ადგილობრივები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ ეზოში ასფალტს ბზარები ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ გაუჩნდა. მათი თქმით, დეველოპერულმა კომპანიამ ბზარები ახალი ასფალტით გადაფარა. სამშენებლო მოედნის ღობე კი კორპუსის ტერიტორიაზე, ეზოში, დაახლოებით ექვსი მეტრით შემოწია - „უსაფრთხოების მიზნითო, მაშინ ასე გვითხრეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნათია ნასრაძე.
ახალი ასფალტით გადაფარული ბზარები
„ფასადურად გააკეთეს. თითქოს დაასხეს ასფალტი, მოაწესრიგეს ეზო. საძირკველს კი რაღაც რკინის ხიმინჯები შეუყენეს, ვითომ გაამაგრეს. როგორც მაშინ გვითხრა იმ კომპანიის წარმომადგენელმა, ქალბატონი იყო, სამ თვეში უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, ყველაფერს მოაწესრიგებდნენ და მოსახლეობას აღარ შეექმნებოდა დისკომფორტი.
დღეს კი ხედავთ, რომ ეზოს ნაწილი საძირკველშია ჩატანილი. ის ტერიტორია, რაც ჩაიშალა არ არის კომპანიის კუთვნილი მიწა. ეს არის სერვიტუტის მქონე ტერიტორია და ჩვენი ეზოს ნაწილი. ღობე 6 მეტრით შემოწიეს ეზოს სიღრმეში, ვითომ უსაფრთხოების მიზნით და ვხედავთ, რაც მივიღეთ.
ჩვენ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მივმართეთ მერიას და ვითხოვეთ დახმარება“, - ამბობს ნათია ნასრაძე.
„ღობესთან არ გააჩეროთ, საშიშია, ინგრევა“
წარწერა ყვითელი საღებავით - „ღობესთან არ გააჩეროთ, საშიშია, ინგრევა“, მარიჯანის 4 ნომერში, 10 დღის წინ გაჩნდა. ამ ეზოს კიდევ ერთი მკვიდრი გვიყვება, რომ რამდენიმე დღის წინ მიმართეს მათ ვაკის რაიონის გამგეობას - საქმის კურსში ჩააყენეს, რომ სიტუაცია იქ უსაფრთხო აღარ იყო.
მარიჯანის 4 ნომრის ეზოს ღობე, რომელიც საცხოვრებელ კორპუსსა და სამშენებლო ობიექტის საძირკველს ერთმანეთისგან ჰყოფს
„რეაგირება არ ყოფილა და ახლა დავდექით ამ რეალობის წინაშე. გუშინ საღამოს, ეს მიწა რომ ჩაიშალა, სახლში ვიყავი. გაისმა საშინელი ხმაური, განათების ბოძებმა დაიწყო ჭრიალი და შემდეგ მიწა ჩაიშალა. ისეთი შეგრძნება იყო, რომ რაღაც კატასტროფა ხდებოდა“, - უყვება რადიო თავისუფლებას დარეჯან ობოლაძე.
„ინფორმაცია არ გვქონდა“ - ვაკის გამგებელი
7 ივლისს, მარიჯანის 4 ნომერში, მოსახლეობასთან შესახვედრად და სიტუაციის გასაცნობად მივიდა ვაკის რაიონის გამგებელი, ლევან ყიფიანი. კითხვაზე, რატომ არაფერი გააკეთა გამგეობამ იმ დრომდე, სანამ მიწა ჩაიშლებოდა, ასე გვპასუხობს:
„მსგავსი საფრთხე რომ არსებობდა, რომ ჩამოშლა შეიძლებოდა მომხდარიყო, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. უხვი ნალექი იყო გუშინ, დაახლოებით ნახევარი საათი გადაუღებლად წვიმდა. ნალექის შედეგად მოხდა ფერდის ჩამოშლა. ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვცხადდით ადგილზე, მოვიდა მუნიციპალური ლაბორატორია. თავად დეველოპერული კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს დაჯარიმდა და შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები.
ასევე ლაბორატორიის პირველადი შეფასებით კორპუსში ცხოვრება საფრთხის შემცველი არ არის. ასევე დღეს დილით მოვიდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, მათაც დაადასტურეს, რომ საფრთხის შემცველი არ არის ცხოვრება. თუმცა, ჩვენ წერილი გავაგზავნეთ ბიუროში, რომ მომზადდეს დასკვნის სახით რეკომენდაციები, რა ღონისძიებებია გასატარებელი“, - გვპასუხობს ლევან ყიფიანი.
რადიო თავისუფლებას მერიაში ეუბნებიან, რომ „შპს. საბურთალო“ უსაფრთხოების პირობების დარღვევისთვის 30 ათასი ლარით დაჯარიმდა და მშენებლობა შეუჩერდა:
„ [კომპანიას] დაევალება შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება და გამაგრებითი სამუშაოების შემდგომ შესაბამისობის დასკვნის წარმოდგენა შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებაში, რომლითაც დადასტურებული იქნება მომიჯნავე ნაკვეთებისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება, როგორც მშენებლობის, აგრეთვე შემდგომი ექსპლუატაციის პროცესში“.
საშიშია თუ არა 14-სართულიან კორპუსში ცხოვრება? - რას ამბობს ლაბორატორიის წარმომადგენელი
იური სვანიძე, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვიზუალური დათვალიერების შედეგად, გამოიკვეთა, რომ შენობის გარე პერიმეტრზე დაზიანებები, ბზარები არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, სიღრმისეული კვლევაა ჩასატარებელი:
„დავიარეთ ორივე სადარბაზო, როგორც კიბის უჯრედი, ასევე ვიყავით მობინადრეების ბინებშიც. იქ აღინიშნება მხოლოდ მცირედი, ბეწვისოდენა ბათქაშის ბზარები. რაიმე კონსტრუქციული ბზარები შენობას არ გააჩნია. ვიტყოდი იმას, რომ უნდა ჩატარდეს შენობის დეტალურ-კომპლექსური შემოწმება, უნდა ჩატარდეს საინჟინრო-ტექნიკური გამოკვლევა, უნდა ჩატარდეს, გეოლოგიური კვლევა. ავტოფარეხის ზონაში იატაკი სველია, რა ხდება, საიდან მოდის ეს წყალი, ეს ყველაფერი შესასწავლია. ეს უკვე მოსახლეობის ინიციატივით, კონკრეტული კითხვებით უნდა შეისწავლოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ - მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითა და მოწყობილობებით უნდა ჩატარდეს კვლევა“.
მარიჯანის 4 ნომერში ლაბორატორიის თანამშრომლები მუშაობენ, 7 ივლისი, 2026 წელი
„თვალით არ მინახავს ჯუანშერ ბურჭულაძე“... რას ამბობს დეველოპერი და რატომ გეგმავს ჯარიმის გასაჩივრებას?
ტერიტორიაზე, სადაც დეველოპერული კომპანია „შპს.საბურთალო“ გეგმავს 26-სართულიანი საცხოვრებელი და საოფისე კორპუსის მშენებლობას, წლების განმავლობაში იდგა კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელი შენობები.
„ცენტრ პოინტის“ პროექტების დიდი ნაწილი 2008–2009 წლებში ფინანსური კრიზისის გამო შეჩერდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, დაახლოებით 30 სამშენებლო პროექტი დარჩა დაუმთავრებელი და დაზარალდა 6 200-მდე ოჯახი.
2021 წელს თბილისის მერიამ დაიწყო პროგრამა, რომლის მიზანიც იყო წლების განმავლობაში „ცენტრ პოინტის“ შეჩერებული საცხოვრებელი პროექტების დასრულება. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე კომპანიასთან, რის საფუძველზეც, დაუმთავრებელი ობიექტები ახალ დეველოპერებს გადასცეს.
სწორედ მაშინ ჩაერთო „შპს. საბურთალო“, როგორც დეველოპერი, მარიჯანის 2 ნომერში მდებარე დაუსრულებელი შენობის დემონტაჟსა და შემდეგ უკვე ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესში.
დეველოპერული კომპანია "შპს. საბურთალოს" დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი ანა გოგიშვილია. კომპანიის 50%-იან წილს ფლობს შპს „ერ ერ გრუპი“, რომლის დირექტორიცაა ვასილ მხეიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დაპატიმრებული ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, რომელიც ასევე მსჯავრდებულია. პროკურატურის თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისი მოადგილის [გიორგი ხაინდრავა - რ.თ.], ნათესავისა [ვასილ მხეიძე - რ.თ.] და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის [ვლადიმერ ღუდუშაური - რ.თ.] დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. გამოძიების თანახმად, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასილ მხეიძე დამნაშავედ ცნო 2026 წლის 23 აპრილს და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დახმარებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კომპანიის დირექტორი, ანა გოგიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მედიამ, „შპს.საბურთალოსა“ და ჯუანშერ ბურჭულაძის სახელი ერთმანეთს დაუკავშირა:
„თვალით არ მინახავს ჯუანშერ ბურჭულაძე... რაც შეეხება მის ცოლის ძმას, მის კომპანიას არც ყადაღა ადევს, არც არაფერი, ის რა ამბებიც ატყდა, სისხლის სამართლის საქმე, აბსოლუტურად კავშირში არაა ამ ობიექტთან. ვასილი არის ჩვეულებრივი მშენებელი, რომელიც მანამდეც აშენებდა. ობიექტის დემონტაჟის დროს შემოვიდა წილში, მე ვუძღვებოდი დეველოპერულ ნაწილს და „ერ ერ გრუპს“, როგორც მშენებელ კომპანიას, სამშენებლო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა. თუმცა, მხოლოდ დემონტაჟი გააკეთა“.
ანა გოგიშვილი ამბობს, რომ თავად ტერიტორია იმთავითვე პრობლემური იყო და ბოლო თვეებია, მთელი რიგი ტექნიკური გამოწვევების გამო, მშენებლობა ისედაც შეჩერებულია:
„ამ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ეკუთვნის „ცენტრ-პოინტით“ დაზარალებულ 500 ოჯახს. საინვესტიციო მხოლოდ 7 სართულია, დანარჩენი სულ მოსახლეობისაა. ჩვენმა შპს-მ მოიპოვა K2 (განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი - ანუ, რამდენი კვადრატული მეტრის შენობის აშენებაა დასაშვები კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე რ.თ.) და მშენებლობის უფლება. ჩვენ დაგვევალა დემონტაჟი და შემდეგ უკვე მშენებლობა. დემონტაჟის შემდეგ დადგა გამბჯენებიც. საკმაოდ რთული ტერიტორიაა. იდგა წყალი. გვერდით ეზოებს არ აქვთ სანიაღვრეები, მთელი წყალი მანდ ჩაედინებოდა. გაიჟღინთა გრუნტი წყლით და მოაწვა კედელს, გამბჯენებს და ჩამოაგდო.
მანდ ახალი ქვაბული გაკეთებულია, რადგან ეროზია იზრდებოდა, თუმცა, გვითხრეს, რომ კონსტრუქცია უნდა შეგვეთანხმებინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, რომელიც უკვე სამი თვეა შეთანხმებული გვაქვს.
თუმცა, სამუშაოები მანამდე, თითქმის ერთი წელია შევაჩერეთ, რადგან შეგვექმნა ტექნიკური და ბიუროკრატიული პრობლემა. თითქმის ერთი წელია, საერთოდ არანაირი ბიძგი არ ყოფილა. მანდ პრობლემა ისაა, რომ წყალს არ აქვს გასავალი, ჩაედინება შიგნით და ამოალპო“.
„შპს. საბურთალოს“ დირექტორი არ ეთანხმება კომპანიისთვის 30 ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრებას და ამბობს, რომ მას აუცილებლად გაასაჩივრებს:
„მეც 5 წუთია გავიგე, რომ დაჯარიმებული ვარ. რა თქმა უნდა, გავუსაჩივრებ. მე ძალიან ღრმად ვერკვევი, რაც მანდ ხდებოდა და რაც იყო კონსტრუქციული დატვირთვები და გამბჯენები და კედელი, ეს არის 20 წლის პროცესი და არა ის, რომ სამუშაოებმა დაარღვია. 8 თვეა, ბიძგი არ ყოფილა. გამბჯენების პროექტი რომ გაკეთდა, ჩაიბარა მერიამ. ეს მე თვითნებურად ხომ არ გავაკეთე, ჩვეულებრივად ჩაიბარეს და სტიქიური მოვლენის გამო არ იმუშავა და დააწვინა, უბრალოდ კანონში რომ გაქვს, რომ ვიღაც უნდა დააჯარიმო, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ“, - ეუბნება ანა გოგიშვილი რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხეტა მოსახლეობის მიერ ნახსენებ ბზარების ეზოში, რომელიც მათი თქმით, კომპანიამ მხოლოდ "ფასადურად" შეაკეთა, ის ამბობს:
"ამხანაგობამ მითხრა, რომ ჩვენ თავად გავუძღვებით ამ პროცესსო. ამხანაგობამ თავად გადმომიგზავნა ხარჯთაღრიცხვა, თვითონ მიიყვანეს ყველაფერი, ფული ჩავრიცხე პირადად, 25 ათასი ლარი, თვითონ გააკეთეს. მე უბრალოდ დავაფინანსე".
„მეშინია სახლში დარჩენა“
მარიჯანის 4
მარიჯანის 4 ნომერში მცხოვრებმა ოჯახების ნაწილმა 7 ივლისის ღამის გათენება საკუთარ სახლებში ვეღარ გაბედეს და თავი ახლობლების ბინებს შეაფარეს.
მათ შორისაა ლიკა სიჭინავა. ის ამ კორპუსში ბოლო ორი წელია, დასთან ერთად ცხოვრობს:
„ბევრი წავიდა წუხელ სახლიდან. მათ შორის, მეც. თუმცა, ეს რეკომენდაცია მობინადრეებისთვის არ მიუციათ. ლაბორატორიიდან იყვნენ მოსულები, რომლებმაც ფანრით დაათვალიერეს ტერიტორია. ამ ეტაპზე, მეშინია დაბრუნება. სანამ ფანრის გარდა რაიმე სხვა მოწყობილობებით არ შეისწავლიან კორპუსს და ტერიტორიას, მანამდე არ ვაპირებ დაბრუნებას“...