უღელტეხილი საკენი-ჭუბერი

დევნილები საკენი-ჭუბერის უღელტეხილზე

სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სამშვიდობოს სვანეთის უღელტეხილის გავლით გადმოვიდა. გზაში ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. დღევანდელი გადასახედიდან, ამ მოვლენების მონაწილეები ამბობენ, რომ შეიძლებოდა მაშინ სამხედრო ხელმძღვანელობას მოსახლეობა სხვა გზით გამოეშვა და ადამიანების სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.

მწერალი გურამ ოდიშარია, რომელმაც 1993 წელს საკენ-ჭუბერის უღელტეხილი გამოიარა, ამბობს, რომ მთებში, დაახლოებით, 100-120 ათასი ადამიანი მოდიოდა, აქედან ასამდე გზაში გარდაიცვალა.

სოხუმიდან და გულრიფშიდან მანქანებით დაძრული დევნილები მაჭარის ხიდამდე მივიდნენ. ამის შემდეგ გზა ორად იყოფოდა: პირდაპირ -სამეგრელოსკენ და მარცხნივ - სვანეთისკენ. ხალხმა მარცხნივ წასვლა ამჯობინა.გაიარეს მერხეული, წებელდა, ლათა, აჟარა და საკენს მიადგნენ. აქ მანქანები დატოვეს და მთებს ფეხით შეუდგნენ. გურამ ოდიშარია ამბობს, რომ ბევრმა საკუთარი მანქანა ხრამშიც გადაჩეხა.

დაიწყო საკენ-ჭუბერის უღელტეხილი, ალპური ზონა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საბოლოოდ, დევნილები ჭუბერში ჩავიდნენ, იქიდან კი ტრანსპორტით - ზუგდიდში. ჭუბერიდან სხვა გზას დაადგა ჯარი, რომელიც სოხუმიდან ხალხთან ერთად მოდიოდა, მათ მესტიისკენ აუხვიეს, ლენტეხში გადავიდნენ, იქიდან კი ქუთაისში ჩავიდნენ.

დევნილების მარშრუტი

სტუდია „რეს“ დირექტორი, ჟურნალისტი მამუკა ყუფარაძე 2014 წლიდან მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის არქივზე. ის კონფლიქტში აღმოჩენილი პირების ვიდეოინტერვიუებს აგროვებს.

მამუკა ყუფარაძე:„მკვლევარები შემდეგ იმუშავებენ ამ არქივზე, მაგრამ ინტერვიუებზე დაყრდნობით წინასწარი დასკვნების გაკეთება მაინც შემიძლია.

საქართველოს პირველი საარმიო კორპუსი იდგა სოხუმში, მეორე - ოჩამჩირეში. ოჩამჩირეში 3 000 - 3 500 კაცი იყო. შუაში არის ტამიში და ტყვარჩელის დასახლება, სადაც აფხაზები ცხოვრობენ. პერიოდულად ტამიშთან ბრძოლები იმართებოდა და აფხაზები გზას კეტავდნენ, მაგრამ აფხაზების რაოდენობა იქ 500 კაცზე მეტი არ იქნებოდა, აქ კი 3 000 იდგა. ოჩამჩირეში დისლოცირებული ჯარის ამოცანა სოხუმის დახმარება თუ არა, ის მაინც უნდა ყოფილიყო, რომ უკანდახევის შემთხვევაში ტამიშთან გზა გაეხსნათ და მოსახლეობა გამოეყვანათ“.

გია ყარყარაშვილმა, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, სოხუმის დასაცავად ოჩამჩირიდან 300 კაცი გადაიყვანა, ისიც ის ხალხი, ვინც მოხალისედ გაჰყვა.

გურამ ოდიშარია: „როდესაც ყარყარაშვილს დასჭირდა, ის ხალხი სწორედ კოდორის მდინარით გადმოიყვანეს, ტექნიკაც გადმოვიდა და ხალხი რატომღაც არ გამოუშვეს იქ, არ ვიცი, რატომ. ვეჭვობ, ეს ისევ ორად გაყოფილი საქართველოს პრობლემა იყო. ეშინოდათ, რომ ეს ხალხი ზუგდიდში ჩავიდოდა და სხვა ლიდერს [ზვიად გამსახურდია] დაუჭერდა მხარს“.

მამუკა ყუფარაძეც ამბობს, რომ ხალხის გამოყვანისთვის დერეფნის გასახსნელად დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება შესაძლებელი იყო, მაგრამ მოსახლეობა არავის ახსოვდა.

მამუკა ყუფარაძე: „ძალიან ბევრი ამბობს ინტერვიუებში, რომ შევარდნაძის მოქმედებები იყო არაადეკვატური. კოდორის ხიდი გაფუჭებული კი იყო, მაგრამ ქვევით კიდევ რამდენიმე ხიდი იყო და წყალშიც შეიძლებოდა მანქანების გატარება. სოხუმში ჯარმა მიატოვა პოზიციები, პირველი ჯარი გამოვიდა და მას გამოჰყვა ხალხი, ჯარი კი სვანეთით წავიდა, რადგან სამეგრელოში გამსახურდიას მომხრეებთან გადაკვეთა არ სურდათ. გზა [სვანეთის] სწორედ ჯარის დიდმა მანქანებმა გააფუჭა და მერე მსუბუქმა მანქანებმა ვეღარ გადმოიარეს. ოჩამჩირიდანაც 3 500 ჯარისკაცი სვანეთის გავლით ჩავიდა ქუთაისში. გაიარეს გალი, საბერიო, ფახულანი, ხაიში, მესტია, ლენტეხი...

ჯარის მარშრუტი

დეპუტატი ნოდარ ნათაძე, რომელიც ომში მოხალისედ იბრძოდა, უღელტეხილზე სხვებთან ერთად გადმოვიდა. მაშინდელმა მთავარსარდალმა, ედუარდ შევარდნაძემ, ხალხიც გაწირა და აფხაზეთიც - ამბობს იგი.

სვანეთის უღელტეხილს უკავშირდება კიდევ ერთი ტრაგედია. მთებში მიმავალი დევნილების მისახმარებლად სამოქალაქო ვერტმფრენები დაფრინავდნენ. ერთი მათგანი გადატვირთულობის გამო კლდეს შეასკდა, დაიღუპა 50-მდე ადამიანი.

გურამ ოდიშარია: „უამრავი ხალხი იყო ვერტმფრენების გარშემო. ბავშვებს, ქალებს, დაჭრილებს და მოხუცებს სვამდნენ. არაკაცები იქაც გამოჩნდნენ, ერთი-ორი ილუმინატორიდან გადაძვრა. მერე, მახსოვს, პილოტი გამოვარდა რევოლვერით, მარტო ქალები და ბავშვებიო, იძახდა... ფეხით რომ მოვდიოდით, ვერტმფრენი რომ გამოჩნდებოდა, პანიკა იწყებოდა, მტრის ეგონათ. ან ტყეში შეცვივდებოდნენ, ან წვებოდნენ. მერე ვხვდებოდით, რომ ჩვენი ვერტმფრენია და ხალხი გადაჰყავს.

კლდეს რომ შეასკდა, აფეთქების ხმა გავიგონეთ, მთას დაეჯახაო. გადატვირთული იყო, თან ცრიდა და ხილვადობაც არ ვარგოდა, ამიტომ კლდე გვიან დაინახა. არავინ გადარჩენილა“.

ნარგიზა ქვათელაძემ ამ ვერტმფრენში შვიდი ოჯახის წევრი დაკარგა.

რადიო თავისუფლება შეეცადა, მოეპოვებინა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაიღუპა ჭუბერი-საკენის გზაზე, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებში ეს ინფორმაცია არ მოიძებნა.