გიგი უგულავა, რომელიც 2005-13 წლებში თბილისის მერი იყო, წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ პროექტის შეთანხმებაზე „ზრდილობიანი უარი ეთქვა“, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობასთან მისი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
„ეს „ჩიტი“ დაფარავდა მთელს რიყეს, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრიდან მთელს მთაწმინდის პლატოს, მამა დავითს, „ბროვკას“ და ნაწილობრივ ავლაბარსა და სამებასაც“, - წერს უგულავა ფეისბუკზე 17 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში.
ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ ან პირადად ბიძინა ივანიშვილი დედაქალაქის ყოფილი მერის გავრცელებულ ინფორმაციას არ გამოხმაურებია.
„პირადი შურისძიებაა“ - ენმ
17 ივლისსვე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "რიყის თეატრის" ნგრევას საფუძვლად ივანიშვილის „პირადი შურისძიება“ უდევს.
„ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბევრმა არ იცის: ივანიშვილს სურდა, ამ ადგილას აშენებულიყო ფრინველის ფორმის შენობა, რომელიც დაამახინჯებდა იქაურობას“, - განაცხადა ფავლენიშვილმა ბრიფინგზე.
„[ეს პროექტი] აბსოლუტურად შეუცვლიდა რეკრეაციულ ფუნქციას და იერსახეს რიყეს და როდესაც უარი უთხრეს ამაზე, ის არის აბსოლუტურად გაბოროტებული ამ შენობის მიმართ“, - თქვა მან.
„ამიტომაც, ჯერ მოხდა მისი გავერანება, გამიზნული, ახლა კი მისი დანგრევაა განზრახული“, - დასძინა ირაკლი ფავლენიშვილმა.
„სიგიჟეა“ - რას ამბობს არქიტექტორი
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 82 წლის არქიტექტორი, მასიმილიანო ფუკსასი, - რომელმაც რიყის თეატრი მეუღლესთან, დორიანა ფუკსასთან ერთად დააპროექტა, - ამბობს, რომ მას ასეთი რამ აქამდე არასოდეს გადახდენია.
თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა ამის ნებართვა 25 ივნისს გასცა.
„სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ, რომ შენობას ანგრევენ, ამის დაჯერება მაინც მიჭირს“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.
ინტერვიუში ის ჰყვება, როგორ ჩაიფიქრეს ეს კულტურული ცენტრი თავის დროზე და როგორ ეცადა იგი მის გადარჩენას, - ქალაქის ადმინისტრაციას თანამშრომლობასაც სთავაზობდა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
კახა კალაძემ 17 ივლისს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული“.
„რიყის დოქებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო სრულად უფუნქციო შენობა-ნაგებობა, აბსოლუტურად გაუმართლებელი, როცა თავის დროზე ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, ყველანაირად უფუნქციო“, - განაცხადა მოქმედმა მერმა.
ასევე ნახეთ
ეს სიგიჟეა - ინტერვიუ „რიყის დოქების“ არქიტექტორ მასიმილიანო ფუკსასთან- ახლანდელმა მფლობელმა კომპანიამ თბილისის მერიისგან უკვე მიიღო დემონტაჟის უფლება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
- თბილისის ცენტრალურ და ტურისტულად აქტიურ ნაწილში არსებული ნაგებობის დემონტაჟის შესახებ „დადებითი გადაწყვეტილება“ 16 მაისს მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ, რომელშიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და კულტურის სამინისტროც იყვნენ ჩართული. საბოლოოდ, საკითხი 25 ივნისს გამოცემული ბრძანებით შეთანხმდა არქიტექტურის სამსახურთან.
- იტალიელი არქიტექტორის დაპროექტებული და წინა ხელისუფლების (2012 წელი) დროს აშენებული „რიყის დოქები“, რომლებიც წლებია უფუნქციოა, მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ მოსწონთ.
ასევე ნახეთ
მდინარაძე ამბობს, რომ „რიყის დოქების“ მფლობელი მზად არის, გააჩუქოს ნაგებობის მასალა„მფლობელები მზად არიან, დაშლილი გადასცენ“ - მდინარაძე
ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ 17 ივლისსავე განაცხადა, რომ შენობის ახლანდელი მფლობელი მზად არის, გააჩუქოს მასალა, რომელიც ნაგებობის დაშლის შემდეგ დარჩება.
„მფლობელები მზად არიან, დაშლილ მდგომარეობაში საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გარისკავს და ამ „კულტურულ ძეგლს“ - რაღაცას წაიღებს და ააწყობს ნებისმიერ კერძო ტერიტორიაზე. იმიტომ, რომ ორმაგი თუ სამმაგი ჯდება მისი ელემენტარულ კონდიციამდე მიყვანა“, - თქვა მდინარაძემ.
- 2022 წელს, აუქციონზე არაერთხელ გატანის შემდეგ, ობიექტი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის ხელში აღმოჩნდა 10 მილიონ ლარად. როდესაც პირველად გაიტანეს აუქციონზე, მისი ფასი 95 მილიონი ლარი იყო.
- 2025 წელს ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა (წელს მთავრობამ ხიდაშელს ინვესტიციების შეუსრულებლობის საფუძვლის დასახელებით ჩამოართვა კურორტები "ახტალა" და "ლიბანი", 2023 წელს კი რაჭაში გაუუქმა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია).
- „რიყის დოქების“ ახალი მფლობელია 2025 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული კომპანია „რიყე დომი“;
- შპს „რიყე დომი“ 2025 წლის 10 ივნისს კომპანია შპს „მაქრო ფროფერთიმ“ იყიდა.
- ამ კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის შპს „მაქრო ქონსთრაქშენს“. თავის მხრივ, ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ქართულ-თურქული მოქალაქეობის მქონე ემინ უჩარი.