რუსეთში ფსბ უფრო იოლად დაბლოკავს ინტერნეტს

კოლაჟი: პუტინი კავშირს თიშავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის მობილურ ოპერატორებს ავალდებულებს, ფსბ-ს მოთხოვნით გათიშონ კომუნიკაცია.

დოკუმენტის თანახმად, ტელეკომუნიკაციების ოპერატორებმა უნდა „შეაჩერონ კომუნიკაციის მომსახურება ფსბ-ს ორგანოებისგან შესაბამისი მოთხოვნის მიღებისთანავე, უსაფრთხოებისთვის წარმოქმნილი საფრთხეებისგან მოქალაქეებისა და სახელმწიფოს დაცვის მიზნით“.

ამასთან, ოპერატორები ასეთი გათიშვისთვის არ იქნებიან მომხმარებლების წინაშე ფინანსური თვალსაზრისით პასუხისმგებელი.

გათიშვის პირობების ჩამონათვალს განსაზღვრავს მთავრობა და პრეზიდენტი. დოკუმენტში არ არის მითითებული კონკრეტული შემთხვევები, როდის შეიძლება კომუნიკაციის გათიშვა.

ციფრული განვითარების მინისტრის მოადგილემ, ივან ლებედევმა, აღნიშნა, რომ ინტერნეტისა და კომუნიკაციების სრული გათიშვა განხორციელდება სპეციალური წესების შესაბამისად. თუმცა, ეს წესები გასაიდუმლოებულია.

ჟურნალისტი დავიდ ფრენკელი და პროგრამისტი კირილ პარუბეცი განიხილავენ, როგორ არღვევს მთავრობა რუსეთის მოქალაქეების უფლებებს მათთვის კომუნიკაციის ჩამორთმევით.

2025 წლის ნოემბერში ვოლგოგრადის მაცხოვრებლებმა ინტერნეტის მუდმივი გათიშვის გამო რუსეთში პირველი სარჩელი შეიტანეს ტელეკომუნიკაციების ოპერატორის წინააღმდეგ. მოსარჩელეები მაქსიმ კონობეევსკიხი და მისი ნათესავი მოითხოვდნენ, რომ „ბილაინმა“ ხელშეკრულების შესაბამისად გასწიოს მომსახურება და ასევე მობილური ინტერნეტით სარგებლობის შეუძლებლობისთვის თითოეულ მათგანს გადაუხადოს 50 000 რუბლი კომპენსაციის სახით.

ამჟამად რუსეთში ძირითადად მობილური ინტერნეტი ითიშება.

ხელისუფლებამ ეს 2025 წელს დაიწყო უკრაინულ დრონებთან ბრძოლის საბაბით. შარშან ქვეყანა მობილური ინტერნეტის გათიშვის რაოდენობით მსოფლიო ლიდერი გახდა. პროექტ „ნა სვიაზის“ თანახმად, შეზღუდვები ყოველდღიურად წესდება საშუალოდ 63 რეგიონში. ამასთან, ინტერნეტის გათიშვა ხდება იმ ადგილებშიც კი, სადამდეც დრონებს არასდროს მიუღწევია.

ასევე ნახეთ "უნდა გაფრთხილდე": მუსიკალური ცენზურა რუსეთში

პროგრამისტი კირილ პარუბეცი რადიო თავისუფლებას მოუყვა, რას მოიგებს ფსბ ინტერნეტზე სრული კონტროლის შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში და როგორ იმოქმედებს რუსეთის ხელისუფლების ეს ახალი ზომა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე:

„რა თქმა უნდა, თითოეული ასეთი ზომა კიდევ ერთ საფეხურს მატებს ინფორმაციასა და მის გავრცელებაზე კონტროლს. კომუნიკაციების შემზღუდავი ეს კანონი ვრცელდება ინფორმაციის გაცვლის წყაროებზე, სატელეფონო კომუნიკაციებზე, ინტერნეტზე და ა.შ. ეს მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებაზე და ადამიანებს შორის ინფორმაციის ნაკადზე კონტროლის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ფსბ-ს ახლაც აქვს საკმაოდ ფართო უფლებამოსილებები, ყველაზე ფართო, რაც კი შეიძლება საერთოდ არსებობდეს.

