ხუთწლიანი პატიმრობა 128 ლარად შეფასებული ჯართის ქურდობის მცდელობისთვის - რა წერია საქმეში?

ფოტოილუსტრაცია

22 წლის ბექა ხონელიძე 128 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობის მცდელობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთი წლით გაუშვა საპატიმროში. მსჯავრდებული 19 ოქტომბერს, სასამართლოს დარბაზში დააკავეს და ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმარი ბრალს არ აღიარებს. ბექა ხონელიძის ინტერესების დამცველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რაც ბექა ხონელიძის ბრალს დაადასტურებს. მისი თქმით, 22 წლის ახალგაზრდა ცრუ ჩვენებების საფუძველზეა დაკავებული. ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბექა ხონელიძე 2020 წლიდან პირობით სასჯელს იხდის. სასჯელის ვადა მას 2025 წელს ეწურება. მსჯავრდებულის ადვოკატი, ვახტანგ დვალიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ პირობითი სასჯელია მიზეზი, რის გამოც ბექა ხონელიძე დააკავეს და ის დანაშაული „მიაკერეს, რომელიც მას არ ჩაუდენია“:

„ძალიან ცუდ პრაქტიკას მისდევს პროკურატურა, როდესაც ეს სტრუქტურა უდანაშაულო ადამიანს იჭერს მხოლოდ იმის გულისთვის, რომ ის ადრე ნასამართლევია და პროკურატურის აზრით, ის ახლაც ჩაიდენდა დანაშაულს. იპოვიან განტევების ვაცს და საქმე გაუხსნელი რომ არ დარჩეთ, ასე მიჰყავთ საქმე ბოლომდე. ამ საქმეზე განაჩენი დადგა ორი პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლის ჩვენებების საფუძველზე. სხვა არანაირი მტკიცებულება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ახალგაზრდამ დანაშაული ჩაიდინა, არ არსებობს“, - ირწმუნება ადვოკატი.

რა მოხდა 2021 წლის 9 დეკემბერს? - რას ჰყვებიან პოლიციელები და დაცვის თანამშრომელი?

ბრალდება ამტკიცებს, რომ ბექა ხონელიძემ 32 ცალი თუნუქის ფურცლის მოპარვის სცადა „საქართველოს ფოსტის“ ავტოსადგომის ტერიტორიიდან. ჯართის ღირებულება სასაქონლო ექსპერტიზამ 128 ლარად შეაფასა.

"საქართველოს ფოსტის" სათავსოს უფუნქციოდ დარჩენილი ტერიტორია

როგორც პოლიციელების გამოკითხვის ოქმებიდან ირკვევა, მათ მსჯავრდებული ქურდობის მცდელობისას დააკავეს.

„2021 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 16:25 საათზე, ჩვენს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მე-5 შესახვევის #7-ში განთავსებული „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილი საწყობის გაქურდვის ფაქტზე. აღნიშნულზე, მე და ჩემი თანამშრომელი დაუყოვნებლივ გავემართეთ მითითებულ მისამართზე, სადაც დაგვხვდა ტერიტორიის დაცვის თანამშრომელი მ.ე., რომელმაც განგვიმარტა და მიგვითითა, რომ საწყობის ტერიტორიის ბოლოს, ერთ-ერთი საწყობის სათავსოდან ისმოდა ხმაური და სავარაუდოდ, მიმდინარეობდა ქურდობის ფაქტი. გავემართეთ, სადაც დავინახეთ, რომ საწყობს გადმონგრეული ჰქონდა კედელი და საწყობის სათავსოში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის „ძალაყინის მაგვარი“ დეტალი. აღნიშნულ პიროვნებას იქვე ედო მუყაოს ყუთი, რომელშიც ალაგებდა ლითონის ფურცლებს. გამოვკითხეთ ვინაობა და მისი საწყობში ყოფნის მიზეზი. გვიპასუხა, რომ საწყობის კედლიდან ხსნიდა და იპარავდა ლითონის ფურცლებს“, - ყვება საქმის მოწმე პოლიციელი.

