„ნორმალიზაციის ორმხრივ ინტერესზე შევთანხმდით“ - სიბიჰამ და ბოჭორიშვილმა კვლავ ისაუბრეს

ანდრიი სიბიჰა და მაკა ბოჭორიშვილი 4 მაისს ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ, 6 მაისს კი ტელეფონით ისაუბრეს.

ორშაბათს, 4 მაისს, ერევანში შეხვედრიდან ორ დღეში, 6 მაისს, სატელეფონო საუბარი გამართეს საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრიი სიბიჰამ და მაკა ბოჭორიშვილმა.

6 მაისის საღამოს საქართველოს საგარეო უწყების პრესცენტრის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.

რას ამბობენ მხარეები

„საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს“, - მხოლოდ ეს წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის საგარეო უწყება, თავის მხრივ, ოდნავ ვრცელ ცნობაში წერს, რომ სიბიჰამ განაცხადა:

„მოხარული ვარ, რომ ერევანში ბოლოდროინდელი კონტაქტების შემდეგ, ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან დიალოგი გავაგრძელე“.

„დღევანდელი სატელეფონო საუბრისას ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე“, - თქვა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთქმედება. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, გავაგრძელოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტები“, - განაცხადა ანდრიი სიბიჰამ.

ერევანში შეხვედრების შემდეგ

კიევისა და თბილისის ურთიერთობაში კომუნიკაციის ასეთი ინტენსივობა უმაღლეს დიპლომატიურ დონეზე სიახლეა, ბოლო წლებში არსებული უთანხმოებების გათვალისწინებით.

უკრაინასა და საქართველოს ამჟამად არ ჰყავთ ელჩები თბილისსა და კიევში - დიპლომატიური ურთიერთობები მათ შორის დროებითი რწმუნებულების დონეზეა.

4 მაისს ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ერევანში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერდა: „შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტს გავაგრძელებთ“.

ასევე ნახეთ

კობახიძე და ბოჭორიშვილი ზელენსკის შეხვდნენ

ზელენსკი და კობახიძე ერთმანეთს ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, როცა - თბილისის თანახმად - საუბრის სურვილი უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა.

საუბრის გაუხმაურებელი დეტალები დიდ ინტერესს იწვევს - კიევსა და თბილისს შორის წლების მანძილზე გართულებული ურთიერთობების ფონზე.

ასევე ნახეთ

ზელენსკისა და კობახიძის შეხვედრა ერევანში - რა [არ] ვიცით