ჯეფრი ეპშტეინის „რუსული კვალი“

გისლეინ მაქსველი (შუაში) - ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი და თანამზრახველი რუს ჯარისკაცებს შორის

აშშ-ში გამოქვეყნდა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების მორიგი პაკეტი - მილიონობით დოკუმენტი, რომლებშიც უამრავი ადამიანია მოხსენიებული, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, სახელის ხსენება არ ნიშნავს გარდაუვალ ბრალეულობას ან გარდაცვლილი ფინანსისტის დანაშაულებში თანამონაწილეობას.

ფაილებში მოხსენიებულთა შორის არაერთი რუსია, რაც არქივის მკვლევრებს უბიძგებს, ეძებონ ეპშტეინის „რუსული კვალი“.

ამერიკელმა ფინანსისტმა ჯეფრი ეპშტეინმა შექმნა არასრულწლოვანი გოგოების სექსუალური მომსახურების ერთგვარი ინდუსტრია, რომლის მომხმარებლები იყვნენ მდიდარი და გავლენიანი მამაკაცები. ეპშტეინის ნაცნობთა უზარმაზარ წრეში შედიოდა მრავალი ცნობილი ადამიანი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ჯეფრი ეპშტეინი

2008 წელს ეპშტეინი დამნაშავედ ცნეს პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით, თუმცა საპროცესო გარიგების გამო მხოლოდ მცირე დრო გაატარა ციხეში, შემდეგ კი კვლავ გააგრძელა მაღალ საზოგადოებაში ცხოვრება. 2019 წელს ეპშტეინს ახალი ბრალდებები წაუყენეს არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ტრეფიკინგში. ოფიციალური ვერსიით, მან მალევე საკანში მოიკლა თავი, რამაც გააჩინა კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლება საქმისადმი დაკავშირებულ ცნობილ პოლიტიკოსებს მფარველობდა.

ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების დაუყოვნებლივ გამოქვეყნება დონალდ ტრამპის 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო, თუმცა მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ გამოქვეყნების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია, რამაც საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილება გამოიწვია. საბოლოოდ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მილიონობით დოკუმენტის ეტაპობრივი გამოქვეყნება დაიწყო.

ფოტოები ეპშტეინის ფაილებიდან

წაკითხვის ინსტრუქცია

„ეპშტეინის ფაილები“ მილიონობით სხვადასხვა ტიპის დოკუმენტს მოიცავს — საინფორმაციო სტატიებიდან დაწყებული კერძო წერილებით დასრულებული — და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ისინი შეიძლება შეიცავდეს დაუდასტურებელ ან მცდარ ინფორმაციას. იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ფედერალური პროკურორი ანკუშ ჰარდორი გამოცემა Politico-ს მკითხველებს აფრთხილებს, რომ არ გააკეთონ საბოლოო დასკვნები ცალკეული დოკუმენტების საფუძველზე და არ მიიღონ უპირობოდ თავად ეპშტეინის, „ფაქტობრივად, ყველაზე ნაკლებად სანდო ადამიანის“, სიტყვები. ჰარდორი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია წყაროების მიკერძოებულობის გააზრება და ერთმანეთისგან გარჩევა სისხლისსამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობებისა. შეიძლება დაგმო მეგობრობა დამნაშავესთან, მაგრამ თავად მეგობრობა დანაშაული არ არის.

30 იანვრის პუბლიკაცია. დეტალები

30 იანვარს გამოქვეყნდა 3 მილიონი დოკუმენტი, ათასობით ვიდეო და ფოტო. ყველაზე დიდი დისკუსია გამოიწვია ბიზნესმენ ილონ მასკთან მიმოწერამ მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ ეპშტეინის პირად კუნძულ ლითლ-სენტ-ჯეიმსზე, რომელსაც მისი სექსუალური ექსპლუატაციის „ინდუსტრიის“ საკვანძო ადგილად მიიჩნევენ.

2012 წლის ნოემბრით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში მასკი კითხულობდა, როდის იქნებოდა „ყველაზე გიჟური წვეულება კუნძულზე“, ხოლო 2013 წლის იანვარში წერდა, რომ „ამჯერად ლოგისტიკა არ მუშაობდა“.

მტკიცებულება, რომ ვიზიტი მართლაც შედგა ან რომ მასკმა რაიმე უკანონო ქმედება ჩაიდინა, არ არსებობს. მასკმა განაცხადა, რომ არასდროს ყოფილა ეპშტეინის არცერთ წვეულებაზე და რომ „ნამდვილი სამართლიანობის კრიტერიუმია არა დოკუმენტების გამოქვეყნება, არამედ იმ პირების სამართლებრივი დევნა, რომლებმაც ეპშტეინთან ერთად ჩაიდინეს დანაშაულები“.

ეპშტეინის წერილებში ნახსენებია მილიარდერი ბილ გეითსი, ამასთან ნახსენებია მინიშნებებით ქორწინების მიღმა ურთიერთობებზე. გეითსის წარმომადგენელმა ეს ბრალდებები უარყო, როგორც „აბსურდული და მცდარი“.

ასევე ნახეთ შეერთებული შტატების კონგრესმა მხარი დაუჭირა „ეპშტეინის ფაილების“ გამოქვეყნებას

გამოქვეყნებულ მასალებშია ეპშტეინთან კავშირების ახალი დეტალები ბრიტანეთის ყოფილი პრინცის, ენდრიუს შესახებ. ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის მეფის ძმას ამის გამო ტიტულები ჩამოერთვა.

ვირჯინია ჯუფრე ამტკიცებდა, რომ 2001 წელს, როდესაც 17 წლის იყო, ეპშტეინმა მას გააცნო ენდრიუსი და ფული გადაუხადა მასთან სექსისთვის. თუმცა ეპშტეინის წერილების ახალი პარტიიდან ირკვევა, რომ ჯუფრე ერთადერთი არ იყო: 2010 წელს ეპშტეინი ენდრიუს აცნობდა 26 წლის რუს გოგონას, რომელსაც ის ლამაზ, ჭკვიან და „სანდო“ ქალად მოიხსენიებდა. ენდრიუმ ინტერესი გამოთქვა და თქვა, რომ სიამოვნებით შეხვდებოდა ქალს. გარდა ამისა, ეპშტეინის არქივში ინახება ენდრიუს ფოტოები, რომლებშიც ის იატაკზე მწოლიარე ქალზე მუხლებით დგას. სად, როდის და რა ვითარებაშია ეს ფოტოები გადაღებული, უცნობია.

მასალებში ასევეა FBI-ის მიერ შედგენილი მოქალაქეების შეტყობინებების კრებსი, რომელშიც ტრამპს მტკიცებულებების გარეშე სდებენ ბრალს სექსუალურ ძალადობაში. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ პუბლიკაციისას აღნიშნა, რომ დოკუმენტები შესაძლოა შეიცავდეს ტრამპის შესახებ მცდარ მტკიცებებს. თვითონ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართალდარღვევაში მონაწილეობას.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს უნდა იყოს ასეთი მასშტაბის დოკუმენტების ბოლო პუბლიკაცია.

რუსული კვალი. კრებსი

2010 წლის ნოემბერში ეპშტეინმა ერთ-ერთ წერილში იკითხა, სჭირდებოდა თუ არა მას [რუსეთის] ვიზა და დასძინა:

„მე მყავს პუტინის მეგობარი, ხომ არ უნდა დავუკავშირდე მას?“ ეს წერილი, სავარაუდოდ, ნაწილია რუსი ბიზნესმენის, ვლადისლავ დორონინის გარემოცვასთან წარმოებული მიმოწერისა. დორონინი ცნობილი მოდელის, ნაომი კემპბელის ყოფილი ბოიფრენდია. დორონინის სახელი არაერთხელ ჩნდება „ეპშტეინის მასალებში“, თუმცა ხან სახელით „ვლად“, ხან კი „ვლადიმირ“. დორონინის ხალხმა ეპშტეინს შესთავაზა პენტჰაუზი მოსკოვის ცენტრში, კრემლის ხედით. ასევე განიხილებოდა მოგზაურობა რუსეთში.

2011 წელს ეპშტეინს მოსკოვში მოდელების კონკურსის ორგანიზებას სთავაზობდნენ. საქმის მასალებში ასევე არის 2013 წელს რუსეთის ვიზის მისაღებად შევსებული ანკეტა.

იმავე 2011 წელს ეპშტეინისთვის მიწერილ წერილში ვიღაც წერს: „[იგორმა] თქვა, რომ… თქვენ მას აცნობეთ 16 სექტემბერს პუტინთან შეხვედრის შესახებ და რომ მას შეუძლია რუსეთის ბილეთის დაჯავშნა თქვენამდე რამდენიმე დღით ადრე. მან თქვენთვის ასევე დააზუსტა ინფორმაცია სოჭის აეროპორტის უსაფრთხოებაზე“.

ეპშტეინი მიმოწერას აწარმოებდა სერგეი ბელიაკოვთან, რომელიც 2010-იან წლებში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე იყო და შემდგომ სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. „მისი მამა მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში, დედა იყო ეკონომისტი… დაამთავრა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) აკადემია სპეციალობით „იურისპრუდენცია“… თამაშობს ჰოკეის“, — დაწერა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-მა.

2016 წელს ბელიაკოვი ეპშტეინს სწერდა: „გაცნობებთ ჩემს ახალ თანამდებობას: ამჟამად ვმუშაობ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში (РФПИ). ვეძებ შესაძლებლობებს რუსეთისთვის კაპიტალის მოსაზიდად“.

კირილ დმიტრიევი, ფონდის (РФПИ-ის) ამჟამინდელი ხელმძღვანელი აშშ-სთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში რუსეთის მთავარი წარმომადგენელია.

ასევე ნახეთ კიევში დაბადებული და ტრამპის ენაზე მოლაპარაკე - ვინ არის პუტინის მთავარი მომლაპარაკებელი კირილ დმიტრიევი?

2015 წლის მიმოწერაში ასევე ფიგურირებს ბელიაკოვის პიტერ ტილთან - გავლენიან ამერიკელ IT-მეწარმესთან - შეხვედრის გეგმები.

იმავე 2015 წელს, ეპშტეინი ბელიაკოვს სწერდა: „ერთი თხოვნა მაქვს. არის ერთი რუსი გოგონა მოსკოვიდან. ნიუ-იორკში გავლენიან ბიზნესმენთა ჯგუფს აშანტაჟებს… რამე წინადადება ხომ არ გაქვთ?“

არქივში ასევე მოიპოვება ეპშტეინის მიერ საკუთარი თავისთვის გაგზავნილი წერილი (სავარაუდოდ, „რუსი გოგონასთვის“ გასაგზავნი პასუხის დრაფტი), რომელშიც ის წერს, რომ მზად არის დაეხმაროს მას (თვეში 50 ათასი დოლარი ორი წლის განმავლობაში და ვიზა), თუმცა ის უკმაყოფილოა და „საჭიროდ მიიჩნია დაჰკავშირებოდა ФСБ-ში რამდენიმე მეგობარს“, რომლებმაც თითქოს გამოთქვეს მზადყოფნა ხისტად, როგორც „ხალხის მტერს“ მოიქცეოდნენ იმ პირს, რომელიც ამერიკელ ბიზნესმენს აშანტაჟებდა, რადგან „რუსეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და ქვეყანა უცხოელ ინვესტორებს საჭიროებს“.

კონტაქტების ამგვარი დონე ბევრ მედიასა და ბლოგერს აფიქრებინებს, რომ „ეპშტეინი შესაძლოა ყოფილიყო მოსკოვზე მომუშავე აგენტი“. თუმცა ექსპერტები ხშირად იხსენებენ, რომ ეპშტეინის მეგობარი ქალი და თანამზრახველი, გისლეინ მაქსველი, იყო მედიამაგნატ რობერტ მაქსველის ქალიშვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, ასევე მუშაობდა „მოსადზე“, ისრაელის დაზვერვაზე.

ჯეფრი ეპშტეინი და გისლეი მაქსველი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტებში არის ფოტო, რომელზეც მაქსველი გამოსახულია ორ რუს სამხედრო მოსამსახურესთან ერთად. ფოტო გადაღებულია ეპშტეინის ერთ-ერთი ვიზიტის დროს რუსეთში, სავარაუდოდ, 2002 წლის ნოემბერში.

2016 წელს ჯეფრი ეპშტეინი პიტერ ტილს წერს ვიტალი ჩურკინის, გაეროში რუსეთის წარმომადგენლის, შესახებ: „ყველაზე მეტად ჩართულია — ის და ლავროვი აკონტროლებენ ვითარებას. თუ დროს მოგვცემთ, ვეცდები მოვაწყო, მხოლოდ ჩვენ.“

2018 წელს — ეპშტეინის წერილი ევროპის საბჭოს მაშინდელ გენერალურ მდივან ტურბიორნ იაგლანდს: „ვფიქრობ, თქვენ შეგეძლოთ პუტინისთვის შეგეთავაზებინათ, რომ ლავროვს შეუძლია ჩემთან საუბრის შედეგად ღირებული ინფორმაცია მიიღოს. ადრე ასე აკეთებდა ვიტალი ჩურკინი. მაგრამ… ის გარდაიცვალა“. ჩურკინი მოულოდნელად გარდაიცვალა 2017 წელს ნიუ-იორკში.

ექსპერტთა ვარაუდით, როგორც ჩანს, ეპშტეინი ფარულად ეხმარებოდა ჩურკინის შვილს, მაქსიმ ჩურკინს, სამსახურის შოვნაში.

გისლეი მაქსველი სასამართლო პროცესზე, რომელზეც მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2021 წ.

ეპშტეინის საქმეში ხშირად არის ნახსენები მაშა დროკოვა - პროკრემლისტური ახალგაზრდული მოძრაობის, „ნაშის“(„ჩვენები“) ყოფილი აქტივისტი, რომელიც 2017 წელს აშშ-ში გადავიდა ვენჩურული კაპიტალისტის კარიერის დასაწყებად და, როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდი მუშაობდა ეპშტეინთან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

ეპშტეინის მასალებში ასევე მოხსენიებულია ყოფილი რუსი პოლიტიკოსი ილია პონომარევი, რომელიც 2012 წელს ამერიკელ ფინანსისტს ნაცნობმა გააცნო როგორც ადამიანი, „რომელსაც შეუძლია პუტინის შეცვლა და თავად გახდეს პრეზიდენტი“. პონომარევმა აღნიშნა, რომ ეპშტეინს „პირადად არ იცნობდა — მხოლოდ ნაცნობის ნაცნობი იყო“.

2018 წელს ეპშტეინი აპირებდა რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებას და დაიწყო კიდეც მორიგი რუსული ვიზის გაფორმების პროცესი, თუმცა როდესაც ბიზნესმენის ასისტენტმა შეიტყო, რომ რუსული სააგენტო ბილეთებსა და სასტუმროებში დაახლოებით 35 ათას დოლარს ითხოვდა, უარი უთხრა სააგენტოს შემდეგი არგუმენტით: „ჯეფრი ასეთ თანხას, დიდი ალბათობით, არ დათანხმდება“. უცნობია, საბოლოოდ დაესწრო თუ არა ეპშტეინი რუსეთში გამართულ ჩემპიონატს.

ჯეფრი ეპშტეინი რუსეთში ჩასვლას დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, 2019 წლის აპრილის ბოლოს, გეგმავდა - აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არის ეპშტეინის თხოვნა აშშ-ის პასპორტების სააგენტოსადმი, რომ მიეცათ მისთვის კიდევ ერთი სამგზავრო დოკუმენტი, რადგან მოქმედი პასპორტი „რუსული ვიზის გაფორმების პროცესში იყო გაჭედილი“, ხოლო აპრილის დასაწყისში უნდა გამგზავრებულიყო პარიზში, თუმცა ამ ვიზიტის მიზნების შესახებ არაფერია ნათქვამი.

“რუსული გოგონებია” ნახსენები ბილ გეიტსთან დაკავშირებულ ორ წერილში. საქმე ის არის, რომ ეპშტეინის ფოსტაში არის 2013 წლის ივლისით დათარიღებული ორი წერილი, რომლებიც ბილ გეიტსის სახელზეა დაწერილი, მაგრამ გაგზავნილია თავისსავე მისამართზე (უცნობია, ნახა თუ არა ისინი გეიტსმა). ამ წერილებში ეპშტეინი ჩივის, რომ გეიტსმა რეპუტაციის შესანარჩუნებლად გადაწყვიტა, აღარ ეთანამშრომლა და აღარ ეკონტაქტა მასთან, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეგობრობის წლების განმავლობაში ეპშტეინი მას ყველაზე ინტიმურ თხოვნებშიც კი ეხმარებოდა, მაგალითად, ისეთი მედიკამენტების მიღებაშიც კი, რომლებიც „რუს გოგონებთან სექსის შედეგებთან გასამკლავებლად“ რომ იყო საჭირო. ბილ გეიტსი წერილების შინაარსს ტყუილს უწოდებს.

  • რუსი გოგონები და პოლიტიკოსები

არქივში არაერთხელ არის ნახსენები "რუსი გოგონები": სამარიდან, სარატოვიდან, ნიჟნი-ნოვგოროდიდან, ომსკიდან და ჩელიაბინსკის ოლქიდან. შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი შეხვდა კიდეც პრინც ენდრიუს 2010 წელს, როცა ლონდონის გავლით აშშ-დან რუსეთში მიფრინავდა. გარდა ამისა, ეპშტეინის 2018 წლის მიმოწერაში ნახსენებია კრასნოდარის სამოდელო სააგენტო Shtorm-ი და მისი ერთ-ერთი მოდელი სახელად რაია. Shtorm-ის დამფუძნებელმა დანა ბორისენკომ განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ეპშტეინთან და რომ მის სააგენტოს არასდროს არავინ გაუგზავნია სამუშაოდ შეერთებულ შტატებში.

ეპშტეინის აღმოსავლეთევროპელი ქალებისადმი ინტერესი ასევე დასტურდება New York Giants-ის თანამფლობელ სტივ ტიშთან მიმოწერიდან. 2013 წელს ისინი განიხილავდნენ იმ უკრაინელ და რუს ქალებს, რომლებიც ტიშმა ეპშტეინის მეშვეობით გაიცნო.

ეპშტეინის დოკუმენტებში ხუთჯერ არის ნახსენები "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ყოფილი ლიდერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის (1946-2022) სახელი. ჟირინოვსკი ნახსენებია რუსული პოლიტიკის შესახებ რამდენიმე სტატიაში (The Economist, Foreign Affairs) რუსეთის "კომუნისტური პარტიის" ლიდერ გენადი ზიუგანოვსა და პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ამჟამინდელ თავმჯდომარე სერგეი მირონოვთან ერთად.

ზელენსკისა და სააკაშვილის ხსენების კონტექსტი

ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ნანახია მიმოწერა, რომელშიც ნახსენებია 2019 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები და ზელენსკი, რომელიც მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

„რუსებს სძულთ პოროშენკო (უკრაინის პრეზიდენტი 2014-2019 წწ.), ამიტომ ამან შეიძლება კონფლიქტის მოგვარებაში შეუწყოს ხელი. თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, აქვს თუ არა მას (ზელენსკის) ქვეყნის მართვის უნარი“, - ნათქვამია ერთ-ერთ წერილში, რომლის გამგზავნის პირადი ინფორმაცია დაფარულია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით.

