რაგბის კავშირი ადასტურებს, რომ მორაგბეებს ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდგინდათ

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) მისი და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად დაადასტურა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშემ და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრმა ანტიდოპინგური წესები დაარღვიეს.

საქართველოს რაგბის კავშირი ორი კვირის დაგვიანებით ადასტურებს მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, ქართველ მორაგბეებს ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდათ.

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ საკითხის სიმძიმეს...

მათგან მივიღეთ მკაცრი მითითება, რომ გამოძიების სრულყოფილად, მიუკერძოებლად და დადგენილი წესების დაცვით წარმართვისთვის, პროცესის დასრულებამდე თავი შევიკავოთ საჯარო კომენტარებისა და დეტალების გასაჯაროებისგან. სწორედ ამ პროტოკოლის დაცვით იყო განპირობებული ის, რომ აქამდე კომენტარი არ გაგვიკეთებია“, - წერია რაგბის კავშირის განცხადებაში.

რა თქვა მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA)?

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშე და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრი ანტიდოპინგური წესებს არღვევდნენ. 13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ ამით მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსადმი (GADA) ნდობა დაკარგა.

ასევე ნახეთ WADA: საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებს დაუდასტურდათ ანტიდოპინგური წესების დარღვევა

„ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული ფაქტები სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართული რაგბის რეპუტაციას. ჩვენი მხრიდან დაწყებულია ინტენსიური სამუშაო და გატარებულია მკაცრი ღონისძიებები მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბიში მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს“, - აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირი.

გამოძიების დეტალები

2023 წელს დაწყებული ოპერაცია „ობსიდიანი“ იძიებდა ბრალდებებს, რომ მოთამაშეები წესების აშკარა დარღვევით ახორციელებდნენ ნიმუშების შეცვლას. ნიმუშის ჩანაცვლება კი აკრძალული მეთოდია.

გამოძიების ანგარიშმა სინჯების ჩანაცვლების 5 შემთხვევა გამოავლინა, როდესაც ასევე დადგინდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეებს დოპინგ-ტესტირების შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) თანამშრომლები.

გამოძიების თანახმად, დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ აკვირდებოდნენ შარდვის პროცესს, „რაც წესებთან აშკარა შეუსაბამობას წარმოადგენს“.

ანტიდოპინგური სააგენტო პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამ განაცხადა, რომ ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელი და შოკისმომგვრელია როგორც ქართული სპორტისა და მთავრობისთვის, ისე მსოფლიო რაგბისთვის.

მორაგბეები, რომელთაც დოპინგის წესების დარღვევა დაუდგინდათ

რაგბის კავშირის ცნობით, 15-კაცა კარებში 2023/24 წლების სეზონიდან აღარ თამაშობენ/მუშაობენ ის მორაგბეები, რომლებსაც წესების დარღვევა დაუდგინდათ. მათი ვინაობის დასადგენად რადიო თავისუფლება რაგბის კავშირთან დაკავშირებას ცდილობს.