Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების კანონი“ დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას - ქართველოლოგი სტივენ ჯონსი


პროფესორი სტივენ ჯონსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, „აგენტების კანონს“ აკრიტიკებს.
პროფესორი სტივენ ჯონსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, „აგენტების კანონს“ აკრიტიკებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სტივენ ჯონსი „აგენტების კანონს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე.

სტივენ ჯონსი - ისტორიკოსი, საქართველოს თანამედროვე ისტორიის, ქართული სოციალ-დემოკრატიისა და პირველი რესპუბლიკის სპეციალისტი - წერს, რომ დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს.

„ეს საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს ქართული დემოკრატიის მომავალს“, - წერს იგი.

18 აპრილს გავრცელებული განცხადების თანახმად, პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგრამ „ეს არის აკადემიური პროგრამა, რომელიც ეფუძნება მეცნიერულ დამოუკიდებლობას, კვლევის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას“.

„ჩვენ ვერ გადავრჩებით ამ მახასიათებლების გარეშე - და ვერც ქართული დემოკრატია გადარჩება“, - წერს იგი.

„კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - რომელიც უკეთ ცნობილია, როგორც უცხოეთის აგენტების კანონპროექტი, - წარმოადგენს გამოწვევას იმ აკადემიური ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ჩვენი პროგრამა იცავს“, - წერია განცხადებაში.

პროფესორ ჯონსის თანახმად, „ბუნდოვნად ფორმულირებული „უცხოეთის აგენტების“ კანონი, თუკი მიიღებენ, შექმნის დამოუკიდებელი მედიის, ქართული აკადემიური სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების) გამოხატვის თავისუფლების მეტად შეზღუდვის შესაძლებლობებს“.

„ეს დაასრულებს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ... ევროკავშირის თანამდებობის პირთა და, ასევე, ევროპარლამენტში პარტიების წარმომადგენელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა ეს“, - წერს სტივენ ჯონსი.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ტოლერანტობისა და ნამდვილი დემოკრატიის მშენებელი ქვეყნის, რეპუტაციას“, - აცხადებს პროფესორი ჯონსი.

თბილისში მესამე დღეა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები იმართება „აგენტების კანონის“ გამო.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში.

17 აპრილს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ შარშანდელ პროექტში „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ არის ჩანაცვლებული.

სხვა ყველაფერი უცვლელია.

საქართველოს დასავლელი პარტნიორი ქვეყნებისა და ალიანსების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

XS
SM
MD
LG