2025 წლის მაისში, როდესაც ვლადიმირ პუტინი წითელ მოედანზე არმიის ოფიცრების მწკრივს ართმევდა ხელს, შეამჩნიეს რუსეთის პრეზიდენტის დაცვის წევრი, რომელსაც ნაწილობრივ შავი ქსოვილით დაფარული უჩვეულო იარაღი ეჭირა.
რუსული ნაძვის ხე
ამ მოწყობილობის შემჩნევის შემდეგ, უკრაინის ფრონტზე დრონების ჩამოგდების ამსახველი არაერთი ვიდეო გავრცელდა, რომლებშიც ფრთებივით ბოლოს მქონე დრონების გადამტაცი, მათი გამანეიტრალებელი მოწყობილობებია აღბეჭდილი.
ამ აპარატს სახელწოდებით "იოლკა" ( ნაძვის ხე) მოსკოვის უცნობი კომპანია აწარმოებს. როგორც ჩანს, მოწყობილობა რუსეთის სამხედრო ძალებში ფართოდ დანერგვისთვის მზადაა, როგორც მცირე ზომის სადაზვერვო და ბომბით აღჭურვილი FPV-ის ტიპის დრონების საწინააღმდეგო საშუალება. FPV - First Person View - დისტანციური მართვის საფრენი აპარატია, როცა პილოტი ეკრანზე რეალურ დროში ხედავს სამიზნეს, რომელსაც დრონის კამერა აღიქვამს.
FPV-ის ტიპის დრონების მოგერიება თითქმის შეუძლებელი იყო თავიდან, როცა ისინი უკრაინაში პირველად გამოჩნდნენ.
“იოლკის” გაშვება მედიისთვის პრეზენტაციაზე
“იოლკას” არ აქვს ასაფეთქებელი საბრძოლო ქობინი და საკუთარ იმპულსს მისდევს და იყენებს, გაძლიერებულ, წამახვილებულ ცხვირს, რათა შეჯახებისას მოწინააღმდეგის დრონის კორპუსი დაამსხვრიოს.
X-ის ფორმის გადამტაცს გატყორცნის პისტოლეტის მაგვარი ხელსაწყო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, აღჭურვილია დამიზნების სისტემით, რომელსაც ოპერატორი ფრენისას ააქტიურებს.
გატყორცნილი გადამტაცი შემდეგ დამოუკიდებლად “იჭერს” მაქსიმუმ 1,6 კილომეტრით დაშორებულ დრონს. სისტემა - "გაუშვი და დაივიწყე" გამორიცხავს მომხმარებელთან კომუნიკაციის საჭიროებას, რაც ნიშნავს, რომ ფრენის დროს მისი ელექტრონულად ჩახშობაც შეუძლებელია.
მონიკა ოლბორნმა, რომელიც პოპულარულ სოციალურ გვერდს "Drone Wars-ს" უძღვება, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "იოლკის" აშკარა წარმატება, სავარაუდოდ, "სიმარტივის, [დაბალი] ღირებულებისა და დამოუკიდებლობის" კომბინაციას მიეწერება. მოწყობილობის ფასი არ დადასტურებულა, თუმცა ზოგიერთი შეფასებით, ერთი აპარატის ღირებულება 500 დოლარს შეადგენს.
"სისტემა შედარებით მსუბუქი, პორტატიული და იაფია … რის გამოც მისი დანერგვა ქვედანაყოფის დონეზეც შესაძლებელია”, - განუცხადა რადიო თავისუფლებას დრონების ექსპერტმა. გარდა ამისა, ალბორნის თქმით, დამიზნების ეს სისტემა დაძაბულ გარემოში “ამცირებს ოპერატორზე დატვირთვას".
რუსი ჯარისკაცი "იოლკის" სისტემით სარაკეტო-არტილერიული პოზიციის დაცვისას
მოხმარების აღწერილობაში, რომელიც მოწყობილობის ნაკლოვანებებსაც მოიცავს, აღნიშნულია, რომ "იოლკის" მასალის გათვალისწინებით, მასთან ფრთხილად მოპყრობაა საჭირო. ბროშურაში ასევე ნათქვამია, რომ მოწყობილობის გამოყენება მხოლოდ დღის საათებში და მშრალ ამინდში შეიძლება.
საბრძოლო პირობებში გადაღებული ვიდეოებზე ჩანს, თუ როგორ “იჭერს” და ანადგურებს “იოლკა”ცაში მკაფიო ტრაექტორიით მფრინავ დრონებს. უფრო დაბლა და ცვალებადი ტრაექტორიით მფრინავი FPV-დრონის აღმოჩენა და სამიზნეში ამოღება, გადატვირთული ფონისა და რთული რელიეფის პირობებში, რუსული წარმოების მოწყობილობისთვის შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს.
უკრაინელი ჯარისკაცი "პტაშკის" ბადის სასროლი იარაღით.
ჩეხური "ფენიქსი" და უკრაინული "ჩიტუნა"
უკრაინაში, ოპტიკურ-ბოჭკოვან FPV-დრონებთან საბრძოლველად, ბადის სასროლი იარაღი დანერგეს. ეს აპარატი ისვრის ბადეს, რომელიც 3,5-4 მეტრამდე იშლება. ბადეს შეუძლია დრონების დაჭერა და ჩამოგდება 30 მეტრამდე მანძილზე. აპარატის ღირებულება 200 დოლარზე ნაკლებია.
იან რუზიჩკამ, რომელიც ჩეხეთის ასოციაციის "ფენიქსის ფრთების" ხელმძღვანელია და უკრაინის ჯარებს დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებით ამარაგებს, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მან უკრაინის არმიას დაახლოებით 500 ბადის სასროლი იარაღი მიაწოდა. მას აცნობეს ამ მოწყობილობის გამოყენებით მტრის 40-მდე დრონის ჩამოგდების ფაქტი.
"ეს უკანასკნელი საშუალებაა, როდესაც ყველა სხვა მეთოდი ამაო აღმოჩნდა და მტრის დრონი ჯარისკაცის ან პოზიციისკენ ფრენის ბოლო ეტაპზეა", - ამბობს ის.
მისი თქმით, ბადის სასროლი იარაღი ასევე გამოიყენებოდა იმ საშიში "მომლოდინე" დრონების დასაფიქსირებლად, რომლებიც გზებისა და ბილიკების პირას “უსაფრდებიან” მტერს და მოძრაობის ნიშნებს ელოდებიან.
“პტაშკის” დრონების საწინააღმდეგო იარაღი კონტეინერში მრავალი ბადისებრი ვაზნით
უკრაინის 93-ე მექანიზებული ბრიგადის პრესოფიცერი, ირინა რიბაკოვა ამბობს, რომ მაღალი რისკის მისიებისთვის ბადის სასროლი იარაღი უკვე დრონებთან ბრძოლის ტაქტიკის განუყოფელი ნაწილია.
"ყველანაირი იარაღი თან გვაქვს", - უთხრა რადიო თავისუფლებას რიბაკოვამ ფრონტის ხაზებთან ახლოს მოძრაობაზე საუბრისას. - "ავტომატების გარდა, ჩვენ გვაქვს თოფები და ასევე ბადის სასროლი მცირე ზომის მოწყობილობები [უკრაინული კომპანია "პტაშკის" (ჩიტუნა) წარმოების]". ისიც აღწერს პისტოლეტის მაგვარ ბადის სასროლ იარაღს, როგორც თავდაცვის "ბოლო შანსს."
2025 წლის ბოლოს საბრძოლო მოქმედებებში ბადის სასროლი იარაღის სულ მცირე ერთი წარმატებული გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2026 წლის აპრილის საბრძოლო ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ანაცვლებს უკრაინელი სპეცრაზმელი ბადეების სასროლ იარაღსა და შაშხანას, როდესაც დრონი მის პოზიციას აფიქსირებს.
რუზიჩკამ განაცხადა, რომ ბადის სასროლ იარაღზე მოთხოვნა იზრდება. "სამხედროებისგან ბევრად მეტი მოთხოვნა მაქვს, ვიდრე შემიძლია დავაკმაყოფილო", - ამბობს ის, მაგრამ დასძენს, რომ პირველი თაობის მოწყობილობების ნაკლოვანებები აშკარაა.
მისი თქმით, ერთჯერადი გასროლის ბადის იარაღების გადატენა ნელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯარისკაცებს, ფაქტობრივად, ერთი შანსი აქვთ დრონის ჩამოგდებისთვის. ბრძოლის ველის სხვა ვეტერანები ფიქრობენ, რომ ბადის სასროლი იარაღები დროებითი "მოდაა", რომელიც, სავარაუდოდ, ეტაპობრივად წარსულს ჩაბარდება, რადგან FPV-დრონების საწინააღმდეგო ახალი საშუალების ძიება გრძელდება.