რა წერია საქმის მასალებში - გიგა ავალიანის საქმე

გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე საგამოძიებო უწყებას აღარ ენდობა. არადა, პროკურატურა ამ შემთხვევაში ბრალმდებელია და დაზარალებულის ინტერესების დამცველი.

მოკლედ

  • 28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა; პროკურატურა საქმეს იძიებს, თუმცა ოჯახი გამოძიებას არაეფექტურობაში ადანაშაულებს.
  • ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციით შეფასდეს და ყველა დამნაშავე, მათ შორის, შესაძლო თანამონაწილეები, პასუხისგებაში მიეცეს.
  • გამოძიების ეტაპზე და სასამართლო განხილვისას გამოვლინდა არაერთი ხარვეზი, მათ შორის, მტკიცებულებების არასრულყოფილი შეგროვება.

სარჩევი


რომ არა 2025 წლის პირველი ოქტომბრის ღამეს მომხდარი, 28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი დედასთან ერთად მათემატიკის გაკვეთილს უნდა ატარებდეს... ამის ნაცვლად, კი მისი დედა ეკა კუპატაძე შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას ქუჩაში ითხოვს. ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან.

რა მოხდა?

სარჩევზე დაბრუნება

პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში, სასწავლო ცენტრიდან გამოსულ ახალგაზრდა მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა.

პროკურატურის ვერსიით, შუბლში მუშტის ერთი ჩარტყმა საკმარისი აღმოჩნდა, გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა. თავდამსხმელები მიიმალნენ.

ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის მეზობელმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს. მან 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნაში დაწერა:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

გიგა ავალიანი

19 და 25 ოქტომბერს პროკურატურამ 17 წლის არასრულწლოვნები დააკავა.

17 წლის მოზარდს ინიციალებით ა.გ. ბრალი წარედგინა - ისეთი მძიმე დაზიანების მიყენება, რასაც სიკვდილი მოჰყვა [„ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“].

მეორე დაკავებულს, ინიციალებით გ.რ. ბრალი დასდეს იმაში, რომ ის მძიმე დანაშაულის მომსწრე გახდა, პოლიციას კი არ შეატყობინა [„მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა“].

აქედან ორ თვეში, 20 დეკემბერს კიდევ ორი არასრულწლოვანს ა.ნ.-ს და დ.ჩ.-ს აპატიმრებენ, იმავე ბრალდებით - ბრალის თანახმად, მათ იცოდნენ მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ და დამალეს.

დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებულ ბრალდებულებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი ბიჭი აერთიანებთ - მისი ან კლასელები ან უბნელები არიან.

მათ დაკავებას წინ უძღოდა მოკლული მასწავლებლის დედის თითქმის სამთვიანი პროტესტი, ქალი გამოძიებას ინტერვიუებში აკრიტიკებდა, პირობას დებდა, რომ სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებდა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ბრალის დამტკიცებისა და სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში, არასრულწლოვნებს სასჯელი ერთი მეოთხედით უმცირდებათ.

„ერთი ადამიანი თუ არსებობს ვისაც სჯერა, რომ მუჭის დარტყმით ტყდება თავის ქალა, მე ბოდიშს მოვიხდი....“ - უთხრა გიგა ავალიანის ბიძამ ირაკლი კუპატაძემ საქართველოს პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, საგამოძიებო უწყებიდან გამოსულ ორ თანამშრომელს, რომლებმაც ოჯახის წევრებს ზემდგომი პროკურორის თხოვნა გადასცეს - მზად ვარ, ოჯახის წევრებს შევხვდეო.

გიგა ავალიანის ბიძა, ირაკლი კუპატაძე პროკურატურის თანამშრომლებს ესაუბრება

რამდენიმე საათით ადრე, ჩაიშალა გიგა ავალიანის დედისა და მისი ორი ძმის შეხვედრა ქალაქის პროკურორთან. ოჯახი ტელეფონების პროკურატურის შესასვლელში დატოვების მოთხოვნას არ დასთანხმდა. ეკა კუპატაძემ უარი თქვა - ტელეფონი, რომელშიც მნიშვნელოვან სამხილებს ვინახავ, ვერ დავტოვებ უწყებაში, რომელსაც არ ვენდობიო.

„ტექნიკური გაუგებრობა იყო, ახლა ყველაფერი მოგვარებულია, შეგიძლიათ შემოიტანოთ ტელეფონები“, - სთხოვდა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბაია ცანავა გიგა ავალიანის დედას, ძმასა და ბიძებს. ოჯახმა გადაწყვეტილება აღარ შეცვალა და პროკურორს არ შეხვდა.

მათ სამი მოთხოვნა აქვთ:

  • დააკავონ ყველა, ვინც ჩართული იყო 28 წლის მასწავლებლის ანგარიშსწორებაში, რასაც კომა და სიკვდილი მოჰყვა;
  • გამოძიებამ მომხდარში ჯგუფური დანაშაული დაინახოს და დამძიმდეს ბრალიც;
  • ოჯახს საქმის მასალები სრულყოფილად გადასცენ.

„საქმის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ მითხრა - უბრალო საქმე იყო რომ არ გეყვირათო, არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო... გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყო უბრალო… არ გავჩერდები, იქამდე სანამ ყველანი არ დასხდებით საბრალდებო სკამზე...“ - ამბობს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.

პროკურატურა მზადაა, ოჯახს მასალები სრულად გადასცეს, თუმცა ერთი დათქმით - თუკი ხელს მოაწერენ გაუთქმელობის ხელწერილს - საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, არსებობს მასალების გახმაურების საშიშროება და გამოძიების ინტერესების დაზიანების რისკები.

ოჯახის ამ მოთხოვნას არ თანხმდება. ისინი გამოძიების გამჭვირვალობითა და საჯაროობით არიან დაინტერესებულნი.

რატომ აღარ ენდობა ოჯახი გამოძიებას?

სარჩევზე დაბრუნება

გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურის გამოძიება არაეფექტურია და იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეები მკაცრად დასაჯოს, მათთვის შეღავათებს ეძებს. სინამდვილეში, დანაშაული უფრო მძიმეა, ვიდრე ამას პროკურატურა ხედავს, ბრალდებულების წრე კი უფრო ფართო.

„ისეთი მაღალი ხარისხის ნდობა მქონდა პროკურატურის მიმართ, რომ თავიდან ეს ვერ დავიჯერე, მაგრამ მერე, პროკურორის უცნაურმა მოქმედებამ, - ლაპარაკს არც კი გვაცდიდა და კითხვებზე, რომლებსაც ფურცელზე უბრალოდ ინიშნავდა, პასუხს არ გვაძლევდა, - ეს უნდობლობა გაამყარა; დავიწყე დეტალების გამორკვევა და აღმოჩნდა, რომ მართლაც არ ჩაუდიათ საქმეში ბევრი სერიოზული დეტალი“, - ამბობს ეკა ავალიანი.


რა მნიშვნელოვანი დეტალები არ მოხვდა საქმეში - ოჯახის პოზიცია

სარჩევზე დაბრუნება

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი ერთადერთია მათ შორის ვისაც, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლება მისცა. სასამართლო პროცესები დახურულია, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.

მან საქმის მასალები პროკურატურაში წაიკითხა და მნიშვნელოვანი მონაკვეთები ხელით ამოიწერა, გადაღების უფლება არ მისცეს.

„ვინაიდან არასრულწლოვნების საქმეა, ასლებს ვერ გადმოგცემთო და სრული უკანონობაა ეს... მივდიოდი იმ დროს, როცა გამომძიებელს ეცალა, ვიჯექი იქამდე, ვიდრე გამომძიებელი იჯდა, ყარაულად მყავდა პოლიციელი, რომ რამე არ გადამეღო, მათზე ვიყავი სრულად დამოკიდებული და არა ჩემს თავზე, რომ ყველაფერი კარგად გამეანალიზებინა... სასამართლოში გავასაჩივრე, დამიკმაყოფილეს და მაძლევენ...

...თუმცა მეუბნებიან, რომ გაუთქმელობის ხელწერილს მოვაწერო ხელი“, - ამბობს დარეჯან სულაშვილი და ამ ეტაპისთვის არ აპირებს ამ წინადადებას დათანხმდეს.

დარეჯან სულაშვილი მოუყვა რადიო თავისუფლებას საქმის მასალებიდან მნიშვნელოვანი მონაკვეთების შესახებ და იმ საეჭვო გარემოებებზე, რომელმაც ოჯახს გამოძიების ნდობა დაუკარგა.

ამ სტატიაში მონათხრობი უმეტესად, გიგა ავალიანის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციებს ეყრდნობა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ „დაზარალებული მხარის ინტერესებიდან, ასევე არასრულწლოვანთა საქმის გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე“ უწყება „თავს იკავებს“ დეტალებზე საუბრისგან“.

რატომ ჯგუფური დანაშაული - რას ცვლის ეს ავალიანის ოჯახისთვის?

სარჩევზე დაბრუნება

ამ კითხვაზე საპასუხოდ სამი თვით უკან უნდა დავბრუნდეთ, იმ დღეზე, როცა გიგა ავალიანთან მათემატიკაში მოსამზადებლად 17 წლის ნ.ი. მივიდა. ის და ბიჭი, რომელიც მასწავლებელს თავს დაესხა, შეყვარებულები არიან.

გამოძიება დანაშაულის მოტივად სწორედ მეგობარ გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციასა და ეჭვიანობას“ ასახელებს. ავალიანები, გიგას მოსწავლეს დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევენ და გოგოს დაკავებას მოითხოვენ.

გიგა ავალიანი მათემატიკოსების ოჯახში გაიზარდა. დედას, ეკა კუპატაძეს, რომელიც მათემატიკაში ამზადებს მოსწავლეებს, სამი ძმა ჰყავს. კახა კუპატაძე ზესტაფონის რესურსცენტრის უფროსია, კოტე კუპატაძე ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის პედაგოგია, ირაკლი კუპატაძე თბილისის 175 სკოლის დირექტორია.

გიგა ავალიანმა სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და პროფესიით მუშაობდა, პარალელურად, ბავშვებს ამეცადინებდა მათემატიკაში.

„გიგა ავალიანს მარტო ოცნებები კი არ ჰქონდა, მას ჰქონდა მიზნები და სტრატეგიული გეგმა ამ მიზნებამდე მისასვლელად, მას უნდოდა სწავლა გაეგრძელებინა ამერიკაში... მკვლელსაც იქნებ გამოსდგომოდა გიგა ავალიანი, როგორც ექიმი...“ - ამბობს ეკა კუპატაძე.

17 წლის ნ.ი. გიგა ავალიანთან სასწავლო ცენტრში მოსამზადებლად 17 სექტემბერს მივიდა. მასთან ერთად პედაგოგი კიდევ სამ მოსწავლეს ამეცადინებდა.

„მწერდა, პირად სივრცეს მიზღუდავდა, სახლში გაცილება შემომთავაზა“, - ეს არის ნ.ი.-ს ჩვენების მოკლე შეჯამება, ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი დარეჯან სულაშვილი.

რას წერს გიგა ავალიანის მოსწავლე ჩვენებებში?

სარჩევზე დაბრუნება

17 წლის ნ.ი. გამოძიებამ ორჯერ დაკითხა 14 ოქტომბერს გიგა ავალიანის გარდაცვალებამდე და 20 ოქტომბერს გარდაცვალების შემდეგ.

დარეჯან სულაშვილის თქმით, 14 ოქტომბრის ჩვენება შედარებით მსუბუქია, 20 ოქტომბრის ჩვენებაში კი წერია:

  • „შეყვარებულს უთხრა, რომ მასწავლებელი მწერსო... ჩვენებაში ასევე ხაზს უსვამს, რომ მასწავლებელმა აღდგენები დაუნიშნა, რაზეც არც მე და არც ჩემი ოჯახი წინასწარ ინფორმირებული არ ვიყავითო... აღქმის ამბავია, ბევრმა იცის, რომ როცა აცდენ გაკვეთილს მასწავლებელი აღდგენას გთავაზობს... ამას ადასტურებენ ჯგუფის სხვა უკვე გამოკითხული მოსწავლეები“.
  • „პირველ აღდგენაზე გიგამ დაარღვია ჩემი პირადი სივრცეო... ავალიანის ოჯახი ამბობს, რომ ეს დააწერინეს სპეციალურად და მისი სიტყვები არ არის...
  • „აღწერს, რომ ამ გაკვეთილზე თითქოს ახლოს მიდიოდა გიგა, უზღუდავდა პირად სივრცეს, თავს უხერხულად გრძნობდა და უკან-უკან იწევდა“.
  • „იქვე ამბობს, რომ იცოდა შეყვარებული მყავდაო ერთ-ერთ გაკვეთილზე შეყვარებული მირეკავდა სკვერში მელოდებოდა, მკითხა ვინააო, [ვუთხარი] ჩემი შეყვარებულიაო და არა უშავს დაგელოდებაო...“
  • „ბოლო გაკვეთილზე გიგამ ჩემი დავალება ბოლოსკენ მოიტოვა და მარტო რომ დავრჩით სახლში გაცილება შემომთავაზაო... 8-ის ნახევარზე ჰქონდა გაკვეთილი, გრძელდებოდა 10 საათამდე“.


ადვოკატის თქმით, „ოჯახისთვის რეპუტაციულად უმნიშვნელოვანესია“ რას უყვებოდა 17 წლის გოგო შეყვარებულს 28 წლის მასწავლებელზე.

გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა მიმოწერა მის შვილსა და მოსწავლეს შორის... ამ დიალოგიდან ირკვევა, რომ ნ.ი.-მ ავადმყოფობის გამო რამდენიმე გაკვეთილი გააცდინა, მასწავლებელი და მოსწავლე გაკვეთილების აღდგენასა და დავალებებზე მსჯელობენ, ერთმანეთს შენობით მიმართავენ.

საპროტესტო აქცია საქართველოს პროკურატურასთან, ფოტო გადაღებულია 22 დეკემბერს.

ეკა კუპატაძისთვის მისი შვილის მოსწავლე ორგანიზებული დანაშაულის დამგეგმავი და შემკვეთია. საქმის მასალებში არ დევს მტკიცებულება, საიდანაც შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ნ.ი.-მ შეყვარებულს ანგარიშსწორება შეუკვეთა.

„პირდაპირი დავალება - წადი და ჩემი „ღირსება“ აღადგინე ან რაიმე უქენი, ასეთი არ არის, მაგრამ ჩანს, რომ პერმანენტულად ეწუწუნება შეყვარებულს“, - ამბობს ადვოკატი და ამატებს:

„ერთია, რაც მზამზარეულად მიიღო პროკურატურამ, როგორც მტკიცებულება, ეს იქნება მიმოწერები თუ ჩვენებები და მეორეა, რისი მოკვლევა და გარკვევა შეიძლებოდა. პროკურატურა ამბობს, რომ ნ** ი*****ს დანაშაული არ ჩანს ამ უმოქმედობასა თუ ქმედებაში, მეორეა რომ შენით იკვლიო და გამოიძიო... გამოძიების ეს მცდელობა არ ჩანს“, - ამბობს ადვოკატი.

საქმის მასალების მიხედვით, თავდამსხმელები გიგა ავალიანს რამდენიმე დღე უთვალთვალებდნენ. ეს ჩანს კიდევ ერთ მიმოწერაში, რომელიც ასევე მტკიცებულებაა. შეტყობინებები ეკა კუპატაძემ გაასაჯაროვა. ერთმანეთს მესენჯერში წერენ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული (ა.გ.) და მისი კლასელი, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 20 დეკემბერს დაკავებული გოგონა (ა.ნ.).

ამონარიდი მიმოწერიდან, დათარიღებულია 29 სექტემბრით:

ა.ნ.: კარგი დაიკიდე მთავარია გაიგე, სადაც ცხოვრობს, იქნებ გამოჩნდეს

ა.გ.: ხვალ ვადგები კიდევ მაგას, სანამ ყ**ს არ დავამსგავსებ არ მოვისვენებ ხვალ უეჭველი დავითრევ

ა.ნ.: ნ**-მ რაო? რამე ხომ არ მითხრა კიდეო?

ა.გ.: კი, დავალება არ ვიცოდიო და შენი სილამაზე ვერ გიშველისო, თავზე დავაფსამ მაგას ჭრილობაზე, კარგია, ინფექცია რომ არ შეეჭრას, ცოდოა....

.... აუ როგორ გამიტყდა დღეს რომ ვერ დავითრიე იცი? ვაიმე ხვალინდელი დღე მოვიდეს, გულზე დაღი მადევს ბოზიშვილი ვიყო, ნ****ს ერთი კვირაა [ვამშვიდებ] ნუ ნერვიულობ ნუ ნერვიულობ მეთქი და ვერადავერ დავითრიე, ხვალ ჯობია ჩამბარდეს თორემ გაკვეთილზე შტურმით შევარდები

ა.ნ. იმედია უარესებს არ ეუბნება ძმა

ა.გ. გავჭრი შუბლზე, ყ**ს დავაწერ და ნეკნებს დავულეწავ... მასკა შავები და ეგ არის.., შენ არავის არ უთხრა, ვინმე დაქალს ან რამე... პოლიციამდე რომ მივიდეს, ყველას დაკითხავენ, შენც....

ა.ნ. არ ვამბობ არსად, ეგღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის... აუ შენ მაგივრად მე მეშინია

ა.გ. ჯგუფური თავდასხმა, განზრახ მკვლელობა, მუქარა, ყველაფერია...

ან. პიზდ

ა.გ. მე ვაფშე არ მეშინია....

გიგა ავალიანის ძმის თქმით, მოზარდებს დედაზე ძალადობაც ჰქონდათ განზრახული. დედა-შვილი ერთსა და იმავე სასწავლო ცენტრში ამეცადინებდნენ მოსწავლეებს.

„ხუთი არასრულწლოვნის მიმოწერაზეა ლაპარაკი. სწერდნენ ერთმანეთს, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ ჩემს ძმას. ამ მიმოწერაში აყენებდნენ მას შეურაცხყოფას. გეგმავდნენ, როგორ უნდა მოსულიყვნენ სახლთან, რა დაზიანებები უნდა მიეყენებინათ, რომ მას ჩივილი ვერასდროს მოეხერხებინა

...რაკი ჩემი ძმა იმ დღეებში დედაჩემთან ერთად დადიოდა, გეგმა ჩაუვარდათ. თუმცა 1 ოქტომბრის [დანაშაულის დღე - რ.თ.] ბოლო მიმოწერებში საუბარი აქვთ, რომ თუკი დღესაც იმ ქალთან ერთად იქნება, მაშინ ამ ქალსაც ჩამოვაცვათ თავზე ტომარა და ანალოგიური დავმართოთო. ანუ ვფიქრობ, აპირებდნენ დედაჩემის დაზიანებასაც“, - გვიყვება ნიკა ავალიანი.

ძმები, გიგა და ნიკა ავალიანები

გიგა ავალიანზე თავდამსხმელი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საქართველოს დატოვებას აპირებდა, მამიდასთან მიდიოდა საზღვარგარეთ.

ადვოკატ დარეჯან სულაშვილის თქმით, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე არასრულწლოვნები, რომლებიც მასწავლებელს ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ, ბრალს აღიარებდნენ. არსებითი განხილვისას ა.გ.-ს საქმეში ადვოკატები, ირმა ჭკადუა და თეონა გვაზავა ჩაერთნენ. ამის შემდეგ ორივე ცვლის ჩვენებას, ბრალს აღარ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

„საქმის მასალებს ახლა ვეცნობი და ვერ გაგცემთ კითხვებზე პასუხს, არ ვიქნები კომპეტენტური, არ შევხვედრივარ ბრალდებულს. სრულყოფილი მასალები ჯერ არ არის, ექსპერტიზის დასკვნებიც არ არის მოსული...“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ირმა ჭკადუამ, ბრალდებულის ადვოკატმა.

ირმა ჭკადუა, ადვოკატი

სად გაქრა ჯგუფური დანაშაულის ნიშნები?

სარჩევზე დაბრუნება

ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის თქმით, იქამდე სანამ გიგა ავალიანი ცოცხალი იყო და უგონო მდგომარეობაში რეანიმაციაში იწვა, პოლიცია ამ საქმეში ჯგუფური თავდასხმის ნიშნებს ხედავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ვითარება შეიცვალა.

„გიგა ავალიანის დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში მითითებული იყო, რომ გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი შეიცავდა ჯგუფური დანაშაულის ნიშნებს და როცა გიგა გარდაიცვალა, ჯგუფური დანაშაულის ნიშნები, რომელიც ეწერა დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში, ფაქტობრივად გაქრა...“ - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

ადვოკატ დარეჯან სულაშვილის თქმით, პროკურატურა ამბობს, რომ ჯგუფური შეთანხმება დაგეგმვის ეტაპზე ჩანდა „მაგრამ ეს ჯაჭვი გაწყდა დანაშაულის ადგილზე, როცა როლები გაინაწილეს, გ*******ს უნდა დაერტყა და რ***** უნდა გადაეღოო...“

„შეიძლება მუჭის ჩარტყმამ, ძვალი გაგიტეხოს?“ - გიგა ავალიანის დაზიანებები

სარჩევზე დაბრუნება

„შეიძლება შუბლში მუჭის ჩარტყმამ, შუბლის ძვალი გაგიტეხოს?“ - კითხვა, რომელსაც გიგა ავალიანის ბიძა ირაკლი კუპატაძე პროკურატურის წარმომადგენლებს უსვამდა, საქმის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა.

- პასუხი კომპლექსურმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს, რომლის შედეგიც ჯერ ცნობილი არაა.

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ბრალდებულმა მასწავლებელს თავში ქვა ჩაარტყა.

„სასწავლო ცენტრთან სკამზე ისხდნენ ხოლმე ბიჭები, როცა გიგა ავალიანს უთვალთვალებდნენ, უკან გამწვანებული ადგილია, დგას ხე და ხის გარშემო დეკორატიული ქვებია შემოვლებული, რიყის ქვები, სილამაზისთვის, ერთი ხელის გაწვდენაზე, შემოვლებულ წრეში აკლია ქვა, არასტანდარტული ფორმისაა, წაწვეტებული, 826 მეტრის დაშორებით არის სახლი... [ოჯახის წევრები] წავიდნენ და იქ [სახლთან] ნახეს იგივე ქვა, იგივე ზომის და ფორმის, ეს ხდება ნოემბრის დასაწყისში... გამომძიებლებს დაუკავშირდნენ, აიღეს მიწის ნიმუში, ქვა დააპაკეტეს და გააგზავნეს კომპლექსურ ექსპერტიზაზე [პასუხები ჯერ ცნობილი არ არის]“, - ამბობს ადვოკატი და აზუსტებს, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ეს ოჯახს კი არა, გამოძიებას უნდა გაეკეთებინა:

„ასე რომ მოქცეულიყვნენ, ოქტომბრის დასაწყისში მოიპოვებდნენ ამ ქვას და მეტი ინფორმაციულობა ექნებოდა, ვიდრე თვე-ნახევრის შემდეგ“.

