ფაშინიანი ოფიციალურად დაასახელეს სომხეთის პრემიერობის კანდიდატად

ნიკოლ ფაშინიანის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.

სომხეთის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო კონტრაქტმა“, 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ჩაატარა შიდა კენჭისყრის ორი რაუნდი, რის შედეგადაც კანდიდატად ის დაასახელეს.

პარტიის თანახმად, ფაშინიანმა მიიღო 898 ხმა. მეტწილად სიმბოლურ კენჭისყრაში სხვა კანდიდატებს მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ:

  • საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს - 12 ხმა
  • თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს - 8 ხმა.

ნიკოლ ფაშინიანის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.

ასევე ნახეთ ომში აღმოვჩნდებით, არჩევნებში თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა - ფაშინიანი

ეს მეორე საპარლამენტო არჩევნებია 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ხოლო პირველი - 2023 წელს აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ოპერაციის შედეგად ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქ სტეფანაკერტზე (ხანქენდიზე) კონტროლის დამყარების შემდეგ.

2023 წელს, აზერბაიჯანის ერთდღიან ოპერაციამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქი 100 000-მდე ადამიანმა დატოვა.

„სამოქალაქო კონტრაქტისა“ და ნიკოლ ფაშინიანის მეტოქეებს შორის არიან:

  • ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“ - რომელსაც 101-წევრიან პარლამენტში ამჟამად 29 მანდატი აქვს;
  • დაპატიმრებული ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის პარტია, „ძლიერი სომხეთი“;
  • ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი“.
ასევე ნახეთ ომის შიში - მსგავსი სიტყვები, განსხვავებული შინაარსი სომხეთსა და საქართველოში

2026 წლის 9 თებერვალს სომხეთში ვიზიტისას, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა დაგეგმილ არჩევნებში.

2026 წლის მარტის შუა რიცხვებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ გაგზავნას, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში.

„სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ მიზნების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ამბობს, რომ სომხეთი „ინტენსიური ჰიბრიდული აქტივობების წინაშე დგას“.

ასევე ნახეთ „რუსეთის ჩარევის თავიდან აცილება“ სომხეთის არჩევნებში - რა გეგმა აქვს ევროკავშირს