“ნორმალური ადამიანი, რომელიც არ მოიპარავს“ - ის არის სერჰიი კორეცკი, რომელიც უკრაინის პრემიერობის მთავარი კანდიდატია?

სერჰიი კორეცკი, უკრაინის პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატი

უკრაინის ხელისუფლებაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები იწყება. პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს შემცვლელ მთავარ კანდიდატად ენერგეტიკის სფეროს გავლენიანი მენეჯერი სერჰიი კორეცკი სახელდება. ვინ არის ადამიანი, რომელსაც ზელენსკი ქვეყნის მთავრობის ჩაბარებას უპირებს?

სერჰიი კორეცკიმ კარიერა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო - ხელმძღვანელობდა მსხვილ კერძო კომპანიებს, სრულმასშტაბიანი ომის დროს კი სათავეში ჩაუდგა უკრაინის ორ სტრატეგიულ სახელმწიფო გიგანტს - „უკრნეფტსა“ და „ნაფტოგაზს“. ახლა სერჰიი კორეცკის უკრაინის პრემიერ-მინისტრობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს.

სერჰიი კორეცკი - „ნაფტოგაზ უკრაინის“ (НАК Нафтогаз України) გამგეობის მოქმედი თავმჯდომარე და „უკრნეფტის“ ყოფილი ხელმძღვანელი, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა. ამის შესახებ წერენ როგორც მედიები, ისე უკრაინის პარლამენტის ფრაქციის წარმომადგენლები. კერძოდ, პარტია „გოლოსის“ დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა, რომ კორეცკის დანიშვნაში 99%-ით არის დარწმუნებული.

უკრაინის პრემიერ-მინისტრობის სხვა შესაძლო კანდიდატებად ასევე სახელდებიან:

  • დენის შმიგალი – ენერგეტიკის მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
  • მიხაილო ფეოდოროვი - თავდაცვის მინისტრი, ციფრული ტრანსფორმაციის ყოფილი მინისტრი;
  • იგორ ტერეხოვი – ხარკოვის მერი.

12 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აპირებს თანამდებობიდან გაათავისუფლოს იულია სვირიდენკო, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2025 წლის 17 ივლისიდან იკავებდა.

იმავე დღეს პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდა პრემიერობის კანდიდატებს, რომელთა ანგარიშები მოისმინა. პირველი შეხვედრა სწორედ სერჰიი კორეცკისთან შედგა.

ვოლოდიმირ ზელენსკი და სერჰიი კორეცკი. 2026 წ. 12 ივლისი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერჰიი კორეცკის მადლობა გადაუხადა „უკრაინის სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიების - „უკრნეფტისა“ და „ნაფტოგაზის“ სათავეში ეფექტიანი მუშაობისთვის“. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მათ განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფოს მეტი მდგრადობისა და „განახლებული პოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში კონკრეტული შედეგების მისაღწევად“ სჭირდება.

პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებიდან მხოლოდ სერჰიი კორეცკი იმყოფებოდა ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე (უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში), რომელშიც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მონაწილეობდა შეხვედრებში, მათ შორის ევროკავშირის ლიდერებსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას კორეცკიმ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის შემდგომი მხარდაჭერის საკითხები განიხილა.

„ახალი ფიგურა“ ზელენსკის მთავრობაში

პოლიტოლოგი ვოლოდიმირ ფესენკო იზიარებს მოსაზრებას, რომ სერჰიი კორეცკი პრემიერ-მინისტრობის ნომერი პირველი კანდიდატია. მისი აზრით, სწორედ ასეთი დანიშვნით შეძლებს პრეზიდენტი ზელენსკი სამთავრობო გუნდის არსებითი განახლების დემონსტრირებას.

„საჭიროა ახალი ფიგურა - ადამიანი, რომელსაც კარგი რეპუტაცია აქვს როგორც დასავლეთში, ისე უკრაინაში და რომელსაც რაიმე ნეგატიური პოლიტიკური წარსული არ მოჰყვება შლეიფად. ამ თვალსაზრისით, კორეცკი, რომელსაც კარგი მენეჯერის რეპუტაცია აქვს და ამავე დროს არ გამოირჩევა განსაკუთრებული პოლიტიკური ამბიციებით ან სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ოლიგარქიულ ჯგუფებთან კავშირებით, ოპტიმალური კანდიდატურაა“, - განმარტავს ვოლოდიმირ ფესენკო.

ვოლოდმირ ფესენკო

ამასთან, ექსპერტის შეფასებით, კორეცკი არ იქნება მხოლოდ შემსრულებელი, როგორც სვირიდენკო იყო. მისი პოზიცია შესაძლოა უფრო დაბალანსებული იყოს, მაგრამ, სავარაუდოდ, არ ექნება პრეტენზია „ძალაუფლების ცენტრის“ როლზე.

„ის გახდება პრემიერი, მაგრამ საკუთარი გუნდის გარეშე. ეს იქნება ზელენსკის მთავრობა, როგორც ახლა არის. თუმცა მთავრობის მუშაობის სტილი აუცილებლად შეიცვლება - ნაკლები იქნება პოპულისტური გადაწყვეტილებები და მეტი ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებს. ეს იქნება მთავრობა, რომელსაც ანტიკრიზისული მენეჯერი უხელმძღვანელებს“, - უთხრა ვოლოდმირ ფესენკომ რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას.

რატომ სერჰიი კორეცკი და არა იულია სვირიდენკო?

40 წლის იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ წელზე ოდნავ ნაკლები გაატარა. სვირიდენკო მოვალეობის შემსრულებლად დარჩება მემკვიდრის დანიშვნამდე, შემდეგ კი, როგორც ვარაუდობენ, უკრაინის ელჩად გაემგზავრება ვაშინგტონში, ოლგა სტეფანიშინას ნაცვლად.

უკრაინელი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ფორმალურად, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის გადაყენება არ შეუძლია. ამისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა, თუმცა გაურკვეველია, აქვს თუ არა ზელენსკის პარტიას („ხალხის მსახური“) რეალურად 226 მყარი მანდატი.

„ძალიან საინტერესო ვითარებაა, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი და "მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი ევგენი მაგდა, - პრემიერ-მინისტრი, რომლის მიმართაც საჯარო პრეტენზიები პრაქტიკულად არავის ჰქონია, მიდის პრეზიდენტთან შეხვედრაზე და იქ ეუბნებიან, რომ გადადგომის განცხადება უნდა დაწეროს“.

ექსპერტთა თქმით, იულია სვირიდენკო „ერმაკის კადრად“ მიიჩნეოდა. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეცვლისა და „მიდასის საქმეში“ მისი ხსენების შემდეგ, სვირიდენკომ ყველანაირად სცადა ერმაკისგან დისტანცირება და თავის „პრეზიდენტის ადამიანად“ წარმოჩენა.

იულია სვირიდენკო

იმას, რომ სვირიდენკო მჭიდროდ ასოცირდებოდა ერმაკთან, "ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის" ექსპერტი არისა ლუცევიჩიც აღნიშნავს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან საუბარში. ექსპერტის აზრით, სამთავრობო ცვლილებებს ორი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი: პოლიტიკური ლეგიტიმაცია - პრეზიდენტ ზელენსკის სურს საკუთარი პოლიტიკური ლეგიტიმაციის გაძლიერება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ახალი ადამიანების მოყვანით.

„უკრაინა ჯერაც ომის მდგომარეობაშია და არჩევნების ჩატარება არ შეუძლია, ამიტომ ასეთი როტაციები ერთადერთი გზაა, რომ ხელისუფლებაში „ახალი“ ეფექტიანი კადრები მოვიდნენ. იულია სვირიდენკო ერმაკის მემკვიდრეობასთან ასოცირდებოდა და ბევრისთვის მისი პროტეჟე იყო. მისი შეცვლა უკრაინელებს დაანახვებს, რომ ზელენსკი აღმასრულებელ ხელისუფლებას ერმაკის გავლენისგან წმენდს“, - ამბობს არისა ლუცევიჩი.

მეორე მიზეზი: ენერგეტიკული უსაფრთხოება - ლუცევიჩის თქმით, უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბოლომდე გაძლოს გამოფიტვის ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.

„მომავალ პრემიერ-მინისტრს ერთი მთავარი ამოცანა ექნება - უკრაინამ გადაიტანოს ზამთარი და ენერგეტიკული სისტემა არ ჩამოიშალოს. ეს ნიშნავს, რომ მთავრობის სათავეში უნდა იდგეს ადამიანი, რომელსაც ენერგოსისტემის მართვის გამოცდილება აქვს და შეუძლია როგორც არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, ისე ცვლილებების განხორციელება“, - ამბობს არისა ლუცევიჩი.

რისთვის გადაუხადა ზელენსკიმ მადლობა

სერჰიი კორეცკი „ნაფტოგაზ უკრაინის“ გამგეობის თავმჯდომარე გახდა 2025 წლის 28 აპრილს. სამეთვალყურეო საბჭომ იგი 62 კანდიდატს შორის გამართული ღია კონკურსის შედეგად აირჩია. კორეცკიმ კომპანია ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩაიბარა - 2025 წლის ზამთრის შემდეგ, როდესაც გათბობის სეზონიდან უკრაინა რეკორდულად დაბალი გაზის მარაგით გამოვიდა.

უკრაინის მთავრობამ კორეცკის დაავალა გათბობის მომდევნო სეზონისთვის მომზადება, გაზის მარაგების შევსება და რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. თავად სერჰიი კორეცკიმ კომპანიის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მსახურება, გამჭვირვალობა და სახელმწიფო მართვის ეფექტიანობაა.

Forbes-ის მონაცემებით, „ნაფტოგაზ უკრაინის“ შემოსავალმა 2025 წელს 270,9 მილიარდი ჰრივნა (100 UAH - 2,2 $) შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 5,7%-ით მეტია. თუმცა კონსოლიდირებული მოგება ექვსჯერ შემცირდა - 37,9 მილიარდი ჰრივნიდან 5,83 მილიარდამდე დაეცა. კომპანიამ გაზის მარაგები 13 მილიარდ კუბ. მეტრზე მეტად გაზარდა. თუმცა მთავრობის სტრატეგიული მიზნის - ენერგოდამოუკიდებლობისთვის გაზის მოპოვების გაზრდის - შესრულება ვერ მოხერხდა, რადგან რუსეთის მიერ გაზის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა 20-ზე მეტმა მასშტაბურმა შეტევამ ამ გეგმას სერიოზული ზიანი მიაყენა.

12 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორეცკის გაწეული მუშაობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„როგორც „უკრნეფტმა“, ისე „ნაფტოგაზმა“ ეროვნული მნიშვნელობის კონკრეტულ შედეგებს მიაღწიეს“, - დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკუთარ Telegram-არხზე.

სერჰიი კორეცკი - "ნაფტოგაზის" ხელმძღვანელი და დენის შმიგალი, უკრანის მაშინდელი პრემერ-მინისტრი (შუაში)

„ნორმალური ადამიანი ბიზნესიდან“

მანამდე სერჰიი კორეცკი ხელმძღვანელობდა „უკრნეფტს“, სადაც ის 2022 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ენერგეტიკული აქტივები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. Forbes-ის ინფორმაციით, „უკრნეფტის“ ხელმძღვანელად კორეცკის კანდიდატურა პირადად ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეათანხმა. მაშინ ზელენსკი არჩევდა კანდიდატს, რომელიც იქნებოდა „ბიზნესიდან მოსული ნორმალური ადამიანი, ტოპმენეჯერი და არ მოიპარავდა“.

კორეცკის კარიერის განმავლობაში ცოტა ინტერვიუ აქვს მიცემული, თუმცა ერთ-ერთში თქვა, რომ საკუთარი ბიზნესის მიტოვება და სახელმწიფო სამსახურში გადასვლა ომმა აიძულა. რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ის სრული ციკლის ყავის მწარმოებელი კომპანიის, IDEALIST Coffee Co-ს მფლობელის სტატუსით შეხვდა.

„როდესაც ირგვლივ სიკვდილია, ტრაგედიაა, ომია, ბუჩაა, ირპენია... ასეთ დროს მხოლოდ ყავის ბიზნესზე ზრუნვა ჩემში ძალიან მძიმე შინაგან განცდას იწვევდა“, - განაცხადა კორეცკიმ.


მისი თქმით, შეთავაზება, ეხელმძღვანელა „უკრნეფტისათვის“, პირველ ჯერზე არ მიიღო, თუმცა მოგვიანებით, „საკუთარ თავთან გულწრფელი საუბრის“ შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა.


„თუ სახელმწიფო გეუბნება, რომ სწორედ აქ და ახლა უნდა იყო სასარგებლო, იმ მომენტში ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა მან.


სერჰიი კორეცკის ხელმძღვანელობის პერიოდში წამგებიანი „უკრნეფტი“ (2013–2022 წლებში 10 მილიარდ ჰრივნაზე მეტი ზარალით) ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან კომპანიად გადაიქცა. 2023–2024 წლებში კომპანიის წმინდა მოგებამ 40 მილიარდი ჰრივნა შეადგინა.

ენერგეტიკის დამოუკიდებელმა უკრაინელმა ექსპერტმა და გლობალისტიკის ცენტრის, „სტრატეგია XXI-ის" პრეზიდენტმა მიხაილო გონჩარმა, რომელიც ნავთობისა და გაზის ბაზრებსა და ენერგეტიკის გეოპოლიტიკურ გავლენას იკვლევს, რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა, რომ სერჰიი კორეცკის „არ გამოუჩენია თავი ისეთი მიღწევებით, რომლებიც ნავთობის სექტორსა და ყავის ბიზნესს სცილდება".

ბენზინიდან ყავის ბიზნესამდე - კიდევ რით იყო დაკავებული უკრაინის სავარაუდო პრემიერი?

საკუთარი ყავის ბრენდის შექმნამდე სერჰიი კორეცკი იყო გენერალური დირექტორი ჰოლდინგ Continuum Group-ისა, რომელშიც გაერთიანებული არიან:

  • ავტოგასამართი სადგურების ქსელი WOG-ი;
  • რძის კომპანია „გალიჩინა“;
  • ყველისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი KOMO;
  • რამდენიმე სხვა საწარმო.


ანტიკორუფციული მოძრაობა „ჩესნო“ აღნიშნავს, რომ ჰოლდინგის დამფუძნებლები იყვნენ ყოფილი სახალხო დეპუტატები იგორ ერემეევი და სტეპან ივახივი, რომლებიც ანტიკორუფციული გამოძიებების ფიგურანტებად არიან მოხსენიებულნი. Forbes-ის ცნობით, კორეცკიმ Continuum Group-ში მუშაობა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაცვის თანამშრომლად დაიწყო.

2013 წელს სერჰიი კორეცკი WOG-ის ავტოგასამართი სადგურების ქსელის ხელმძღვანელი გახდა. ეს თანამდებობა მან 2018 წელს დატოვა, 2019 წელს კი დააარსა ყავის ბრენდი Idealist-ი. ამ ბიზნესის ბენეფიციართა სიიდან 2021 წლის ბოლოს გავიდა.

გარდა ამისა, 2019 წლის აგვისტოდან 2022 წლის ნოემბრამდე სერჰიი კორეცკი იყო შვეიცარიული ენერგეტიკული ტრეიდერის, Centurion Group SA-ის თანადამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.


უმაღლეს რადაში მოხვედრის მცდელობები

2007-2012 წლებში სერჰიი კორეცკი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა უკრაინის უმაღლესი რადის VI მოწვევის დეპუტატ ეკატერინა ვაშჩუკის თანაშემწედ. ვაშჩუკი პარლამენტში „ლიტვინის სახალხო ბლოკიდან“ იყო არჩეული. VII მოწვევის რადაში კორეცკი მეორედ გახდა იგორ ერემეევის თანაშემწე. ამავე პოზიციაზე კორეცკი მუშაობდა 2002-2006 წლებშიც.

2006 წელს თავადაც იყარა კენჭი V მოწვევის უმაღლეს რადაში „ლიტვინის სახალხო ბლოკის“ სიით, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია.

2002 წელს სათავეში ჩაუდგა ერთობლივ საწარმო „დასავლეთის ნავთობჯგუფს“.

განათლება

სერჰიი კორეცკის განათლება მიღებული აქვს ტექნიკურ და ეკონომიკურ სფეროებში.

  • 2001 წელს დაამთავრა ლუცკის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით „ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა“;
  • 2005 წელს იმავე უნივერსიტეტში მიიღო მეორე დიპლომი სპეციალობით „საწარმოს ეკონომიკა“.


სერჰიი კორეცკის ასევე აქვს განათლება მიღებული ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მიმართულებითაც - ივანო-ფრანკივსკის ნავთობისა და გაზის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალობით „ნავთობისა და გაზის მოპოვება“.

2019 წელს კორეცკიმ დაასრულა Executive MBA-ს პროგრამა KMBS-ში (Kyiv-Mohyla Business School). ეს არის მენეჯერებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის განკუთვნილი პროგრამა, რომელიც სტრატეგიულ მენეჯმენტზე, ლიდერობასა და კომპანიების განვითარებაზეა ორიენტირებული.

სერჰეი კორეცკი დაიბადა 1978 წლის 14 მარტს (48 წ) ლუცკში. მამა ადგილობრივ ქარხანაში მუშაობდა ინჟინრად, დედა – ვაჭრობის სფეროში.