ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

36 წლის კაცი ეჭვმიტანილია კუნძულ კრეტასთან მდებარე საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში

საბერძნეთის სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 36 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ კრეტაზე საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში - ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ.

ეს ბაზა ხმელთაშუა ზღვაში ნატოს სტრატეგიული ობიექტია.

საზღვაო ბაზების შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში შარშან მაისშიც დააკავეს საქართველოსთან დაკავშირებული ორი პირი.

იმავე პერიოდში საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეც, - გამოძიება ახლანდელი დაკავების ამ ინციდენტთან დაკავშირებასაც განიხილავს.

რატომაა ეს ბაზა მნიშვნელოვანი?

ამჟამად საუბარია კუნძულ კრეტასთან, სუდის ყურეში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე.

კრეტის საზღვაო ბაზა, - ან სუდის საზღვაო ბაზა, როგორც საბერძნეთში უწოდებენ, - ნატოს ყველაზე დიდი ბაზაა ხმელთაშუა ზღვაში.

მასზე მუდმივად იმყოფება 1000-მდე ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივებთან ერთად, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის ამერიკელები, და არასამხედრო პერსონალი.

იგი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ ნატოსა და შეერთებული შტატებისთვის.

მაგალითად, გასულ ოთხშაბათს, 25 თებერვალს, ირანსა და აშშ-ს შორის ვითარების დაძაბვის ფონზე, ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი - მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი - დროებით სწორედ ამ ბაზაზე გაჩერდა.

შეჩერებისა და მომარაგების შემდეგ, ავიამზიდმა შემდეგ ცურვა განაგრძო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და მოგვიანებით ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში ჩაერთო.

აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციის შედეგად მოკლულია არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

რა ვიცით დაკავებულზე?

ეჭვმიტანილი 2 მარტს ათენის აეროპორტში დააკავეს, საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის (EYP) ინფორმაციის საფუძველზე.

საბერძნეთის ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, რის ფარგლებშიც „მიმდინარეობს ციფრული მტკიცებულებების შესწავლა“.

საბერძნეთის დაზვერვის სამსახურში სააგენტო „როიტერსს“ წყარომ განუცხადა, რომ ეჭვმიტანილის ტელეფონში სწორედ ამერიკული ავიამზიდის ფოტოები იპოვეს.

ამავე წყაროს ცნობით, ხელისუფლება იძიებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან პოტენციურ კავშირებს.

„საქართველოს მოქალაქე“

ბრალდებული, - რომელიც საქართველოს მოქალაქეა, - საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა.

გამოცემა Greekreporter-ი წერს, რომ პოლიციის ცნობით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელია.

„როიტერსის“ წყაროების თანახმად, იგი გასულ თვეში დაბინავდა სუდის ყურის მიდამოებში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში.

წყაროების ცნობითვე, მას ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერ არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

  • რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით, არიან თუ არა ინფორმირებულნი ამ ამბავთან დაკავშირებით და რა იციან ინციდენტზე.
  • „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ინფორმაცია არ შემოსულა“, - გვიპასუხეს საგარეო უწყების პრესცენტრში.

„ირანის სასარგებლოდ“

Greekreporter-ი საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულს „პირდაპირი კავშირი ჰქონდა ირანში წყაროებთან სპეციალური, დაშიფრული აპლიკაციით“.

„სამართალდამცავებმა მის მობილურ მოწყობილობაში აღმოაჩინეს საბერძნეთის საზღვაო ძალების სუდის საზღვაო ბაზიდან დიდი რაოდენობით ფოტოები“, - წერს გამოცემა.

ამ წყაროს თანახმად, ეჭვმიტანილის გადაადგილებას აქტიურად აკვირდებოდა საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახური (EYP).

ამავე ცნობებით:

  • იგი 3 თებერვალს დიუსელდორფიდან ათენში ჩაფრინდა;
  • ათენში ჩაფრენისთანავე იგი გაემგზავრა ქალაქ ხანიაში - შიდა რეისით;
  • იქირავა სასტუმროს ნომერი და იქ 10 თებერვლამდე იმყოფებოდა;
  • შემდეგ სასტუმრო გამოიცვალა, - ამ სასტუმროდან კი სუდის ბაზაზე იშლებოდა ხედი.

24 თებერვალს დაზვერვის ოფიცრებმა შენიშნეს, თუ როგორ მოძრაობდა იგი დაქირავებული მანქანით სუდის ყურის მიდამოებში და საზღვაო ინფრასტრუქტურას ფოტოებს უღებდა.

კვირას, 1 მარტს, იგი კრეტიდან ათენში გაემგზავრა, 2 მარტს კი ათენის აეროპორტში დააკავეს.

ბერძნული პრესის თანახმად, ჯერჯერობით უცნობია, ის ქვეყნის დატოვებას გეგმავდა თუ მესამე პირთან შეხვედრას ელოდა.

შესაძლო კავშირი აზერბაიჯანის მოქალაქეების დაკავებასთან

2025 წლის ივნისში საბერძნეთის პოლიციამ ამავე საზღვაო ბაზის თაობაზე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა 26 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე, ირანული წარმოშობის კაცი.

ბერძნული მედიის ცნობით, ამ შემთხვევაშიც, ბრალდებული დაბინავდა სასტუმროში, რომლიდანაც საზღვაო ბაზის ხედი იშლებოდა; ამასთან, მან ანგარიშსწორებისას ნაღდი ფული გამოიყენა.

2025 წლის ივნისში საბერძნეთის მეზობლად, კვიპროსში, ქალაქ პაფოსში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანის კიდევ ერთი მოქალაქე, 40 წლის კაცი.

ბრალდების თანახმად, იგი ლიმასოლსა და პაფოსში სამხედრო ინფრასტრუქტურას იღებდა. ბერძნული მედიის ცნობით, კვიპროსის ხელისუფლების ინფორმაციით, მას კონტრაქტი ჰქონდა ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან".

მიუხედავად იმისა, რომ შარშან ამ ორ ინციდენტს ცალ-ცალკე იძიებდნენ, ამჟამად საბერძნეთის სამართალდამცავი სტრუქტურები იძიებენ, უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევები, - მათ შორის საქართველოს მოქალაქის დაკავება - ერთმანეთს.

კიდევ ორი შემთხვევა საბერძნეთში

2025 წლის მაისში საბერძნეთმა საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ორი პირი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით. ეს შემთხვევებიც განცალკევებით მოხდა, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში.

2025 წლის აპრილის ბოლოს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს საბერძნეთის 59 წლის მოქალაქე, - რომელიც საქართველოშია დაბადებული.

ის დააკავეს მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ ალექსანდრუპოლისთან მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზას უთვალთვალებდა. ეს პორტიც აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ოპერაციებისთვის საკვანძო ლოგისტიკური ჰაბია.

ხელისუფლება იძიებს მის შესაძლო კავშირებს რუსეთის სპეცსამსახურებთან.

გამოძიების ვერსიით, იგი ჯაშუშობისას მოპოვებულ ინფორმაციას უგზავნიდა ლიეტუვაში მყოფ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, - ისიც დაკავებულია.

დამატებით, 2025 წლის აპრილის ბოლოს, საბერძნეთში ასევე დააკავეს 67 წლის კაცი, რომელიც საქართველოსა და პოლონეთის ორმაგი მოქალაქე იყო;

მას ედავებოდნენ ქალაქ სერესთან მდებარე სამხედრო ბაზისათვის ფოტოებისა და ვიდეოს გადაღებას.

თუმცა მან სასამართლოში თქვა, რომ არ იცოდა, რომ სამხედრო ბაზას უღებდა ფოტოებს, რის შემდეგაც მოსამართლემ „არასაკმარისი მტკიცებულებების“ საფუძვლით გაათავისუფლა.

საქართველოს მოქალაქე IRGC-ის ქსელში

მხოლოდ ეს არ არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ირანის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა ედებათ ბრალად.

მაგალითად, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ქსელთან კავშირი და აშშ-ში ცნობილი ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვა ედება ბრალად საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვს.

ომაროვი აშშ-ში 2025 წლის ოქტომბერში დამნაშავედაც ცნეს 2022 წელს ამერიკელი ირანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის შეკვეთით მკვლელობის მცდელობაში. ალინეჯადი ირანის რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსია.

მასიჰ ალინეჯადი

  • ფოლად ომაროვი არის დმანისელი კრიმინალური ავტორიტეტი, მედიის ცნობით, „კანონიერი ქურდი“;
  • მედიის ცნობითვე, ის 2020 წელს მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის, ასევე დმანისელი ნადირ სალიფოვის („ლოტუ გულის“) ბიძაშვილია.
  • ფოლად ომაროვი საქართველოში, უკრაინასა და ჩეხეთში ცხოვრობდა. სწორედ ჩეხეთში დააკავეს 2023 წელს და აშშ-ს გადასცეს.
ასევე ნახეთ ვინ არის დმანისელი კაცი, რომელიც აშშ-ში ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნეს