თავისუფალი ადამიანია... ნუ გამოაყენებინებს თავს [მავნებლებს] - ყაველაშვილი კალათბურთელ ცინცაძეზე

მიხეილ ყაველაშვილი ეხმაურება გიორგი ცინცაძის გადაწყვეტილებას ღირსების ორდენზე უარის თქმის შესახებ.

სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ეხმაურება კალათბურთელ გიორგი ცინცაძის უარს, მისგან ღირსების ორდენი მიეღო.

ყაველაშვილი აცხადებს, რომ ცინცაძე საამაყო კალათბურთელია, მას მადლობას უხდის „ღვაწლისთვის“ და ცინცაძეს მიმართავს, „ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს“ „მავნებლებს“.

„ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ თავისი მეგობრები არ დაზიანდნენ, რადგან მათ მნიშვნელოვანი შეკრება დაეწყოთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა კვირას, 27 ივლისს, რუსთავში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანამდე მან განაცხადა: „მსურს, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის და გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია. ეს მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა“.

ყაველაშვილმა გაიხსენა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის შემთხვევები - მათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსზე 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ დაწყებული დემონსტრაციების დარბევის გამო ხელისუფლება გააკრიტიკეს.

„ჩვენ გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ჩვენ გვაქვს [გიორგი] ქოჩორაშვილის გამოყენება. როგორ ცდილობდნენ ევროპის ჩემპიონატის წინ ასევე შუღლი შეეტანათ, დაეპირისპირებინათ. ეს ადამიანები არიან მავნებლები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა:

„აი, როგორ წარმოგიდგენიათ - ღამე ვიძინებდე და ვიღვიძებდე იმ მოტივით, რომ როგორმე ცუდი მოხდეს საქართველოში, რაღაცა დაინგრეს, ჩამოინგრეს, ვიღაცა მოკვდეს და ამ ნიუსებით ვიყო, ასე ვთქვათ, აღნუსხული“ [სტილი დაცულია].

ასევე ნახეთ კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა

მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების და ღირსების ორდენებითა, ასევე ღირსების მედლებით 25 ივლისს დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და კალათბურთელები.

ღონისძიებას არ ესწრებოდა კალათბურთელი გიორგი ცინცაძე.

მან რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ღირსების ორდენზე უარი თქვა.

სპორტსმენმა დამატებითი კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ თუ ჩათვლის, რომ მის საქციელს განმარტება დასჭირდება, საჯაროდ დაწერს.

გიორგი ცინცაძე პროევროპული დემონსტრაციების მხარდამჭერი და მონაწილეა.

სატელევიზიო კომენტარებში მან ბევრჯერ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკური ნაბიჯების გამო და დაგმო დემონსტრანტებზე სამართალდამცველების ძალადობა.

39 წლის გიორგი ცინცაძე (მეტსახელად „ბუ“) გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია.