Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეშფოთებულია „უცხოეთის გავლენის“ კანონპროექტის გამო


მაიკლ ო'ფლაჰერტი შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.
მაიკლ ო'ფლაჰერტი შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ხელახლა ინიციირებული კანონპროექტის - „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“, - გამო და მიიჩნევს, რომ კანონს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენა ექნება.

კომისარმა ო’ფლაჰერტმა ამ საკითხზე ვრცელი წერილი 11 აპრილს გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

წერილი 16 აპრილს ევროსაბჭოს პრესცენტრმა გამოქვეყნა შალვა პაპუაშვილის საპასუხო წერილთან ერთად.

ადამიანის უფლებათა კომისარი წერს, რომ შეშფოთებულია „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან ["ქართული ოცნების"] საკანონმდებლო ინიციატივის თავსებადობის გამო, - მათ შორის იმ მსუსხავი ეფექტის გამო, რომელიც მის მიღებას შეიძლება მოჰყვეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, განსაკუთრებით კი ისეთი ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე“.

ევროკომისარი პაპუაშვილს შეახსენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის „აგენტების კანონის“ შესახებ და მიუთითებს:

„იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ შეასრულონ თავიანთი როლი, როგორც „საზოგადოების დარაჯებმა“, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება, მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან და ამ წყაროების მრავალფეროვნებამ შეიძლება გააძლიეროს ასეთი დაფინანსების მიმღებთა დამოუკიდებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

კომისარი ასევე შეახსენებს პაპუაშვილს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმადაც, გაერთიანების თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა კანონის დადგენილი სტანდარტით უნდა მოხდეს, ეს კი მოითხოვს კანონის სიცხადესა და განჭვრეტადობას.

კომისრის თანახმად, კანონპროექტის მიღება „სავარაუდოდ, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის, - რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, - ასევე, მათი აქტივობების სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციას, მათ შორის, საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თვალში, რაც გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მათი აქტივობების განხორციელებას“.

იგი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ კანონის მიღებისგან.

ასევე ვრცელ საპასუხო წერილში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს, რომ კანონპროექტის სულისკვეთება და მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობის გაუმჯობესება.

„საერთო ჯამში, კანონპროექტი შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

„წარდგენილი კანონმდებლობა არ კრძალავს რაიმე სახის საქმიანობას, ის არ და ვერ დაისახავს მიზნად სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. სანაცვლოდ, ის ითვალისწინებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს“, - მიმართავს პარლამენტის სპიკერი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს.

მისი პოზიციით, „სტიგმატიზაციის საკითხი გადაწყდა „უცხოური აგენტის“ „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლებით“.

პაპუაშვილის თანახმად, „კანონპროექტს აუცილებლად პოზიტიური გავლენა ექნება ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებზე. იგი გაზრდის არაკომერციული ორგანიზაციების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონეს“. ასევე, „გაიზრდება მათი ლეგიტიმაცია, რომელიც შერყეულია პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებული სკანდალების გამო“.

15 აპრილს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „აგენტების კანონის“ განხილვა დაიწყო. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღებას გეგმავს.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა გამოვლენას ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG