რუსი ტურისტი ქალის ცემის გამო ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები დააკავეს

კოლაჟი: ახრა კვეკვესკირი და დაზარალებული ქალის მიერ მიღებული ტრავმა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი ქალის სასტიკი ცემისთვის 36 წლის ახრა კვეკვესკირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მას ბრალად ედება რუსეთის ქალაქ ჩერკესკიდან ჩამოსული 37 წლის ქალისთვის ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

ინციდენტი 2 აგვისტოს სოხუმში მდებარე კაფე-ბარ „ნემოსთან“ მოხდა, სისხლის სამართლის საქმისა და სასამართლოს მიერ კვეკვესკირის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია კი აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 აგვისტოს გაავრცელა.

რუსულ მედიას უწყების ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა განუცხადა, რომ ბრალდებული „კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“.

არსებული ინფორმაციით, კვეკვესკირს რუსი ტურისტის გაცნობა სურდა, უარის მიღების შემდეგ კი კონფლიქტი წამოიწყო და ფიზიკური ძალა გამოიყენა.

დაზარალებულმა ქალმა სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო, მათ შორის ზედა და ქვედა კიდურების ჰემატომები და ნაკაწრები, სახეზე ჭრილობები, ტვინის შერყევა და დახურული ქალა-ტვინის ტრავმა.

დაზარალებულის ახლობლების თქმით, საავადმყოფოში ქალთან მივიდნენ პირები, რომლებიც სთხოვდნენ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიემართა და აფხაზეთი რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა.

ინციდენტის მომენტში კვეკვესკირი სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში უნდა ყოფილიყო - მას ადამიანის გატაცებას, გამოძალვას, ძარცვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას ედავებიან.

ასევე ნახეთ

„ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდება დაადასტურა
  • 2024 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამ გაფრთხილების მიზეზი გახდა აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთიდან ჩასული ტურისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის (გაუპატიურება და ძარცვა) გასამართლებულ კაცს სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.