Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის ახალი თავის ტკივილი: ყარაბაღელი ლიდერი ამბობს, რომ „მთავრობა დევნილობაში აგრძელებს მუშაობას“


ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი „დევნილ მთავრობაზე“ საუბრობს, ნიკოლ ფაშინიანი კი ამბობს, რომ ერევანში მხოლოდ ერთი მთავრობაა.
ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი „დევნილ მთავრობაზე“ საუბრობს, ნიკოლ ფაშინიანი კი ამბობს, რომ ერევანში მხოლოდ ერთი მთავრობაა.

მიუხედავად იმისა, რომ მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ 2024 წლიდან არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა, დე ფაქტო მთავრობის ყოფილი მეთაური ახლა აცხადებს, რომ „დევნილი მთავრობა მუშაობას ერევნიდან აგრძელებს“.

სომხეთის მთავრობისათვის, რომელმაც 2023 წელს რეგიონის აზერბაიჯანის მიერ დაკავების შემდეგ გამოაცხადა, რომ ეს საკითხი დაიხურა, ეს მორიგი თავის ტკივილი და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევაა.

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანში მხოლოდ ერთი მთავრობა ფუნქციონირებს.

მოსკოვთან დაპირისპირებული ლიდერი საუბრობს „გარე ძალების“ მიერ „ყარაბაღიდან დევნილი ჯგუფების“ ბოროტად გამოყენებაზეც.

„მთავრობა დევნილობაში“?

სამშაბათს, 27 მარტს, ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში ყარაბაღის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა თქვა, რომ ყარაბაღიდან მოსახლეობასთან ერთად გაქცევის შემდეგ, „მთიანი ყარაბაღის ყველა სახელმწიფო უწყება აგრძელებს ოფიციალურ მუშაობას“.

„ამ შენობაში, სადაც ვიმყოფებით, განთავსებულია არცახის საპრეზიდენტო, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების ოფისები“, - უთხრა მან „ფიგაროს“ ჟურნალისტს. „კანონმდებლებს შეუძლიათ, აქ შეიკრიბონ ხმის მისაცემად“.

სამველ შაჰრამანიანი, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ბოლო პრეზიდენტი
სამველ შაჰრამანიანი, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ბოლო პრეზიდენტი

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ 2024 წლის 1 იანვარს ფორმალურად შეწყვიტა არსებობა.

ამით დასრულდა ერევნისგან მხარდაჭერილი ეთნიკური სომხების დე ფაქტო მმართველობა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე.

2020 წლის ყარაბაღის მეორე, სისხლიან ომში სომხურმა ძალებმა მარცხი იწვნიეს.
3 წლის შემდეგ, 2023 წლის 19 სექტემბერს, აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შედეგად სომხურმა ფორმირებებმა, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადეს.

მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, - სულ რამდენიმე ოჯახის გარდა, - 100 ათასზე მეტი ადამიანი, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში, იძულებული გახდა, სომხეთში გაქცეულიყო.

დე ფაქტო პრეზიდენტმა, შაჰრამანიანმა 2023 წლის 28 სექტემბერს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის პირველი იანვრიდან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ გაუქმდა.

სომეხი მოსახლეობა ტოვებს მთიან ყარაბაღს. 2023 წლის სექტემბერი
სომეხი მოსახლეობა ტოვებს მთიან ყარაბაღს. 2023 წლის სექტემბერი

შაჰრამანიანმა ასევე გაიმეორა, რომ მისი 28 სექტემბრის განკარგულება, რომლითაც „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ლიკვიდაცია გამოაცხადა, „ვალიდური არ არის“.

მან თქვა, იძულებული ვიყავი, ამ დოკუმენტისთვის ხელი მომეწერა, რათა, აზერბაიჯანის სამხედრო შეტევის პარალელურად, ყარაბაღელი სომხები უსაფრთხოდ წასულიყვნენ სომხეთშიო.

„ეროვნული უშიშროების გამოწვევა“

ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მწვავედ გააკრიტიკა ყარაბაღის დე ფაქტო ექსპრეზიდენტი.

ხუთშაბათს, 28 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამჯერ გაიმეორა, რომ „სომხეთში, სომხეთის მთავრობის გარდა, არ შეიძლება იყოს რაიმე სხვა მთავრობა“.

„თუკი სომხეთში ვინმე თავის თავს უწოდებს მთავრობას [დევნილობაში], მაშინ ეს სომხეთისთვის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევაა“, - თქვა მან.

ნიკოლ ფაშინიანი თავუშის რაიონში, 2024 წლის 18 მარტი
ნიკოლ ფაშინიანი თავუშის რაიონში, 2024 წლის 18 მარტი

ფაშინიანმა დასძინა: „იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემის არსებობა არ ნიშნავს, რომ ჩვენი [უშიშროების] სამსახურები ცუდად მუშაობენ“.