მათ შეუძლიათ მიმოწერის წაკითხვა; მათ წვდომა აქვთ ნებისმიერი სააგენტოს ინფორმაციაზე და მათ მესინჯერებზე, თუკი ეს მიმოწერა ყოვლისმომცველი დაშიფვრის საშუალებით არ არის დაცული. და, აი, ახლა მათ აქვთ ინტერნეტის ან ზარების დაბლოკვის შესაძლებლობა, ამასთან, სრულიად ბუნდოვან პირობებში. მათი თქმით, ეს ყველაფერი კეთდება უსაფრთხოების მოსაზრებებით, მაგრამ ბოლომდე ნათელი არ არის, კონკრეტულად რომლით. უფრო სწორად, ეს ხდება რეჟიმის უსაფრთხოების მიზნით და არა მოქალაქეებისთვის“, მიაჩნია კირილ პარუბეცს.

იმის შესახებ, თუ რატომ იღებს სახელმწიფო დუმა ამ კანონს, რომელიც ფსბ-ს ქვეყანაში ინტერნეტის დაბლოკვის უფლებას აძლევს, საუბრობს „მედიაზონის“ ჟურნალისტი დავიდ ფრენკელი:

ეს არის სურვილი, შეიქმნას რაიმე სახის მკაფიო საკანონმდებლო ნორმა, რათა ოპერატორებმა ვერ შეძლონ ფსბ-ს თანამშრომლების წინააღმდეგ ჩივილი

„ჩემი აზრით, ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს ფსბ-ს თანამშრომლებისთვის ახალი უფლებამოსილებების შემოღებას. ეს არის იმის ლეგიტიმაცია, რაც მათ ისედაც უკვე ჰქონდათ. მათ აქვთ ყველა ინსტრუმენტი ინტერნეტის გამორთვისა და მონიტორინგისთვის ან ტრაფიკთან ურთიერთქმედებისთვის. პირველ რიგში, ეს არის ცნობილი ТСПУ-ები - საფრთხეებთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებები - რომლებიც ამჟამად რუსეთის თითქმის მთელს ტრაფიკზეა დამონტაჟებული. ყოველ შემთხვევაში, ყველა მობილური ოპერატორი სრულად არის აღჭურვილი მათით და არ არსებობს საჯარო რეგულაცია იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებს ფსბ ამ მოწყობილობებთან.


ამიტომ ეს არის სურვილი, შეიქმნას რაიმე სახის მკაფიო საკანონმდებლო ნორმა, რათა ოპერატორებმა ვერ შეძლონ ჩივილი ფსბ-ს თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც მათთან მიდიან და რაღაც ქმედებებს ასრულებენ ამ კოლოფების გამოყენებით, რაც სრულიად მათი კონტროლის მიღმაა. გარდა ამისა, მომხმარებლები თავიანთ ოპერატორებს უჩივიან ინტერნეტის არარსებობის შესახებ და ოპერატორები იძულებული არიან, როგორმე უპასუხონ, მათ შორის - სასამართლოშიც კი. ამიტომ, მეჩვენება, რომ ამ ცვლილებების არსი უბრალოდ იმ ოპერატორებისთვის „ზურგის გამაგრებაა“, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩივიან. ვნახეთ მაგალითები, თუ რამდენად მოუხერხებელია მობილური ოპერატორებისთვის ფუნქციონირება და მოქმედება შექმნილ ვითარებაში.

2025 წელს რუსეთში დაიწყო მობილური ინტერნეტის მასშტაბური ბლოკადა.

მთელი ეს მანქანა შექმნილია ინტერნეტის მუშაობის შესანარჩუნებლად; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაფინანსებას დაკარგავს.


კოლეგებს გამოცემა The Bell-იდან შესანიშნავი გამოძიება ჰქონდათ იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა რუსეთში „თეთრი სიები“. ეს არის მობილური ოპერატორების იდეა იმის შესახებ, თუ როგორ გადარჩნენ სიტუაციაში, როდესაც ფსბ ან სამხედროები მოითხოვენ მთელს რაიონში მობილური ინტერნეტის გათიშვას. როგორ შეუძლიათ მათ გააგრძელონ მომხმარებლების მომსახურება, ფულის მიღება ისე, რომ თავიდან აიცილონ საჩივრებსა და სასამართლო პროცესებში ჩაფლობა? ახლა მათ ამისთვის აქვთ კანონი, რომელიც მათ იცავს. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ შესწორებებს რაიმე რეალური მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ ისინი კომუნიკაციის სხვა საშუალებებსაც ეხება.

რაც შეეხება „როსკომნადზორის“ საქმიანობას და მის თანამშრომლობას ძალოვან სტრუქტურებთან, ასევე მის შესაძლო გარდაქმნას სამინისტროდ, მისი სამზარეულოს ნაწილი ჩვენ ვნახეთ, როდესაც სააგენტოს შიდა ელექტრონული ფოსტის გაჟონვა მოხდა. ჩვენ „მედიაზონაში“ გამოვიძიეთ ეს. ფაქტობრივად, ეს არის უწყებათაშორისი ორგანო, რომელიც ურთიერთმოქმედებს ფსბ-სთან, პოლიციასთან და რეგიონულ „ე“ ცენტრებთან (ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო - რედ.). მათ აქვთ ლამის პირადი კაბინეტები, სადაც პოლიციის თანამშრომლებს შეუძლიათ ჩატების რეჟიმში მისწერონ საჩივრები პირდაპირ „როსკომნადზორს“ და რაღაცის დაბლოკვა მოითხოვონ. ვფიქრობ, რომ ვიღაც მაღალი თანამდებობის პირი ლობირებს სამინისტროდ მისი გადაქცევის იდეას კიდევ უფრო მეტი ფულის გასაკეთებლად. მაგრამ მთელი ეს მანქანა იმაზე მუშაობს, რომ ინტერნეტმა განაგრძოს არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეწყვეტენ მის დაფინანსებას“, ამბობს დავიდ ფრენკელი.

წელს რუსეთში უფასო ინტერნეტის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ დონეზე გაგრძელდება: „როსკომნადზორი“ გეგმავს ინტერნეტტრაფიკის მონიტორინგს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით. მედიის ცნობით, ამ მიზნით 2,5 მილიარდ რუბლს გამოყოფენ.

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან დაბლოკვის ეფექტიანობაზე, ამას განმარტავს პროგრამისტი კირილ პარუბეცი:

ეს რუსეთისთვის ახალი ტექნოლოგიური განვითარებაა, მაგრამ ის სიახლე არ არის, ის ჩინეთში საკმაოდ დიდი ხანია გამოიყენება.

„თავდაპირველად, დაბლოკვა ძალიან მარტივად ხდებოდა. მაგალითად, არსებობს ფეისბუკი, რომელიც რუსეთში აკრძალულია. ის უბრალოდ ემატება შავ სიას და წვდომა აკრძალულია. მაგრამ დავუშვათ, სხვა მისამართზე ჩნდება ამ საიტის კლონი, ფეისბუკ 2. და მისთვის ან ხელით უნდა დაიწეროს ალგორითმი შავ სიაში დასამატებლად, ან ალგორითმი ისე ჭკვიანურად უნდა დაიწეროს, რომ ცხადი იყოს, რომ ეს არის სოციალური ქსელი, რომელიც რუსეთში აკრძალულია. და რამდენი კლონიც არ უნდა ჰქონდეს ამ სოციალურ ქსელს ან სხვა სერვისს, სიგნატურებითა და ტრაფიკით მაშინვე შეიძლება მიხვედრა, რა ინფორმაციაა ამ საიტზე.

