Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი "კიბერპარტიზანები" ლუკაშენკას რეჟიმს ებრძვიან


"ბელარუსის ბედს მხოლოდ ბელარუსები წყვეტენ", - დაწერეს "კიბერპარტიზანებმა" პროსახელისუფლებო მედიის, "გომელის პრავდის" ვებგვერდზე. 2024 წლის მარტი.
"ბელარუსის ბედს მხოლოდ ბელარუსები წყვეტენ", - დაწერეს "კიბერპარტიზანებმა" პროსახელისუფლებო მედიის, "გომელის პრავდის" ვებგვერდზე. 2024 წლის მარტი.

ბელარუსმა ჰაკერებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყნის უშიშროების სამსახურის, კაგებეს ვებსაიტი გატეხეს. მათ გამოაქვეყნეს 40 ათასზე მეტი წერილი, რომლებიც მოქალაქეებმა უწყებას მისწერეს. ბოლო რამდენიმე წელია, “კიბერპარტიზანები” ებრძვიან ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს და ეხმარებიან უკრაინას.

„ეს სპეცსამსახურების ყველაზე დიდი მარცხია”, - წერს მოძრაობა „კიბერპარტიზანები”. მათი მტკიცებით, გამოაქვეყნეს შეტყობინებები, რომლებიც ბელარუსულმა კაგებემ 2014 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მიიღო.

40 ათასზე წერილს შორის არის როგორც პოლიტპატიმრების შეწყალების თხოვნა, ისე ოპოზიციონერების დასმენები და ინფორმატორად მუშაობის შეთავაზებები. წერილებთან ერთად, “კიბერპარტიზანებმა” მათი ავტორების პირადი მონაცემებიც გამოაქვეყნეს.

ბელარუსების უსაფრთხოებისთვის, „აუცილებელია, გამოვააშკარაოთ კაგებეს გავლენის აგენტები და მათი ინფორმატორები”, - ეუბნება მოძრაობის წარმომადგენელი, იულიანა შამეტავეცი რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს.

იულიანა შამეტავეცი
იულიანა შამეტავეცი

გუნდში 70-ზე მეტნი არიან, ჰყვება იულიანა. მათ შორის, არა მხოლოდ პროგრამისტები, არამედ მონაცემთა ანალიტიკოსები, მარკეტოლოგები და გრაფიკული დიზაინერებიც, რომლებიც სოქ. ქსელებისთვის კონტენტს ქმნიან.

ჰაკერები საერთაშორისო დაჯგუფების, Anonymous-ის მსგავსად მოქმედებენ და წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავთ.

რეჟიმთან მებრძოლები

“კიბერპარტიზანები” ხელისუფლებას პრობლემებს პირველად არ უქმნიან.

მათ ალიაქსანდრ ლუკაშენკა პირველად 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოიღეს მიზანში.

დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, იმ არჩევნებში ოპოზიციონერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა და ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. თუმცა ლუკაშენკამ ძალაუფლება შეინარჩუნა, დემონსტრაციებს კი ძალადობითა და მასობრივი რეპრესიებით უპასუხა.

“კიბერპარტიზანებმა” გატეხეს არაერთი სამთავრობო საიტი, სადაც ტოვებდნენ საპროტესტო შეტყობინებებს, რომ ლუკაშენკას რეჟიმმა ხელისუფლება მიიტაცა.

მათი მთავარი მიზანი სწორედ რეჟიმისგან ბელარუსის გათავისუფლებაა.

2021 წლის ზაფხულში “კიბერპარტიზანებმა” თქვეს, რომ ბელარუსი ძალოვნების სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები მოიპოვეს. ჩანაწერებში, სავარაუდოდ, ძალოვნები განიხილავენ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებთან ფიზიკური ანგარიშსწორების გზებს.

ასევე 2021 წელს, მათ თავის თავზე აიღეს ბელარუსის მთლიანი საპასპორტო სისტემის გატეხვა და თქვეს, რომ მოიპოვეს ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქის პირადი ნომერი.

პირად ნომრებს, ჰაკერების მტკიცებით, თან ერთვოდა ლუკაშენკას ახლო გარემოცვისა და კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა მონაცემები.

რუსეთის წინააღმდეგ

ბოლო ორ წელიწადში “კიბერპარტიზანებს” გაუჩნდათ კიდევ ერთი მიზანი - დაეხმარონ უკრაინას რუსეთთან ომში.

მათი მტკიცებით, ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში გატეხეს ბელარუსის რკინიგზის ის სისტემა, რომელიც მარშრუტების გადანაწილებაზეა პასუხისმგებელი.

24 თებერვლის შემდეგ კი ეს სისტემა გამორთეს და ბელარუსის გავლით, რუსეთიდან უკრაინაში მიმავალი სამხედრო მატარებლები მინიმუმ ერთი კვირით გააჩერეს.

ბელარუსიდან წამოსული მატარებელი, რომელიც დივერსანტებმა ააფეთქეს. რუსეთი, ბრიანსკის რაიონი, 2023 წლის მაისი
ბელარუსიდან წამოსული მატარებელი, რომელიც დივერსანტებმა ააფეთქეს. რუსეთი, ბრიანსკის რაიონი, 2023 წლის მაისი

გარდა ამისა, “კიბერპარტიზანები” ამოწმებენ ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ბელარუსთა მოხალისეობრივ ბატალიონში ეწერება. ასევე ისინი უზიარებენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის დაზვერვებს.

რამდენიმე თვის წინ, ბელარუსმა ჰაკერებმა გატეხეს სამხედრო დრონების მწარმოებელი რუსული კომპანიის, “არლანის” სისტემა და მოპოვებული ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწოდეს.

ამ ყველაფრისთვის უკრაინელები ხშირად მადლობასაც უხდიან, ამბობს იულიანა შამეტავეცი.

მისი თქმით, მოპოვებულ ინფორმაციას ყოველთვის ინახავენ ცალკეულ სერვერებზე, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა. თანაც ეს ინფორმაცია არ არის მისაწვდომი გუნდის ყველა წევრისთვის.

ამ ინფორმაციის წყალობით ისინი დაეხმარნენ ბევრ ოპოზიციონერსაც. „ვიღაცა გაიქცა და რეჟიმის კლანჭებში არ მოხვდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ძირითადი სამუშაო, საბოლოო ჯამში, მაინც ბელარუსში მყოფი ბელარუსების დახმარებაა”, - ამბობს იულიანა შამეტავეცი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG