A.K. ჯგუფის თანამშრომლებმა საერთაშორისო გამოძიების თანახმად 3 წლის განმავლობაში თბილისიდან 6 ათასზე მეტ ადამიანს დაურეკეს და 36 მილიონი დოლარი წაართვეს. მათ მსხვერპლთა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები, მათ შორის - პენსიონერები.
2025 წლის 13 მარტს, პროკურატურის მოთხოვნით, ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილ თაღლითებს ქონება დაუყადაღეს; ერთი წლის შემდეგ, ისევ ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა რომ ისინი კვლავ თავისუფლად დადიან, მათ შორის - დაყადაღებული ძვირადღირებული ავტომობილებითაც.“მონიტორი” ვარაუდობს, რომ კვლავ განაგრძობენ თაღლითურ საქმიანობას.
A.K. ჯგუფის თანამშრომლების შესახებ ახალი ჟურნალისტური გამოძიება „სტუდია მონიტორმა“ წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო - თაღლითური სქემის შარშან გაშიფრული მონაწილეების თავშეყრის ახალი მისამართის (დიღომი, მირიან მეფის 68ა) დადგენის შემდეგ.
ადგილზე მისულებმა ნაცნობი სახეები ნახეს, შარშან გამოვლენილი “ქოლ-ცენტრის” ხელმძღვანელები, საშუალო რგოლის თანამშრომლები თუ რიგითი “სკამერები” [თაღლითები]. ნახეს არაერთხელ, დღის სხვადასხვა მონაკვეთში - 6-თვიანი გამოძიების მიმდინარეობისას - როდესაც, მათ ოფისთან ჩასაფრებულებმა, ათეულობით დღე და საათი გაატარეს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო - რაც უფრო ხშირად გადავიღებდით, რომ ისინი ამ მისამართზე დადიან, მით მეტი მტკიცებულება გვექნებოდა, რომ რეგულარულად დადიან და ესე იგი ისევ მუშაობენ. ძალიან ბევრი ჩანაწერი გვაქვს. აკაკი ქევხიშვილის [A.K. ჯგუფის უფროსი] გადაღება მხოლოდ აპრილში შევძელით, მას შემდეგ, რაც [თვალთვალის] გრაფიკი შევცვალეთ და ოფისთან მისვლა 15:00 საათიდან დავიწყეთ. ის გვიან მოდიოდა, იყო შემთხვევა - ოფისიდან აღარ გამოვიდა”, - იხსენებს რადიო თავისუფლებასთან გამოძიების ერთ-ერთი ავტორი, მარი დუდუნია.
გამოძიების ავტორები: მარი დუდუნია და ნინო რამიშვილი
ჟურნალისტებმა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ძვირფასი ავტომობილების ნაწილი, რომლებითაც A.K. ჯგუფის უფროსები თუ თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ, კვლავ დაყადაღებულია; ნაწილი კი სხვების სახელზეა გაფორმებული.
ჟურნალისტები” შენობაში არ შეუშვეს, ხოლო პასუხების გაცემას თითქმის ყველა თავს არიდებდა, ნაწილი გარბოდა, ტელეფონს თიშავდა, ნაწილი კი უარყოფდა ქოლ-ცენტრში მუშაობასა თუ ხელმძღვანელ პირებთან ნაცნობობას. დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა “მონიტორს” უთხრა, რომ ამ შენობაში შეყვარებული ჰყავს და შესაძლოა, ამიტომ ხედავენ ასე ხშირად.
საბოლოოდ ვერ მოხერხდა დადგენა:
- მოქმედებდნენ თუ არა, ამ ახალ მისამართზე იმავე თაღლითური სქემებით.
- რა სახელით ოპერირებდა ახალი შესაძლო ქოლ-ცენტრი.
თუმცა „მონიტორმა“ საჯარო და გამოჟონილი დოკუმენტების შესწავლით გაარკვია, რომ, ჯერ კიდევ 2022 წლიდან:
- ფარნავაზ მეფის 68 ა-ში მდებარე შენობის მესამე სართული, 450 კვადრატული მეტრი ფართი და საპარკინგე ადგილები, იჯარით ჰქონდა აღებული კომპანია რტმ იმპორტს, რომლის ერთადერთი მფლობელი - ირაკლი ქვლივიძე, აკაკი ქევხიშვილის ცოლის ძმა და თავადაც A.K. ჯგუფის თანამშრომელი იყო;
- რტმ იმპორტს იჯარის თანხას [თვეში 9 ათას დოლარს ] A.K. ჯგუფი უხდიდა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, რომ A.K. ჯგუფი არ იყო პირველი კომპანია, რომელშიც ისინი მუშაობდნენ. მაგალითად, "100 მარკეტინგი" ერქვა კომპანიას, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა და სადაც ისინი ყველანი მუშაობდნენ", - მარი დუდუნია გვეუბნება, რომ ეს კომპანია 2023 წელს დააყადაღეს, მაგრამ - 2026 წელს ყადაღა კვლავ მოეხსნა.