ახლა საკვანძო სიტყვების გამოყენებით შეიძლება იმის გაგება, რომ კომპანია ცდილობს მიუერთდეს რაიმე საიტს, რომლის ალტერნატიული მოსაზრებები ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ხაზს. რუსეთისთვის ეს ტექნოლოგიის ახალი განვითარებაა, მაგრამ ის მსოფლიო მასშტაბით სიახლე არ არის. ჩინეთში ის საკმაოდ დიდი ხანია გამოიყენება. ჩინეთის დიდი „ფაირვოლი“, რომელიც ყველა არასასურველ ვებსაიტს ბლოკავს, უკვე მეორე ათწლეულია ვითარდება, მათ შორის იმ სიგნატურებში, სწორედ ტრაფიკის ანალიზით,“ ამბობს კირილ პარუბეცი.

რუსეთში დაბლოკილი WhatsApp-ისა და Telegram-ის მესინჯერების სიმბოლოები

შეძლებს თუ არა რუსეთის ხელისუფლება რუსეთში ჩინური ინტერნეტ-ცენზურის მსგავსი რამის დაწესებას? ამის შესახებ ლაპარაკობს ჟურნალისტი დავიდ ფრენკელი:

რუსეთში ვითარდება ირანის სცენარი, სადაც ხელისუფლება თავდაპირველად ინტერნეტის განვითარებაში ჩამორჩა, შემდეგ კი სცადა დასწეოდა და ხრახნები მოეჭირა.

„რუსეთში სიტუაცია ცოტა განსხვავებულია იმ გაგებით, რომ ჩინური ინტერნეტი ძალიან დიდია და ცოტა განსხვავებულად ვითარდება. თავდაპირველად ის თავისთავად განვითარდა, როგორც რაღაც, სადაც ყველაფერი უკვე არსებობს. მასში უზარმაზარი სერვისებია და ჩინური შიდა ინტერნეტი საკმაოდ კონკურენტუნარიანი და მრავალფეროვანია. მაგალითად, არ არსებობს ერთიანი მესინჯერი ან სოციალური ქსელი. არსებობს რამდენიმე ალტერნატივა, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან და მათ უზარმაზარი აუდიტორია ჰყავთ. რუსული ბაზრის პრობლემა ის არის, რომ ჩინურ ბაზართან შედარებით ის ძალიან პატარაა და არავითარი ალტერნატივა არა აქვს. ჩვენთან იბლოკება ყველა მესინჯერი, რათა დარჩეს ერთადერთი მესინჯერი Max-ი. ჩვენთან იბლოკება სტრიმინგები, რათა დარჩეს მხოლოდ Rutube-ი და VK-ვიდეო და ა.შ.

სწორედ ამიტომ იყო რუსული ინტერნეტი თავდაპირველად ღია ინტერნეტი, რომელიც ახლა უნდა დაიხუროს, ხოლო ჩინური ინტერნეტი თავიდანვე ამ მოდელზე იგებოდა. ამიტომ ოდნავ განსხვავებულია იმ საფრთხეების ვექტორიც, რომლებსაც ისინი ებრძვიან. მე არ ვიტყოდი, რომ ინტერნეტის კონტროლი რუსეთში ჩინურ სცენარს მიჰყვება. ეს ირანული სცენარის განვითარებაა, სადაც ხელისუფლება თავდაპირველად ჩამორჩა ინტერნეტის განვითარებას, შემდეგ კი, რუსეთის მსგავსად, სცადა დასწეოდა და ხრახნები მოეჭირა. ამიტომ ის კოშმარული სცენები, რომლებსაც ახლა ვხედავთ ირანში, ნაწილობრივ იმიტომაც გვაშინებს, რომ ეს შესაძლო სცენარია რუსეთისთვის - თუ ინტერნეტი მთლიანად დაიხურება და სრული გათიშვა მოხდება. რამდენად სწრაფად შევძლებთ ქვეყნის შიგნით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღებას, თუ რამე მოხდება, ეს დიდი კითხვაა“, ამბობს „მედიაზონის“ ჟურნალისტი დავიდ ფრენკელი.

ასევე ნახეთ როგორ ქმნის რუსეთის უშიშროება „ნორჩ ტერორისტებს“