Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის ჩაწერას მოითხოვს „ოცნება“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან“ დეკლარაციაში? დეტალები


„ქართული ოცნება“ „აგენტების კანონს“ აბრუნებს და ამჯერად საქმის ბოლომდე მიყვანით იმუქრება
„ქართული ოცნება“ „აგენტების კანონს“ აბრუნებს და ამჯერად საქმის ბოლომდე მიყვანით იმუქრება

„ქართული ოცნების“ ხელახლა ინიციირებული კანონი „უცხოეთის აგენტებზე“ ტექნიკურად ახალ ინფორმაციას ისეთს არაფერს სთხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაზეც სახელმწიფოს ხელი უკვე არ მიუწვდება და ვერ ხედავს.

და არც რაიმე არსებითად „ახალი ინფორმაციის“ წარდგენის ვალდებულება არ არის ის, რის გამოც დასავლელი პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია მრავალათასიანი დემონსტრაციების შედეგად ერთხელ უკვე გაწვეული ცვლილებების ხელახლა დაბრუნებას აპროტესტებენ.

პრობლემა, როგორც "ოცნების" ერთი შეხედვით მოულოდნელი გადაწყვეტილების კრიტიკოსებიც მიუთითებენ, უკავშირდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკასა და საგარეო- პოლიტიკურ ორიენტაციას.

მმართველი პარტიის პოლიტიკური განცხადებებიდან იკვეთება, რომ:

  • კანონის გაცოცხლება ამჯერადაც ჩაფიქრებულია, როგორც დასავლელი დონორებისგან დაფინანსებული, ადამიანის უფლებებზე, კარგ მმართველობასა და არჩევნებზე მომუშავე ორგანიზაციების საწინააღმდეგო ინიციატივა, მათი დემონიზების მიზნით;
  • ხელისუფლება არჩევნების წინ დასავლურ ფინანსურ დახმარებაში ხედავს პრობლემას და „გლობალური ომის პარტიაზე“ მის მიერვე შეთხზული შეთქმულების თეორიებზე ამყარებს არგუმენტებს.

პარლამენტის თავმჯდომარე 3 აპრილს დეპუტატებს მიკროფონის გათიშვით ემუქრებოდა, თუ ისინი დაანონსებულ ცვლილებებს „რუსულ კანონად“ მოიხსენიებდნენ.

რუსეთის ფედერაციაში ასეთივე კანონმა, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო გამკაცრდა, გამოიწვია ავტორიტარიზმის გამყარება, დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟი და ალტერნატიული ხმების ჩახშობა.

რატომ გააცოცხლა "ოცნებამ" კანონი "უცხოეთის აგენტების" შესახებ?

ოთხშაბათს, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტია გეგმავს, ხელახლა დააინიციროს „აგენტების კანონპროექტი“, - რომელიც მმართველმა გუნდმა შარშან მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ გაიწვია.

„ბევრ ჭორს, სპეკულაციასა და დეზინფორმაციას მოისმენთ კანონპროექტზე, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება. აი, სინამდვილეში, ესაა კანონპროექტი. ძალიან მარტივი და პირდაპირი“, - წერს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ტვიტერზე და აქვეყნებს რამდენიმეპუნქტიან ჩამონათვალს.

  1. კანონის მოცულობა: 6 გვერდი, 11 მუხლი;
  2. ტერმინი „უცხოური ძალა“ - განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“;
  3. კანონის სუბიექტი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“;
  4. ვის ეხება კანონი: არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მედიაორგანიზაციას, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა (და არ ეხება ფიზიკურ პირებს);
  5. რა ვალდებულება წარმოექმნება ორგანიზაციას? ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარირება იუსტიციის სამინისტროში;
  6. რა ხდება, თუ დეკლარირებას არ მოახდენენ? მხოლოდ ჯარიმა, 25 000 ლარი დეკლარაციის წარუდგენლობისთვის (და თუ მაინც არ წარადგენს, 20 000 ლარი არაუმეტეს თვეში ერთხელ).
  7. რა ხდება კანონის მიღების შემდეგ? „ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი 2023 წლის მონაცემებით უცხოეთიდან იყო, ვალდებულნი იქნებიან, კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში წარადგინონ 2023 წლის დეკლარაცია“.

ამ „ცნობის ფურცელს“, ქართულ და ინგლისურ ენებზე „ქართული ოცნების“ არაერთი ლიდერი აზიარებს, - და აზიარებენ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ადამიანებიც.

მმართველი პარტია ერთხმად „გამჭვირვალობაზე“ სვამს აქცენტს და „დეკლარაციის შევსებამდე“ დაჰყავს ინიციატივის შინაარსი. მამუკა მდინარაძის სიტყვებით, „საუბარია მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის შევსებაზე“:

„ახლა ეს ისტერიული კამპანია აღარავის გამოუვა... მოვიდნენ და თქვან, რა არ მოსწონთ იმაში და საგნობრივ დისკუსიაში შემოვიდნენ, რა არის იმაში პრობლემა, რომ ყოველ წელს იანვრის თვეში დეკლარაცია შეავსონ და ხარჯები, შემოსავლები, დაფინანსების წყაროები წარმოადგინონ. ეს კანონი მეტს არაფერს ითვალისწინებს“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან 3 აპრილს.

„აგენტების კანონის“ დაბრუნება დააანონსა მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, რომელიც ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობდა "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე".
„აგენტების კანონის“ დაბრუნება დააანონსა მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, რომელიც ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობდა "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე".

„დეკლარაციის შევსება“

კანონპროექტის ახალი ვერსია პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

მდინარაძემ განმარტა, რომ ეს არის ზუსტად იგივე კანონპროექტი, რაც შარშან პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა - მხოლოდ სახელის ცვლილებით.

თუკი შარშან „უცხოეთის გავლენის აგენტზე“ იყო საუბარი, ახლა ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლდა.

შინაარსობრივად არაფერი იცვლება.

მაგმრა კანონპროექტი, - 6-გვერდიანი, 11-პუნქტიანი, - მხოლოდ „დეკლარაციის შევსებას“ კი არ ავალდებულებს ორგანიზაციებს, არამედ „გავლენის აგენტად“ - ამჯერად „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ - რეგისტრაციასაც.

ეს ნიშნავს, რომ მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომელთა უმეტესობის დეკლარირებული მიზანი ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვისა და რეფორმების ხელშეწყობაა, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ.

არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო მოსთხოვს, თავად თქვან, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები“ არიან, - და ამ სახელდებით დარეგისტრირებას აიძულებს საჯარო რეესტრში.

ამის შემდეგ ორგანიზაცია ვალდებულია, წარადგინოს საფინანსო დეკლარაცია/განაცხადი:

  1. საიდენტიფიკაციო მონაცემები;
  2. მისამართი;
  3. ვებგვერდის მისამართი;
  4. ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
  5. ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
  6. განაცხადის შევსების თარიღი.

მაგრამ სახელმწიფოს ისედაც მიუწვდება ხელი ყველა ამ ინფორმაციაზე (გარდა ვებგვერდისა, რომელიც საჯაროა და დაინტერესების შემთხვევაში, ასევე მარტივად მისაწვდომი).

რას ხედავს სახელმწიფო?

უფრო კონკრეტულად:

  1. ორგანიზაციების საიდენტიფიკაციო მონაცემები და მისამართი საჯარო რეესტრში არის მითითებული.
  2. ყოველი თვის და ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ორგანიზაციები ავსებენ დეკლარაციებს შემოსავლების სამსახურში, სადაც აღწერენ, რამდენი ადამიანი მუშაობს მათთან, რამდენია მათთვის გადახდილი ხელფასი, რა ქონებას ფლობს ორგანიზაცია, რამდენს იხდის საპენსიო ფონდში და სხვა ასეთ დეტალებს.
  3. საერთაშორისო დონორებისგან ყოველ ფინანსურ ტრანზაქციაზე სახელმწიფოს სრული ზედამხედველობა აქვს, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშუალებით.
  4. ყოველი ტრანზაქცია, რასაც ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედია სწევს, საბანკო სისტემაში აისახება.

ერთი სიტყვით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დასავლურ ფონდებთან თანამშრომლობს და ლეგალურად მოქმედებს, ვერცერთ თეთრს ისე ვერ იღებს დონორისგან და ვერცერთ თეთრს ვერ ხარჯავს ისე, რომ სახელმწიფომ, მისმა სხვადასხვა უწყებამ, ეს ტრანზაქცია არ დაინახოს.

მაშ, რატომ ეწინააღმდეგებიან კანონს არასამთავრობოები?

კანონის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მიზეზი აქვთ და მათ ორი, საშინაო და საგარეო-პოლიტიკური ასპექტი განსაზღვრავს.

საშინაო ველზე, მათთვის, ეს ინიციატივა დამოუკიდებელი კრიტიკული აზრის ჯერ დემონიზების, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ჩახშობის გზით ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის დაუფარავი მცდელობაა.

კიდევ უფრო ზუსტად: კანონი "აგენტების", თუ "ოცნების" არცთუ მოხერხებული ევფემიზმით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლების" შესახებ, მმართველ პარტიას, - რომელმაც გასული წლიდან ისედაც მოუხშირა ოპონენტებისა თუ კრიტიკოსების „აგენტებად“ წოდებას, - საშუალებას მისცემს, ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც დასავლელი პარტნიორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციებისგან მოდის, „უცხოური ძალის ინტერესად“ კანონის დახმარებით მონათლოს, ამ გზით, კრიტიკის ლეგიტიმაციის შესუსტება სცადოს.

საგარეო-პოლიტიკურ ველზე, ეს კანონი არაპირდაპირი გზით, არამეგობრულ, მტრულ ძალად ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს - შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებს. ეს მაშინ, როდესაც კონსტიტუცია ჯერ კიდევ პრიორიტეტად განსაზღვრავს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

როდესაც პარლამენტმა შარშან ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოში მისი საელჩოს პირით, თქვა, რომ ეს იყო „შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის“. ევროკავშირმა მას ევროპულ ღირებულებებთან და ინტეგრაცისათან შეუთავსებელი უწოდა.

3 აპრილის დღის ბოლომდე ვაშინგტონი და ბრიუსელი კვლავ აანალიზებდნენ "ოცნების" შარშან დადებული პირობის გადათქმას, რომ კანონს მმართველი პარტია არასდროს დაუბრუნდებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დასავლელი პარტნიორების რეაქცია შარშანდელზე მსუბუქი არც წელს იქნება.

ჟურნალისტების კითხვაზე, იღებს თუ არა „ოცნება“ პასუხისმგებლობას, თუკი მისი ეს ინიციატივა ევროკავშირთან მიღწეულ პროგრესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ამოცანა არაა, ამ გზაზე წინ „ნებისმიერ ფასად“ წაიწიოს.

დემოკრატიული უკუსვლა

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები მკაფიოდ ეწინააღმდეგება ევროკავშირის იმ ცხრა დათქმას, და მათ შორის უკვე შესრულებულად მიჩნეულ რეკომენდაციებს, რაზეც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაა დამოკიდებული.

  • „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის ინიციატივა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც 25 მარტს პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ წარადგინა, ეწინააღმდეგება რეკომენდაციების იმ პუნქტს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება;
  • სამ აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „ოცნებასთან“ მოლაპარაკებული „გირჩის“ ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტების გაუქმებას ითვალისწინებს - ეს საკითხი ეხება რეკომენდაციას გენდერულ თანასწორობაზე, რომელიც სამ შესრულებულ რეკომენდაციაში შედიოდა;
  • „აგენტების კანონის“ შემობრუნება - მედიაპლურალიზმის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევის რეკომენდაციებს ერთობლივად უგულებელყოფს.

„ოცნების“ გადაწყვეტილებას, კვლავ წარედგინა პარლამენტში სახალხო მღელვარების შედეგად გაწვეული კანონპროექტი, წინ უსწრებდა მმართველი პარტიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების სერია, სადაც ისინი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სასამართლო სისტემის დისკრედიტაციასა და ლგბტქ+ პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG