„მესმის, რომ ძალებს, რომლებიც ახლა [პარლამენტის] დარბაზში სხედან, და რომლებსაც პარლამენტში შემოსვლა სურთ, სჭირდებათ, რომ ომზე ილაპარაკონ, რათა შემდეგ ამაზე რაიმე ააგონ პოლიტიკურად. მაგრამ ახლა ომი არ არის. ახლა მშვიდობაა“, - განაცხადა სიმონიანმა.
„სომხეთის ახლანდელი მთავრობა - პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ - მშვიდობის პარტიაა, ხოლო მთავარი ოპოზიციური ძალები არიან ომის პარტიები. ესაა რეალობა“, - თქვა მან.
მანამდე, 19 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუკი სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალები მოიპოვებენ გამარჯვებას, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. მისივე თქმით, მისი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შეეცდება.
ასევე ნახეთ ომში აღმოვჩნდებით, არჩევნებში თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა - ფაშინიანიფაშინიანმა იგივე გაიმეორა ოთხშაბათს, 25 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„კი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს დათმობებს“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა.
„ეს ნიშნავს ღირსეულ დიპლომატიას, ღირსეულ პოლიტიკას“, - განაცხადა მან.
ფაშინიანის თქმითვე, ზოგიერთ ოპოზიციურ ფიგურას, რომლებიც აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, „ალბათ, არც კი ესმის, რას ამბობენ“, რაც, მისი თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ მათ განცხადებებზე „გარე ძალებს აქვთ ზეგავლენა“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფაშინიანს საომარი რიტორიკის საარჩევნო მიზნით გამოყენებაში სდებენ ბრალს. ქოჩარიანის თანაგუნდელმა, დეპუტატმა არცვიკ მინასიანმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად „დანაშაულის ტოლფასია“.
მსგავსი რიტორიკა ჰქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში „ქართულ ოცნებას“. მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „უცხოეთიდან იმართებოდნენ“, მხარს უჭერდნენ „მეორე ფრონტის“ გახსნას და საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას.