Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახალი როკის გვირაბი“ თუ უსაფუძვლო შიშები?


საქართველოს მთავრობა აპირებს განახორციელოს „უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი“ კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის სახით. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, „ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში“. თუმცა მთავრობის ამ ინიციატივას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რუსეთთან დამაკავშირებელ ე.წ. „საქართველოს სამხედრო გზაზე“ კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტს “ახალ როკის გვირაბი“ უწოდა.

პროექტის ტექნიკური მონაცემები

ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს.
მიხეილ სააკაშვილი

საუბარია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, რომელიც, რთული რელიეფური პირობებისა და ზვავსაშიში ვითარების გამო, ხშირად იკეტება ზამთრობით. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა სამუდამოდ მოხსნის ამ პრობლემას.

ქვეშეთი-კობის გზაზე, დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ქვეშეთი-კობის გზაზე აშენდება 500 მ-იანი თაღოვანი ხიდი, რომლის თაღი 300 მ-ის სიგრძის იქნება.

პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ქვეშეთი-კობის გზა მიყვება თეთრი არაგვის კალაპოტს 7 კმ სიგრძის მონაკვეთზე. გაივლის სოფელ არაკვეთს, ქვემო მლეთასთან კი იწყება სერპანტინი. გზა კვეთს გუდაურს, გადადის ჯვრის უღელტეხილს და მთავრდება სოფ.კობთან. პროექტის ზემოქმედების ზონაში ხვდება სულ 9 სოფელი.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება და 2023 წელს დასრულდება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 250 მლნ. აშშ დოლარია.

სააკაშვილი პროექტისა და სააკაშვილის წინააღმდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის განხორციელებით საქართველო მიიღებს “ახალ როკის გვირაბს“, ხოლო ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს გაეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის.

“ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის შესახებ.

რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სულ სხვაგვარ შეფასებას აძლევდა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მასშტაბური გვირაბის აშენებას 2012 წლის 9 აპრილს, ყაზბეგის რაიონში სიტყვით გამოსვლისას.

„ახალი გვირაბის მშენებლობას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება – თბილისზე მიბმული საოცრება“, - განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა.

2012 წლის წინასწარი პროექტით, 9,5 კმ-იანი გვირაბი უნდა დაწყებულიყო გუდაურის ყველაზე რთულ ამოსახვევამდე და დასრულებულიყო კობში.

თუ ვინმე საუბრობს იმაზე, რომ გზამ შეიძლება უსაფრთხოების პრობლემები შექმნას, ალბათ, საუბრობს იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება მთავრობა იმ შემთხვევაში, თუკი ამ გზაზე მოძრაობა უფრო გამარტივდება.
გია ჯანდიერი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე გვირაბის აშენების იდეა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გაჩნდა, საბჭოთა საქართველოს დროს, თუმცა პროექტი ვერ განხორციელდა. იდეა გაცოცხლდა მოგვიანებით, 1997 წელს, მაგრამ ვერც მაშინდელმა მთავრობამ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოძიება. შესაბამისად, დღემდე გზის ეს მონაკვეთი ზამთრის პერიოდში ხშირად იკეტება და პრობლემებს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამ გზით სარგებლობენ.

სად არის პრობლემა - ინფრასტრუქტურასა თუ მთავრობაში?

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზამთრობით ის ხშირად იკეტება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს უწევს სიცივეში ლოდინი, გაუთვალისწინებელი ხარჯის გაღება და სხვა ყოფითი დისკომფორტის ატანა. გზის ჩაკეტვას ასევე მოჰყვება ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი: ფერხდება ტვირთების გადაზიდვა, ხშირ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი მოცდენა იწვევს გადასაზიდი პროდუქციის გაფუჭებას, გადამზიდავებს ეზრდებათ საწვავის ხარჯი და ა.შ.

„ცხადია, მთავრობის მიერ დაანონსებულ პროექტზე მიბმულია ეკონომიკური ინტერესებიც“, - ამბობს ეკონომისტი გია ჯანდიერი, რომლის თქმითაც, აღნიშნული გზის გამართული მუშაობით ყველაზე მეტად დაინტერესებული არიან სომხეთი და რუსეთი.

გია ჯანდიერი
გია ჯანდიერი

„ამ გზით სარგებლობს ბევრი კომერციული ორგანიზაცია, რომლებსაც ტვირთები გადააქვთ რუსეთიდან სომხეთში და შემდეგ, შესაძლოა, სომხეთიდან, რეექსპორტის სახით, ტვირთების ნაწილი ბრუნდება საქართველოში. ასევე ამ გზას უკავშირდება სამხედრო ტვირთების გადაზიდვის ინტერესი, რადგანაც სწორედ ამ გზის გავლით მარაგდება გიუმრის რუსული სამხედრო ბაზაც“, - ამბობს გია ჯანდიერი.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს, გია ჯანდიერის თქმით, მთავარი პრობლემა მთავრობის ეფექტიანობას უკავშირდება და არა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„უნდა გვყავდეს ეფექტიანი მთავრობა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეფექტიანად ემსახურებოდეს. ასეთ შემთხვევაში ახალი გზა არსებით პრობლემას ვერ შექმნის. თუ ვინმე საუბრობს იმაზე, რომ გზამ შეიძლება უსაფრთხოების პრობლემები შექმნას, ალბათ, საუბრობს იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება მთავრობა იმ შემთხვევაში, თუკი ამ გზაზე მოძრაობა უფრო გამარტივდება. შეიძლება ბავშვს მისცე იარაღი და მან რაღაც დააშაოს, მაგრამ ზრდასრული ადამიანი ამ იარაღით არც არაფერს დააშავებს. პრობლემა იარაღის მფლობელშია და არა იარაღში“, - ამბობს გია ჯანდიერი.

„ახალი როკის გვირაბის“ შეუძლებლობა

თუ ინფრასტრუქტულ საფრთხეებზე ვილაპარაკებთ, რეალურად, კობის მიმართულებაზე მეტი საფრთხის შემცველია თბილისი-გორის ჩქაროსნული ავტობანი.
ირაკლი ალადაშვილი

სამხედრო-ანალიტიკურ ჟარნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, ზოგადად, ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საომარი მოქმედებების დროს. სამხედრო ექსპერტს მაგალითად მოჰყავს საქართველოს მძიმე გამოცდილება, რომელიც ქვეყანამ ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი რუსეთ-საქართველოს ომში მიიღო.

„აფახზეთის ომში ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს გაგრა და ამით მოახდინეს სეპარატისტების ჩაკეტვა გუდაუთის მიმართულებით, მაგრამ მალევე, რუსების დახმარებით, განხორციელდა შეტევა გაგრაზე, იმისთვის რომ გახსნილიყო სახმელეთო გზა გუდაუთიდან რუსეთისკენ, რომ მიეღოთ შეიარაღება. იგივე განმეორდა ცხინვალში, როკის გვირაბთან, 1991-92 წლებში, 2004-ში და 2008-შიც, როცა რუსები ღიად შემოიჭრნენ როკის გვირაბის გავლით. მაშინ რომ მწყობრიდან გამოგვეყვანა როკის გვირაბი, რა თქმა უნდა, ეს შეანელებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას, თუმცა, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, წარმატებას მაინც მიაღწევდა თუნდაც იმის გამო, რომ საქართველო-სომხეთის საზღვართან უკვე მომდგარი იყო გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ჯავშანტექნიკა. ცხადია, ინფრასტრუქტურას დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დროს. ამიტომაა, რომ რუსეთი სულ ცდილობს პირდაპირი კავშირები ჰქონდეს ანექსირებულ თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან. გავიხსენოთ, როგორ მოიქცა ყირიმში, როცა სახმელეთო გზით - ხიდით - დაუკავშირდა ანექსირებულ ტერიტორიას“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი, თუმცა ის ასევე შენიშნავს, რომ კობი-გუდაურის მონაკვეთზე აშენებული გვირაბი ვერ ითამაშებს „ახალი როკის გვირაბის“ როლს მარტივი მიზეზის გამო.

ირაკლი ალადაშვილი
ირაკლი ალადაშვილი

„ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორები, სადაც განთავსებულია მე-4 და მე-7 რუსული საოკუპაციო ბაზები. ვიტყოდით, რომ ლარსის მიმართულებით გზისა და გვირაბის მშენელობა მართლა საშიშია, რუსეთს რომ არ ჰქონდეს პლაცდარმები საქართველოს ტერიტორიაზე. ამაში მდგომარეობს არსებითი განსხვავება 2008 წლამდე ვითარებასა და დღევანდელ ვითარებას შორის. ეს პლაცდარმები რომ არ ჰქონდა, ამიტომ დასჭირდა ოჩამჩირეში დესანტის გადასხმა და როკის გვირაბის გამოყენება აგვისტოს ომში. დღეს, სამწუხაროდ, რუსეთს ეს პრობლემა აღარ აქვს. შესაძლოა, ცხინვალსა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ძალების რაოდენობა არ არის საკმარისი ოკუპაციის გასაზრდელად, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი ამ პლაცდარმებზე აუცილებლად გადმოისვრის შეიარაღებას როკის გვირაბით ცხინვალში, ხოლო რკინიგზით - აფხაზეთში. თუ ინფრასტრუქტულ საფრთხეებზე ვილაპარაკებთ, რეალურად, კობის მიმართულებაზე მეტი საფრთხის შემცველია თბილისი-გორის ჩქაროსნული ავტობანი. ამ ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, პირველ რიგში უნდა მოვშალოთ თბილისი-გორის მაგისტრალი, რათა მტერს გაუჭირდეს ცხინვალიდან და ახალგორიდან თბილისისკენ მოძრაობა, მაგრამ ამის გაკეთება არავის მოსდის აზრად, რაც სწორიცაა. მტრის შიშით ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე უარის თქმა გაუმართლებელი იქნებოდა“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG