კურსების სტიქია - „რაც ვიშრომეთ, რაც ვაკეთეთ, აღარაფერი დარჩა“

დამეწყრილი სოფელი კურსები

სოფელ კურსებში უკვე 10 სახლია დანგრეული. მიწა ისევ მოდის. 45 ოჯახი ორ სასტუმროში გადაანაწილეს.

„ჩემი სახლი ჯერ დგას, მაგრამ დილით ნახეს, რომ ეზოშიც და სახლშიც ბზარებია. შეიძლება რამდენიმე დღეში ჩამოიშალოს“, - ჰყვება კურსების მკვიდრი ხატია ბეროძე. ის ერთ-ერთია, ვისაც 12 მარტს, გამთენიისას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებიდან გახიზვნა მოუწია. სანამ მეწყერი ჩამოწვებოდა, მეზობლებმა ერთმანეთის გაფრთხილება მოასწრეს, ამიტომ არავინ დაშავებულა.

„დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში ვცხოვრობთ იმ ადგილიდან, სადაც მიწა ჩამოიშალა. მანამდე არც ბზარები ჰქონდა სახლს, არც მიწა დახეთქილა. დაახლოებით 25 წელია კურსებში კარიერული სამუშაოები არ მიმდინარეობს, გრანიტს და სხვა ასეთ მასალას აღარ მოიპოვებენ“, - ხატია ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობას ძალიან გაუმართლა, იმიტომ რომ მიწის მასა ნელა წამოვიდა, - „თორემ ვერავინ გადარჩებოდა. ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს. ორიოდე თვის წინ მამა გარდამეცვალა. ახალი გაკეთებული მქონდა საფლავი და შუაზე არის გახეთქილი მიწა. იქ მიცვალებულების გაჩერება შეიძლება თუ არა, ესეც საკითხავია“.

თავიდან სახლებიდან ისე გამოცვივდნენ, ვერაფრის წამოღება მოასწრეს. შემდეგ შებრუნდნენ და ყველაზე საჭირო ნივთები გამოიტანეს, საბუთები მაინც დარჩათ. ღორები და ქათმები თავისუფლად გაუშვეს, ზოგმა შეძლო და საქონელი ახლობლებთან გადაიყვანა.

„ძაღლი გამოვიყვანეთ, კატა ვერა“, - ამბობს ხატია.

სტიქიის გამო შექმნილმა საგანგებო შტაბმა ხალხის სასტუმროებში გადანაწილების შემდეგ, მათ საკვები და მედიკამენტები მიაწოდა. ადგილზე ჩავიდნენ რეგიონული განვითარების მინისტრი, იმერეთის რწმუნებული და ტყიბულის მერი.

კურსები მდინარე წყალწითელას ნაპირას არის გაშლილი. დიდი სოფელია. სტიქია ჩამოწვა სოფლის ერთ ნაწილში - ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში.

კურსებელმა ვახტანგ არიშვილმა დურბინდით დაათვალიერა თავისი სახლი, უფრო სწორად მისი სახურავი, რადგან სამსართულიანი სახლი ახლა თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული.

„რაც ვიშრომეთ, რაც ვაკეთეთ, არაფერი აღარ დარჩა. ისეთი მტკიცე ნაშენები იყო, უკეთესი არ შეიძლება. რკინა-ბეტონში იყო ორივე სართული და ზევით კიდევ მანსარდა. 1986 წელს ავაშენე, მაპატიეთ და, კომუნისტების დროს. მაშინ 96 თუ 98 ათასი მანეთი დამიჯდა. ძვირფასი სახლი იყო. შვილები, შვილიშვილები მოდიოდნენ ზაფხულში, მეგობრები. ახლა ჩემი მეგობარი გოჩა ალფაიძე აგერ ზის ჩემ გვერდით და ისიც დურბინდით ათვალიერებს. მისი სახლი და ორი მანქანა მთლიანად დაიმარხა“, - ამბობს ვახტანგ არიშვილი.

მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომპენსაციებზე ჰკითხა. ჯერ გეოლოგების დასკვნას ველოდებითო, - იყო პასუხი.

სტიქიას ადგილზე გეოლოგების სამი ჯგუფი სწავლობს. წინასწარი შეფასებით, გააქტიურდა ძველი მეწყერი. გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რისკის ზონების განსასაზღვრად მეწყრის მიმართულებას აკვირდებიან. ამ ეტაპზე მეწყერმა 58-60 ჰექტარი მოიცვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სტიქიის ზონაში აღმოჩნდა 40-მდე სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. დაზიანდა ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული - ამბროლაურის გზის ნაწილი, ასევე სოფლის სასაფლაო.

მეწყრული ზონები ტყიბულში - 2024 წლის ბიულეტენი.

გარემოს დაცვის სტიქიური გეოლოგიური პროცესების 2024 წლის ბიულეტენში აღნიშნულია, რომ კურსებში ორ ადგილას იყო მეწყრის საშიშროება - ერთ გზასთან, მეორე შედარებით მოშორებით. ბიულეტენში წერია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მათ შორის კურსებშიც, სტიქიებიდან ყველაზე ხშირად გავრცელებულია მეწყერი და ქვათაცვენა.

ბოლო წლებში კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.

ასევე ნახეთ “მძლავრი და ექსტრემალურად დიდი” - კიდევ რა წერია ხარაგაულის მეწყერზე გეოლოგების დასკვნაში?