კიდევ 33 მილიონი დოლარი - ყველაფერი ამერიკული სამხედრო დახმარების შესახებ

ფოტო არქივიდან: სამხედრო წვრთნა "Noble Partner", ვაზიანის სამხედრო ბაზა, 2016 წელი.

აშშ 33 მილიონი დოლარით ზრდის საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას - ახალი ამბავი ცნობილი 9 თებერვალს გახდა, ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თავდაცვის მინისტრების, ლოიდ ოსტინის და ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრის შემდეგ.

ეს 33 მილიონი დოლარი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების პოტენციალის გაძლიერებაზე დაიხარჯება.

2021 წელს მემორანდუმის ხელმოწერისას ითქვა, რომ ეს პროგრამა განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და კიდევ უფრო განავითარებს ნატოსთან თავსებადობას.

„ეს ინიციატივა წინ წასწევს ჩვენს საერთო უსაფრთხოების ინტერესსა და გააძლიერებს პარტნიორობას“, - თქვა მაშინ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები ემზადებიან აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლებისთვის Noble Partner 2016. თბილისი, 11 მაისი 2016 წ.

მილიონები ამერიკიდან

„კონგრესის კვლევითი სამსახურის“ 2021 წლის ანგარიშის თანახმად, დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან, საქართველო იყო წამყვანი ქვეყანა ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს საგარეო და სამხედრო დახმარების მხრივ.

1990-იან წლებში, აშშ-ს მთავრობამ საქართველოსთვის გამოყო 860 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება (ეს წელიწადში, საშუალოდ, $96 მილიონია).

2000-იან წლებში საქართველო გახდა აშშ-ის დახმარების ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე ევროპასა და ევრაზიაში.

2001 წლიდან 2007 წლამდე, საქართველოსთვის უცხოური დახმარების ასიგნებები $945 მილიონზე მეტი (წელიწადში, საშუალოდ, 135 მილიონი დოლარი) იყო.

რა სფეროების გასაძლიერებლად მოდიოდა აშშ-ს ფინანსები?

2005 წელს, საქართველოს მიენიჭა საწყისი ხუთწლიანი (2006-2011) 295 მილიონი აშშ დოლარის გრანტი აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან (MCC) გზების, მილსადენებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ასევე აგრობიზნესის განვითარებისთვის.

ხოლო მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის დახმარება კიდევ გაზარდა - ეს იყო 38 მილიონ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარება, აშშ-ს თვითმფრინავების და საზღვაო და სანაპირო დაცვის გემების გამოყენებით.

2008-2009 წლებისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი აშშ-ის დახმარება 1,04 მილიარდი აშშ დოლარი იყო. საქართველომ მიიღო კიდევ 100 მილიონი აშშ დოლარი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან (MCC).

2010 წლიდან 2016 წლამდე, სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარება საქართველოსთვის საშუალოდ შეადგენდა 77 მილიონ აშშ დოლარს წელიწადში (მათ შორის, საგარეო სამხედრო დაფინანსება, ანუ FMF).

საქართველომ მიიღო მეორე ხუთწლიანი (2014-2019) MCC გრანტი 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად.

2017 წლის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ორმხრივი დახმარება საქართველოსთვის გაიზარდა წელიწადში, საშუალოდ, 123 მილიონ დოლარამდე.

2021 წლისთვის კონგრესმა საქართველოსთვის 132 მილიონი აშშ დოლარის ორმხრივი დახმარება გამოყო, მათ შორის 35 მილიონი აშშ დოლარი FMF-სთვის.

2022 წლისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი/USAID-ის დახმარება საქართველოსთვის არის 120.6 მილიონი აშშ დოლარი.

მზადება სამხედრო სწავლებისთვის Noble Partner 2016. ვაზიანი, 24 მაისი 2016 წ.

როდიდან იწყება სამხედრო დახმარება?

გაცილებით ადრე 2008 წლის აგვისტოს ომამდე.

1990-იანი წლების ბოლოს, შეერთებულმა შტატებმა გაზარდა საქართველოს დახმარება საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

აშშ-ის სამხედრო დახმარება მკვეთრად გაიზარდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, როდესაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ, იემენსა და ფილიპინებთან ერთად, საქართველო განიხილა „ტერორის წინააღმდეგ ომის“ მეორე ეტაპის ნაწილად და საქართველოს დაუჭირა მხარი ორწლიანი ვადით - ეს იყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.

ამ პროგრამას მოჰყვა მდგრადი და სტაბილურობის ოპერაციების პროგრამა 2007 წლამდე, რომელიც მხარს უჭერდა ერაყში ქართული ჯარის განლაგებას.

2010 წლიდან, საქართველო იღებს აშშ-ს სამხედრო დახმარებას FMF-ისა და საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და მომზადების (IMET), ასევე თავდაცვის დეპარტამენტის განყოფილების (პარტნიორთა შესაძლებლობების განვითარება) ანგარიშის და სხვა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამების მეშვეობით.

2017 წელს საქართველომ ამერიკისგან მიიღო 400-ზე მეტი პორტატული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ი, აგრეთვე გამშვები მოწყობილობების, მასთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და წვრთნების ჩათვლით, რომელთა საერთო სავარაუდო ღირებულება 75 მილიონი დოლარი იყო.

აშშ-ის სამხედრო დახმარებამ, რომელიც ჯამში 200 მილიონ დოლარს აღემატება, ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს განლაგებას ავღანეთში ISAF-ში და შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

2016 წელს შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ გააფორმეს სამწლიანი ჩარჩოშეთანხმება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანი იყო „საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება, თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაძლიერება და ეფექტიანობის უზრუნველყოფა“.

2019 წელს შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ახალ, სამწლიან, უსაფრთხოების ჩარჩოხელშეკრულებას.

ცალკე გამოსაყოფია რეგულარული ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლებსაც შეერთებული შტატები და საქართველო 2011 წლიდან საქართველოში ატარებენ.

მზადება სამხედრო სწავლებისთვის Noble Partner 2017. თბილისი, 30 ივლის 2017 წ.

71 ხელშეკრულება

აქ თავმოყრილია ის ორმხრივი ხელშეკრულებები, რაც 1992 წლიდან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებულა.

მათ შორის, სამხედრო სფეროში დახმარების თაობაზე, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების და განათლების სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის, კულტურული ფასეულობების დაცვისა და შენარჩუნების შესახებ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობისა და თანამშრომლობის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები - სულ 71 ხელშეკრულება.

თავდაცვაზე წამოსული ფული - უფრო კონკრეტულად

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის ორმხრივი ურთიერთობების ისტორია 2001 წელს იწყება, როდესაც საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდა. თუმცკი, აშშ-მ საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად გაცილებით ადრე, 1992 წელს აღიარა.

2002 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, დაიწყო საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (GTEP), რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს ეხმარებოდა პანკისის ხეობის მთიან საზღვრისპირა რეგიონში, მეამბოხეებისგან მომდინარე შიდა ტერორისტული საფრთხეების მოგერიებაში.

2005 წელს, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (GTEP) გარდაიქმნა სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიულ პროგრამად (SSOP და SSOP II), რომელიც ერაყის მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციებისთვის წვრთნიდა და ამზადებდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სამეთაურო შტაბს.

თანამშრომლობა ახალ საფეხურზე 2009 წლის 9 იანვარს გადავიდა, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოაწერეს.

2009 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა საქართველოს გადასროლის პროგრამა - უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები (GDP-ISAF).

2015 წლის 1 იანვრიდან, ავღანეთში, ნატოს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატით გაგრძელდა, რაშიც ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ. ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო მტკიცე მხარდაჭერის მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო.

2021 წლის ივნისში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა.

2016 წლის 6 დეკემბერს, საქართველომ და აშშ-მ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის თანამშრომლობის ჩარჩოხელშეკრულებას, რომელიც 2019 წლის 21 ნოემბერს განახლდა და ჩამოყალიბდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC)/საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარება და საქართველოს გადასროლის პროგრამა (მტკიცე მხარდაჭერის მისია, RSM).

2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის ფარგლებში, უწყებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) თაობაზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს ეფუძნება და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.

2018 წელს დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში დასრულდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა GDRP, რომელიც წარმოადგენდა ორი კომპონენტის ერთობლიობას: მზადყოფნის პროგრამა - წვრთნა (GDRP-Training) და მზადყოფნის პროგრამა - ინსტიტუციური განვითარება (GDRP-Institutional). ამ პროგრამამ აამაღლა არა მხოლოდ ტაქტიკური დონის საბრძოლო ქვედანაყოფების (9 ქვეითი ბატალიონი) საბრძოლო მზადყოფნა, არამედ დაკომპლექტების, წვრთნის, აღჭურვისა და ძალების შენარჩუნების მდგრადი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

საქართველო ყოველწლიურად მასპინძლობს და მონაწილეობს აშშ-ს მიერ ორგანიზებულ წვრთნებსა და სწავლებებში. მათ შორისაა ქართულ-ამერიკული მრავალეროვნული სწავლება „AGILE SPIRIT“ და „NOBLE PARTNER“, რომელიც ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე.

ქართული არმიის BMP-2 საცეცხლე პოზიციებს იკავებს ნატოს ეგიდით ერთობლივი სამხედრო წვრთნების დროს Noble Partner 2017 ვაზიანის სასწავლო მოედანზე თბილისის გარეთ, 2017 წლის 9 აგვისტო.

1994 წლიდან, საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამა (SPP) მტკიცე მხარდაჭერის ერთ-ერთი უპირველესი მექანიზმია, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით.

პროგრამა „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ არ მოიცავს მხოლოდ ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებას, არამედ ითვალისწინებს დახმარებას ისეთ კრიტიკულ დარგებში, როგორიცაა ლოგისტიკა, კიბერუსაფრთხოება, სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა, სამართალი, მედიცინა, გენერალური ინსპექცია, საავიაციო შესაძლებლობების განვითარება და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერა.

თანამშრომლობის კიდევ ერთ მიმართულებას წარმოადგენს დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სამკურნალო შესაძლებლობების განვითარება.

2019 წლის დეკემბერს, საქართველომ დაასრულა ახალი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე, რომელიც ემსახურება დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს. ამ დაწესებულების მშენებლობა განხორციელდა აშშ-ს საგარეო სამხედრო დაფინანსებით.

2013 წლიდან აშშ დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატოს საპასუხო ძალებში მონაწილეობისათვის მომზადების პროცესში.

ჩამონათვალი გრძელია.

საერთო ჯამში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს 1997 წლიდან აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში მიღებული აქვს $445 მილიონზე მეტი.

2022 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი.

საქართველო მეხუთედ მასპინძლობს მრავალეროვნულ წვრთნებს Noble Partner 2020. Არმია. ჯარისკაცები.

დახმარება ევროკავშირიდან

2022 წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში:

  • ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება;
  • ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა;
  • რეგიონული განვითარება;
  • სოფლის მეურნეობა;
  • სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა.

დღეს ევროკავშირს საქართველოში აქვს 160-ზე მეტი აქტიური პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის 500 მილიონი ევროა.