თავდაცვის გადაყენებული მინისტრი: უკრაინის მთავრობისადმი ნდობას საფრთხე ემუქრება - ომის დროს არჩევნები ჩავატაროთ

უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი (არქივის ფოტო)

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა, პოპულარულმა მინისტრმა, რომლის თანამდებობიდან დათხოვნას გასულ თვეში საპროტესტო აქციები მოჰყვა, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მან გააკრიტიკა მიმდინარე ომის დროს არსებული კორუფცია, გაფრთხილება გამოთქვა მმართველობის სისტემურ კრიზისთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა იპოვოს გზა არჩევნების ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ომი გრძელდება.

მიხაილო ფედოროვის განცხადება გაკეთდა 18 აგვისტოს გვიან საღამოს, რამდენიმე საათით ადრე კი კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც იგი ივლისის შუა რიცხვებში მოულოდნელად გადააყენა, პარლამენტს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ევჰენ ხმარას ამ თანამდებობაზე დამტკიცება სთხოვა.

კენჭისყრა 19 აგვისტოს შედგა და ხმარას 312 დეპუტატი მიემხრო და ის მინისტრად დაამტკიცეს.

ასევე ნახეთ

უკრაინას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

ფედოროვის კომენტარებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა ზელენსკიზე, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა თან სდევს კორუფციული სკანდალები და კითხვები ბოლო დროს განხორციელებული საკადრო გადაწყვეტილებების მოტივების გამო. ფედოროვის დათხოვნის შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

ზელენსკი ხუთწლიანი ვადით აირჩიეს 2019 წელს, თუმცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოქმედი საომარი მდგომარეობის გამო არჩევნები არ ჩატარებულა.

„დემოკრატია არ შეიძლება გახდეს რუსეთის მძევალი. ჩვენ ვიბრძვით სწორედ იმისთვის, რომ დავრჩეთ თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოდ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, აღადგინოს სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი ხანგრძლივი ომის პირობებშიც კი“, - განაცხადა ფედოროვმა.

„ეს რთულია“, - განაგრძო მან. - „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხმის მიცემის უფლება სამხედროებისთვის, საზღვარგარეთ მყოფი მილიონობით უკრაინელისთვის და ფრონტისპირა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და შედეგისადმი ნდობა“.

ომის მიმდინარეობისას არსებული კორუფცია არა მხოლოდ ფინანსური პრობლემაა, არამედ „გადარჩენისა და გამარჯვების უნარის“ საკითხიცაა, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ უკრაინაში მმართველობის სისტემური კრიზისია.

განცხადებაში, რომელიც ზელენსკის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ჰგავს, მან აღნიშნა, რომ უკრაინელები თავიანთ მთავრობას ყოველთვის უცხადებდნენ დიდ ნდობას, განსაკუთრებით ომის დროს, და რომ ეს არის „უზარმაზარი პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. რადგან ნდობის მინიჭება არ არის უფლება, გააკეთო ყველაფერი განმარტების გარეშე. ეს არის ვალდებულება, იყო კიდევ უფრო პირნათელი საზოგადოებასთან“.

„სწორედ აქ უნდა არსებობდეს ახალი სოციალური შეთანხმების მარტივი პრინციპი: მოქალაქე ენდობა სახელმწიფოს - სახელმწიფო პატიოსნად ელაპარაკება მოქალაქეს“, - განაცხადა ფედოროვმა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში კიევში უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენება გააპროტესტეს

ზელენსკიმ ფედოროვი - ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, რომელიც მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ამ თანამდებობაზე - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან უთანხმოების ფონზე გადააყენა. პრეზიდენტმა რამდენიმე დღეში გადააყენა თავად სირსკიც, რომელიც ამ პოსტზე ორ წელზე მეტხანს მუშაობდა.

19 აგვისტოს პარლამენტის ხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კვლავ ანდრი სიბიჰა დამტკიცდა.

ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, რადგან ზელენსკის ინიციატივით, მინისტრთა კაბინეტი სრულად გადადგა მას შემდეგ, რაც მან 12 ივლისს პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო გადააყენა. ის სერჰი კორეცკიმ ჩაანაცვლა.

საკადრო ცვლილებები იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც უკრაინა რუსეთთან იბრძვის და ამავდროულად საჰაერო თავდაცვის რაკეტების მწვავე დეფიციტს განიცდის. ეს ნაწილობრივ განპირობებულია თებერვალში აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ ამერიკული წარმოების Patriot-ის სისტემების მიწოდების შემცირებით.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ სინიეჰუბოვმა Telegram-ზე განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქის დაბა პეჩენიჰიში ღამით განხორციელებული რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად კერძო სახლები, კაფე, ფოსტის შენობა, მაღაზია და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა.

ასევე ნახეთ

რამდენი ბალისტიკური რაკეტა სჭირდება უკრაინას და საიდან მოიტანს მათ?

18 აგვისტოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორმა აცნობა, რომ დრონი დაეჯახა ავტობუსის გაჩერებას, რომლითაც სადგურის პერსონალი და სუბკონტრაქტორები სარგებლობდნენ. ინციდენტის დროს, რომელიც დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, მათგან სამი მძიმედ.

„ბირთვული უსაფრთხოების რაიმე დარღვევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა", - აღნიშნა IAEA-მ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

IAEA-ს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი „მოუწოდებს სამხედრო მეთაურებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ ქმედებებზე, ისევე როგორც ყველას, ვინც მიზანში იღებს ატომურ ელექტროსადგურებსა ან მათ პერსონალს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს მიუღებელი ქმედებები, რომლებიც... კონფლიქტის დროს ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობას უდიდეს საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია პოსტში.

რუსეთმა დრონით დარტყმაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევს მომხდარზე კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, ექვსი რეაქტორით. რუსულმა ძალებმა ის მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე დაიპყრეს. მას შემდეგ უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს პერიოდულად ადანაშაულებენ დაბომბვასა და სხვა ისეთ ქმედებებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ელექტროსადგურის უსაფრთხოებას, რომელიც მდინარე დნეპრის გაღმა, უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის პირისპირ მდებარეობს.

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეების გაცვლა განახორციელეს ფორმულით „103 103-ზე“, განაცხადა 19 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ.

რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან. უწყების მონაცემებით, მათთან მუშაობს რუსეთის ომბუდსმენი იანა ლანტრატოვა. შუამავლის როლი შეასრულა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.

ასევე ნახეთ

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს პრინციპით "103 103-ზე"