რუსული პროპაგანდა ცდილობს, უკრაინის პრეზიდენტის სახელი დაუკავშიროს ცრუ ინფორმაციას, რომელიც თითქოს ეპშტეინის ფაილებში იქნა ნანახი. ერთ-ერთი ასეთია ტრეფიკინგისთვის ხელის შეწყობა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო მედია, მათ შორის საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს. ავტორიტეტიანი საერთაშორისო მედიაორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ეს ბრალდებები სპეკულაციურია და არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება ზელენსკისა და ეპშტეინის პირადი შეხვედრისა.

პეტრო პოროშენკო (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. 2019 წლის აპრილი

ეპშტეინის საქმის მასალებში ასევე ირიბად ფიგურებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ფაილში ილუზიონისტი დევიდ ბლეინი ქალისთვის, რომლის პირადი მონაცემები დაფარულია, სავიზო აპლიკაციასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ თვითონ ცნობილი ილუზიონისტია და რომ წარმოდგენები აქვს გამართული ცნობილი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის ბილ კლინტონისთვის, დმიტრი მედვედევისთვის, მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ იანუკოვიჩისთვის.

„მე მქვია დევიდ ბლეინი, ვარ ილუზიონისტი და გამძლეობის ოსტატი. ცნობილი ვარ ჩემი მაღალი დონის გამძლეობის ნიჭით და სახელი გავითქვი, როგორც ქუჩის და ახლო ხედების მაგიური ნომრების შემსრულებელმა. მთელ მსოფლიოში გამოვდიოდი, რამდენიმე რეკორდი დავამყარე და მოვხსენი, მათ შორის 17 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში სუნთქვის შეკავებით, 35 საათის განმავლობაში 105 ფუტის სიმაღლის ბოძზე დგომით და ერთი კვირის განმავლობაში კუბოში ყოფნით“, – წერს დევიდ ბლეინი.

ილუზიონისტი აღნიშნავს, რომ პირადად ასრულებდა მაგიურ ნომრებს პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, თავდაცვის მდივნის, დონალდ რამსფელდის, გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერის, ჰენრი კისინჯერის, ბილ გეითსისა და მერ მაიკლ ბლუმბერგის წინაშე.

„ვასრულებდი ასევე მაგიურ ნომრებს რუსეთის პრეზიდენტისთვის, დიმიტრი მედვედევისთვის, საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და ყაზახეთის პრეზიდენტისთვის, ნურსულთან ნაზარბაევისთვის“, – ირწმუნება დევიდ ბლეინი.

მიხეილ სააკაშვილი. კიევი. 2014 მარტი

ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილი ასევე ნახსენებია, როგორც The Guardian-ში 2014 წლის 14 მარტს გამოქვეყნებული სტატიის - “დაე, საქართველო იყოს გაკვეთილი იმისა, რაც უკრაინას ელოდება” - ავტორი. ვრცელ სტატიაში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ეხმიანება ყირიმის ე.წ. რეფერენდუმს.

“ამ კენჭისყრისა და რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის სამხრეთ ნახევარკუნძულის დაკავების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი განაცხადებს, რომ მას აქვს სამართლებრივი საფუძველი სამხედრო ძალების შემდგომი გაძლიერებისა და პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმისთვის. საიდან ვიცი ეს? 2008 წლის საქართველოდან მიღებული მრავალი მტკივნეული პარალელისა და გაკვეთილის გამო. უკრაინასა და საქართველოზე განხორციელებულ შემოსევებს თვალშისაცემი მსგავსებები აქვთ — არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამპყრობლის ქმედების მოდელი უცვლელია, არამედ იმიტომაც, რომ ორივე ქვეყანას ღრმა ისტორიული პარალელები აერთიანებს. დღეს, როცა პუტინი და მისი დასავლელი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ რუსეთს უკრაინაში „ლეგიტიმური ინტერესები“ აქვს — ზუსტად ისე, როგორც საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას ამართლებდნენ რუსი მოქალაქეების დაცვის საბაბით — ისინი, როგორც ჩანს, ფაქტებს უგულებელყოფენ”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.