WHO რუსეთისგან დამატებით პასუხებს ითხოვს - არსებობს რისკი საქართველოსთვის?

ირკუტსკი, ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ტერიტორიის შესასვლელი. 2026 წლის 6 ოქტომბერი

ირკუტსკში ჭირის შესაძლო შემთხვევაზე WHO რუსეთისგან დამატებით პასუხებს ითხოვს - მათ შორის, დასტურდება თუ არა ეჭვი შესაძლო ჭირის კიდევ ერთ შემთხვევაზე. არსებობს თუ არა რისკები საქართველოსთვის და როდის შეიძლება გახდეს საჭირო დამატებითი ეპიდემიოლოგიური ზომები მიღება?

„შავი ჭირი მკურნალობის გარეშე უკიდურესად საშიში ინფექციაა, თუმცა ირკუტსკში ერთი შესაძლო შემთხვევა არც პანდემიის და არც საქართველოსთვის ეპიდემიური საფრთხის საფუძველს არ ქმნის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ივანე ჩხაიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

ის ამბობს, რომ ვითარება შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუკი დაავადება გარდაცვლილის კონტაქტებშიც დადასტურდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პირველი განცხადება

ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ ირკუტსკში შესაძლო ჭირით გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოში „არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს“, - ამის შესახებ მან 7 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის მინისტრი

ის ამბობს, რომ „შემთხვევების გამოვლენის ადგილი საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს და მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება...

ბუნებრივია, თუ ასეთი არსებობს, ჩვენ დაუყოვნებლივ მზად ვართ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც დაიცავს საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ "მინისტრის განცხადებით ვიხელმძღვანელოთ".

ეს დაავადება არასდროს გამქრალა - მსოფლიოში დღემდე არსებობს ენდემური კერები

შავი ჭირი, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პანდემია გამოიწვია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, XIV საუკუნეში ევროპაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, არასდროს გამქრალა.

თუმცა მოგვიანებით, განსაკუთრებით XX და XXI საუკუნეებში, მისი გავრცელება მკვეთრად შემცირდა.

დაავადება მსოფლიოში დღემდე ცირკულირებს. არსებობს ე.წ. ენდემური კერები - სადაც ჭირის შემთხვევები პერიოდულად კვლავ ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევების ძირითადი ნაწილი აფრიკაში ფიქსირდება, თუმცა დაავადება სხვადასხვა დროს გამოვლენილა აზიასა და ამერიკის კონტინენტზეც.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, CDC-ს მონაცემებით, აშშ-ში, ბოლო ათწლეულებში, წელიწადში საშუალოდ შვიდი შემთხვევა რეგისტრირდება. CDC-ს მიხედვით, 2014 წელს ფილტვის ჭირი კოლორადოში ოთხ პაციენტს დაუდასტურდა და ადამიანიდან ადამიანზე შესაძლო გადაცემაც ვერ გამოირიცხა.

WHO-ს 2026 წლის 29 სექტემბრის ანგარიშით, 2019–2025 წლებში ათმა ქვეყანამ ფილტვის ჭირის 3 847 სავარაუდო შემთხვევისა და 423 გარდაცვალების შესახებ აცნობა WHO-ს. ლეტალობა დაახლოებით 11% იყო. შემთხვევების უმრავლესობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მადაგასკარში დაფიქსირდა.

2019 წლის ნოემბერში მონღოლეთიდან პეკინში გადაყვანილ ცოლ-ქმარს ფილტვის ჭირი დაუდასტურდა. ჩინეთის CDC-ს მიხედვით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივ კერაში დაინფიცირდა, ხოლო მისი ცოლი - ქმრისგან, ანუ ეს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დოკუმენტირებული შემთხვევაა.

იმავე თვეში მონღოლეთში ბუბონური ჭირის ორი (ინფექცია ძირითადად ლიმფურ სისტემას აზიანებს და იწვევს ლიმფური კვანძების ძლიერ გადიდებას) შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში, 2019 წელს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ოთხი ადამიანის შემთხვევაა აღწერილი.

პირველი ორი პაციენტის გამო პეკინში 447 კონტაქტი, ხოლო მონღოლეთში 46 კონტაქტი მოათავსეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მათ შორის შემდგომი დაავადება არ გამოვლენილა.

რატომ გამორიცხავს ივანე ჩხაიძე ჭირის ერთი შემთხვევიდან პანდემიის დაწყებას?

ივანე ჩხაიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ირკუტსკში ერთი შესაძლო შემთხვევა შესაძლოა ახალი პანდემიის დასაწყისი გახდეს.

და ამის მიზეზად ის სწორედ წინა წლების გამოცდილებას ასახელებს - პერიოდებს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ენდემურ კერაში ჭირის შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუმცა ინფექცია პანდემიად არ ქცეულა:

„ათასობით შემთხვევა არ იქცა პანდემიის წყაროდ და ერთი შემთხვევა კატეგორიულად ვერ გახდება“, - ეუბნება ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით, პანდემიური გავრცელებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის მარტივად გადაცემაა. ფილტვის ჭირის დროს ასეთი გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტია საჭირო.

ივანე ჩხაიძე

„პანდემია, როგორც წესი, არის შემთხვევა, როდესაც გადაცემის გზა არის იოლი. ადამიანი არის თვითმფრინავში, დაავადდა და გვერდზე ვინც არის, ერთი დახველებით ყველას გადასდო. სწორედ ასე იყო კოვიდის შემთხვევაში. ის ძალიან მარტივად ვრცელდებოდა. ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ინფექციების დროს ასე ხდება. ამ შემთხვევაში კი ასე არ არის“.

ამიტომ, მისი შეფასებით, ირკუტსკში მომხდარი შემთხვევა თუნდაც საბოლოოდ ფილტვის ჭირად დადასტურდეს, არც მსოფლიოსთვის და არც საქართველოსთვის პანდემიურ საფრთხეს არ ქმნის.

რა შემთხვევაში გაიზრდება საფრთხე?

ივანე ჩხაიძეს მიაჩნია, რომ თუკი გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფ პირებშიც დადასტურდება ავადობის ფაქტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დიდი ალბათობით, მომხდარს ლოკალურ აფეთქებად შეაფასებს და ვითარება უკვე დამატებით რეაგირებას მოითხოვს.

„თუ იმ 200-მდე ადამიანში დადასტურდა შემთხვევები, რამდენიმეში მაინც, და უკვე გავრცელების რისკი გაცილებით მეტი გახდა, მაშინ შეიძლება ქვეყნებმა ზომების გამკაცრებაზე დაიწყონ ფიქრი“.

ასეთ ვითარებაში, მისი თქმით, უკვე მნიშვნელოვანი გახდება ინფიცირებული ადამიანების გადაადგილების, საერთაშორისო მიმოსვლისა და საზღვარზე შესაბამისი კონტროლის დაწესების საკითხი.

თუმცა ის ხაზს უსვამს, რომ, ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ ჰიპოთეზური სცენარია.

დროული მკურნალობის გარეშე დაავადება უკიდურესად საშიშია

ის, რომ ამ ეტაპზე ფილტვის ჭირს პანდემიური გავრცელების მაღალი პოტენციალი არ აქვს, ჩხაიძის თქმით, არ ნიშნავს, რომ თავად დაავადება ნაკლებად საშიშია.

პირიქით - დროული მკურნალობის გარეშე, განსაკუთრებით ფილტვის ფორმა, მაღალი ლეტალობით გამოირჩევა.

სწორედ ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დაავადების სწრაფ ამოცნობასა და მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას.

„თუ ამ დაავადებისას მკურნალობა არ ტარდება, ლეტალობა 100%-ია. თანამედროვე მედიცინას დღეს ჭირის წინააღმდეგ ეფექტიანი ანტიბიოტიკები აქვს და მკურნალობის შედეგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი 24 საათი.

მის სამკურნალოდ დღეს ოფიციალურად გამოიყენება ოთხი ანტიბიოტიკი - სტრეპტომიცინი, გენტამიცინი, ტეტრაციკლინი და ქლორამფენიკოლი. ეს არ არის ძვირადღირებული ან განსაკუთრებულად რთულად ხელმისაწვდომი მედიკამენტები.

თუ დიაგნოზი დაისვა, მკურნალობა ეფექტიანია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ 100%-ით ეფექტიანი იქნება - ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგრამ დროული ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში დაავადება, როგორც წესი, მკურნალობას ექვემდებარება“.

რა კითხვებს აჩენს ირკუტსკის შემთხვევა?

პირველი კითხვა, რომელსაც, ივანე ჩხაიძის თქმით, პასუხი დროულად უნდა გაეცეს, არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული დადასტურება - გარდაცვლილ ქალს მართლაც ჰქონდა ფილტვის ჭირი თუ არა.

რუსეთის შესაბამისი უწყებების მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საუბარია „დაუდგენელი გენეზის ფილტვის ანთებაზე“ და ოფიციალური ვერსიით, დაავადება მის სამუშაო გარემოს არ უკავშირდება.

მეორე კითხვა კი სწორედ გარდაცვლილის სამუშაო ადგილს უკავშირდება - ქალი მუშაობდა ლაბორატორიაში, რომელსაც კვლევითი საქმიანობისთვის ჭირის გამომწვევ ბაქტერიაზე ჰქონდა წვდომა.

ამიტომ, ივანე ჩხაიძის შეფასებით, მიუხედავად ოფიციალური ვერსიისა, ლაბორატორიული ინციდენტის შესაძლებლობაზე შეკითხვა ლეგიტიმურია.

„ეს ლაბორანტი მუშაობდა იმ დაწესებულებაში, რომელსაც, კვლევების მიზნით, შავი ჭირის ბაქტერიაზე ჰქონდა წვდომა. იმის ალბათობა, რომ შეიძლება რაღაც ტექნიკური ხარვეზი მოხდა, შუშა დაზიანდა ან სამუშაო პირობების სხვა დარღვევა იყო, სავსებით რეალისტურია“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

მთავარი საკითხი ახლა რუსეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობაა

ეპიდემიოლოგიური რისკის შეფასებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისრულე და გამჭვირვალობაა.

ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია

„ეჭვი სწორედ ის არის, რამდენად გამჭვირვალე იქნება რუსეთი ამ პროცესში“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

მისი შეფასებით, ერთი შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დამალვა თეორიულად შეიძლება შესაძლებელი იყოს, მაგრამ თუ დაავადება გავრცელდება და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ამის დამალვა გაცილებით რთული გახდება.

ამიტომ, ივანე ჩხაიძის შეფასებით, ამ ეტაპზე მთავარი ინდიკატორი სწორედ გარდაცვლილის კონტაქტებში მიმდინარე დაკვირვების შედეგებია. თუ მათ შორის დაავადება არ გამოვლინდება, ერთი შესაძლო შემთხვევა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ფართომასშტაბიან საფრთხედ ვერ ჩაითვლება. თუკი რამდენიმე დაკავშირებული შემთხვევა დადასტურდება, ვითარების შეფასება შეიცვლება და შესაძლებელი გახდება დამატებითი ეპიდემიოლოგიური ზომების განხილვაც.

სჭირდება თუ არა საქართველოს დამატებითი კონტროლი?

ივანე ჩხაიძის შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის არც საზღვრის ჩაკეტვის და არც სპეციალური ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს.

„საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ახლა საზღვრები უნდა დავკეტოთ, ამ ეტაპზე, არანაირ დონეზე ამის რეკომენდაცია არ არსებობს.

მსგავსი ზომების საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაცია საერთაშორისო დონეზე უნდა არსებობდეს და რეაგირება მხოლოდ საქართველოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება ვერ იქნება“.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის ვითარება უფრო საყურადღებო იქნებოდა მაშინ, თუკი შემთხვევათა გავრცელება უშუალოდ ქვეყნის მეზობლად მდებარე რეგიონებში დაიწყებოდა.

„მაგალითად, შემთხვევა რომ დაფიქსირდეს ვლადიკავკაზში, ჩვენ მზად უნდა გვქონდეს გეგმა, როგორ უნდა დავიცვათ საზღვრები.

ახლა რუსეთში ჭირის ის ერთი შემთხვევა თუნდაც დადასტურდეს და თუნდაც დამალული იყოს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ვერ გამოიწვევს ეპიდემიურ საშიშროებას და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის პრობლემას“.

ირკუტსკსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისი არ არსებობს, თუმცა ამ ქალაქიდან საქართველოში მოხვედრა გადაჯდომით შესაძლებელია.

მაგალითად, 6 ოქტომბერს, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებიდან ოთხ დღეში, ირკუტსკიდან მოსკოვის მიმართულებით, სულ მცირე, ექვსი პირდაპირი რეისი იყო დაგეგმილი. რეისები სრულდებოდა სხვა დიდ ქალაქებშიც, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში, ყაზანსა და ნოვოსიბირსკში.

შესაბამისად, ირკუტსკი–თბილისის პირდაპირი რეისის არარსებობა არ გამორიცხავს ირკუტსკიდან მგზავრის საქართველოში ჩამოსვლას სატრანზიტო ქალაქის გავლით. თუმცა ეპიდემიოლოგებს ამ ეტაპზე მიაჩნიათ, რომ ასეთი სამგზავრო კავშირის არსებობა ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ ნიშნავს.

ჭირი თუ უცნობი პნევმონია - რა მოხდა ირკუტსკში?

რუსეთის ირკუტსკის ოლქში ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომლის გარდაცვალებიდან ხუთი დღის შემდეგ კვლავ უცნობია, რამ გამოიწვია მძიმე პნევმონია და საბოლოოდ გამოირიცხა თუ არა უშუალოდ მის შემთხვევაში ფილტვის ფორმის ჭირი.

დარია შიპილოვა, რომელიც ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. მანამდე ის მძიმე პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირველივე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი შესაძლოა ფილტვის ფორმის ჭირით ყოფილიყო ინფიცირებული, სავარაუდოდ, ლაბორატორიაში პათოგენთან შემთხვევითი კონტაქტის შედეგად. ეს ინფორმაცია დღემდე ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

28 წლის დარია შიპილოვა

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირკუტსკის ოლქში ჭირის არცერთი შემთხვევა არ არის რეგისტრირებული. თუმცა მომხდარის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობების გამო რუსეთისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ვითარებას აკვირდება დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრიც.

ასევე ნახეთ

ირკუტსკში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი

რას ამბობს რუსეთი?

რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უწყების („როსპოტრებნადზორი“) ოფიციალური ინფორმაციით, შიპილოვას დიაგნოზი იყო „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონია“.

„როსპოტრებნადზორი“ 7 ოქტომბერს მორიგ განცხადებას აქვეყნებს და უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს რეგიონში გაძლიერებული სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური რეჟიმი და მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს. უწყების განცხადებით, ეს ინფორმაცია „ფეიკია“ და რეგიონში ასეთი რეჟიმი არ მოქმედებს.

უწყება აცხადებს, რომ გარდაცვლილის ბიოლოგიურ მასალაში მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოუჩენიათ. ოფიციალური ვერსიით, არც ინსტიტუტში გამოვლენილა ბიოუსაფრთხოების წესების დარღვევა ან პათოგენებთან დაკავშირებული ავარიული შემთხვევა.

მათივე ინფორმაციით, სპეციალისტები გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფ დაახლოებით 200 ადამიანს აკვირდებოდნენ და რეგულარულად უტარებდნენ ტესტირებას. მათ შორის გამოვლინდა COVID-19-ის ორი და რინოვირუსის ორი შემთხვევა, თუმცა ირწმუნებიან, რომ მათ ორგანიზმში სხვა საშიში ინფექციის გამომწვევი არ აღმოჩნდა.

6 ოქტომბერს შელეხოვის რაიონის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ იზოლაციაში მყოფთა დაახლოებით 60 პროცენტი უკვე გაწერილი იყო.

რუსეთის ჯანდაცვის უწყებებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) აცნობეს, რომ „ბოლო პერიოდში ირკუტსკის ოლქში ჭირის არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა“.

კითხვები, რომლებზეც WHO პასუხს ისევ ელოდება

6 ოქტომბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა, რომ პნევმონიური (ფილტვის) ჭირის ირკუტსკის ოლქში გავრცელების საფრთხე, წინასწარი შეფასებით, არის „ზომიერიდან დაბლისკენ“, მთლიანად რუსეთის ტერიტორიაზე - „დაბალი“, ევროპის რეგიონში კი - „ძალიან დაბალი“.

ეს შეფასება ორგანიზაციამ გააკეთა რუსეთის ჯანდაცვის უწყებიდან ოფიციალური დასტურის ან უარყოფის მოლოდინის ფონზე.

WHO-ს სპიკერმა ქრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა, რომ ამ დრომდე რუსეთის მიერ ოფიციალურად არ დადასტურებულა გარდაცვალების მიზეზი და არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევა.

7 ოქტომბერს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ WHO შემთხვევას პირველი მედიაცნობების გავრცელების დღიდან აკვირდება და რუსეთისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.

WHO-ს სამი ძირითადი კითხვა აქვს:

  • რამ გამოიწვია შიპილოვას მძიმე პნევმონია?
  • რომელი პათოგენის გამო გახდა საჭირო ეპიდემიოლოგიური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ზომების მიღება?
  • შეესაბამება თუ არა სინამდვილეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ინსტიტუტის მეორე თანამშრომლის შესახებ, რომელსაც ასევე დაუდგენელი მიზეზის პნევმონია აქვს?


ღებრეიესუსი წერს, რომ ორგანიზაცია რუსეთის ჯანდაცვის უწყებებთან კონტაქტზე რჩება და მათ ტექნიკური დახმარებაც შესთავაზა.

„ურთიერთგამომრიცხავი ცნობების გასარკვევად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის შესაძლო რისკების ზუსტად შესაფასებლად აუცილებელია ინფორმაციის დროული, სრული და გამჭვირვალე გაზიარება“, - დაწერა მან X-ზე.

ინფორმაცია ფილტვის ჭირის მეორე შესაძლო შემთხვევის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალებაში ვრცელდება. რუსული ონლაინპლატფორმა StarHit-ი წერს, რომ ირკუტსკის ანტიჭირის ინსტიტუტის კიდევ ერთ თანამშრომელს „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონია“ აქვს. ბრიტანული The Sun-ი კი 7 ოქტომბერს წერს „რუსული მედიის დაუდასტურებელ ცნობებზე“, რომელთა თანახმად, ირკუტსკის რეგიონში შესაძლოა მეორე ადამიანიც გარდაიცვალა ჭირით, თუმცა გამოცემა კონკრეტულ რუსულ პირველწყაროს არ ასახელებს. მეორე გარდაცვალების შესახებ მსგავსი ცნობა Daily Mail-მაც გაავრცელა „ადგილობრივ მედიაზე“ დაყრდნობით, ასევე კონკრეტული წყაროს დასახელების გარეშე. ამ დროისთვის არც მეორე ადამიანის ჭირით ინფიცირება და არც მისი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ტრამპი ამბობს, რომ პუტინთან ირკუტსკის შემთხვევაზე ისაუბრებს

7 ოქტომბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი და ერთ-ერთი საკითხი სწორედ ციმბირში ჭირის შესაძლო შემთხვევა იქნება.

ტრამპის თქმით, პუტინს ამ საკითხზე „ძალიან მალე“ დაელაპარაკება.

კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვთ მომხდარის შესახებ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს, ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხზე „ძალიან სიღრმისეულ განხილვებს“ აწარმოებს.

„ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, სავარაუდოდ, ხვალ შევძლებთ“, - თქვა დონალდ ტრამპმა 7 ოქტომბერს.

7 ოქტომბერსვე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთს მეტი ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ვაშინგტონი ვითარებას „საათიდან საათამდე“ აკვირდება. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რეალურად რამდენად სერიოზულია შემთხვევა - „შესაძლოა იქ არაფერი იყოს, შესაძლოა იმაზე მასშტაბური იყოს, ვიდრე გვეგონა".

რას ამბობს ECDC?

ირკუტსში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრიც - ECDC.

6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ცენტრი წერს, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია შეზღუდულია, თუმცა მეორეული შემთხვევები არ დაფიქსირებულა და ადამიანიდან ადამიანზე მდგრადი გადაცემის მტკიცებულება არ არსებობს.

ECDC-ს განმარტებით, ფილტვის ფორმის ჭირი მძიმე ინფექციური დაავადებაა და ინფიცირებული ადამიანის ხველისას წარმოქმნილი წვეთებით შეიძლება გავრცელდეს. თუმცა გადაცემისთვის, როგორც წესი, საჭიროა ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან, რომელსაც უკვე აქვს სიმპტომები.

ევროპულ ცენტრში ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში ჭირის შემთხვევა ათწლეულებია არ დაფიქსირებულა.

რა ზომებს იღებენ სხვა ქვეყნები?

ირკუტსკში განვითარებული მოვლენების შემდეგ ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთში ვითარებას აკვირდება და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ახორციელებს. უწყების ცნობით, ქვეყანაში მაღალი ტემპერატურის ან განსაკუთრებით საშიში ინფექციის ნიშნების მქონე მგზავრი არცერთი სახის ტრანსპორტით არ გამოვლენილა.

ყირგიზეთმაც გააძლიერა სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სასაზღვრო პუნქტები გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში მუშაობენ და კონტროლდება საზღვრის გადამკვეთი პირები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთები.

შესაბამისი ზომები მიიღო უზბეკეთმაც. ქვეყნის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა შესაბამისი უწყებების მზადყოფნა გაზარდა, რათა თავიდან აიცილოს ინფექციის შესაძლო შემოტანა და გავრცელება. უზბეკეთის ხელისუფლების განცხადებით, ვითარებას რუსეთის ოფიციალური უწყებებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით აკვირდებიან.

ასევე ნახეთ

შავი ჭირი, იზოლაცია და საერთაშორისო შეშფოთება - რა ხდება ირკუტსკში ლაბორანტის სიკვდილის შემდეგ