44 დაკავებულის გარდა, ბრალს დაუსწრებლად უყენებენ საზღვარგარეთ მყოფ ექვს ადამიანს, მათ შორის ერთ „კანონიერ ქურდს“, მამუკა შუბითიძეს - მეტსახელად „ტურიკელას“, იგივე „კახეტინსკის“.
44 დაკავებული - რას ედავებიან მათ
7 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ (რომელსაც ბრიტანეთის ფინანსური სანქციები აკისრია) განაცხადა, რომ დაკავებულები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.
„დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს, მამუკა შუბითიძეს“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, შუბითიძე „პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად“ მოქმედებდა:
- „მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს;
- ამის შემდეგ იგი მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა;
- კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები მას პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც „შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა“.
4 მუხლი და 15 წელი
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს:
- გამოძალვა;
- ქურდული სამყაროს წევრობა/„კანონიერი ქურდობა“;
- ქურდული საქმიანობის მხარდაჭერა;
- ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა.
მინისტრის მოადგილის თქმითვე, მუხლები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, წინა შემთხვევების მსგავსად, ბრიფინგზე არ დაუსახელებია დაკავებულთა ვინაობები. დაასახელა მხოლოდ „კანონიერი ქურდი“ მამუკა შუბითიძე.
ამ ეტაპზე უცნობია ისიც, თუ კონკრეტულად რას ედავებიან დაკავებულებს, მათ შორის „ქურდული საქმიანობის მხარდაჭერის“ ნაწილში.
ვინ არის „ტურიკელა“
55 წლის მამუკა შუბითიძე - მეტსახელად „ტურიკელა“ და „კახეტინსკი“ - არის ლაგოდეხელი „კანონიერი ქურდი“, რომელიც „კანონიერ ქურდად“ 1997 წელს „მონათლეს“. დაიბადა სოფელ ყართუბანში.
PrimeCrime-ის თანახმად, „ქურდული კარიერის“ განმავლობაში იგი სხვადასხვა სახელს იყენებდა - მათ შორის ყოფილა „დავით ბარათაშვილი“, „ზაზა ლეკიაშვილი“ და „დავიდ მატიჩი“.
1990-იან წლებში რამდენჯერმე დააკავეს საქართველოში, შემდეგ რუსეთში, ნოვოსიბირსკში გადავიდა, სადაც „მონათლეს“ კიდეც.
არაერთხელ იყო პატიმრობაში რუსეთშიც. უცდიათ მისი მკვლელობაც. საქართველომ წელს მასზე ძებნა გამოაცხადა - Primecrime-ის თანახმად, პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით.
მამუკა შუბითიძე 2021 წელს დააკავეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა (ГУУР) და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „თაღლითობის“ ბრალდებით, - საქმე მისი ყოფილი პარტნიორის საჩივრის საფუძველზე იყო აღძრული ბელარუსში.
2024 წელს რუსეთიდან მისი დეპორტაცია განხორციელდა ეგვიპტეში, სადაც, მედიის ცნობით, პოსტსაბჭოთა სივრციდან არაერთი „კანონიერი ქურდი“ იმყოფება.
ამჟამინდელი ადგილსამყოფელი საჯარო წყაროებში არ იძებნება.
ასევე ნახეთ
„ენცოს“ ჯოხაძე-მიქაძეების საქმეზე დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა - ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გაგრძელებაბრძოლა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ
ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათობით ადამიანი დააკავა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რამდენიმე „კანონიერ ქურდს“.
- 2026 წლის 17 მარტს 77 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში, მათ შორის „ბაბუ“, „დუკა“ და „კალვერა“;
- 2026 წლის 3 თებერვალს 45 ადამიანი დააკავეს და 15-ს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი;
ასევე ნახეთ
დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი - შსს- 2025 წლის 17 დეკემბერს 63 ადამიანს წაუყენეს ბრალი;
- 2025 წლის 6-7 ნოემბერს 34 ადამიანი დააკავეს და კიდევ 7 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში. ეს შემთხვევა ნაწილობრივ უკავშირდებოდა „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას.
- დღეს, 2026 წლის 7 აპრილს, მინისტრის მოადგილე დარახველიძემ განაცხადა, რომ სამინისტრო „უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ორგანიზებულ დანაშაულთან და განსაკუთრებით ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას“.