"გაიქეცით! გაიქეცით! - სად წაიყვანა 17 მაისის ყვითელმა ავტობუსმა მისი მგზავრები

2013 წლის 17 მაისიდან, მეც შემომრჩა ერთი შემთხვევით გადაღებული ფოტო: „კოლმეურნეობის“ უკვე თითქმის დაცარიელებულ მოედანზე ვდგავარ ჩემი პატარა ვიდეოკამერით. გარშემო ნაგავი ყრია - გაზეთების ნარჩენები, მინის ნამსხვრევები, ცოცხი, ჭინჭრის გასრესილი თაიგული - ადვილად მიხვდები, რომ ცოტა ხნის წინ აქ რაღაც მოხდა. მართლა ასე იყო, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეზე მისულ რამდენიმე ათეულ მონაწილეს რუსთაველზე თავმოყრილი ათასობით ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამისთვის დღემდე არავინ დასჯილა.

მკაფიო კადრებად მახსოვს, ჯერ როგორ გაარღვია ხალხის უზარმაზარმა მასამ, მათ წინ მდგომ სასულიერო პირებთან ერთად, პოლიციის სუსტი კორდონი და ეს ათასობით ადამიანი რა სისწრაფით დაიძრა პუშკინის სკვერისკენ, სადაც პატარა ფლეშმობი იყო დაგეგმილი - ცისარტყელა უნდა დაეხატათ.

ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაგეგმილ ადგილზე, რუსთაველის მოედანზე ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ-ს ჯგუფის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კიდევ, მახსოვს, ბევრი ხალხის ფეხის ხმის, გუგუნის და ყვირილის ფონზე, როგორ გარბოდა ყველა სადღაც. ვინც გაასწრო, გაასწრო, ვინც ვერ, ისინი პოლიციამ იქვე, წინასწარ მოყვანილ ყვითელ ავტობუსებში ჩასხა, რომ იქაურობას გაერიდებინა. რამდენიმე ავტობუსი მალე დაიძრა, მაგრამ ერთი - კოტე აფხაზის ქუჩაზე გაიჭედა.

ჩემ თვალწინ, გაბრაზებული ადამიანების ჯგუფი ამ ავტობუსის კარს ეჯაჯგურებოდა და შიგნით შევარდნას ცდილობდა. ქვებით, რაღაც ხელკეტებით და რაც ხელში ეჭირათ, იმით აბრახუნებდნენ და ფანჯრებს ლეწავდნენ. ყვითელი ავტობუსი ადგილიდან რომ დაიძრა, მერეც დიდხანს მისდევდნენ. ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით, კოლმეურნეობის მოედნისკენ, აქციის მონაწილეებით სავსე ყვითელ „მარშრუტკას“ ლეწავდნენ. ეგ კადრიც ჩამრჩა გონებაში - როგორ აჯანჯღარებს ერთ მანქანას ზედ დახვეული ხალხის მასა და როგორ ითხოვენ შველას შიგნით მსხდომები.

Your browser doesn’t support HTML5

17 მაისი ყვითელ ავტობუსში (ნაწილი 1)

2013 წლის 17 მაისი, კონტრაქციის მონაწილეები

ამ დღის შემდეგ, სხვადასხვა დროს, ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ბევრმა მონაწილემ არა მხოლოდ საქართველო დატოვა, აქტივიზმსაც ჩამოშორდა. ბევრ მათგანს დიდხანს უწევდა შფოთთან, დეპრესიასთან გამკლავება.

ათი წლის მერე, წასულებსა და დარჩენილებთან ერთად ვიხსენებთ ამ დღეს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გარდამტეხი გამოდგა.

მაგდა კალანდაძის ამბავი (ცხოვრობს საქართველოში)

ამ ვიდეოში მაგდა მიყვება იმ დღეზე, თავის წიგნზე, რომელიც დაწერა, იმაზე, თუ რატომ თქვა უარი აქტივიზმზე და რატომ აღარ სურს 17 მაისის გახსენება.

