საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ჩამოდის

ფოტოზე: ალექსანდრ ვუჩიჩი

ხვალ, 15 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ცოლთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დახვედრის ცერემონია ათონელის რეზიდენტიაში გაიმართება, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული, მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს 2025 წლის დეკემბერში, სერბეთში შეხვდა. დელეგაციაში იყვნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, დეპუტატები ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ასევე საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

  • სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ ხელისუფლება არ წყვეტს მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ამას ჩვეულებრივ მოვლენად თვლის;
  • საქართველოს მსგავსად, სერბეთის ხელისუფლებაც აცხადებს, რომ სერბები ევროკავშირში 2030 წლამდე ვერ გაწევრიანდებიან;
  • საზოგადოების ნაწილი სერბეთში, ისევე როგორც საქართველოში, მმართველი პარტიის ხელისუფლებებს რუსეთის ინტერესების მსახურებად თვლიან. ბრალდებათა ადრესატები ამას ორივე ქვეყანაში უარყოფენ.

გასულ წელს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა „ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც მილოცვა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნისგან მიიღო - ძირითადად სამეზობლოდან.