სიგიჟე I: მტკვარი უერთდება რიონს

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ და ანექსიამ რადიკალურად შეცვალა როგორც პოლიტიკური წყობა საქართველოში, ასევე ეკონომიკა, ბუნებათსარგებლობის პოლიტიკა, შრომის ორგანიზება, რელიგიისადმი დამოკიდებულება, კალენდარი და ადამიანების სახელებიც კი. დღეს ბევრმა არ იცის, რომ 20-30-იანი წლების საქართველოში ყველა დიდი მდინარის ერთმანეთზე გადაბმა იგეგმებოდა, რომ კვირის დღეებიდან ამოიღეს შაბათი და კვირა, ხოლო მშობლები შვილებს ისეთ გაუგონარ სახელებს არქმევდნენ, რომ აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა 50-იანი წლების ბოლოს სტატიაც კი დაწერა სათაურით: „ნუ დაარქმევთ ბავშვებს საჩოთირო სახელებს“.

ენგურის, რიონისა და მტკვრის შეერთება

1933 წლის საბჭოთა გაზეთები ზარზეიმით იუწყებოდნენ, რომ დასრულდა ბალტიისა და თეთრი ზღვების შემაერთებელი არხის გაყვანა, რაც, პარტიისა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მინდობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის გაერთიანებული პოლიტსამმართველოს (ОГПУ) თავმჯდომარის მოადგილეს, ამხ. იაგოდას.

ჰენრიხ იაგოდა

სწორედ ამ არხის მშენებლობის პერიოდში (1931-1933 წწ.) შეუდგენია ინჟინერ მ. კოპაძეს არანაკლებ გრანდიოზული გეგმა, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევდა მდინარეების ენგურის, ცხენისწყლის, რიონისა და მტკვრის ერთმანეთთან შეერთებას.

„თავიდან ამხანაგ კოპაძეს ფანტაზიორი უწოდეს და კინაღამ ეჭვი მიიტანეს მის გონებრივ მდგომარეობაზე, მაგრამ არ შედრკა შეუდარებელი მშენებელი. მან, უბრალოდ, სრულიად დამარწმუნებლად მოხაზა რუკა ამ მდინარეთა შეერთების პრაქტიკული შესაძლებლობისა და ამნაირად საბჭოთა საქართველოს უახლოეს მორიგ ამოცანად დასახა მთელ დედამიწაზე უძლიერესი ჰიდროპოტენციალის მშენებლობა. ამხანაგ მ. კოპაძის გეგმა მოიწონეს და დაარსდა საგანგებო კომიტეტი ამ დიდი საქმის გასაძღოლად“, - ვკითხულობთ კ. ფირცხალაიშვილის სტატიაში, რომელიც 1932 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ჟურნალმა „დროშამ“.

  • ენგურის შეერთება ცხენისწყალთან: ენგურს ზემოთ, სადაც მას მდინარე დელურის მარჯვენა ნაწილი უერთდება, კეთდება ჯებირი, რომელიც შეაგუბებს ენგურს. წყალი აიწევს 130 მ სიმაღლეზე სოფელ ლექსურამდე გვირაბით. აქვე მეორე დამხმარე გვირაბით გამოიყვანენ ცხენისწყალს. რადგან ადგილი დაქანებულია, წყალი გვირაბში თვითდინებით წამოვა. ამნაირად შეერთებული ენგურისა და ცხენისწყლის ნაკადებისათვის აქ აგებული იქნება საერთო წევადი აუზი 745 მ სიმაღლეზე, საიდანაც დაშვებული წყალი იძლევა ზემო ენგურის ელსადგურს 600 ათასი ცხენის ძალით. მშენებლობის ხარჯად ნავარაუდევია 165 მლნ მანეთი.
  • I სადგური ცხენისწყალზე (ლექსურა-ცაგერი): ზემო ენგრურის ელსადგურის არხიდან გამოსული წყალი, ცხენისწყალი და მისი შენაერთი მდინარეები გროვდება ერთ დიდ წყალსაცავში (ჯებირის სიმაღლე 115 მ), რომელიც შენდება სოფელ ლექსურასთან. 200 მეტრის სიმაღლიდან დაშვებული წყალი („ლექსურა-ცაგერის ელსადგური) იძლევა 360 ათას ცხენის ძალას. მშენებლობის ხარჯად ნავარაუდევია 89 მლნ მანეთი.
  • II სადგური ცხენისწყალზე (ცაგერი-ჭალის): ცაგერი-ჭალის მიდამოებში უნდა აშენდეს 130 მეტრი სიმაღლის ჯებირი. ამ აუზიდან წყალი გვირაბებით გადადის რიონის ხეობაში, სოფელ მექვენამდე. წყალი გროვდება აუზში და 250 მ სიმაღლიდან ეშვება 500 ათასძალიანი ელსადგურის ტურბინებში. მშენებლობის ხარჯად ნავარაუდევია 130 მლნ მანეთი.
  • ენგური და ცხენისწყალი უერთდება რიონს: ცაგერი-ჭალის ელსადგურიდან წყალი გვირაბით რიონის ზედა შტოს უერთდება. რიონჰესის მშენებლობის ზემოთ, 1 კმ-ზე აშენდება ჯებირი, რომელიც ასწევს წყალს სოფელ მექვენამდე. წყალსაცავს შეავსებს ენგური-ცხენისწყლის შენაერთი და საკუთრივ რიონი. სადგურის სიმძლავრე 560 ათასი ცხენის ძალაა. მშენებლობის სავარაუდო ფასი - 8 მლნ მანეთი.
  • მეორე რიგის რიონჰესი: ენგურისა და ცხენისწყლის რიონში გადაშვების შემდეგ რიონჰესის მთავარი არხი ვერ დაიტევს ამ შეერთებულ ნაკადს, ამიტომ საჭირო იქნება ახალი არხის გაყვანა, სადაც მოწყობილი სადგურის სიმძლავრე იქნება 120 ათასი ცხენის ძალა.

