სექსი, მარქსიზმი და “ერთი ჭიქის თეორია”

„რევოლუციური ეროსი“ - ასე უწოდა პროფესორმა ნონა კუპრეიშვილმა რუსეთში 1917 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ბოლშევიკების დამოკიდებულებას ახალი საბჭოთა ადამიანის ოჯახური, განსაკუთრებით კი, მისი ინტიმური ცხოვრებისადმი. წიგნში „ეროსიდან ეროტიზმამდე“, რომელიც გამომცემლობა „არტანუჯმა“ 2019 წელს გამოსცა, ვრცელი ადგილი ეთმობა რევოლუციურ ეროსსა და „ჭიქა წყლის“ სახელით ცნობილ სიყვარულის თეორიას.

სიყვარული „გამარჯობა-გაგიმარჯოსავით“

1924 წელს ანატოლი ლუნაჩარსკიმ თბილისში, ოპერის თეატრში, წაიკითხა ლექცია თემაზე „ხელოვნება და მორალი“.

„ლუნაჩარსკი, რომელიც ბრწყინვალე ორატორი იყო, ლაპარაკობდა ზეპირად, აუდიტორია კი სულგანაბული უსმენდა“, - ვკითხულობთ საბჭოთა მწერალ როდიონ ქორქიას მიერ დატოვებულ ჩანაწერებში. -„მოხსენებაში ოჯახის შესახებ ასე ითქვა: ახალგაზრდობის ერთმა ნაწილმა თავი აიშვა, ერთმანეთს პატივს არ სცემენ. გავრცელდა ე. წ. „ჭიქა წყლის თეორია“ და სიყვარული „გამარჯობა-გაგიმარჯოსავით“ გააადვილეს. ერთი აღმაშფოთებელი მაგალითიც მოიტანა: ოდესაში ერთ სტუდენტს თავისი ქალიშვილი ამხანაგი წაეყვანა თავის ბინაზე, მასთან ღამე გაეთია, დილით ტრამვაის ფული მიეცა, წადიო, და ამით დამთავრებულიყო მათი „სიყვარულიც“ და „ქორწინებაც“. ეს არაა ჩვენი მორალი, - აღშფოთებით თქვა ლუნაჩარსკიმ. - ცხოველიც კი პატივს სცემს თავის რჩეულს. მე მინახავს კავკასიის მთებში, თუ როგორ ეფერებოდა ხარირემი ფურს... ამათ კი რა ღმერთი გაუწყრათ? - ეს ხომ წმინდა წყლის ბურჟუაზიული მორალია! აუდიტორიამ მხურვალე ტაში დაუკრა ორატორს“.

ანატოლი ლუნაჩარსკი

„მხურვალე ტაშმა“ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ცნობილი ბოლშევიკი და ინტელექტუალი, ანატოლი ლუნაჩარსკი, ამ თეორიის გამორჩეული, მაგრამ იშვიათი კრიტიკოსი იყო. შემორჩენილია მისი ვრცელი სტატია სათაურით „ახალგაზრდობა და „ჭიქა წყლის“ თეორია“.

„ჭიქა წყლის“ თეორია მხოლოდ სტუდენტებისა და ახალგაზრდების ახირება არ ყოფილა, თეორია მხარდაჭერილი იყო პარტიისა და სახელმწიფო უწყებების ზედაეშელონებიდან. თეორიას დიდწილად საფუძვლად დაედო „დეკრეტი ოჯახისა და ქორწინების შესახებ“, რომელიც, როგორც ნონა კუპრეიშვილი შენიშნავს, ადგილობრივ საბჭოებს საშუალებას აძლევდა თავიანთი სულიერი და გონებრივი შესაძლებლობების ფარგლებში მოეხდინათ კანონის ინტერპრეტირება.

კონსტანტინე ლორთქიფანიძე

ცხადია, სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ისეთ ავტორიტარულ ქვეყანაში, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, „ჭიქა წყლის“ თეორია დიდხანს ვერ გაძლებდა. არადა, 1928 წელს იდეოლოგიურად ანგაჟირებული ახალგაზრდა პროლეტარი მწერალი კონსტანტინე ლორთქიფანიძე წერს მოთხრობას „პირველი დედა“, რომლის მთავარი პერსონაჟის, ქართველი კომკავშირელი გოგონას, გაიანე მაისურაძის ყოველდღიური ცხოვრება გაუთავებელ კრებებსა და სააგიტაციო შეხვედრებეზე იხარჯება, თუმცა გაიანეს „ერთი ჭიქა“ წყლის თეორის მიხედვით სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად დრო მაინც რჩება:

„სქესობრივი საკითხი მისთვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც ჰაერი, ახალი და ნოყიერი პური. სუფთა და ჯანსაღი იყოს ჰაერი, ყველგან გაძღება. ყველგან ისუნთქავს და არ ესმის გაიანეს, რატომ აძალებს ყოველი მამაკაცი მასთან, მხოლოდ მასთან ერთად ცხოვრებას, არ ესმის გაიანეს მათი საყვედურები და არც სცალია, რომ შეისმინოს“.

როგორც ნონა კუპრეიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ არა საბჭოთა მთავრობისა და პარტიის მხარდაჭერა, იდეოლოგიურად ისეთი საიმედო მწერალი, როგორიც კონსტანტინე ლორთქიფანიძე იყო, ასეთ ტექსტს არ გამოაქვეყნებდა. შემთხვევით არ არის, რომ წლების შემდეგ, როცა „სქესობრივი საკითხისადმი სახელმწიფო მიდგომა შეიცვლება“, ავტორიც დაუბრუნდება „პირველ დედას“ და კონიუნქტურის შესაბამისად გადააკეთებს მას.

„რღვევის ორგიით ქშინავს ვულკანი“

„წარსულს გადაჰყვა ცხოვრება დუნე,

ძველ ადათ-წესებს აუგოთ წესი.

იშვა ახალი ეს საუკუნე,

ამბოხებათა ელვათა მკვესი“. -

ასეთი აღფრთოვანებით წერდა პროლეტარი პოეტი გიორგი ქუჩიშვილი საქართველოში ჩრდილოეთიდან შემოსული „რევოლუციური ცვლილებების“ შესახებ. ბოლშევიკებმა ძველ ადათ-წესებს, მართლაც, აუგეს წესი, ახალმა საუკუნემ კი მოიტანა ბევრი სიახლე და ცვლილება, რომელიც ასევე შეეხო ოჯახურ ურთიერთობებსა და მორალს, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში საქმე არ მივიდა ისეთ უკიდურესობამდე, როგორიც, მაგალითად, აღწერილია ქალაქ ვლადიმირის საბჭოს მიერ მიღებულ დეკრეტში:

„თუ კომკავშირელი ქალიშვილი უარს ეტყვის კომკავშირელ ვაჟს სექსუალურ მომსახურებაზე, ის მეშჩანი და ბურჟუიკაა“.

საქართველოს ხელოვნების სასახლის ბიბლიოთეკაში ინახება 1927 წელს ტფილისის ჯანსახკომის სანიტარიული განათლების განყოფილების გამოცემული წიგნი „ტფილისის მუშა ახალგაზრდობის სქესობრივი ყოფა-ცხოვრება“, რომლის ავტორებს, ვ. ფანცხავას და ვ. ლორთქიფანიძეს, გამოუკითხავთ 14-დან 24 წლამდე ასაკის 1049 მუშა-ახალგაზრდა (80,6 %), მოწაფეები, გლეხობა და საბჭოთა მოსამსახურეები. ამასთან, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა - 991 - კაცი ყოფილა, ხოლო 935 - დაუოჯახებელი.

„ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ოჯახის ინსტიტუტის გადაფასება თანდათანობით ხდება, თუმცა ახალგაზრდობა დროს ფეხს ვერ უბამს და არ არიან გათვითცნობიერებულნი თავიანთი სქესობრივი ცხოვრების შესახებ“, - ვკითხულობთ საყვედურით გაჟღენთილ შესავალში.

როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 48 %-ს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უყურებს თანამედროვე ოჯახს, მის სტრუქტურას. 0,5 %-მა თქვა, რომ სქესობრივი ცხოვრებისთვის აუცილებელი არ არის ოჯახის შექმნა. კაცების უმრავლესობა ამბობს, რომ სქესობრივი ცხოვრების ნორმალიზებისთვის ოჯახის შექმნა აუცილებელია, ხოლო ქალებს შორის ეს აზრი ნაკლებადაა.

გამოკითხულთა 34 %-მა თქვა, რომ სქესობრივი კავშირი ჰქონია, 66 %-მა კი განაცხადა, რომ - არა.

არადა, „ჭიქა წყლის“ სახელით ცნობილი სიყვარულის თეორიის ძირითადი პრინციპი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: „სექსუალური მოთხოვნილება ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჭიქა წყლის დალევა და იგი ასე სიმარტივით უნდა დავიკმაყოფილოთ“.

სექსი და კლასიკოსები - დიდი მადლობა ამგვარი მარქსიზმისათვის!..

როგორც ანატოლი ლუნაჩარსკი შენიშნავდა, „დეკრეტი ოჯახისა და ქორწინების შესახებ“ და მისი ინტერპრეტაციები გარკვეულწილად ეფუძნებოდა კომუნიზმის არასწორ გაგებას.


„თქვენ, ალბათ, გსმენიათ ცნობილი თეორიის შესახებ, „რომ კომუნისტურ საზოგადოებაში სქესობრივი მიდრეკილებები, სასიყვარულო მოთხოვნილებები ისეთივე უმნიშვნელო იქნება, როგორც ჭიქა წყლის დალევა. ამ „ერთი ჭიქის თეორით“ ჩვენი ახალგაზრდობა შეიშალა და ბევრი ჭაბუკისა და ქალიშვილისათვის იქცა საბედისწეროდ. მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს თეორია მარქსისტულია. დიდი მადლობა ამგვარი მარქსიზმისათვის... მე მიმაჩნია, რომ ეს თეორია ანტიმარქსისტული და ანტისაზოგადოებრივია. სქესობრივ ცხოვრებაში ვლინდება არა მხოლოდ ბუნება, არამედ კულტურაც. ენგელსი „ოჯახის წარმოშობაში“ მიუთითებს იმაზე, რომ სექსუალური სიყვარული უნდა ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს“, - ლუნაჩარსკი სექსუალური სიყვარულის განვითარებასა და დახვეწაში ჩადებული აზრის ასახსნელად იშველიებს ლენინს, რომელსაც, თურმე, პირდაპირ უთქვამს, რომ კომუნიზმი წარმოუდგენელია სავსე სასიყვარულო ცხოვრების გარეშე, რომელიც სიცოცხლის ნამდვილ სიხარულს იძლევა.

„მაგრამო“, - ამბობს ლენინი, - „სქესობრივი ცხოვრების უმსგავს სიჭარბეს არ მოაქვს არც სიხარული და არც სიმხნევე, არამედ, პირიქით, ამცრობს ამ ყველაფერს“.

ნონა კუპრეიშვილი

თუმცა ნონა კუპრეიშვილი, ავტორი წიგნისა „ეროსიდან ეროტიზმამდე“, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმოწმებს ვლადიმირ ლენინისა და ლევ ტროცკის სულ სხვა ციტატებს, უფრო სწორად, წერილის ფრაგმენტებს, რომლებიც, თავის მხრივ, გამოყენებული აქვს ვილჰელმ რაიხს ნაშრომში „სექსუალური რევოლუცია“.

„უეჭველია, სექსუალური ძალადობა ადამიანის ჩაგვრის უმთავრესი საშუალებაა. სანამ არსებობს ამგვარი რამ, საუბარიც კი ზედმეტია ნამდვილ თავისუფლებაზე. ოჯახმა, როგორც ბურჟუაზიულმა ინსტიტუტმა, სრულად ამოწურა თავისი თავი. ამის შესახებ ხშირად უნდა ვესაუბროთ მუშებს“, - წერს ლევ ტროცკი, რაზედაც ლენინი უპასუხებს: „... და არამარტო ოჯახი. უნდა მოიხსნას სექსუალობასთან დაკავშირებული ყველა აკრძალვა... ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ სუფრაჟისტკებისაგან“.

