უწყების ცნობით, 7 აგვისტოს გამოიკითხა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის ავტორიც.
გურამ დადიანიძის დედა დარწმუნებულია, რომ 12 წლის წინ Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოში ისმის მისი შვილის ხმა და სიტყვები: „არ მიმატოვო, გეხვეწები”.
„მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოიკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
დადიანიძის გაუჩინარება - შსს-ს ვერსია
საქმის მასალების მიხედვით, 2014 წლის 10 ივნისს სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის სალოცავში თბილისის თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა; მიკროავტობუსი სოფელ მლეთაში გაჩერდა და მათ ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.
„აღნიშნული პირები სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 2 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო, როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი“, - ამბობს შსს.
უწყების ცნობითვე, დადგინდა, რომ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი:
- „შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე უკვე გზის სირთულე აღარ იყო და თითქმის ჩასულები იყვნენ ავტომობილთან, ასევე მისი მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, იმ მომენტისთვის მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა“;
- „მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა, როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა“;
- „აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა“.
შსს-ს ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ დადიანიძეს არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ის ჩამოჯდა, მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი.
უწყება ამტკიცებს, რომ საქმეზე გამოკითხულია ყველა, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე ჩატარდა „ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს“.
შსს-ს განცხადების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე „რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა“.
„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა. 2014 წელს, დუშეთის რაიონულ სამმართველოში, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე შეიქმნა სამძებრო საქმე და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარდა ყველა საჭირო სამძებრო ღონისძიება“, - ამბობენ უწყებაში.
დედის მოთხოვნა
გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, თავისი შვილის გაუჩინარების ადგილთან ახლოს მდებარე ტერიტორიის სპეცტექნიკით შესწავლას ითხოვს. ბიბილაშვილის ინფორმაციით, ადგილზე 2014 წელს მეწყერი ჩამოწვა.
მეწყრის ჩამოწოლასთან დაკავშირებულ ვერსიას უარყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურაბ ბურდული.
ლომისის სალოცავთან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია იწყება, თუმცა გურამ დადიანიძის მიერ გამყოფი ხაზის გადაკვეთა არ დასტურდება არც საოკუპაციო ძალების, არც თვითმხილველების მხრიდან.