როგორ ვერ მიაღწია გამომძიებელმა სუროგატთან - ქართულ-უცხოური მრავალმილიონიანი ბიზნესის მსხვერპლები

მარია საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა

ორ თვეზე მეტია, 33 წლის სუროგატი ქალი, მარია, პოლიციის დახმარებას უშედეგოდ ელის. საქართველოში, შემოსავლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, თავს სხვა სუროგატი ქალების ბინებს აფარებს.

ორი თვეა ცდილობს, ხმა მიაწვდინოს საგამოძიებო ორგანოებს, რომ საქართველოში რეგისტრირებულმა ჩინურმა კომპანიამ, რომელმაც ის სუროგატ დედად დაიქირავა, ჰონორარისა და საცხოვრებლის გარეშე დატოვა.

„ჯერ ერთ გოგონასთან ვცხოვრობდი, ახლა მეორესთან გადავედი. მათმა დამქირავებლებმა რომ გაიგონ, რომ სახლში შემიფარეს, მეც გამაგდებენ და მათაც სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. არათუ ბინის, საჭმლის ფულიც კი არ მაქვს. არ მაქვს არც სახლში დასაბრუნებელი თანხა, სადაც შვილი და მშობლები მელოდებიან.

ორი თვეა, იმასაც კი ვერ მივაღწიე, რომ გამომძიებლებმა ჩემი ამბავი მოისმინონ, გამომკითხონ. ერთი უწყებიდან, მეორე უწყებაში ამისამართებენ ჩემს განცხადებას“, - ეუბნება მარია რადიო თავისუფლებას.

მარია* ვაკე-საბურთალოს მეხუთე სამმართველოში 9 ოქტომბერს, 11 საათზე, მას შემდეგ დაიბარეს, რაც მისი საქმით რადიო თავისუფლება დაინტერესდა და 8 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას კითხვებით მიმართა. შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს: „ორივე მხარე დაბარებულია გასაუბრებაზე და გასაუბრების შემდეგ გატარდება შესაბამისი მოქმედებები“.

გენერალური პროკურატურისგან ჯერ არ მიგვიღია პასუხი, რატომ გადაწყდა საქმის ჯერ თბილისის პროკურატურაში, იქიდან კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადამისამართება.

ორჯერ გაჩენილი ბავშვი, ორჯერ დაკარგული ფული

რადიო თავისუფლება თითქმის ორი წელია ადევნებს თვალს 33 წლის სუროგატი ქალის ცხოვრებას, რომელიც საქართველოში, როგორც სუროგატი დედა, 2023 წელს ჩამოვიდა. მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა სუროგაციის პროგრამაში, ორჯერ იმშობიარა, თუმცა ანაზღაურება, ჯამში 30 ათას დოლარზე მეტი, არც პირველი და არც მეორე მშობიარობის შემდეგ არ მიუღია.

2025 წელს ის კომპანია „ქინდერლის“ დამფუძნებლების თაღლითობის მსხვერპლი გახდა სხვა, 40-მდე ქალთან ერთად. ამჯერად კი მას საქართველოში რეგისტრირებულმა ჩინურმა კომპანიამ, „ქსიდუა ინთერნეიშენალ მედიქალ ჰელს მენეჯმენტმა“ უთხრა უარი 17 ათასი დოლარის გადახდაზე.

26 ივლისს, მარიამ კლინიკა გაგუაში, 36 კვირის ორსულმა იმშობიარა. მან მკვდარი ნაყოფი გააჩინა. სამედიცინო დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, წერია, რომ ნაყოფი დაიბადა "ჭიპლარის ჭეშმარიტი კვანძით".

სუროგატ დედას დამქირავებელმა კომპანიამ უთხრა, რომ რაკი ბავშვი ვერ გადარჩა, ჰონორარს არ გადაუხდიდნენ.

თუმცა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების მეათე მუხლში, რომელიც მარიამ კომპანიის წარმომადგენელთან და ბიოლოგიურ ოჯახთან 2025 წლის 25 ნოემბერს გააფორმა, წერია, რომ პოტენციურმა მშობლებმა სრული, 17 ათასი ამერიკული დოლარი უნდა გადაიხადონ იმ შემთხვევაშიც, თუკი 34 კვირის ორსულობის შემდეგ, ბავშვი დაიბადება ან ჯანმრთელობის პრობლემით ან მკვდარი (ასეთ შემთხვევაში, „ბავშვის გარდაცვალების მიზეზი არ უნდა იყოს სუროგატი დედის გამიზნული ქმედება“).

Your browser doesn’t support HTML5

„ორჯერ გაჩენილი ბავშვი და ორჯერ დაკარგული ფული“ - ქართული სუროგაციის ბნელი მხარე

უწყებიდან უწყებაში

მარიას ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი, ნინო ანდრიაშვილი იცავს. ლაბირინთივით დახვეულია გზა, რომელსაც ორ თვეზე მეტია, მისი განცხადებები საგამოძიებო უწყებებში გადიან - პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ინაცვლებენ, მერე უკან, პროკურატურაში ბრუნდებიან და შემდეგ ისევ - შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყებების რუკა

იურისტი აღწერს, რა გზის გავლა მოუწია მის განცხადებებს უწყებიდან უწყებაში მაშინ, როდესაც სუროგატი ქალი საქართველოში ყველანაირი შემოსავლის, საცხოვრებლის, საჭმლისთვის საჭირო ფულის გარეშეა დარჩენილი.

გზა 3 აგვისტოდან იწყება - გენერალურ პროკურატურაში შესული განცხადება, 5 აგვისტოს, თბილისის პროკურატურას, შვებულებაში მყოფ გამომძიებელს, ალიკა დვალაშვილს დაეწერა.

მოგვიანებით საქმე სხვა პროკურორს გადაეცა.

სექტემბერში კი, არაერთი მცდელობის შემდეგ, ნინო ანდრიაშვილმა გაარკვია, რომ პროკურორმა საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თაღლითობასთან ბრძოლის სამმართველოსა და მის გამომძიებელს, აკაკი ქადაგიშვილს გადასცა:

ნინო ანდრიაშვილი, იურისტი

„იმ ეტაპზე, როდესაც ვიფიქრე, რომ საქმე საბოლოოდ გადავიდა უშუალო გამომძიებელთან და შესაძლებელი გახდებოდა სუროგატი ქალის, როგორც საქმის უშუალო მონაწილისა და დაზარალებულის, გამოკითხვა და სხვა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, კვლავ დაიწყო საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული მსჯელობა“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

ამჯერად საქმე გადაეგზავნა გენერალურ პროკურატურაში ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით შესაბამის სტრუქტურას, რადგან როგორც ნინო ანდრიაშვილი ამბობს, საქმეში გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, შსს-ს შეფასებით, შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ტრეფიკინგთან.

სექტემბრის მიწურულს კი, იურისტმა გაარკვია, რომ საქმე საბოლოოდ გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვაკე-საბურთალოს მეხუთე სამმართველოს.

„მხოლოდ იმიტომ ხომ არ დაგვიბარეს, რომ იძულებულნი გახდნენ, ჟურნალისტისთვის გაეცათ პასუხი“

8 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა რადიო თავისუფლებამ, ნინო ანდრიაშვილს ვაკე-საბურთალოს მეხუთე სამმართველოდან მართლწესრიგის ოფიცერი დაუკავშირდა და ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი სუროგატი ქალი გასაუბრებაზე დაიბარა.

ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ დაიბარა ისინი პოლიციაში მართლწესრიგის ოფიცერმა, როდესაც მის განცხადებაში საუბარია სავარაუდო თაღლითობაზე, თანხის მითვისებასა და ადამიანით ვაჭრობის ნიშნებზე.

მართლწესრიგის ოფიცრის საქმიანობა კი ძირითადად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, დანაშაულის პრევენციას, არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამეზობლო კონფლიქტების მოგვარებას უკავშირდება:

„როდესაც მე ჩემს განცხადებებში აქცენტს ვაკეთებ თაღლითობაზე, მითვისებაზე და იმაზეც, რომ შესაძლოა გამოიკვეთოს ტრეფიკინგის ნიშნები, რატომ უნდა მოხდეს სამი თვის თავზე ჩვენი დაბარება პოლიციის განყოფილებაში, მართლწესრიგის ოფიცერთან და არა პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ, გამომძიებელთან? ეს კითხვებს აჩენს - ხომ არ დაგვიბარეს პოლიციაში მხოლოდ იმიტომ, რომ იძულებულნი გახდნენ, ჟურნალისტის კითხვებისთვის გაეცათ რაიმე პასუხი?“

ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში დაგეგმილ შეხვედრას საგამოძიებო გამოკითხვად ვერ მიიჩნევს. მისი თქმით, მართლწესრიგის ოფიცერი გასაუბრების ოქმს შეადგენს, თუმცა გაურკვეველია, გახდება თუ არა ეს შემდგომში გამოძიების დაწყებისა და მარიას საგამოძიებო წესით გამოკითხვის საფუძველი.

„ეს რომ სუროგატი ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულების პირველი საქმე იყოს, კიდევ შეიძლება რაღაც გაუგებრობაზე ვისაუბროთ. მაგრამ როდესაც უკვე არსებობს „ქინდერლის“ საქმე, რომელზეც განაჩენი დადგა, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და არც პროკურატურისთვის ეს თემა ახალი არ არის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ამ საქმის თავიდან მოშორებას ცდილობენ“.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მართლწესრიგის ოფიცერთან შეხვედრის მიზანი მხარეებს შორის დავის შეთანხმებით დასრულება იყოს. მისი თქმით, სუროგატი ქალისთვის ჰონორარის მიღება, ცხადია, უმნიშვნელოვანესია, თუმცა ეს არ უნდა გახდეს გამოძიებაზე უარის თქმის საფუძველი:

„ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მნიშვნელოვანია, დადგეს სამართლებრივი შედეგიც და გამოიკვეთოს სააგენტოსა თუ ბიოლოგიური მშობლების შესაძლო უკანონო ქმედება“.

მისი შეფასებით, თუ სახელმწიფო მსგავს შემთხვევებზე მხოლოდ მხარეთა მორიგებით შემოიფარგლება და შესაძლო დანაშაულებს სათანადოდ არ გამოიძიებს, ეს სუროგაციის სფეროში არაკეთილსინდისიერი სააგენტოებისთვის დაუსჯელობის განცდას შექმნის:

„თუ არ შევქმენით შესაბამისი სამართლებრივი პრაქტიკა და სახელმწიფო უფრო მკაცრად არ მიუდგა ასეთ ქმედებებს, ბევრი შემთხვევა დაუსჯელი დარჩება. ამით სახელმწიფო კიდევ უფრო წაახალისებს ამგვარ ქმედებებს სააგენტოებისა და ბიოლოგიური მშობლების მხრიდან“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ საქმე გენერალურმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

რას ამბობს სუროგატი ქალის დამქირავებელი შუამავალი სააგენტო?

ღია წყაროების თანახმად, ჩინური კომპანია, „ქსიდუა ინთერნეიშენალ მედიქალ ჰელს მენეჯმენტი“, რომელიც რეპროდუქციული მედიცინისა და საზღვარგარეთ რეპროდუქციული სერვისების მიმართულებით მუშაობს, ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში 2020 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მიმართულებაა ჩინელი კლიენტებისთვის საზღვარგარეთ რეპროდუქციულ მომსახურებაზე წვდომის ორგანიზება.

საქართველოს საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანია საქართველოში 2022 წელს დარეგისტრირდა და ამჟამად მისი 100%-იანი წილის მფლობელია ჩინეთის მოქალაქე, შენშენ იუ, რომელსაც სუროგატი ქალები „ენდის“ სახელით იცნობენ.

კომპანიის ჩინურენოვანი საიტის თანახმად, კომპანია საქართველოში თანამშრომლობს არაერთ დამხმარე რეპროდუქციულ კლინიკასთან.

მარია გვეუბნება, რომ ამ კომპანიას „ათობით ან უფრო მეტი“ სუროგატი ქალი ჩამოჰყავს, უმეტესად ტაილანდიდან. მისივე თქმით, სუროგატი ქალები არასდროს ყოფილან კომპანიის ოფისში, არ იციან მისამართი და კომპანიასთან მხოლოდ კურატორებისა და კომპანიის ჩინელი წარმომადგენლების გავლით თანამშრომლობენ.

მშობიარობის შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ჩინეთის მოქალაქემ, „ჯულიმ“ (ლიუ ძიე), მარიას შეატყობინა, რომ ჰონორარს არ გადაუხდიდნენ.

რადიო თავისუფლებამ "ჯულისთან" დაკავშირება არაერთხელ სცადა. მივედით, იმ კლინიკაშიც, სადაც ქალს, თითქმის ყოველდღიურად დაჰყავს სუროგატი ქალები, მაგრამ მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.