კომუნისტური ოჯახი - „სამოთხე დედამიწაზე“

ბოლშევიკებმა, გარდა იმისა, რომ სუფრაჟისტებისგან ისწავლეს, თავისიც ბევრი დაამატეს. განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი „რევოლუციის ვალკირიებმა“ - ალექსანდრა კოლონტაიმ, ლარისა რეისნერმა და ინესა არმანდმა, რომელთა იდეებს ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა.

1921 წელს, როცა საქართველო სულ ახალი დაპყრობილი ჰყავდა საბჭოთა რუსეთს, სახელმწიფო გამომცემლობამ საჭიროდ ჩათვალა ალექსანდრა კოლონტაის ნაშრომ „ოჯახი და კომუნისტური სახელმწიფოს“ ქართულად თარგმნა.

ალექსანდრა კოლონტაი

ავტორის მტკიცებით, რევოლუცია ათავისუფლებს ქალს ოჯახში დაქირავებული შრომისგან, რამეთუ კოლექტიური შრომის პირობებში აღარც საოჯახო მეურნეობის გაძღოლა იქნება საჭირო და აღარც შვილების აღზრდა, რაც, ამხანაგ კოლონტაის თქმით, სახელმწიფოს უპირველესი საქმეა:

„დედის მხოლოდ თავისი შვილისადმი ვიწრო სიყვარულის ადგილზე უნდა გაიზარდოს მშობლების სიყვარული ყველა ბავშვისადმი, მშრომელთა საერთო ოჯახისა. ხელუხლებელი, დაურღვეველი და დაწყევლილი ქორწინების ადგილას იქნება თავისუფალი ამხანაგური კავშირი მშრომელი საზოგადოების მოსიყვარულე თანასწორუფლებიან წევრთა შორის;

ეგოისტური, კარჩაკეტილი, ოჯახური იაჩეიკის (უჯრედის) ადგილზე - დიდი საქვეყნო მშრომელი ოჯახი, სადაც ყველა მშრომელი მამაკაცი და დედაკაცი, უწინარეს ყოფლისა, გახდებიან ძმები და ამხანაგები. აი, როგორი ფორმა უნდა მიიღოს კომუნისტურ წყობილებაში დამოკიდებულებამ დედაკაცსა და მამაკაცს შორის. სწორედ ეს ფორმაა თავმდები იმისა, რომ კაცობრიობის ცხოვრებაში ფრთები გაშალოს თავისუფალმა სიყვარულმა და მიანიჭოს ადამიანს უმაღლესი სიხარული და ნეტარება... გზა მივცეთ საღ და გაფურჩქვნილ ბავშვებს, გზა - მაგარ, მხიარულ, ნორჩ ახალ თაობას, თავისუფალს, შეუზღუდველს თავის სულისა და გრძნობის განცდებით! ასეთია ლოზუნგი კომუნისტური საზოგადოებისა, აღმგველის ოჯახის დაწყევლილი ფორმისა, როგორც ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური წარსულის. დაე, მოკვდეს ძველი ოჯახი და დაე, ჭეშმარიტი თანასწორობის, თავისუფლების და ახალ ქორწინებაში მოპოვებული ამხანაგური სიყვარულის გულისათვის მუშაქალებმა და მუშაკაცებმა, გლეხებმა და გლეხის ქალებმა იკისრონ ცხოველის რწმენით გადაკეთება საზოგადოებისა ახალ, უფრო მკვიდრ, უფრო სამართლიან კომუნისტურ საფუძველზე. დროშები სოციალური რევოლუციისა, გაშლილნი რუსეთში და ქვეყნიერების სხვა მხარეებში, გველაპარაკებიან ჩვენ მას, რომ მთებს იქით და მეშვიდე ცაზე კი არ არის სამოთხე, რომელზედაც საუკუნოობით სწუხდა კაცობრიობა, არამედ აქვე, დედამიწაზე“.

ალექსანდრა კოლონტაის ამ იდეებს ბევრი მიმდევარი ჰყავდა. როგორც ნონა კუპრეიშვილი ამბობს, გალაკტიონოლოგიაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე, ოლია ოკუჯავაც, მეტ-ნაკლებად იზიარებდა ამ იდეებს და 1916-1921 წლებში, მოსკოვში ცხოვრების დროს, არც მათ პრაქტიკულ განხორციელებას ერიდებოდა.

„ამაზე მეტყველებს გალაკტიონის ჩანაწერები: „ოლღამ მიღალატა...“, „ოლღა ავად არის“...“ - ამბობს მკვლევარი.

ლევ ლანდაუ

„კომუნისტური ოჯახის“ პრინციპების მიმდევარი იყო ლევ ლანდაუც - დიდი ფიზიკოსი, რომლის მეუღლის, კორა დრობანცევა-ლანდაუს მიერ დატოვებული მოგონებებიდან ირკვევა, რომ ნობელის მომავალი ლაურეატი მეცნიერი ოჯახს მიიჩნევდა სიყვარულის მთავარ საფრთხედ. მისი აზრით, ვალდებულებებით შებოჭილი წყვილის ურთიერთობა ბოლოს ემსგავსება ძაღლისა და პატრონის ერთმანეთზე მიჯაჭვულობას. გამოსავალს ლანდაუ ხედავდა ე.წ. „თავდაუსხმელობის საქორწინო პაქტის“ (Брачный пакт о ненападении) გაფორმებაში, რაც წყვილს „განზე თავისუფალი ურთიერთობების“ შესაძლებლობას უტოვებდა.

დეეროტიზაცია ინდუსტრიალიზაციის სახელით

რევოლუციური ეროსი 30-იან წლებში დააცხრო კომუნისტურმა პარტიამ და მისმა ლიდერმა, იოსებ სტალინმა, რომელმაც, როგორც ნონა კუპრეიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჩათვალა, რომ საბჭოთა მშრომელებში მგრძნობელობის გაღვივება ხელს შეუშლიდა ინდუსტრიალიზაციის მშენებლობას. ცენტრისადმი მორჩილმა ქართველმა ბოლშევიკებმაც მყისვე შეცვალეს დამოკიდებულება სექსისა და ოჯახისადმი. შეიცვალა პროლეტარი მწერლის, კონსტანტინე ლორთქიფანიძის, მსოფლმხედველობაც. 1977 წელს გამოცემულ სამტომეულში შეტანილ და რადიკალურად გადაკეთებულ „პირველ დედაში“ გაიანე მაისურაძისათვის შეთავაზებული „კომუნისტური ოჯახი“ სრულებით აღარ ჰგავს ალექსანდრა კოლონტაის აღწერილ „სამოთხეს დედამიწაზე“.

"ეროსიდან ეროტიზმამდე". ავტ. ნონა კუპრეიშვილი

„ჩვენი ქალები შენს გზას რომ გაჰყვნენ, მაშინ ოჯახზე ხელი უნდა ავიღოთ! ჩვენ კი ოჯახი გვინდა... ახალი ოჯახი... შვილი! კომკავშირელი ქალი დედაც უნდა იყოს და საზოგადოებრივი მუშაკიც! მაგრამ შენ... რას ჰგავს შენი პირადი ცხოვრება! ქმრების გამოცვლა და აბორტების კეთება - შენ ეს გგონია ქალის თავისუფლება? თავისუფალი სიყვარული?“ - ასეთ ცხოვრებას სთავაზობენ კომკავშირელ გოგონას „მეგობარი მამაკაცები“ და ისიც იძულებულია მიიღოს შეთავაზება, არადა მოთხრობის 1928 წლის ვარიანტში სულ სხვა აზრებს ერთგულებდა ამხანაგი მაისურაძე:

„სიყვარული თავისუფალი უნდა იყოს!“ - ფიქრობდა გაიანე და ჭირის დღესავით გაურბოდა მმაჩში ხელის მოწერას, ყოველგვარ პირობას...“

30-იან წლებმა, НЭП-ის (ახალი ეკონომიკური პოლიტიკის) მაძღარი პერიოდის დასრულებამ, კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის სასტიკმა პოლიტიკამ საბჭოთა მოქალაქეები სულ სხვა პრობლემების წინაშე დააყენა. იზოლირებული საცხოვრებელი ფართობის სიმწირე, შიმშილი და კონტრაცეპტივების დეფიციტი საბჭოთა მოქალაქეს თავისუფალი სექსისთვის არც ადგილს უტოვებდა და არც ენერგიას.

ტროცკი, ლენინი, სტალინი

ფრანგი მწერალი ანდრე ჟიდი, რომელმაც საბჭოთა კავშირში 1936 წელს იმოგზაურა, წიგნში „დაბრუნება საბჭოთა კავშირიდან - შესწორებები“ აღწერა საბჭოთა ახალგაზრდის (სტუდენტის) ტიპიური ჩივილი:

„წარმოიდგინეთ, ისედაც როგორი რთულია ცხოვრება. ახლა ბავშვის რჩენა იკითხეთ. ეჰ, ვიცი, რასაც მეტყვით, მაგრამ შეუძლებელია პრეზერვატივის შოვნა, თუ იშოვით, ისეთი ხარისხისას, რომ მის იმედზე ვერ იქნებით...“ - მაგრამო, შენიშნავს ჟიდი, „მალევე ჩემს თანამოსაუბრეში ჩვეულმა ოპტიმიზმმა იძალა და მხიარულად დაამატა, რომ ისეთი კვებით, როგორიც მას აქვს, საუკეთესო გამოსავალი თავის შეკავებააო“.

სტუდენტთან საუბრის შემდეგ, ანდრე ჟიდი წერს: „თუ ერთ საბჭოთა ექიმს ვერწმუნებით, სსრკ-ში საყოველთაოდ გავრცელებულია ონანიზმი“.

იმისათვის, რომ კარგად გავუგოთ 30-იანი წლების საბჭოთა ახალგაზრდას, უნდა ვიცოდეთ, რომ 1936 წლიდან აბორტის გაკეთება სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაული გახდა. თუ როგორი სიმკაცრით ხდებოდა დანაშაულის ადმინისტრირება, კარგად ჩანს 1937 წლის 15 იანვრის გაზეთ „იზვესტიაში“ დაბეჭდილი ცნობიდან:

„აბორტების ამკრძალავი განკარგულების გამოცემის შემდეგ მოსკოვში ახალშობილთა რაოდენობამ მიაღწია თვეში 10 ათასს, რაც 65 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე“.

ის მაინც იყო

საბჭოთა ახალგაზრდების კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელიც გადაუჭრელი დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლამდე - ეს იყო საყოფაცხოვრებო პირობები, იზოლირებული ფართობის დეფიციტი, ადგილის არარსებობა, რასაც სპეციალისტები საბჭოთა სექსუალობის ყველაზე საშინელ ფაქტორად მიიჩნევენ.

იოსიფ ბროდსკი

„არ ვგქონდა ჩვენი ოთახები, სადაც გოგონებს შევიტყუებდით. მეტიც, გოგონებსაც არ ჰქონდათ თავიანთი ოთახები. ჩვენი რომანებიც, უმეტესწილად, იყო მოსეირნეთა რომანები და მოსაუბრეთა რომანები“, - წერდა საბჭოთა კავშირიდან გაძევებული პოეტი, იოსიფ ბროდსკი.

აშკარაა, რომ, სექსუალობის თალსაზრისით, 20-იანი წლების საბჭოთა კავშირი მკვეთრად განსხვავდებოდა 80-იანების საბჭოთა კავშირისგან. ამ კოლოსალური განსხვავების გათვალისწინებით, სულაც აღარ გვეჩვენება კომიკურად კითხვა, რომელიც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში დაისვა იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი ბოლო დღეებს ითვლიდა:

იყო თუ არა სექსი საბჭოთა კავშირში?