საქართველოში საწვავი ძვირდება - ზოგ შემთხვევაში მატება 50 თეთრია

საილუსტრაციო ფოტო

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბოლო რამდენიმე დღეა ქართულ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი ფასი იზრდება. მატება ზოგ შემთხვევაში 50 თეთრსაც კი აღწევს.

„თუ ვინმეს წამოცდა, რომ ფასი ახლა მოიკლებს ან დასტაბილურდება, არ დაუჯეროთ. მსოფლიოში არავინ მეგულება ისეთი, ვინც წინასწარ განსაზღვრავს მომავალს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი.

BPN-მა ხუთი ბენზინგასამართ სადგურზე გასაყიდი საწვავის ფასები შეადარა 13 მარტის მონაცემებს, როცა ახლო აღმოსავლეთში ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ორი კვირის დაწყებული ჰქონდა.

საქართველოში საწვავის ძირითადი ნაწილი ორი მეზობელი ქვეყნიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია მსოფლიო ნავთობის ფასებზე და შესაბამისად, საქართველოზეც.

„საქართველოში გვაქვს ორკვირიანი მარაგები. ეს დაგვეხმარა იმაშიც, რომ ჩვენთან ფასი უცებ არ გაძვირდა“, - ამბობს იობაშვილი.

13 მარტის შემდეგ, ორკვირიან მონაკვეთში ფასები გაიზარდა:

  • Gulf (ფასის მატება 10-დან 22 თეთრამდე);
  • Wissol (ფასის მატება 13-დან 31 თეთრამდე);
  • Socar (ფასის მატება 13-დან 42 თეთრამდე);
  • Rompetrol (ფასის მატება 15-დან 35 თეთრამდე);
  • Portal (ფასის მატება 5-დან 50 თეთრამდე).

ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან საწვავი (შედარებით მაღალი ფასისა და რთული ლოჯისტიკის გამო) ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არ შემოაქვს:

„გვაქვს ზღვაც, თუ დაგვჭირდა გემით შემოვიტანთ. საქართველოში დეფიციტი არ იქნება. ფასებზე წინდაწინ ვერ ვლაპარაკობთ - ეს პროდუქტი მსოფლიოში არაპროგნოზირებადია, რადგან არ არის ჩვენი პროდუქტი“.

მისი გათვლებით, თუკი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი დაიკლებს, ეს მალევე აისახება ქართულ ბაზარზე. ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს დოლარის კურსს, თუკი ლარი გაუფასურდება.

„ეროვნულმა ბანკმა დღე და ღამე უნდა იმუშაოს, რომ დოლარი არ გაგვექცეს. რადგან ჩვენ ვყიდულობთ დოლარზე და ვყიდით ლარზე, ეს მოგვცემს ცუდ შედეგს“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ „ინფლაციაზე მთლიანად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო მონაცემებზე. მე შეიძლება მქონდეს ორკვირიანი მარაგი საწვავზე, მაგრამ არ მაქვს ვალუტაზე“.

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, რის გამოც საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა?

  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს;
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.