ასევე ნახეთ
უცხოელების თაღლითური ძარცვა თბილისიდან - გამომძიებელი ჟურნალისტები 23 გვარს ასახელებენრას ამბობს პროკურატურა?
4 აგვისტოს, რადიო თავისუფლებამ შეკითხვებით მიმართა გენერალურ პროკურატურას:
- მიმდინარეობს თუ არა გამოძიება შარშანდელი ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე - რა მუხლით და რა ეტაპზეა ახლა?
- აქვთ თუ არა ბრალი წაყენებული კონკრეტულ პირებს?
- რამდენად ქმნის "მონიტორის" ახალი გამოძიება საფუძველს პროკურატურის დამატებითი რეაგირებისთვის და რა ნაბიჯები გადაიდგა ან იგეგმება?
“დამატებით კითხვებზე ვერ გიპასუხებთ” - პროკურატურაში გვითხრეს, რომ უნდა ვიხელმძღვანელოთ განცხადებით, რაც “მონიტორს” მანამდე გაუგზავნეს და ახალ ფილმშიც მოხვდა.
“პროკურატურამ შესაძლო დაზარალებული პირების მოძიების მიზნით, სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა გაგზავნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გამოძიებისთვის უმნიშვნელოვანესი ელექტრონული ინფორმაციის [მათ შორის სავარაუდო დაზარალებულების მონაცემების] მოწოდების მიზნით, არაერთხელ მივმართეთ ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩართულ პირებს, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციის მოწოდებაზე გაურკვეველი მიზეზით გვეთქვა უარი. შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება არსებითად დამოკიდებულია სამართლებრივი დახმარების ფარგლებში უცხოეთიდან მიღებულ ინფორმაციასა და მასალებზე”, - პროკურატურის ეს ტექსტი, როგორც “მონიტორში” გვეუბნებიან, ორი კვირის დაგვიანებით, “დიდი წვალების” შედეგად მიიღეს - მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყებას A.K. ჯგუფის თანამშრომლების შეკრების ახალი მისამართის შესახებ 1 ივლისს აცნობეს.
ახლა ეს ჯგუფი უკვე იმ მისამართზე აღარ არის.
„ჩვენ ბოლოს ვიყავით გუშინწინ [2 აგვისტოს] - უკვე ცარიელი იყო ოფისი, ღია იყო კარი. გვითხრეს, რომ ფართი ქირავდება - წავიდნენო. მანამდე, 21 ივლისს ვიყავით ჩვენ მანდ და ჯერ კიდევ იქ იყვნენ; ანუ სავარაუდოდ გამოძიების ანონსის გამოქვეყნების შემდეგ წავიდნენ - თორემ ჩვენ რომ დავხვდით და კითხვებს ვუსვამდით, მას შემდეგ ისევ დადიოდნენ იმ ოფისში. ესე იგი, ჩვენ რომ 1 ივლისს შევატყობინეთ პროკურატურას - მას შემდეგაც ისინი [A.K. ჯგუფის თანამშრომლები] მაინც აგრძელებდნენ საქმიანობას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალი გამოძიების ერთ-ერთი ავტორი, ნინო რამიშვილი და ვარაუდობს, რომ პროკურატურას ეს მისამართი 1 ივლისის შემდეგ არ გადაუმოწმებია.
შენობა მირიან მეფის 68ა-ში
ახალი გამოძიების ავტორებისთვის გაუგებარია, რატომ მიმართა პროკურატურამ მაინცდამაინც გერმანიას, მაშინ, როცა დაზარალებულებს შორის არიან სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც და მაგალითად - შვედმა დაზარალებულებმა, რომლებიც თბილისში იყვნენ ჩამოსული, გამოძიების დაწყების მოთხოვნით ჯერ კიდევ 2025 წელს მიმართეს გენერალურ პროკურატურას.
ამ თემებთან დაკავშირებით შეკითხვები პროკურატურას რადიო თავისუფლებამაც დაუსვა, თუმცა უშედეგოდ. საგამოძიებო უწყება არ აკონკრეტებს - პირველ საერთაშორისო გამოძიებაზე მომუშავეთაგან ვის მოსთხოვა მასალები და ვისგან მიიღო უარი.
“მონიტორში” გვითხრეს, რომ შარშან მარტში გამოქვეყნებული პირველი ფილმი წყაროს მიერ შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალების გადამუშავების შედეგად მომზადდა.
"ქოლ-ცენტრის" თანამშრომელთა თაღლითური სქემების შესახებ პირველი ფილმის მომზადებაში - 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიაორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ შორის - OCCRP და მის ქსელში ჩართული სამი ქართული მედია ორგანიზაცია - “სტუდია მონიტორი”, “აი, ფაქტი” და “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC).
ეს ახალი გამოძიება კი, სრულად "მონიტორის" ჟურნალისტების - ნინო რამიშვილისა და მარი დუდუნიას მომზადებულია.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ A.K. ჯგუფის თანამშრომლები საქართველოში ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. წარმატებულ “სკამერს” თვეში 20 000 დოლარზე მეტის გამომუშავებაც შეეძლო. თაღლითური სქემით მოპოვებული თანხის სიდიდის შესაბამისად, ისინი კომპანიისგან ძვირადღირებულ საჩუქრებსაც იღებდნენ. შთამბეჭდავია სიმდიდრე, რომელსაც “სკამერები” ფოტოებზე ასახავდნენ და აქვეყნებდნენ; იხდიდნენ პომპეზურ კორპორაციული წვეულებებს, ქორწილებს.
ფოტო A.K.Group-ის კორპორაციული წვეულებიდან [საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან]
ფაქტები ახლო წარსულიდან
პირველი ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, 2025 წლის მარტში, პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობდა, დეტალების დაკონკრეტების გარეშე; თუმცა გვითხრეს, იკვლევდნენ A.K. Group-ის კავშირს ასევე საერთაშორისო მასშტაბით თაღლითური საქმიანობით ცნობილ Milton Group-თან.
Milton Group-ი მოხსენიებული იყო BBC Eye-ის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ გამოძიებაში, რომელშიც ასევე, ე.წ. ქოლ-ცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი იყო დასახელებული.
კეზერაშვილი Milton-თან კავშირს თავიდანვე უარყოფდა და ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებდა, 2024 წლის დეკემბერში კი, მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2-წლიანი სასამართლო დავის შედეგად, BBC-მ თავისი პლატფორმიდან ჟურნალისტური გამოძიება წაშალა, რითაც, მისი განცხადებით, „ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას".
ბმული, რომელზეც BBC-ის ხმაურიანი გამოძიება იძებნებოდა, წაშლილია.
ასევე ნახეთ
12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სუსის ყოფილი უფროსის ბიძაშვილსასევე ნახეთ
სუსის უფროსი, გენპროკურორი, მკვლელობის შემკვეთი, ჟურნალისტი და თაღლითი ერთ სქემაში – „ქოლცენტრების“ საქმებოლო წლებში, ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ბრალდებები “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებშიც გამოჩნდა. ეს საკითხი სუს-ის ყოფილ უფროსის, ამჟამად დაჭერილი გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდებათა ნუსხაშიც არის.
23 ივლისს, 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს.
პროკურატურის თანახმად:
- „ანდრია ლილუაშვილი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელთა მფარველობას უზრუნველყოფდა მისი ნათესავის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით“;
- გრიგოლ ლილუაშვილი კი „ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს“;
- „2021-2022 წლებში, თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით ქრთამის სახით მიიღო 1 365 000 აშშ დოლარი“.
2026 წლის თებერვალში, პროკურატურამ განცხადება გააკეთა “ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაულის” გამოვლენისა და ათი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
ქოლ-ცენტრების სახელები პროკურატურას ოფიციალურ განცხადებებში არ უხსენებია.
“ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს” - აცხადებდა საგამოძიებო უწყება.
“2020-2023 წლებში, მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას, გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე, მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ”, - ეს ციტატაც პროკურატურის თებერვლის განცხადებიდან არის.
ასევე ნახეთ
"მონიტორის" ახალი გამოძიება ფეისბუკგვერდის წაშლამ მცირედით შეაფერხა - რა ვიცით ამ ეტაპზე"მონიტორის" ახალი საგამოძიებო ფილმი 3 აგვისტოს საღამოს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ იმ დღეს, დილით ადრე, საგამოძიებო მედიაპლატფორმის ფეისბუკგვერდი გაქრა და წაშლილი იყო მთელი დღის განმავლობაში.
“მონიტორის” თანამშრომლებს ეს შემთხვევითობა არ ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული უსაფუძვლო საჩივრები Meta-ს მათი საქმიანობით გაღიზიანებულმა ადამიანებმა გაუგზავნეს ან ამ პროცესს გაუწიეს ორგანიზება.
გვერდი 3 აგვისტოს საღამოს აღდგა. „სტუდია მონიტორმა“ ახალი ჟურნალისტური გამოძიება 4 აგვისტოს დილით გამოაქვეყნა.
თაღლითური ქოლ-ცენტრი უკანონო, დანაშაულებრივი გაერთიანებაა, რომელიც სატელეფონო ზარებისა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების საშუალებით შეცდომაში შეჰყავთ მსხვერპლები და მათ სძალავს ფულს, თითქოსდა სარფიან პროექტებში ინვესტირების გზით. სკამერები [თაღლითები] ხშირად მოქმედებენ ცნობილი ფინანსური კომპანიების ან პლატფორმების სახელით და დიდი მოგების პერსპექტივებს უხატავენ ძირითადად მდიდარ ქვეყნებში მცხოვრებ მოქალაქეებს; რომლებიც, თუკი მათ ანკესს წამოეგებიან, საბოლოოდ ყველაფერს კარგავენ.