Your browser doesn’t support HTML5

ის 17 მაისი - ინტერვიუ მაგდა კალანდაძესთან

ბექა ბუჩაშვილის ამბავი (ცხოვრობს საქართველოში)

ხალხის შავი მასა მახსოვს. როგორ ირღვევა პოლიციის კორდონი და ეს ხალხი ჩვენკენ მოდის. მე ჯერ იმ ავტობუსში აღმოვჩნდი, რომელიც ფონიჭალაში მიდიოდა, იქიდან კი, მე და ჩემი მეგობარი გოგო ვარკეთილის მეტროსთან მიგვიყვანეს. მეტროში ჩასვლის გვეშინოდა, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ შედარებით უსაფრთხოდ რუსთაველის მეტროდან ამოვიდოდით. ასეც ვქენით და ფეხით წავედით ფილარმონიისკენ.

სადაც დღევანდელი კაფე „სტამბაა“, ვიღაც ტიპმა დაგვიღრიალა. ჩემს მეგობარ გოგოს, რომელიც მეტალს უსმენდა, პირსინგები ეკეთა, გრძელი თმა ჰქონდა და შავები ეცვა, მეც ერთი პირსინგი მეკეთა. 23 წლის ვიყავი.

ბექა ბუჩაშვილი

ამ ყვირილმა დაგვაბნია, აღარ ვიცოდით სად წავსულიყავით, ფეხს ავუჩქარეთ, მაგრამ უცებ, ზუსტად ისე, როგორც ფილმ „მუმიაშია“, ამ ტიპის ყვირილს აჰყვნენ სხვებიც, უცებ მოტრიალდნენ ჩვენკენ და გარს შემოგვერტყნენ. ვიღაც სახეში მუშტს მირტყამდა, ვიღაც - წიხლს. ამ გოგოსაც ჩაარტყეს მუცელში. როგორ შევძელით თავდახსნა და ზებრაზე გადარბენა, არ მახსოვს. იქვე მაშინ მარკეტი იყო, მინისკარიანი, მანდ შევვარდით. მახსოვს, ძირს დავვარდი. ვიღაც ქალი დამადგა თავზე და შენც „ცისფერი“ ხარო? რაღაც ეგეთი მითხრა. მაგრამ იქ ნაკლებად აგრესიულები იყვნენ.

რაღაც სათავსოს კარი დავინახე, სარდაფივით, იქ ჩავედით და პროდუქტით სავსე დახლებს შორის დავიმალეთ. მახსოვს, რომ რაღაც გუგუნის ხმა მესმოდა. მერე კარის გაღების ხმა გავიგეთ - როგორც აღმოჩნდა, პოლიციამ შემოიყვანა ისინი და აბა, ვინმეს ხედავთ აქო? არ არიანო. მერე პოლიცია ჩვენთან ჩამოვიდა და იმის ნაცვლად, რომ ისინი დაეშალა, ჩვენი იქიდან გაპარების გეგმის შედგენა დაიწყეს.

მაშინ ძალიან გრძელ წვერს ვატარებდი. ჩემი გაპარსვა გადაწყვიტეს. იქვე, რაღაც იაფფასიანი ბრიტვით გამპარსეს. პირსინგი მომაძვრეს. თან ვიდეოს მიღებდნენ. ჩემს მეგობარს იმ მარკეტის თანამშრომლების უნიფორმა ჩააცვეს და დააყენეს დახლთან, რომ არ ეცნოთ. მე - ჩამაცვეს პოლიციის თანამშრომლის ფორმა, რომელიც დიდი მქონდა და ასე გამიყვანეს. ოღონდ, გარეთ რომ გამოვედით, ცხადია, ყველა მიხვდა რა ხდებოდა, უბრალოდ, მალევე ჩამსვეს პოლიციის მანქანაში და იქაურობას მომაშორეს. მანქანაში პოლიციელები მეკითხებოდნენ, ქალთან თუ მქონია სექსი, ძუძუები თუ მომწონს და ა.შ.

ახლა ვხვდები, მაშინ როგორი დაუცველი ვიყავი. არც იმ დღეს ჩაუვლია უკვალოდ. დიდხანს მქონდა შფოთვითი აშლილობა, დეპრესია. ამას მოგვიანებით უფრო მივხვდი. თუმცა ამ დღეს და ამ ამბავს არ დავუსუსტებივარ.

ბევრჯერ შემეძლო ამ ქვეყნიდან წავსულიყავი, მაგრამ იმიტომ არ მივდიოდი, რომ, ჯერ ერთი, ლტოლვილის სტატუსი არ მომწონდა და მეორე, ვხედავდი, რომ მაინც იყვნენ აქ ადამიანები, ვინც დანებებას არ აპირებდა.

ხანდახან ისიც მეფიქრება, იქნებ საჭიროც კი იყო ეს დღე, რომ ამ ყველაფერს ამოეხეთქა?

იმ დღეს, 2013 წლის 17 მაისს, ხალხმა და სამღვდელოების ნაწილმა შეკრება დილიდან დაიწყო. თორმეტი საათისათვის რუსთაველის გამზირზე გზა უკვე გადაკეტილი იყო. წინ სამღვდელოება, მათ უკან ხალხი და სამღვდელოების წინ პოლიციის კორდონი იდგა. კონტრაქციის მონაწილეები თავს „უზნეობის წინააღმდეგ აქციის“ მონაწილეებად გვაცნობდნენ.

ნათია გვიანიშვილის ამბავი (ცხოვრობს შვედეთში)

ერთ-ერთ ბოლო ავტობუსში აღმოვჩნდი, რომელიც თავისუფლების მოედნიდან გაღწევას ცდილობდა. პოლიციის კორდონი რომ გაიხსნა და ხალხი დაიძრა, ჩვენც გავიქეცით და ისე მოხდა, რომ ხუთი ქალი აღმოვჩნდით ბოლო ავტობუსში, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე გაიჭედა. ვეღარ მიდიოდა. გარშემო ხალხი გვეხვია. მძღოლი ჯერ კარს არ აღებდა, მერე არ კეტავდა. ბოლოს, პოლიციამ ანიშნა წადიო და დაიძრა.

მაგ დღეზე რომ ვფიქრობ, პირველად კადრად ვხედავ, რომ პატარა ჩაკეტილ სივრცეში ვარ, ფანჯრიდან ვიხედები და ვხედავ, ხალხის ტალღა როგორ აწყდება ამ ავტობუსს. ბრახუნის ხმა მესმის. ავტობუსის კარზე, ფანჯრებზე. მინის ჩალეწვის ხმა. მგონი - ჩალეწეს კიდეც. წყალი შეგვასხეს, მახსოვს. ავტობუსი მიღოღავდა. რაღაც მომენტში კარი გაიღო და მახსოვს, მე და თამთა ამ კარს ვეჯაჯგურებოდით, რომ როგორმე დაგვეხურა. მაგ მომენტში დავინახე სიურრეალისტური კადრი - როგორ ურტყამს ვიღაც სასულიერო პირი ტაბურეტს საქარე მინას. შოკის მიუხედავად, გამეფიქრა, ნეტა ეს ტაბურეტი აქ საიდან მოიტანა-მეთქი.

ნათია გვიანიშვილი

ერთ მომენტში ავტობუსიდან მძღოლის გადათრევაც სცადეს, მაგრამ ამ დროს სხვა სასულიერო პირი ამოვიდა ავტობუსში და ის ეუბნებოდა კონტრაქციის მონაწილეებს, ქვები არ ისროლოთო. მერე ჩვენ მოგვიბრუნდა და გვითხრა, ჟურნალისტებს არაფერს დავუშავებთო. მე ვუპასუხე, ჩვენ ჟურნალისტები არ ვართ-მეთქი. მე მაგას არ ვიტყვი და თქვენც არ უთხრათო.

აბანოებთან გზა შედარებით გათავისუფლდა და ავტობუსმაც სვლა ააჩქარა. მივდიოდით, მაგრამ უკანა ფანჯრიდან ვხედავდი, როგორ მოგვდევდნენ. ერთი დაკუნთული ტიპი მახსოვს, რომელიც მოსდევდა ავტობუსს. უცებ ამ სირბილის დროს მაისური გაიხადა. მძღოლს არანაირი ინსტრუქცია არ ჰქონდა, არ იცოდა სად უნდა წავეყვანეთ. ორთაჭალაში ჩამოგვსვა. არც ჩვენ ვიცოდით სად წავსულიყავით. ახლოს არც პოლიცია იყო. ტაქსი გავაჩერეთ და იქაურობას გავეცალეთ.

ათი წელი გავიდა და მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, რეალურად, არც 2013 და არც მანამდე 2012 წელს მომხდარი ამბების გამო არავინ დასჯილა. სამაგიეროდ, გამოჩნდა, რომ ლგბტქი ადამიანების შეკრებები პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა. ისიც ვნახეთ, რომ არსებობს რაღაც გაუმჭვირვალე პროცესი მთავრობას და იმ ჯგუფებს შორის, ვინც აპროტესტებს ჩვენს გამოსვლას და არსებობას. ამ პროცესზე ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით.

კიდევ რა მოხდა ამ ათ წელში? ბევრმა აქტივისტმა და თემის წევრმა გადააფასა, საერთოდ რამდენად ღირს კი, ასეთი სიტუაციაში გარეთ გამოსვლა? და ეს დისკუსიის საგანი გახდა თემშიც - ზოგს მიაჩნია, რომ ახლა დროა, ზოგს პირიქით. საბოლოო ჯამში, ამით მაინც ხელისუფლება სარგებლობს და ამბობს, რომ აი, ეს ორი ჯგუფია დაპირისპირებული, მაგრამ ისინი მეტნი არიან და ამიტომ ყველას უსაფრთხოებისთვის ჯობს შევზღუდოთ ის, ვინც უფრო ცოტაა...

17 მაისის მერე დიდხანს ვიყავი დეპრესიაში. მქონდა განცდა, რომ სტაგნაციაა, ვერაფერს ვცვლი და რომ მთელი ჩემი ცხოვრება უნდა მოვახმარო იმ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანად არ მცნობს, არც ჩემს ოჯახს ცნობს ოჯახად. თავიდან სასწავლებლად წამოვედი, დარჩენის გეგმა არ მქონია, ვფიქრობდი, რომ მაგ სივრციდან გამოვაღწევდი და უბრალოდ დავიძინებდი, მაგრამ მერე აქ სამსახური გამოჩნდა და დავრჩი. ესეც საერთაშორისო ლგბტქ ორგანიზაციაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მუშაობს. მაგრამ გულით მაინც მანდ ვარ ხოლმე, რომ ჩამოვდივარ, თუ ემთხვევა, მაინც დემონსტრაციაზე მივდივარ.

იმ დღემ რაღაც გარდატეხა მაინც მოახდინა. თუნდაც ის, რომ მგონი, უფრო გააფართოვა ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი. თუნდაც ჟურნალისტების. მაგრამ მაინც მგონია, რომ დადებითი ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ტრავმების და შიშის გავლით.

პარლამენტის შენობის წინ, მღვდელ ბასილ მკალავიშვილის მრევლს მოეყარა თავი - ხელში გაზეთშემოხვეული ჭინჭრის თაიგულები ეკავათ და „ჭინჭრის“ რევოლუციით იმუქრებოდნენ - „რატომ ჭინჭარი და მართლმადიდებლურია ჭინჭარი და არა ტყვია. არ არის საჭირო ახალგაზრდობის გარყვნა და თუ ასეთია, იყოს თავისთვის, დამალული“, - ამბობდნენ ისინი.

მკალავიშვილის მრევლი ჭინჭრის თაიგულებით

ეგო დალასიs ამბავი (ცხოვრობს ბელგიაში)

დილით რომ გავიღვიძე და ტელევიზორი ჩავრთე, უკვე რაღაც პანიკა იგრძნობოდა - უამრავი ხალხი იყო გარეთ გასული. ეგრევე გავედი. თავიდან ვერც ვხვდებოდი სად მივდიოდი. თავისუფლების მეტროსთან აღმოვჩნდი, პოლიციის კორდონებთან და ვთხოვე, გავეშვი, რადგან აქციის მონაწილე ვიყავი. ჩუმად გამიშვეს პუშკინის სკვერისკენ. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც წარმოუდგენელი სიძლიერის აგრესიის ტალღასთან ერთად მივდიოდი.

ძალიან მეშინოდა. ვერც ვხვდებოდი, ამდენი ადამიანი რატომ იყო ქუჩაში გამოსული, რას გვერჩოდნენ, რატომ უნდოდათ ათი ადამიანის ჩაქოლვა.

ფლეშმობისთვის ვიყავი ჩაცმული, ყვითელი მაისური მეცვა - ცისარტყელა უნდა გაგვეკეთებინა. ვცდილობდი, არ დაენახათ ჩემი ფერადი ტანსაცმელი და ბოლომდე შევიკარი რაც გარედან მეცვა. მეშინოდა, არ ვეცნე, რომ მეც ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ვიყავი.

რაღაცები აღარ მახსოვს. თითქოს ამოჭრეს, მაგრამ მახსოვს, რომ ამ ტალღამ ჯერ კოლმეურნეობის მოედნამდე მიმიყვანა. მერე იყო პაუზა - მართლა არ ვიცი რა მოხდა და მერე მახსოვს, ზემო ფონიჭალაში ვარ. იმ დღიდან ერთი მთავარი კადრი მახსოვს - ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი, რომელიც ღრიალებს.

ეგო დალას

დიდხანს ვერ დავდიოდი ხალხმრავალ ადგილებში. ვერც ბაზარში, ვერც კლუბებში. ვერც ტრანსპორტში ავდიოდი. ავტობუსი, მეტრო - აღარ არსებობდა. შინაგანი შფოთვა წლები გაგრძელდა. მართლა აღარ არსებობდა სივრცე, სადაც არ მეშინოდა.

17 მაისი ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც საბოლოოდ მაინც წავედი საქართველოდან. თუმცა, მაშინვე არა. რამდენიმე წელი დავრჩი, ვიფიქრე, ვცადე, იქნებ გამოსწორდეს რამე, იქნებ მიგვიღოს საზოგადოებამ, ვფიქრობდი. და ოთხი წლის წინ ვთქვი, რომ არა. მანდ არც ადამიანად მთვლიდნენ, არც სრულფასოვან მოქალაქედ, ყოველდღე იყო ბულინგი, ხელით შეხება. მართლა ადგილი არ არსებობდა, სადაც თავს დაცულად ვიგრძნობდი.

ავდექი, წამოვედი ბელგიაში და ლტოლვილად ჩავბარდი.

ახლა ბრიუსელში ვცხოვრობ. კმაყოფილი ვარ. თავს ადამიანად ვგრძნობ და არ მეშინია, რომ ჩემი განსხვავებული გარეგნობის გამო ვინმე უმიზეზოდ თავს დამესხმება.

დღის პირველი საათისათვის მოვლენები საწინააღმდეგოდ განვითარდა. ვითარება პირველად მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ასეულობით ადამიანმა პოლიციის კორდონი გაარღვია და თავისუფლების მოედანზე, სკვერში შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანისკენ დაიძრა.ეს გარყვნილები”, „არ გაატაროთ, სცემეთ!” - ისმოდა მსგავსი შინაარსის შეძახილები.

ერთ-ერთი ყვითელი ავტობუსი, რომელშიც აქციის მონაწილეები აღმოჩნდნენ

ნინო ბოლქვაძის ამბავი (ცხოვრობს საქართველოში)

2013 წლის 17 მაისმა ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. 35 წლის ვიყავი, მაგრამ თითქმის არავინ იცოდა ჩემ შესახებ. არავინ მიცნობდა ბოლომდე, ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი. ვცხოვრობდი, თითქოს როლს ვთამაშობდი, ვცდილობდი, ყველასთვის მოსაწონი, მისაღები ვყოფილიყავი. თითქოს არც ვარსებობდი.

იმ საშინელი დღიდან დღემდე საკმაოდ რთული გზა გამოვიარე, მაგრამ არაფერს ვნანობ. ძველი ცხოვრებიდან თითქმის აღარაფერი დარჩა. ჩამომცილდა ჩემი პატრიარქალური ოჯახი, ყოფილი ქმრის, ნათესავების სახით, თითქმის ყველა ძველი ნაცნობი თუ მეგობარი. ეს კარგია, რადგან მათი ადგილი სულ სხვა ადამიანებმა დაიკავეს. ისინი არ მორალისტობენ, არ თამაშობენ, არ ცდილობენ საკუთარი მოჩვენებითი უპირატესობის დამტკიცებას, როგორც შეუძლიათ, ეხმარებიან სხვებს.

2018 წლის 3 მარტს გავიცანი ქალი, რომელთან ხუთი წელზე მეტია ოჯახად ვცხოვრობ. ჩვენი ოჯახიც წმინდაა - სიყვარულზე, ერთგულებაზე, მოთმინებაზე, შრომაზეა დაფუძნებული. ჩვენი თავშესაფარიცაა და სიმყარეც.

ნინო ბოლქვაძე

საქმიანობის სფეროც შევცვალე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ ადიქციის მქონე ადამიანების დახმარების სფეროში გადავიხვეწე. სიღრმისეულად ვსწავლობ წამალდამოკიდებული ადამიანების ფსიქოკონსულტირებას, მოტივაციურ ინტერვიუირებას. დიდ სიამოვნებას ვიღებ სწავლისგან და შრომისგან კიდევ უფრო მეტს.

ოღონდ აქამდე ასე მარტივად არ მივსულვარ. სულ პირიქით, პირდაპირი მნიშვნელობით გადარჩენა-არგადარჩენის ზღვარზე სიარულით მოხდა. 2018 წელს გადავიტანე ღრმა ვენების თრომბოზი, ერთი კვირის განმავლობაში ექიმებმა არ იცოდნენ, გადავრჩებოდი თუ არა. 2019 წლიდან გამიმწვავდა ჩემი ქრონიკული დაავადება Miastenia Gravis, რომელსაც შემთხვევით არ ჰქვია „მძიმე”, რადგან მართლაც ძალიან მძიმე გადასატანია, თუ რთულდება.

სამი წლის განმავლობაში ძვირადღრებული მკურნალობა დამჭირდა. პოლონელმა და უკრაინელმა ქვიარ აქტივისტებმა დამიფინანსეს მკურნალობა და კვლევებიც. კიდევ ძალიან კარგი ექიმები შემხვდნენ. კლინიკაში რომ მოვხვდი, იქ ცხადია, ყველა მიხვდა, რომ მე და ჩემი ქალი პარტნიორი ოჯახი ვიყავით და არცერთი სიტყვით თუ გამოხედვით არ გვიგრძვნია ცუდი დამოკიდებულება. ერთი პაციენტი შუახნის ქალი ამბობდა, ასე რომელი კაცი მოგივლიდაო.

ჩემს შვილებთან ურთიერთობა მხოლოდ უკეთესისკენ შეიცვალა. ჩემთან ერთად, მათაც რთული გზის გავლა მოუხდათ. ვამაყობ ჩემი შვილებით. არ ვიცი, ეს თაობა როგორ გაიზარდა ასეთი თავისუფალი, ასეთი ლაღი. რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, ეს თაობა აღარასოდეს დაუბრუნდება საბჭოურ მენტალიტეტს. მათ უბრალოდ არ იციან, ეს რა არის, არც ესმით, არც აინტერესებთ, სულ სხვაგან არიან. მათთვის რუსეთის პროპაგანდა აღმაშფოთებელი და სასაცილოა. ვინ თქვა, რომ ქვიარებისთვის ოჯახური ღირებულებები სულერთია? მიყვარს ჩემი შვილები სიგიჟემდე. ხომ მეგონა, ეს გრძნობა დროთა განმავლობაში სხვანაირი გახდებოდა, მაგრამ არა, ისევ გულისტკივილამდე მიყვარან და ყოველთვის ჩემი პატარა გოგოები იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ წელს უფროსი გოგო 25 წლის ხდება.

კიდევ ერთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. როცა დაავადებამ ძალიან შემომიტია და ჩემზე გაცილებით უფრო მეტი ძალის იმედი დამჭირდა, 2022 წლის 26 ივნისს ანგლიკანურ ეპისკოპალურ ეკლესიაში ქრისტიანად მოვინათლე. მესმის, ქვიარებს რა რეაქციაც შეიძლება ჰქონდეთ ამაზე, მაგრამ ქრისტიანობას, რწმენას და ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას, უფრო კი საპატრიარქოს, არაფერი აქვთ საერთო.

ჩემთვის, მღვდელმსახურთა უმეტესობა არიან ფარისევლები, რომელნიც გმობენ, უპირისპირდებიან ქრისტეს სწავლებას. ჩვენი ეკლესია კი ქვიარ მეგობრულია, იქ ყველასთვის არის ადგილი. ეს ტენდენცია ძალიან ბევრ თანამედროვე ეკლესიაში შეინიშნება, ქალ მღვდელმსახურების დანიშვნასთან ერთად. სიკვდილის, უმწეობის შიშის დაძლევაში გვეხმარება რწმენა და თემისადმი მიკუთვნებულობის განცდა.

მოკლედ ასეა. ქვიარები ვიმსახურებთ ოჯახებსაც, ღმერთის სიყვარულსაც, შეგვიძლია და გვინდა ვემსახუროთ საზოგადოებას ჩვენი შესაძლებლობების და სურვილების შესაბამისად.

17 მაისის ერთ-ერთი სიმბოლური ფოტო, "ტაბურეტიანი მღვდელი"

შორენა გაბუნიას ამბავი (ცხოვრობს საქართველოში)

ჩემთვის, როგორც აქტივისტისთვის და მკვლევრისთვის, ჰომოფობია, ქსენოფობია და ჩვენს საზოგადოებაში ფესვგადგმული ბევრი სხვა ფობიაც გასაკვირი მოვლენა არ არის. ჰომოფობები ყველგან არიან. განვითარებულ და პროგრესულ ქვეყნებშიც - ეს განსხვავებულის მიმართ შიშია, რომელსაც რაოდენობრივად სჭარბობ და ამ პრივილეგიის წყალობით, ხშირად, ჩაგრავ კიდეც.

მაგრამ ჩვენთან, დიდი ხანია, რაც ჰომოფობია, ისევე, როგორც ფსევდოპატრიოტიზმი და ფსევდორელიგიურობა, რუსული კოლონიალიზმის ინსტრუმენტად გამოიყენება. როცა ქვეყანაში ჰომოფობიის წინააღმდეგ იბრძვი, ავტომატურად ხდები რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მართული ადგილობრივი ექსტრემისტული, ვითომ ეროვნული და ვითომ რელიგიური ჯგუფების სამიზნე.

ასე იყო 2013 წლის 17 მაისს და ასეა ახლაც - 2023 წლის 17 მაისს. ასე მემუქრებოდა სიკვდილი რუსების მიერ დაგეშილი ბრბოს ხელით მაშინაც და ახლაც.

შორენა გაბუნია

ეს დღე მახსოვს ერთი კადრით - ქვებმომარჯვებული კაცებით, რომლებიც მოსდევდნენ ყვითელ ავტობუსს, რომელშიც ძლივს ავასწარი. ალბათ სიკვდილთან (თუ ჩაქოლვასთან) ასე ახლო ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ.

ათი წელი გავიდა ამ დღის შემდეგ და ის გრძნობა ჩემში ახლაც ცოცხალია.

ყვითელი ავტობუსი ჩემთვის ერთგვარი ქარონის ნავია, რომელიც მარტო მე კი არა, ჩემს ქვეყანასაც ნელი და მტანჯველი სიკვდილით კლავს და რუსეთისკენ მიაქანებს.

დღეს მხოლოდ სიმბოლოებით კი არა, რეალურად უპირისპირდება ერთმანეთს, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები, ღირსება, კეთილსინდისიერება, თავისუფლების ნანატრი იდეა და, მეორე მხრივ, ბოროტება, სხვისი უბედურებით მიღებული ბედნიერების განცდა, ღალატი და უღირსობა. ჩემთვის დღეს აქ მართლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდის, რომ ისევ რუსეთის იმპერიის ნაგავსაყრელზე არ ამოვყოთ თავი.

მე არ მივდივარ ემიგრაციაში. მაინც განვაგრძობ ამ ბრძოლას. უკრაინის ომმა ძალიან გაამწვავა ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, და მე მინდა, ჩემს ქვეყანაში მეცხოვრებოდეს ღირსეულად და ბედნიერად, და არა - სადმე შორს გადახვეწილს.

ანა მაისურაძის ამბავი (ცხოვრობს საქართველოში)

ყველაზე შოკურ კადრად მახსოვს, როგორ მორბის დათო შუბლაძე და ყვირის, მოდიან, მოდიანო. და ჩვენ გავრბივართ.

დღეს რომ ვფიქრობ, სად წამიყვანა იმ ყვითელმა, მახსენდება, როგორი ბრაზი და აგრესია მქონდა მაშინ. როცა ამან გაიარა, დამეწყო შფოთვა, რომელსაც ვერ ვერეოდი. ნახევარი წლის მერე ფსიქოლოგთან მივედი, რომ ამ შფოთვის მართვა მესწავლა.

ანა მაისურაძე

იმ 17 მაისის მერე, ალბათ, 5 წელი მაინც, იმ დღის კადრებს ვერ ვუყურებდი. მეტროში რომ ჩავდიოდი, სულ მეშინოდა. მეგონა, რომ ეს ის ბრბო იყო, ვინც მოსაკლავად დაგვდევდა.

თუ სადმე ჩხუბი იყო, პანიკური შეტევა მეწყებოდა. ასეთ სიტუაციებში ახლაც უდიდეს შიშს ვგრძნობ ხოლმე. აქტივიზმში ცოტა ხნით კიდევ დავრჩი და მერე წამოვედი.

კონტაქციას წინ სასულიერო პირები მოუძღოდნენ

2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მაისის მანიფესტაციისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებიდან (სასულიერო პირი იოთამ ბასილაია, ასევე ბექა სალუქვაძე, ტიტალ დავრიშიანი და გიორგი ბასიაშვილი) ყველა გაამართლა.

მათ ბრალი ედებოდათ ჰომოფობიის საწინააღმდეგი აქციის მონაწილეებზე ფიზიკურ დაპირისპირებაში.

2013 წლის შემდეგ, 17 მაისი, საქართველოში, ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადეს - ამ დღეს სასულიერო პირები და მათი მრევლი თბილისის ქუჩებში დადიან და აკურთხებენ.

ასეა დღემდე.

კოლმეურნეობის მოედანი ჩაშლილი აქციის შემდეგ

ამ ათი წლის განმავლობაში კიდევ ბევრი 17 მაისი აღინიშნა, თუმცა ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად - ხან ჩუმად, ხან ხმაურიანად. პარტიზანული პროტესტით, აქციებით რუსთაველზე, ვაჩნაძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან... ხან ონლაინდემონსტრაციით და დახურული ღონისძიებებით, რომლის დროსაც გარეთ ისევ პოლიციის კორდონი იდგა. და ჩაშლილი „ღირსების მარშითაც“, რომლის დროს რუსთაველზე უკვე კარგად ორგანიზებული ულტრამემარჯვენე ჯგუფები იდგნენ, რომელთა აგრესიის სამიზნედ იმ წელს ჟურნალისტები იქცნენ.

„კოლმეურნეობის“ უკვე თითქმის დაცარიელებულ მოედანზე ვდგავარ ჩემი პატარა ვიდეოკამერით. გარშემო ნაგავი ყრია - გაზეთების ნარჩენები, მინის ნამსხვრევები, ცოცხი, ჭინჭრის გასრესილი თაიგული - ადვილად მიხვდები, რომ ცოტა ხნის წინ აქ რაღაც მოხდა..." 2013 წლის 17 მაისი

ასევე ნახეთ ათი 17 მაისი: ჩვენ ეს შევცვალეთ. ჩვენ ამას შევცვლით