მარიამ რადიო თავისუფლებას მიაწოდა „ჯულის“ ბოლო ტექსტური შეტყობინება, რომელიც მან აგვისტოს მიწურულს მიიღო და სადაც ჩინეთის მოქალაქე სუროგატ დედას სწერს, რომ „მუქარის არ ეშინია“.

„ხელშეკრულების პირობების თანახმად, თანხები უშუალოდ მშობლებმა უნდა გადაგიხადონ.

მე მხოლოდ შემიძლია დაგეხმაროთ თქვენ და ბიოლოგიურ მშობლებს კომუნიკაციაში და ხელი შევუწყო მოლაპარაკებებს, იმ პირობით, რომ მშობლები ამაზე თანახმა იქნებიან. თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საკითხი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს.

გთხოვთ, ნუ დამემუქრებით და ნუ შეეცდებით ჩემს შანტაჟს. მე არ მეშინია თქვენი მუქარისა და შანტაჟის, რადგან არასოდეს მიმიღია ფული ვინმესგან და არასოდეს დამირღვევია კანონი. შესაბამისად, არანაირი მიზეზი არ მაქვს, თქვენი მუქარის მეშინოდეს.

ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შანტაჟი კანონით ისჯება. გთხოვთ, ეს გარემოება მხედველობაში მიიღოთ“

[ჩინური ენიდან თარგმნილია ინგლისურ ენაზე Google Translate-ის დახმარებით - რ.თ].

მარია გვეუბნება, რომ მან ვერ მოახერხა ვერც ბიოლოგიურ მშობლებთან დაკავშირება.

ხელისუფლების დუმილი

33 წლის სუროგატი ქალი არ არის ერთადერთი სუროგატი დედა, რომელსაც საქართველოში დასაქმების შემდეგ ანაზღაურებასთან დაკავშირებული სირთულეები შეექმნა.

რადიო თავისუფლება თითქმის ორი წელია წერს საქართველოში უცხოეთიდან ჩამოყვანილი სუროგატი ქალების პრობლემებზე. ქალები ჰყვებიან გადაუხდელ ჰონორარებზე, მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებზე.

რადიო თავისუფლების რესპონდენტებს შორის არიან ქალები, რომლებსაც მშობიარობისა და გართულებების შემდეგ საშვილოსნოს ამოკვეთა დასჭირდათ. 2025 წელს საქართველოში დასაქმებული ათეულობით სუროგატი ქალი გამოძიებამ დაზარალებულად ცნო, 2026 წელს კი, სუროგაცია-დონაციის სააგენტოს, Kinderly-ს დამფუძნებლებს სასამართლომ თაღლითობის საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზუსტად რამდენი სუროგაციისა და კვერცხუჯრედის დონაციის შუამავალი სააგენტო მუშაობს საქართველოში, ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია, რადგან არ არსებობს რაიმე წესი ან ლიცენზია, რომელიც ამ ტიპის სააგენტოების რეგისტრაციისთვის სავალდებულოა.

რადიო თავისუფლების მოპოვებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, ათეულობითაა, ხოლო დაუზუსტებელი მონაცემებით, ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინურ სააგენტოებზე მოდის.

ასეთი კომპანიები საქართველოში სუროგატ და კვერცხუჯრედის დონორ ქალებს სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავენ.

რადიო თავისუფლებას უკვე აქვს აღწერილი ყაზახეთიდან, ტაილანდიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოსული ქალების შემთხვევები, მათი უფლებების დარღვევები, რასაც სასამართლო პროცესიც მოჰყვა. მათ შორის, პირველად, საქართველოში, სუროგატ ქალებს მიენიჭათ ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსიც.

ასევე ნახეთ

პრეცედენტული გადაწყვეტილება - სუროგატ ქალებს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭათ

დარგის სპეციალისტები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული, რაც დღეს საქართველოს არ აქვს. ეს აჩენს ხვრელებს და ნიადაგს არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის და ამით ჩრდილს აყენებს დარგს, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე მუშაობს და დღეს ქართულ მედიცინაში ერთ-ერთი წარმატებულ სფეროა.

ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელსაც ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში უნდა მოეყვანა დღეს არსებული რეგულაციები, ევროკავშირის ექსპერტებთან, დარგის სპეციალისტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ჯერ კიდევ 2019 წლის მიწურულს დაიწყო, თუმცა მალევე, კოვიდპანდემიის გამო, პროცესი შეწყდა და აღარ განახლებულა.

კანონმდებლობაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, ვინ შეიძლება იყოს სუროგატი ქალი, ვის შეუძლია მიიღოს სუროგატი ქალის მომსახურება, რა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს სუროგატმა ქალმა, რა ტიპის ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს, გაწერილი უნდა იყოს კლინიკებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხი.

ასევე ნახეთ

"ბავშვებში იმდენი ფულია გადახდილი" - ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატები დახმარებას ითხოვენ

რას წერს GRETA საქართველოში სუროგაციის ბიზნესის შესახებ?

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA) საქართველოს სუროგაციის სფეროში ტრეფიკინგის რისკების შესახებ აფრთხილებს. 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში კომერციული სუროგაცია კანონიერია, თუმცა არ არსებობს სპეციალური კანონი ან კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ამ საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას უზრუნველყოფს. სუროგატი ქალების შერჩევისა და დაქირავების სტანდარტების განსაზღვრა დიდწილად თავად კლინიკებზეა დამოკიდებული.

GRETA აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოში სუროგაციის მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც სუროგატი ქალების დეფიციტი და მათი აზიის ქვეყნებიდან მოზიდვა გამოიწვია. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას ექსპერტთა ჯგუფისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რა ზომებს იღებს სუროგაციის სფეროში ტრეფიკინგის რისკების თავიდან ასაცილებლად.

ასევე ნახეთ

„მისი სხეული ბოროტად გამოიყენეს“ - დიანას ამბავი აჩვენებს სუროგატი ქალების ყოფას საქართველოში

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არაერთხელ ვცადეთ ინტერვიუს ჩაწერა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის წარმომადგენელთან, რათა გაგვერკვია, ხომ არ გეგმავს სამინისტრო ექიმებთან, იურისტებთან, ექსპერტებთან ერთად სუროგაცია-დონაციის შესახებ ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობის დაწყებას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ამ პროცესში როგორც ქალების, ისე ბიოლოგიური ოჯახებისა და სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებების დარღვევის რისკს.

უწყებისგან პასუხი ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ.

ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხები ვერც 7 თვის წინ გაგზავნილ კითხვებზე, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით გვაქვს მოთხოვნილი და პასუხების მისაღებად კანონით დადგენილი ყველა ვადა უკვე გასულია - უწყების "ცხელ ხაზზე" 8 ოქტომბერსაც გვითხრეს, რომ ჩვენი წერილი „განხილვის პროცესშია“.

ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოვთ პასუხებს რამდენიმე ძირითად კითხვაზე:

  • რატომ შეჩერდა 2023 წელს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომლებიც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციისა და დონაციის მომსახურების შეზღუდვას ითვალისწინებდა;
  • ამოქმედდა თუ არა სუროგაციისა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთიანი რეესტრი და რა მონაცემები აქვს სახელმწიფოს სუროგატი ქალების, დონორების, ჩატარებული პროცედურებისა და დაბადებული ბავშვების შესახებ;
  • რამდენი ბავშვია სუროგაციის გზით დაბადებული, რამდენი გაიყვანეს საქართველოდან და რამდენი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში;
  • რამდენი კლინიკა და შუამავალი სააგენტო საქმიანობს ამ სფეროში, რომელი ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ მათი მომსახურებით და რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ამ საქმიანობას ქვეყნისთვის.
  • ასევე, გვაინტერესებს, როგორ რეაგირებს სამინისტრო სუროგატი ქალების უფლებების დარღვევის, გადაუხდელი ჰონორარების, ჯანმრთელობის მძიმე გართულებებისა და ბავშვების უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და, რაც მთავარია, გეგმავს თუ არა უწყება სპეციალისტების მონაწილეობით ისეთი ჩარჩო-კანონმდებლობის შემუშავებას, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს სუროგაციისა და დონაციის პირობებს, კლინიკებისა და სააგენტოების პასუხისმგებლობას და დაიცავს როგორც ქალების, ისე ბავშვებისა და ბიოლოგიური ოჯახების უფლებებს.

*სუროგატი ქალის სახელი შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით.