

„ყველა საშუალებით Telegram-ის მოგუდვის ფონზე ჯარში გავრცელდა ბრძანებები, რომლებიც კრძალავს მსოფლიოში ყველაზე „დაცული“ ეროვნული მესენჯერის გამოყენებას და დაყენებას იმ მოწყობილობებზე, რომლებსაც გაფართოებული მულტიმედიური შესაძლებლობები აქვთ და რომლებიც უკვე არაერთხელ იყო აკრძალული წინა ბრძანებებით“, - დაწერა რუსმა სამხედრო ბლოგერმა.

პუტინი კომუნიკაციის „მტრული საშუალებების“ წინააღმდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სამხედროებისთვის საშიშია იმ საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ ირინა გოდუნოვასთან საუბრისას, პუტინმა მოიწონა რუსეთში „Telegram-ის დაბლოკვის საკითხის" დაყენება.

„თქვენც ეთანხმებით იმ აზრს, რომ იმ საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება, რომლებიც ჩვენი არ არის და ჩვენ არ ვაკონტროლებთ, პირადი შემადგენლობისთვის საფრთხეს წარმოადგენს?“ — ჰკითხა პუტინმა თანამოსაუბრეს.

„დიახ!“ - დაეთანხმა მას ვიცე-პოლკოვნიკი გოდუნოვა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ „საჭიროა მესენჯერ MAX-ის დახვეწა, და მერე ფრონტზეც ყველაფერი კარგად იქნება“.

რუსეთის შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის ბატალიონის მეთაურმა რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგში ასევე თქვა, რომ Telegram-ი „მტრული კავშირის სახეობაა“, რომლისგანაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს რუსეთი და გადავიდეს MAX-ზე.

რუსეთის ხელისუფლებამ 2026 წლის თებერვლიდან გააძლიერა მცდელობები Telegram-ის დაბლოკვის მიმართულებით. გამოცემები RBC და The Bell-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ მესენჯერის სრულად დაბლოკვა 1 აპრილიდან იგეგმება.

Telegram-ი რუსეთის სამხედროებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო საშუალებაა უკრაინაში მიმდინარე ომში. 2026 წლის თებერვლის შუა რიცხვებში რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრმა მაკსუტ შადაევმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ხელისუფლება ფრონტზე Telegram-ის მუშაობის შეზღუდვას არ გეგმავს. RBC-ს წყაროებიც ადასტურებდნენ, რომ რუსეთში მისი სრული დაბლოკვის შემდეგაც Telegram-ი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებების ზონაში მუშაობას.

რუსი Z-ბლოგერები აღაშფოთა ვლადიმირ პუტინსა და ირინა გოდუნოვას შორის გამართულმა ამ დიალოგმა. მათი აზრით, Telegram-ი ფრონტზე შეუცვლელი საკომუნიკაციო საშუალებაა.

ასევე ნახეთ რუსეთი YouTube-ის გარეშე

რამდენად რეალურია Telegram-ის მყისიერად გათიშვა?

პროტესტის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს მზადებას Telegram-ის სრულად დაბლოკვისთვის. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში განაცხადეს, რომ Telegram-ს „ცოტა დრო დარჩა“ და რომ Telegram-ში რეკლამის განთავსება შეიძლება შეფასდეს რეკლამის შესახებ კანონმდებლობის დარღვევად.

რუსეთის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმაც დაასკვნა, რომ აკრძალულ ან „არამეგობრულ“ პლატფორმებზე რეკლამის განთავსება უკანონოა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ დასკვნისთვის გარკვეული სამართლებრივი საფუძველი მართლაც არსებობს: 2025 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, რეკლამის განთავსება აკრძალულია იმ ორგანიზაციების რესურსებზე, რომლებიც „არასასურველად“ ან „ექსტრემისტულად“ არიან გამოცხადებული, ასევე იმ პლატფორმებზე, რომლებზეც წვდომა შეზღუდულია. თუმცა არც Telegram-ი და არც YouTube არ არიან გამოცხადებული არასასურველ ან ექსტრემისტულ პლატფორმებად. რუსეთში ისინი დაბლოკილიც კი არ არიან, უბრალოდ მათი მუშაობა ხელოვნურად შეანელეს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სერიოზული დარტყმაა რუსეთის მარკეტინგის ბაზრისთვის, - წერს რუსული გამოცემა „ვედომოსტი“, რომლის მონაცემებით, მსხვილი სარეკლამო ჯგუფები აჩერებენ რეკლამის განთავსებას Telegram-ზე, რაც ბაზრის საკვანძო სეგმენტია. გამოცემის ექსპერტის შეფასებით, ეს სეგმენტი მთელი ინფლუენსერ-მარკეტინგის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა YouTube - 30%, შემდეგ მოდის VK - 15%, ხოლო დარჩენილი 15% შედარებით მცირე მოთამაშეებზე ნაწილდება. შესაბამისად, ანტიმონოპოლიური სამსახურის პრეტენზიები ამ ბაზრის დაახლოებით 70%-ს შეეხება.

ასევე ნახეთ რუსეთში ფსბ უფრო იოლად დაბლოკავს ინტერნეტს

„რატომ გამოსცა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ახლა და არა ადრე? თეორიულად ეს ხელს აძლევს რუსულ პლატფორმებს, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ ისეთი უცხოური მესენჯერები და სოციალური ქსელები, როგორიცაა Telegram-ი, Facebook-ი და Instagram-ი. პირველ რიგში, ეს მომგებიანია რუსული VK-ისთვის, ხოლო VK-ის მთელი ჯგუფის ხელმძღვანელია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის შვილი, ვლადიმირ კირიენკო“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას იურისტმა დმიტრი ზახვატოვმა, რომლის თქმითაც, კანონით, ანტიმონოპოლიური სამსახური კონკურენციის გაძლიერებაზე უნდა მუშაობდეს, რათა ბაზარზე ბევრი მოთამაშე იყოს, მათ შორის სარეკლამო სფეროში, ამ შემთხვევაში კი ანტიმონოპოლიური სამსახური გადაწყვეტილებას სარეკლამო მომსახურების ბაზარზე კონკურენციის შესაზღუდად იღებს.

„რათა ადგილობრივმა, ცენზურის ქვეშ მყოფმა პლატფორმებმა უპირატესობა მიიღონ იმ უცხოურ მესენჯერებსა და სოციალურ ქსელებთან შედარებით, რომლებიც მიზანმიმართულად გამოცხადდებიან უკანონოდ, დაიბლოკებიან და სხვადასხვა აკრძალვას დაექვემდებარებიან“, - ამბობს ექსპერტი.

Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის თქმითაც, „რუსეთის ხელისუფლება ახალ-ახალ საბაბებს იგონებს, რათა რუსეთის მოქალაქეებს Telegram-ზე წვდომა შეუზღუდოს, და მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და გამოხატვის თავისუფლება ხელყოს“.

სპეციალისტების დაკვირვებით, რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, სოციალური ქსლების მომხმარებლები არ ჩქარობენ გადასვლას რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად MAX-ზე. გამოცემა The Bell-ი ტექნიკურ სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ მესენჯერის აპლიკაცია ასევე ამოწმებს, აქტიურია თუ არა მომხმარებლის მოწყობილობაზე VPN-კავშირი.


ასევე ნახეთ პესკოვი: სამხედრო ცენზურის დროა

IT-ექსპერტი ოლეგ სტეპანოვი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ ელოდება 1 აპრილიდან Telegram-ის ტოტალურ გათიშვას:

„ამ „ვამპირის“ წინააღმდეგ რაიმე „ვერცხლის ტყვია“ არ არსებობს, ამიტომ არის, რომ ხალხს Telegram-იდან ნელ-ნელა აძევებენ. ეს აქტიურად ხდება ივლისიდან: ყოველთვე ჩნდება რაიმე საინფორმაციო საბაბი და ტარდება მორიგი თავდასხმა Telegram-ზე. ამას უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ: ზეწოლა ხდება არა მხოლოდ Telegram-ზე, არამედ VPN-სერვისებზეც და საერთოდ იმ ყველა ჩვეულებრივ გზაზე, რომლებითაც ადამიანები არაცენზურირებულ ინფორმაციას იღებენ. ეს მოიცავს მომსახურების ხარისხის გაუარესებას მიზნობრივი ბლოკირებების საშუალებით, რომლებსაც გარკვეული ეფექტიანობა აქვთ. დისკრედიტაციის მიზნით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ყველაფერი უცხოური ძალების გავლენაა, რაც მომხმარებელთა გარკვეულ ჯგუფზე მოქმედებს და ამცირებს მათ სურვილს, გამოიყენონ ეს სერვისი. მაგრამ ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი მაინც ფულია. ფულის კონტროლი ყველაზე ადვილია. როდესაც სოციალური ქსელი ან სერვისი აღარ ქმნის შემოსავალს, ბიზნესი არარენტაბელური და უინტერესო ხდება, შედეგად ადამიანები - პირველ რიგში კონტენტის შემქმნელები - ტოვებენ მას. ხელისუფლებისთვის ეს ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდია, რომლის საშუალებითაც შეუძლიათ არასასურველი სერვისების დეგრადაცია და მომხმარებლების რაოდენობის შემცირება“.

პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის თქმით, ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ხელისუფლება ბლოკავს ან ანელებს რუსი სამხედროების მთავარ „ოპერატიულ“ მესენჯერს, Telegram-ს, რომელსაც იყენებენ რუსეთის საოკუპაციო ჯარები როგორც ომის მიზნებისთვის, ასევე ოჯახის წევრებთან კომუნიკაციისთვის.

“გამოდის, რომ ამჟამად კრემლისთვის პოლიტიკური კონტროლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრონტზე წარმატება. რატომ? როგორც ჩანს, რუსეთის გარესამყაროსგან იზოლაცია და საზოგადოებაზე კონტროლის გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის განადგურების სურვილი, რომელმაც დროებით უკანა პლანზე შეიძლება გადაიწიოს”, - ამბობს ივან პრეობრაჟენსკი.

ასევე ნახეთ სამხედრო ეკონომიკის პრობლემები: სადამდე მივიდა რუსეთი ოთხწლიანი ომის მანძილზე