შემთხვევის ადგილზე ოჯახის ნაპოვნი ქვა

ადგილი, საიდანაც ოჯახის ვარაუდით ქვა აიღეს. ნივთი დალუქულია და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი

„დაგვიანდა“ - რა (ვერ) დაინახეს ექიმებმა?

სარჩევზე დაბრუნება

გიგა ავალიანი სასწრაფომ მუხიანში, ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში მიიყვანა. ეკა კუპატაძე ამბობს, რომ შვილს თავსა და ტანზე სისხლნაჟღენთები ჰქონდა, რაც ექიმებმა სამედიცინო ბარათში არ შეიტანეს.

„ეს დაზიანებები რომ აღრიცხულიყო, მიხვდებოდა გამოძიება, რომ ერთი დარტყმით არ დამთავრებულა საქმე და სასტიკი ცემა გაგრძელდა...“ - ამბობს ადვოკატი.

საქმის მასალებში ერთი თვისა და 18 დღის დაგვიანებით მოხვდა ფოტო, რომელიც პოლიციელმა გიგა ავალიანს კლინიკაში გადაუღო, ისიც მას შემდეგ, რაც ამაზე ეკა კუპატაძემ პროკურატურის წინ საჯაროდ ისაუბრა და იკითხა - სად წავიდა ფოტო, რომელიც გიგა ავალიანის ცემას ადასტურებდა.

„18 ნოემბერს აღმოვაჩინე დეტექტივის პატაკი პოლიციის უფროსისადმი, პირველ ოქტომბერს გადავუღე ფოტო გიგა ავალიანს და გთხოვთ დაურთოთ მტკიცებულებადო... რისთვის ინახავდა პოლიცია ამ ფოტოს? იცოდა, რომ სხვა დაზიანებაც ჰქონდა, ინახავდა ტელეფონში და მერე გამოაჩინეს, როცა ეკამ დაიწყო ყვირილი?“ - კითხულობს ადვოკატი.

ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელ ორგანოსაც მიმართა, მიაჩნიათ, რომ გიგა ავალიანს მკურნალობა დაუგვიანდა.

„სახეზე დაზიანების კვალი არ იყო, სასწრაფოს ექიმს და ჰოსპიტალსაც ეგონათ ნარკოკომა (ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გამოწვეული კომა - რ.თ.), ვინაიდან გამოვლინებები იდენტური ჰქონდა, პირღებინება, მაგალითად... მიუხედავად იმისა, რომ კატე გადაუღეს, იმდენად დარწმუნებულები იყვნენ რომ ეს იყო ნარკოკომა და არა ტრავმით მიღებული გულისრევა, რომ კატეს არავინ გახედა, რადიოლოგის გაშიფრულს ელოდებოდნენ... ბავშვს თავი რომ ამოებერა, შეშუპება რომ დაიწყო და ფორმა შეეცვალა, ატეხეს ყვირილი დედამ და ბიძამ ნახეთ კატეო, [მანამდე] კაციშვილს ყური არ გაუბერტყია... ოპერაციაც დაგვიანდა და კატეზე გამოჩნდა, რომ „შუბლის ძვალია გატეხილი“, - ამბობს ადვოკატი.

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის დირექტორი დავით ოშხერელი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა უკვე წაიღეს ყველა სახის დოკუმენტაცია და იქამდე, სანამ მოკვლევა არ დასრულდება მკურნალობის დეტალებზე საუბარი „არაეთიკურობად მიაჩნია“.

ვიდეომტკიცებულებები საქმეში

სარჩევზე დაბრუნება

ავალიანის ოჯახის ადვოკატის მონათხრობის თანახმად, საქმეში დევს ცემის ამსახველი ჯამში, 23-წამიანი ვიდეო, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი იღებს.

„ის გიგა ავალიანს აყენებს, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისე სახეში ულაწუნებს... ჩვენებაში წერს, სახეზე შევეხე გამოფხიზლების მიზნითო, ამ ვიდეოში კი ჩანს, რომ სახეზე ურტყამს გინების თანხლებით. პროკურატურა ამას აღიქვამს გამოფხიზლების მცდელობად“.

საქმეში დევს გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, რომლებშიც, ჩანს დანაშაულის ადგილისკენ ჯერ მიმავალი და შემდეგ იქიდან მომავალი ორი არასრულწლოვანი.

ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ამსახველ კადრებს იღებდა, გამოძიებას თავდაპირველად მისივე დაჭრილი 4-წამიანი ვიდეო მიუტანა. ის სრული არ იყო. გამომძიებლებმა ექსპერტიზა დანიშნეს და მიუხედავად ხანგრძლივობის 19 წამამდე (ჯამში 23, 19+4) გაზრდისა, ოჯახი მიიჩნევს, რომ გადაღებული ვიდეო გაცილებით ხანგრძლივი უნდა იყოს.

„დარღვეულია გამოძიების სტანდარტი“ - რა შეცდომებს ხედავს დაზარალებული მხარე

სარჩევზე დაბრუნება

გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრისას გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატებს სხვა მაგალითებიც მოჰყავთ:

მაგალითად, ირაკლი კუპატაძემ დისშვილის ყურსასმენი იპოვა, რომელიც იქვე ეგდო, პოლიციას შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ეს ნივთი არ წაუღია არ დაულუქავს.

ადვოკატ დარეჯან სულაშვილის თქმით, ტანსაცმლის ექსპერტიზაც ხარვეზიანია:

„ის, ვინც ჩაარტყა, ამტკიცებს, რომ მოსაცმელი გავყიდეო, არ ეკითხება გამოძიება, სად გაყიდა, ამ მხრივ კვლევა აღარ მიდის, აღარ ეძებს... უჯერებს. კეპზე ამბობენ, რომ შესაკრავი გაუფუჭდა და გადავაგდე არ მახსოვს რომელ ურნაშიო... მაშინ რა გაგზავნეს ექსპერტიზაზე, საცვლები?“ - ამბობს ადვოკატი.

ამას გარდა, ადვოკატის ცნობით, გამომძიებლებს არ გაუჩხრეკიათ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულის სახლი, იმ დროს, როცა ეჭვი, მუჭის გარდა, რაიმე სხვა საგნის გამოყენებაზე გაჩნდა.

„იცით, რა არგუმენტი მითხრეს? რა აზრი აქვს, გადააგდებდაო, სახლში ვინ ინახავს იარაღსო, მაგ ლოგიკით არცერთი დამნაშავის სახლი არ უნდა გავჩხრიკოთ“, - ამბობს სულაშვილი.

„დარღვეულია ფუნდამენტურად ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების სტანდარტი… გამოძიება ჭიანურდება და არაეფექტურია, ხელი არ მიუწვდებათ სრულფასოვნად საგამოძიებო მასალებზე, არიან ვაკუუმში... ყველა დამნაშავე არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული...“ - ამბობს გიგა ავალიანის ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატი, თამარ ავალიანი.

საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ საქმის კვალიფიკაცია, იმის მიხედვით განისაზღვრა, რის საშუალებასაც ამ საქმეში მტკიცებულებები იძლეოდა.

ლევან ვეფხვაძე, პროკურორი

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მუხლი დამძიმდეს, ის ამბობს, რომ „მზად არის ოჯახთან ერთად განიხილონ ყველა ვერსია და ჩაატარონ ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედებები...“

პროკურატურამ 24 დეკემბრის განცხადებაშიც გამოთქვა სურვილი შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებსა და დაცვას.

ოთხივე დაკავებული - კერძო სკოლა „ინტელექტში“ სწავლობდა. მათგან ერთმა გასულ წელს დაამთავრა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში ბრალდებული კი მობილობას აკეთებდა და სხვა სკოლას ეძებდა. ამ სკოლაში სწავლობს მისი შეყვარებული, გიგა ავალიანის მოსწავლე ნ.ი.-ც და ყოფილი კლასელი და მეგობარი ა.ნ.

არასრულწლოვნების პოზიცია - სკოლა და ოჯახი

სარჩევზე დაბრუნება

„განათლების სამინისტროს მივმართავ, რა გააკეთეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ერთი სკოლიდან ამდენი ბავშვი ციხეში მოხვდა? დაიწყეს მოკვლევა, მაშინ როცა ცხელ ხაზზე ერთი ზარის გამო შეუძლიათ სკოლა ამოატრიალონ?“ - ეს კითხვა დასვა გიგა ავალიანის ბიძამ, 175-ე სკოლის დირექტორმა ირაკლი კუპატაძემ.