იგივე უთხრა გამოძიებას მეორე პოლიციელმაც. გამოკითხვის ოქმში ის სიტყვა-სიტყვით იმეორებს კოლეგის ფრაზებს.

რაც შეეხება დაცვის თანამშრომელს, რომელსაც 9 დეკემბერს საწყობის ტერიტორიაზე ხმაური შემოესმა, გამოძიებას უყვება:

„16:10-ზე გამოვედი დაცვის დაცვის ოთახიდან და განვახორციელე ავტოფარეხის ტერიტორიის შემოწმება-შემოვლა. დაახლოებით 16:20-ზე, როდესაც მივუახლოვდი ტერიტორიაზე განთავსებულ სასაწყობე ფართს, მოულოდნელად ფართის შიგნიდან მე გავიგონე ხმაური. დავაკვირდი ხმაურს, რომელიც გამოდიოდა სასაწყობე ფართიდან. აღნიშნული სასაწყობე ფართის მარჯვენა ნაწილში შენახულია „საქართველოს ფოსტის“ ნივთები, ხოლო მარცხენა ნაწილი არის უფუნქციო. ფართის მარჯვენა ნაწილის კარი გარედან იყო დაკეტილი ბოქლომით და მივხვდი, რომ ვიღაცამ უკანონოდ შეაღწია აღნიშნული საწყობის უფუნქციო ნაწილში და მიმდინარეობდა ქურდობის ფაქტი“.

დაცვის თანამშრომელი ყვება, რომ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში მეწყვილე რ.თ., რომელმაც პოლიციაში დარეკა და ქურდობის შესახებ შეატყობინა.

მისი სიტყვებით, პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა. პოლიციის ორ თანამშრომელთან ერთად, პირადად დაინახა საწყობის ტერიტორიაზე მყოფი ახალგაზრდა, მოყვითალო ყუთში ჩაწყობილ ლითონის ფირფიტებით და ძალაყინით ხელში. გამოკითხვის ოქმში ისიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს პოლიციელების ჩვენებებს.

საქმის მასალებში არ დევს დაცვის იმ თანამშრომლის ჩვენება, რომელმაც პოლიციაში დარეკა.

მსჯავრდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მან უარი თქვა სასამართლოში მისვლაზე : „როგორც ჩანს, ეს მოწმე პატიოსანი ადამიანია და მას არ სურდა ამ სიბინძურეში მონაწილეობა“.

სად და რომელ მისამართზე დააკავეს მსჯავრდებული - რატომ არის დაკავების მისამართი მნიშვნელოვანი დეტალი?

გაბრიელ სალოსის 144 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის, ახლა კი დევნილებით დასახლებული კორპუსის გვერდით, ბეტონის გალავნით შემოღობილი ტერიტორიაა. უფრო ზუსტად, ნახევრად შემოღობილი ტერიტორია. ღობეს არც ჭიშკარი აქვს, არც რაიმე ამკრძალავი ნიშანი, შესაბამისად, მის მიღმა, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, ფაქტობრივად, ღია ტერიტორიაზე შედიხარ და ხვდები ნაგავსაყრელად ქცეულ სივრცეში - რკინის, ბეტონის, ჩონჩხადქცეული ავტომობილის, ფიცრებისა თუ ქაღალდების გარემოცვაში. ტერიტორია შპს. „საქართველოს ფოსტას“ ეკუთვნის.

"საქართველოს ფოსტის" კუთვნილი ტერიტორიის მიტოვებული ნაწილი

„საქართველოს ფოსტის“ ეს ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია, ესაზღვრება ამავე კომპანიის ავტოსადგომსა და საწყობს, რომლის შესასვლელიც გაბრიელ სალოსის მეხუთე შესახვევის 7 ნომერში მდებარეობს. ის ე.წ. შლაგბაუმითაა ჩაკეტილი, იქვე დგას საგუშაგო კაბინა და ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ საშვითაა შესაძლებელი.

ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიასა (გაბრიელს სალოსის #144) და შლაგბაუმით ჩაკეტილ შესასვლელს (გაბრიელ სალოსის მეხუთე შესახვევი, #7) ერთმანეთისგან google map-ის თანახმად, დაახლოებით ნახევარი კილომეტრი აშორებს.

მანძილი გაბრიელ სალოსის 144 ნომრიდან გაბრიელ სალოსის მეხუთე შესახვევის 7 ნომრამდე

ბექა ხონელიძე სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი სახლის, ბერი გაბრიელ სალოსის #144-თან მდებარე შესასვლელში, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე დააკავეს, ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც არანაირი ბარიერი, ჭიშკარი თუ გამაფრთხილებელი ნიშანი არ იცავს და სადაც შესვლა ნებისმიერს შეუძლია.

ღია შესასვლელი გაბრიელ სალოსის #144-დან

თუმცა საქმის მასალებში ვკითხულობთ, რომ მსჯავრდებული სამართალდამცავებმა არა ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, არამედ გაბრიელ სალოსის მეხუთე შესახვევის 7 ნომერში მდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. იქ, სადაც შლაგბაუმია დამონტაჟებული და არის დაცული ტერიტორია.

სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბექა ხონელიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს, ანუ სადგომში უკანონო შეღწევით არაერთგზის ქურდობის მცდელობას ედავებოდა. მოსამართლე კი თავის განაჩენში წერს, რომ „სადგომში შეღწევა უკანონოა, თუკი იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს, რაც ხორციელდება წინააღმდეგობის გადალახვის გზით სადგომში შესვლით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ბექა ხონელიძის მხრიდან“.

შესასვლელი გაბრიელ სალოსის მეხუთე შესახვევის #7-დან

თუმცა, რეალურად, ბექა ხონელიძეს „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ, უფუნქციოდ დარჩენილ ტერიტორიაზე შესასვლელად არანაირი ბარიერი არ გადაულახავს, იქ არც ამკრძალავი ნიშანი ყოფილა და ამ ტერიტორიაზე მოხვედრა დღესაც ასე, ყოველგვარი წინაღობის გარეშეა შესაძლებელი.

შესაბამისად, ბექა ხონელიძის ადვოკატი, ვახტანგ დვალიშვილი თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკავების ადგილის მისამართის ცვლილება, სამართალდამცავებმა საქმის განზრახ დასამძიმებლად გამოიყენეს:

"ხონელიძეს 117-ე მუხლის მესამე ნაწილი არასწორად აქვს წაყენებული. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე დართულ სურათებშიც ჩანს, რომ იმ ტერიტორიას შესასვლელი კარი არ აქვს და ბრალდების მხარეს სხვა უტყუარი მტკიცებულებაც კი არ წარმოუდგენია საქმეში, რომლითაც დაამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილის ტერიტორიას აქვს შესასვლელი კარი და ღობეზე აქვს ამკრძალავი წარწერები. რეალურად, შემთხვევის ადგილი არის მიტოვებული ღია ტერიტორია და დღესაც უამრავი ადამიანი შედის და გამოდის ამ ტერიტორიიდან".

„ძალაყინი“ - როგორ გაჩნდა ის და რატომ არ ჩატარდა მასზე ექსპერტიზა?

გარდა იმისა, რომ ბექა ხონელიძე არ აღიარებს ქურდობის მცდელობას, ამბობს, რომ ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, რომელიც მისი სახლის უკან მდებარეობს, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იყო შესული, ის ასევე ირწმუნება, რომ „ძალაყინი“, რომელიც საქმეში დევს და რომელიც საქმის მასალების თანახმად, ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მის ხელში აღმოაჩინეს, მას არ ეკუთვნის. ბექა ხონელიძე ამბობს, რომ „ძალაყინი“ შემთხვევის ადგილზე პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიიტანა.

ბექა ხონელიძე სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, ჯ.ო.,-ს მის მიმართ პირადი ინტერესები აქვს, მას ხშირად აჩერებდა და ემუქრებოდა, რომ დააკავებდა და ჩასვამდა ციხეში. მისი თქმით, „ძალაყინიც“ სწორედ მან მიიტანა შემთხვევის ადგილზე.

მსჯავრდებულის ეს ჩვენება მოსამართლემ არ ჩათვალა სარწმუნოდ და განაჩენში ჩაწერა, რომ „სასამართლოს მიაჩნია, რომ ბექა ხონელიძის ჩვენება მოგონილია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით და აშკარად ეწინააღმდეგება მხარის მტკიცებულებებს, რომლებიც პირდაპირ ამხელენ ბექა ხონელიძეს“.

გარდა ამისა, სასამართლო განაჩენში ვკითხულობთ, რომ „მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; მტკიცებულებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან“.

მტკიცებულებების საკითხთან დაკავშირებით სრულიად სხვა მოსაზრება აქვს მსჯავრდებულის ადვოკატს. როგორც ვახტანგ დვალიშვილი ამბობს, გარდა პოლიციელებისა და დაცვის თანამშრომლის ჩვენებისა, საქმეში არ დევს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს. განსაკუთრებულ აქცენტს კი აკეთებს იმ ფაქტზე, რომ საქმეზე, გარდა სასაქონლო ექსპერტიზისა, ანუ ჯართის ღირებულების შეფასებისა, სხვა არანაირი ექსპერტიზა არ ჩატარებულა:

„როდესაც ქურდობა ხდება და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პოლიცია დამნაშავეს აკავებს ფაქტზე, ასეთ დროს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში, ყოველთვის მონაწილეობენ ექსპერტები, რომლებიც ამოღებული ნივთებიდან ხელის კვლების ნიმუშებს იღებენ და შემდგომ შესაბამის ექსპერტიზებს ატარებენ, რათა ამ ექსპერტიზების საფუძველზე მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები მოიპოვონ და დაამტკიცონ პირის ბრალეულობა ქურდობაში. ადგილზე დათვალიერების ოქმით ჩანს, რომ ფირფიტების ამოღებაში არანაირ კრიმინალისტებს არ მიუღიათ მონაწილეობა, რადგან მათი მონაწილეობა ბრალდების მხარეს არანაირად არ აწყობდა. რეალურად, ბრალდებულ ბექა ხონელიძეს მართლაც რომ ჩაედინა ქურდობა, მაშინ ბრალდების მხარე ყველანაირ ექსპერტიზას დანიშნავდა. ბრალდების მხარე უპირველესად ხელის კვლების ნიმუშს აიღებდა და ანაბეჭდებზე ექსპერტიზას დანიშნავდა. ე.წ. ძალაყინზე ჩაატარებდა ექსპერტიზას, ფირფიტებზე, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა“.

მაკა ხონელიძე, ბექას დედა, თავად შეესწრო შვილის დაკავების ფაქტს. უმცროსმა, 13 წლის შვილმა შეატყობინა ეზოდან, პოლიციაა მოსული და ბექას ელაპარაკებიანო. მაკა ხონელიძე თითქმის 10 წელია ოჯახთან ერთად, გაბრიელ სალოსის 144 ნომერში, დევნილთა კორპუსში ცხოვრობს. ის სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს.

მაკა ხონელიძეს იმ ადგილას მივყავართ, სადაც 2021 წლის 9 დეკემბერს ბექა ხონელიძე დააკავეს.

მაკა ხონელიძე

„ფაქტობრივად ჩვენი სახლის უკანა ეზოა. აქაური ბავშვები ხშირად თამაშობენ ამ ტერიტორიაზე. მიტოვებული ადგილია. რაც წასაღები და გასატანი იყო, ისედაც წაღებულია. ჩემმა შვილმა პოლიციასაც უთხრა და სასამართლოსაც, თუკი ოდესმე რაიმე დამიშავებია, იმ დანაშაულზე უარი არასდროს მითქვამს და მიღიარებია, მაგრამ ამ შემთხვევაში, არაფერი დამიშავებია, ხელი არაფრისთვის მიხლია და როგორ ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენიაო“.

ბექა ხონელიძე 19 ოქტომბერს სასამართლოს დარბაზში დააკავეს. მანამდე ის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული:

„მე სოციალურად დაუცველი ვარ. რომ არა მეზობლები და მეგობრები, ამ თანხას ვერ შევაგროვებდი. აქ ყველამ იცის, რომ ბექას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ამიტომ ყველა გვერდში დამიდგა. მთელი ეს თვეები, 11 თვის განმავლობაში, ბექა გორიდან დადიოდა სასამართლოს სხდომებზე. ცოლთან და ერთი წლის შვილთან ერთად, გორში, ცოლის ოჯახში ცხოვრობს. იქვე მუშაობდა მშენებლობაზე, ცდილობდა ოჯახი საკუთარი შემოსავლით ერჩინა, რადგან იცოდა, რომ მე აქედან ვერაფრით დავეხმარებოდი და არც ცოლის ოჯახს აქვს ამის შესაძლებლობა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი უდანაშაულობა დავამტკიცო. იმის გამო, რომ პირობითი სასჯელი ჰქონდა, ხომ არ შეიძლება, რომ თუკი სადმე რაიმე დანაშაული მოხდება ან ეჭვი გაუჩნდებათ დანაშაულის ჩადენაზე, ჩემს შვილს მოჰკითხონ პასუხი?“

რა კითხვები შეიძლება არსებობდეს გამოძიებასთან?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როდესაც სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებების სახით დევს მაგალითად, პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ისინი სასამართლოსთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს:

„ჩვენ ხშირად გვქონია ასეთი პრაქტიკა, რომ სიტყვებიც კი მეორდება ამ ჩვენებებში. სასამართლო, რიგ შემთხვევებში, იზიარებს, რომ პოლიციელების ერთგვაროვანი ჩვენებები ნაკლებად სანდოდ მიიჩნევა. ეს რა თქმა უნდა, ნდობის კუთხით, სასამართლოსთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, პოლიციელების ჩვენებებსაც აქვთ მნიშვნელობა, მაგრამ თუკი ეს ჩვენებები ერთგვაროვანი სახითაა წარმოდგენილი, მაშინ უფრო მარტივად ხდება აპელირება დაცვის მხრიდან, რომ პირს წინა ნასამართლეობის გამო წარუდგინეს ბრალი და ასე ვთქვათ, „შეაწმინდეს ხელი“. საქმეზე აუცილებლად უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტი, რაც გულისხმობს რამდენიმე სახის, მინიმუმ ორი ობიექტური მტკიცებულების არსებობას. ამ შემთხვევაში, თუკი ადამიანს ვადანაშაულებთ, რომ მას ჰქონდა ჯართის ქურდობის მცდელობა, მაშინ გამოძიებას აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა ნივთებზე, სადაც ერთ-ერთ ნაჭერზე მაინც აღმოჩნდებოდა ბრალდებულის თითის ანაბეჭდი. თუკი ასეთი ტიპის ექსპერტიზა არ ტარდება, მაშინ ეს გამოძიების ხარვეზად ითვლება“.

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმის შესახებ, რომ ბექა ხონელიძეს მხოლოდ იმიტომ წარუდგინეს ბრალი, რომ ის წარსულში ნასამართლევია, თამარ ბოჭორიშვილი ამბობს:

„არაერთი, მათ შორის, საიას ბენეფიციარების ადვოკატები და იურისტები აღნიშნავენ, რომ ნასამართლეობის მონაცემებში მოხვედრილი ადამიანები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არიან და როდესაც, მაგალითად, ამა თუ იმ კონკრეტულ უბანში ხდება დანაშაულებრივი ფაქტი, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, რომ ეს დანაშაულები ამ ადამიანებს მიეწეროთ. არაერთი ბენეფიციარი გვყოლია, ვინც ამ პრობლემაზე მიუთითებს, მაგრამ ამის გადამოწმება ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, ჩვენს ძალებს აღემატება. თუმცა, ამ ყველაფერში ლოგიკა ნამდვილად არის და მეც, პირადად, არაერთხელ მქონია განცდა, რომ ეს ადამიანები გულწრფელად საუბრობენ ასეთ საკითხებზე“.

რატომ ასეთი სასჯელი - ხუთი წელი?

128 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობის მცდელობისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას, ანუ სასამართლოს მხრიდან ზიანთან შედარებით საკმაოდ მკაცრი სასჯელის გამოყენებას, თამარ ბოჭორიშვილი იმით ხსნის, რომ ბექა ხონელიძე ახალი ბრალის წარდგენამდე პირობით სასჯელს იხდიდა:

„აქ ლაპარაკია მანამდე მისჯილ პირობით სასჯელზე. ასეთ დროს მოქმედებას იწყებს შეკრებითობის წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მსჯავრდებულს გაუცოცხლდა წინა საქმე, რომელსაც უნდა დაემატოს კიდევ ორი წელი. ანუ, ხუთწლიანი პატიმრობა გამოიწვია სწორედ ამ მოცემულობამ. მესმის, რომ ჯართის ქურდობის მცდელობისთვის ხუთწლიანი სასჯელი წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ რადგან სახეზეა დანაშაულის არაერთგზის ჩადენა, კანონში არსებული ჩანაწერიდან გამომდინარე, ეს ავტომატურად იწვევს ამ ტიპის სასჯელს“, - გვეუბნება თამარ ბოჭორიშვილი.

ზიანთან შედარებით არაპროპორციული სასჯელის გამოყენება - პრაქტიკა და ტენდენციები

გასულ წელს ჯართის ქურდობისთვის ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა 28 წლის ნიკოლოზ სემიანოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ. მას გამოძიება მეტალიურგიული ქარხნის ტერიტორიიდან რამდენიმე კილოგრამი ჯართის ქურდობას ედავებოდა. ბექა ხონელიძის მსგავსად, დაკავების მომენტში ისიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა და ბრალს არ აღიარებდა.

მსჯავრდებულის ცოლი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ ქმრის დაკავების შემთხვევაში, ოჯახი „შიმშილით მოკვდებოდა“.

საბოლოოდ ნიკოლოზ სემიანოვმა საპატიმროში წელიწადი და 18 დღე გაატარა. მისი ადვოკატი, თემურ მაგრაქველიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სააპელაციო სასამართლომ ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა:

„სააპელაციო სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. საქმეში არსებული მტკიცებულებები აჩვენებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა შეეცვალა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმროდან უნდა გამოეშვა. სწორედ ამ პერიოდში, პროკურატურამ დაკავებულის ოჯახის წევრებთან დაიწყო მოლაპარაკებები და მათ საპროცესო შეთანხმება შესთავაზა, რასაც მე არ ვეთანხმებოდი. ციხეშიც შევედი და ველაპარაკე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს. თუმცა, საბოლოოდ, პროკურატურამ ოჯახი დაითანხმა საპროცესო შეთანხმებაზე. გამოვიდა, რომ უდანაშაულო ადამიანი ცნობილი იქნა დამნაშავედ და ასე გათავისუფლდა საპატიმროდან“.

ზიანთან შედარებით არაპროპორციული სასჯელების გამოყენების პრაქტიკა არც თუ იშვიათია ქართულ მართლმსაჯულებაში. წლებია ამ ტიპის საქმეებს აკვირდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ორგანიზაციის ანალიტიკოსის, თამარ ბოჭორიშვილის პრაქტიკაში არაერთი საქმე დაგროვდა, როდესაც მაგალითად, მაღაზიიდან 5-7 ლარის ღირებულების პროდუქტის ქურდობისთვის საქმე სასამართლომდე მისულა და საბოლოოდ, საპროცესო შეთანხმებით დასრულებულა.

თამარ ბოჭორიშვილის თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეკომენდაციაა, რომ ასეთი შემთხვევებისას პროკურატურამ უნდა გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება და არ დაიწყოს პირის სისხლის სამართლებრივი დევნა:

„ასეთ საქმეებზე იხარჯება მნიშვნელოვანი სახელმწიფო რესურსი. იწყება გამოძიება, ერთვება პროკურატურა, საქმე მიდის სასამართლომდე და შემდეგ საქმე სრულდება საპროცესო შეთანხმებით. საიას რეკომენდაციაა, რომ პროკურატურამ საერთოდ არ დაიწყოს დევნა ასეთი ტიპის საქმეებზე. ჩვენი კანონმდებლობით, მნიშვნელოვანი ზიანი წარმოადგენს ზიანს, რომელიც შეადგენს 150 ლარსა და მეტს. ცხადია, ხუთლარიანი ზიანის შემთხვევაშიც, გამოძიებას კანონმდებლობით გააჩნია უფლება, რომ დაიწყოს დევნა და პირი მისცეს პასუხისგებაში, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს კანონმდებლობაში გვაქვს ბრალდების მხარის დისკრეციის უფლება, როდესაც გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაიწყებს თუ არა დევნას. ეს დისკრეციული უფლებამოსილება გააჩნია პროკურატურას. ამ ტიპის საქმეები, როგორც წესი სრულდება საპროცესო შეთანხმებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დგება გამამტყუნებელი განაჩენი, პროკურატურას კი ეს საქმე გახსნილი საქმეების სტატისტიკაში ეთვლება. ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია და მათ შორის, როდესაც გვაქვს შეხვედრები პროკურატურასთან, სულ ვამბობთ, რომ სტატისტიკის გამო ასეთი საქმეები სისხლის სამართლის მიმართულებით არ უნდა მიდიოდეს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და მძიმე საქმე თაროზეა შემოდებული“.

გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში, არაერთი საქმე დაგროვდა, როდესაც ზიანის სიმცირიდან გამომდინარე, ამ საქმეებზე როგორც კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ბრალდება და შემდეგ უკვე სასამართლო ხისტ პოლიტიკას ირჩევდა და ადამიანებს რამდენიმე წლით უშვებდა ციხეში.

ერთ-ერთი ასეთი საქმე, რომელზეც ჟურნალისტმა 2012 წელს იმუშავა, სწორედ ჯართის ქურდობას ეხებოდა. 19 წლის გიორგი ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 56 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობის მცდელობაში მონაწილეობისთვის 8 წელი მიუსაჯა.

გიორგი მგელაძისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულ ჟურნალისტური გამოძიება მიუთითებდა საქმეში არსებულ ხარვეზებზე. ჟურნალისტების მიერ მოძიებული მტკიცებულებებით გაირკვა, რომ გიორგი ჩუბინიძე მხოლოდ დაქირავებული ტაქსის მძღოლი იყო და ჯართის მოპარვაში არ მონაწილეობდა. მეტიც, ჯართის ნაწილი გიორგი ჩუბინიძის მგზავრებს მეზობელმა აჩუქა, ნაწილი კი ნანგრევებიდან იყო შეგროვებული. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა:

გიორგი მგელაძე

„სტუდია მონიტორში“ ჩემი ათწლიანი მუშაობის განმავლობაში, პირადად მე სულ მცირე ხუთ ისეთ გამოძიებაზე მაქვს ნამუშევარი, სადაც ზიანი იყო იმდენად უმნიშვნელო, რომ მათზე არც კანონმდებლობით, არც საერთაშორისო პრაქტიკით, სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც პატიმრობით დასრულდებოდა, არ იყო გამართლებული. დღემდე ყურებში ჩამესმის მოსამართლე ნინო გვენეტაძის სიტყვები, რომელიც ერთ-ერთ მორიგ საქმეზე მუშაობისას ჩავწერე და რომელიც 56 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობისთვის დაპატიმრებულ პირს შეეხებოდა. მაშინ მითხრა, მოსამართლე უნდა იყოს მომჭირნე ასეთ საქმეებზე და სახელმწიფო რესურსს უნდა უფრთხილდებოდესო. მახსოვს, რომ ერთ-ერთი გამოძიების დროს, 35 ლარად ღირებული ფიცრის ქურდობისთვის დააპატიმრეს მცხეთელი მოქანდაკე, რომელსაც ვიღაცამ აჩუქა ფიცარი ქანდაკებაზე სამუშაოდ. მაშინ ამ საქმეს ისეთი სკანდალი მოჰყვა, რომ სასამართლო იძულებული გახდა გამოეყენებინა განრიდების მექანიზმი. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ადრეც და ახლაც, სისხლის სამართლის საქმეები ძალიან დაბალი სტანდარტით არის გამოძიებული“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსის, თამარ ბოჭორიშვილის თქმით, სასამართლოს მონიტორინგი ცხადყოფს იმასაც, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოები სათანადო გულისხმიერებით არ ეკიდებიან სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებს. მათი რეაგირება უფრო მეტად ორიენტირებულია ბრალდებულთა დასჯასა და არა მათ შემდგომ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე:

„პრაქტიკაში გვქონია, რომ კვებითი საჭიროების პროდუქტების ქურდობის საქმეებზე, მაგალითად, შოკოლადი, კონსერვი, ადამიანები მოუყვანიათ სასამართლოში, მაშინაც კი, როდესაც მათ არ ჰქონიათ კრიმინალური წარსული. სოციალური სიდუხჭირის გამო ჩადენილი დანაშაულები - ასე ვუწოდებთ ჩვენ ამ ტიპის დანაშაულებს - იქნება ეს მცირე რაოდენობით ჯართის ქურდობა თუ მაღაზიიდან პროდუქტის ქურდობა. ხშირად სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ამ ადამიანების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც შემდეგ ისიც ემატება, რომ ამ საქმეებში ერევა სახელმწიფოს მკაცრი ხელი და მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით სჯის“.

2021 წელს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც „სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგებს“ ასახავს, არაერთი მსგავსი საქმეა მაგალითად მოყვანილი, მათ შორის ჯართის ქურდობის საქმეებიც:

„პირს ბრალი ედებოდა 21 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობის მცდელობაში (სსკ-ის მე-19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილი). პროცესზე გამოიკვეთა, რომ ბრალდებულს ჰქონდა მძიმე სოციალური მდგომარეობა, მანამდე არ ყოფილა ნასამართლევი, მის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენდა ურიკით ბარგის გადატანა. პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“.

ანგარიშში მოყვანილია კიდევ ერთი საქმე:

„ერთ-ერთი მეტროს მიმდებარე მაღაზიიდან ბრალდებული შეეცადა, მოეპარა სხვადასხვა სახის პროდუქცია, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 7 ლარს (სსკ-ის მე-19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსამართლემ მოითხოვა შესვენება, გავიდა სათათბირო ოთახში და დაბრუნების შემდეგ ბრალდებულს ჰკითხა, იყო თუ არა მისთვის 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა სამართლიანი სასჯელი იმისთვის, რაც ჩაიდინა (7 ლარის ღირებულების პროდუქციის ქურდობის მცდელობა). ამაზე ბრალდებულმა უპასუხა, რომ სურდა საპროცესო შეთანხმების დადება“.

საიას შეფასებით, ამგვარ დანაშაულებზე სახელმწიფოს რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს და უფრო ჰუმანური პრაქტიკა უნდა დამკვიდრდეს. ჩამოთვლილ შემთხვევებზე სასამართლოს შეეძლო, არ დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე (ქმედების მცირე მნიშვნელობა) მითითებით, ან წინასასამართლო სხდომაზე შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა. თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მონიტორინგის პროცესში ამგვარი შემთხვევები არ გამოუვლენია.