მტკვარი რიონში

აქამდე საუბარი იყო უღელტეხილის ერთ მხარეს, შავ ზღვაში ჩამავალი მდინარეების შეერთებაზე, მაგრამ, როგორც ავტორი წერს, ინჟინერი კოპაძე ამას არ სჯერდება და გადმოდის უღელტეხილის მეორე მხარეს, სადაც სწვდება მდინარე მტკვარს, რომელსაც სრულიად სხვა „ასავალ-ჩასავალი“ აქვს (მოდის თურქეთიდან და ჩაედინება კასპიის ზღვაში), მაგრამ რიონში უნდა გადაეშვას.

„ეს საქმე დაჩრდილავს მსოფლიოში ოდესმე არსებულ ჰიდრომშენებლობის ობიექტებს“, - იუწყებოდა მაშინდელი პრესა, რომელიც მეტი დამაჯერებლობისთვის რიცხვებსაც იშველიებდა: „ზემო მტკვარი“ მოგვცემს 2,2 მლნ ცხენის ძალას, ხოლო მისი წყალვარდნილი იქნება 910 მ.

ინჟინერი მ. კოპაძე და მისი გეგმა

მაინც როგორ აპირებდა ინჟინერი კოპაძე ამ გასაოცარი საქმის შესრულებას?

სოფელ აწყურში უნდა აშენებულიყო 130 მეტრი სიმაღლის ზემძლავრი ჯებირი, რომელიც დააგუბებდა მტკვარს. ხეობის გეოგრაფიის გათვალისწინებით, გაჩნდებოდა დიდი (ზღვის მსგავსი) წყალსაცავი 130 კვ. კმ. ფართობის ზედაპირით (ცნობისთვის ჟინვალჰესის წყალსაცავის ზედაპირის ფართობი 11,5 კვ. კმ-ია, ხოლო ენგურჰესის (ჯვრის) წყალსაცავისა - 13.5 კვ. კმ.), წყალი აიწევდა 500 საჟენის (1000 მ) სიმაღლეზე.

„ამ უზარმაზარი წყალსაცავიდან გაყვანილი იქნება, უღელტეხილის გასწვრივ, 42 კმ სიგრძის გვირაბი, რომელშიც წყალი თავისი ძალით წავა მდინარე ყვირილას დაბლობისკენ. მდინარე საკრაულასა და ხანისწყლის შუა ეწყობა აუზი, რომელიც დაიტევს 3 მლნ კუბ. მეტრ წყალს. აქედან წყალს გადაუშვებენ მიწის ქვეშ მდებარე ტურბინებში 910 მეტრის დაქანებით და ის მსოფლიოს უდიდეს ელსადგურს აამუშავებს. გამოყენებული მტკვრის წყალი გვირაბით უერთდება ყვირილას და შემდეგ რიონს, სადაც ასევე ჩადის ენგური და ცხენისწყალი. მშენებლობის სავარაუდო ღირებულება: სადგური - 393 მლნ მანეთი, ჯებირი აწყურთან - 63 მლნ მანეთი, გვირაბი უღელტეხილის მიმართულებით - 148 მლნ მანეთი“, - ასეთი იყო ჩანაფიქრი.

I ხუთწლედი წარმატებით დასრულდა, წინ II ხუთწლედის გამოწვევებია

ინჟინერ კოპაძის გეგმა ასევე ითვალისწინებდა რიონზე დამატებით 3 ელექტროსადგურის მშენებლობას და იმის ვარაუდს, რომ რიონისა და ცხენისწყლის მორჯულებით სამუდამოდ გადაიჭრებოდა „კოლხეთის პრობლემა“.

საქართველოს ახალი ჰიდროცენტრალების ეს გეგმა მეორე ხუთწლედში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ტექნიკური სირთულის გარდა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროექტის სიძვირემ (1 მლრდ მანეთი).

ადვილი წარმოსადგენია, რამდენი ადამიანი შეეწირებოდა და რა დაემართებოდა საქართველოს ბუნებას, ინჟინერ მ. კოპაძის გეგმის განხორციელება ჰენრიხ იაგოდას ან ლავრენტი ბერიას რომ დავალებოდა. ოფიციალური მონაცემებით, ბალტიისა და თეთრი ზღვების შემაერთებელი არხის გაყვანაზე 12 300 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ რეალური რიცხვი 50 ათასიდან 86 ათასამდეა.