„ინფორმაციულ ვაკუუმში“ ვართ, განათლების სამინისტროდან არავინ დაგვკავშირებია - გვითხრეს კერძო სკოლა "ინტელექტში". რამდენიმე დღის წინ სკოლას სოციალური აგენტი დაუკავშირდა და მხოლოდ ის იკითხა, როგორი მოსწავლე იყო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული.

„ა.გ. [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული - რ.თ] მობილობით გადიოდა ჩვენი სკოლიდან, აღარ დადიოდა და სხვა სკოლაში ადგილის გამოჩენას ელოდა... სკოლაში არ დადის ნ.ი. [მისი შეყვარებული - რ.თ], არები ეწერება, გამოუცხადებლობის აქტები ეგზავნება მშობელს... რეალურად სანამ დაზარალებულის დედამ არ გამოფინა ნაწერები, სკოლა არ იყო საქმის კურსში, არც პროკურატურა არც გამოძიება ჩვენთან არავინ მოსულა, არავინ... კლასის საათის ფარგლებში, რაც ფსიქოლოგს შეეძლო შეხვედრები ჩავატარეთ, დასტრესილები იყვნენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა ეკატერინე მერკვილაძემ.

20 დეკემბერს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 17 წლის გოგო ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით დაკავებულის კლასელი იყო. მეორე - დ.ჩ. კი უბნელი.

დ.ჩ.-ს ადვოკატმა გიორგი გამხიტაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაა, რომ ის თავს ცნობს უდანაშაულოდ, დანაშაულის შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის პირველად დაკავებულის დამხმარე, ეს არის სრული სიცრუე... არარეალური ინფორმაციაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობის განხორციელების დღეს იქ არ იმყოფებოდა, გამოძიებით დადგენილი ფაქტია. ძალადობის და დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია“, - ამბობს ადვოკატი.

ემოციური სტატუსი გაავრცელა სოციალურ ქსელში დ.ჩ.-ს დედამ. ის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების მშობლებიდან ერთადერთია, რომელმაც დუმილი დაარღვია.

„ხალ­ხო, ყვე­ლამ მინ­და იცო­დეთ, რომ ჩემი შვი­ლიც, ჩვენ­მა ოჯახ­მა ხატ­ზე და­ა­ფი­ცა, რომ დ****** ჩ******* უდა­ნა­შა­უ­ლოა მომ­ხდარ ამ­ბავ­ში! სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რავ ასე არ გა­მო­გი­ვა უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვის ცი­ხე­ში გა­მომ­წყვდე­ვა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და­სა­შოშ­მი­ნებ­ლად უდა­ნა­შა­უ­ლოს გა­წირ­ვა!!!! არ გა­ვა­ჩერ­დე­ბი და ვერ გა­მა­ჩე­რებთ!!!!!!! გაფრ­თხი­ლებთ ჩა­ა­ტა­რეთ სწო­რი გა­მო­ძი­ე­ბა, და­ად­გი­ნეთ სი­მარ­თლე, ნუ გა­და­მად­გმე­ვი­ნებთ უკი­დუ­რეს ნა­ბი­ჯებს!“ - დაწერა მან.

სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები შეეხებათ და სასჯელი 1/4-ით შეუმცირდებათ.

„ჩაფარცხვა უნდოდათ“ - რით ხსნის ოჯახი ამ საქმის ხარვეზებს

სარჩევზე დაბრუნება

28 წლის მასწავლებლის ოჯახი ამბობს, რომ გიგა ავალიანი მოკლეს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ჯგუფური მკვლელობა. ისინი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან, თუ პროკურატურა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას საქმე სრულყოფილად არ გამოიძიოს, ეკა კუპატაძე გვპასუხობს:

„არაპროფესიონალიზმი ცალსახაა, რადგან მტკიცებულებების მოძიება ვერ მოახერხეს, უფრო მეტიც, ჩაფარცხვა უნდოდათ, მაგრამ ესეც ვერ შეძლეს...

...გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყიდება, პროკურატურავ, მე მას არ ვყიდი, შეგეშალათ ადრესატი, ყველას დავსვამ საბრალდებო სკამზე, ვისაც კი რაიმე გადაცდომა გაქვთ გიგას მკვლელობასთან მიმართებაში... მიწევს მკვდარი გიგას დაცვა სახელმწიფოსგან, სირცხვილი სახელმწიფოს...

მე ვიქნები ბოლო შვილმოკლული დედა საქართველოში“.

Your browser doesn’t support HTML5

გიგა ავალიანის დედის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურას ორკვირიანი ვადა მისცა და 6 იანვარს პროკურატურასთან აქცია დაგეგმა.