ხუთშაბათს, 19 მარტს, ერევანში, მთავრობის ყოველკვირეული სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა თავისი პოლიტიკური ოპონენტები, - კონკრეტული ჯგუფებისა თუ პოლიტიკოსების დასახელების გარეშე, - აზერბაიჯანთან არსებული სამშვიდობო შეთანხმების გაუქმების სურვილში დაადანაშაულა.
„გარდაუვალ ომს ნიშნავს“ - ფაშინიანი
„მინდა პირდაპირ ვთქვა, ყოველგვარი წინასწარგანწყობის გარეშე, რომ [თუ ისინი გაიმარჯვებენ და სამშვიდობო შეთანხმებას გადახედავენ], ეს იქნება ომი არა მხოლოდ ტერიტორიის, არამედ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაკარგვით“, - თქვა მან.
ფაშინიანის თქმით, ზოგიერთ ოპოზიციურ ფიგურას, რომლებიც აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, „ალბათ, არც კი ესმის, რას ამბობენ“, რაც, მისი თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ მათ განცხადებებზე გარე ძალებს აქვთ ზეგავლენა.
„ყველა ეს ძალა ემხრობა მშვიდობის გადახედვას, რაც არჩევნების შემდეგ ძალიან მალე, ყველაზე გვიან შემოდგომაზე, გარდაუვალ ომს ნიშნავს... ისინი ამზადებენ ახალ სექტემბრის ომს, მძიმე შედეგებით“, - თქვა მან.
„ყარაბაღისთვის ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდა. ახლა იგივე ძალები იმავეს გაკეთებას სომხეთის რესპუბლიკასთან საპარლამენტო არჩევნების შედეგად ცდილობენ. მათ განზრახვებში არანაირი განსხვავება არ არის“, - თქვა ფაშინიანმა.
„სექტემბრის ომს“ ზოგჯერ უწოდებენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის შემოდგომაზე გამართულ ომს, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღის განმავლობაში გრძელდებოდა;
ამ ომის შედეგად სომხურმა ძალებმა თითქმის სრულად დაკარგეს კონტროლი მთიან ყარაბაღსა და გარშემო რეგიონებზე; 2023 წლიდან კი ტერიტორია სრულად დაიკავეს აზერბაიჯანულმა ძალებმა, დაახლოებით 100 000 სომეხი მოსახლის სტეფანაკერტიდან/ხანქენდიდან გამოსვლის პარალელურად.
მსგავსი რიტორიკა ჰქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში „ქართულ ოცნებას“. მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „უცხოეთიდან იმართებოდნენ“, მხარს უჭერდნენ საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას.
ასევე ნახეთ „საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი“ - კობახიძე ბანერებზე უკრაინის ომის კადრების გამოყენებას გამოეხმაურა„საკონსტიტუციო უმრავლესობა“
ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებას შეეცდება, რათა „რეგიონული მშვიდობა შეუქცევადი“ გახდეს.
ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ სომხეთმა კონსტიტუციიდან უნდა ამოიღოს მითითება 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც, თავის მხრივ, ციტირებს 1989 წლის აქტს საბჭოთა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გაერთიანების შესახებ.
მან თქვა, რომ დეკლარაცია „დამოუკიდებლობასთან კი არაა კავშირში, არამედ კონფლიქტთან“ და დასძინა, რომ მისი კონსტიტუციიდან ამოღება სომხეთის საკუთარი დღის წესრიგის ნაწილია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პოზიციაა, რომ ბაქო არ მოაწერს ხელს სომხეთთან 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში ინიციირებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, თუ სომხეთის კონსტიტუციიდან ეს მითითება არ ამოიღება.
სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, ასეთი ცვლილება მოითხოვს ახალი კონსტიტუციის მიღებას ეროვნული რეფერენდუმის გზით.
რეფერენდუმი არჩევნებთან ერთად არაა დაგეგმილი.
საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისსაა დანიშნული.
ოპოზიციური ჯგუფები აკრიტიკებენ ფაშინიანის პოზიციას და აცხადებენ, რომ კონსტიტუციიდან ეს ჩანაწერის ამოღება აზერბაიჯანისთვის ცალმხრივი დათმობის ტოლფასი იქნება და შესაძლოა, მომავალში ბაქოს მხრიდან დამატებითი მოთხოვნებში გადაიზარდოს.