ფაშინიანის გუნდის წევრებმა ყარაბაღელი ლიდერი მწვავედ ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს გააკრიტიკეს, რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც მან პირველად გამოაცხადა, „ყარაბაღის გაუქმების“ ბრძანება ბათილიაო.

„ვინ არის შაჰრამანიანი“?

შაჰრამანიანის მრჩეველმა, ვლადიმერ გრიგორიანმა რადიო თავისუფლების სომხურენოვან სამსახურს განუცხადა, „არცახის [ასე უწოდებენ სომხები ყარაბაღს] რესპუბლიკის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სახალხო რეფერენდუმით, და არცერთ ადამიანს, მათ შორის არც პრეზიდენტს, არ გააჩნია უფლებამოსილება, დაშალოს რესპუბლიკა“.

გრიგორიანმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა შაჰრამანიანმა 19 ოქტომბერს, - ერევანში ყოფნისას, - ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას, რომლითაც გააბათილა 28 სექტემბრის განკარგულება „ყარაბაღის რესპუბლიკის გაუქმებაზე“.

ამ ნათქვამს ფაშინიანის გუნდისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

„ვინ არის სამველ შაჰრამანიანი, რომ ხელი მოაწეროს ბრძანებას ერევანში?“ - იკითხა არტურ ოვანესიანმა, ფაშინიანის პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“, ერთ-ერთმა ლიდერმა.

არტურ ოვანესიანი, ფაშინიანის პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრი
არტურ ოვანესიანი, ფაშინიანის პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრი

დაუდასტურებელი ცნობებით, პრემიერი ფაშინიანი შაჰრამანიანთან და ყარაბაღის სხვა ლიდერებთან შეხვედრაზე უარს ამბობს. საჯაროდ მათ შორის სექტემბრის შემდეგ რაიმე შეხვედრის ამსახველი ცნობები არ იძებნება.

ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ყარაბაღის საკითხი მისი ადმინისტრაციისთვის დახურულია.

აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთ წინაპირობად ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის მიერ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებას ასახელებს.

იგი აღიარებს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ექცევა.

რეაქციები ოპოზიციაში

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ნიკოლ ფაშინიანს „აზერბაიჯანის გაბრაზების ეშინია“.

სომხეთის მთავარი ოპოზიციური ალიანსის, „სომხეთის“ („ჰაიასტანის“) ლიდერმა, იშხან საღათელიანმა ფაშინიანის განცხადება ყარაბაღის ხელმძღვანელობისადმი მუქარად შეაფასა.

მან მოუწოდა სომხებს, შეეწინააღმდეგონ „რეპრესიის ახალ ტალღას“, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა ყარაბაღის ლიდერების წინააღმდეგ გაჩაღდეს.

იშხან საღათელიანი (მარჯვნივ), საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „სომხეთის“ წევრი რადიო თავისუფლების ეთერში
იშხან საღათელიანი (მარჯვნივ), საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „სომხეთის“ წევრი რადიო თავისუფლების ეთერში

„აშკარაა, რომ არცახის გვერდი არ არის დახურული და ფაშინიანი და ალიევი ყველაფერს აკეთებენ პრობლემის პროაზერბაიჯანული გადაწყვეტის მოსაძებნად“, - დაწერა საღათელიანმა ფეისბუკზე 28 მარტს.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: სომხეთის უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხე არის ნიკოლ ფაშინიანი და არა არცახის სახელმწიფო ინსტიტუტები“, - განაცხადა მან.

კრიტიკას ამძაფრებს ის, რომ ერევანი ხმამაღლა არ საუბრობს აზერბაიჯანში დაპატიმრებული ყარაბაღელი ლიდერების ყოფაზე და საჯაროდ მათ გადმოცემას პროაქტიულად არ ითხოვს.

ყარაბაღელი ლიდერების ნაწილი ერევანშია, ნაწილი კი აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა დააკავეს მთიანი ყარაბაღის დატოვების მცდელობისას.

აზერბაიჯანში დატყვევებულ პოლიტიკოსებს შორის არიან:

  • რუბენ ვარდანიანი, ყოფილი დე ფაქტო სახელმწიფო მინისტრი [ახლახან მისი ბანკი „საქართველოს ბანკმა“ შეისყიდა];
  • ყარაბაღის სამი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი: არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი და არაიკ არუთუნიანი;
  • ასევე, დე ფაქტო მინისტრების ნაწილი.

„ღალატი“

კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანს „მოღალატეობრივ ქმედებებში“ სდებს ბრალს, აზერბაიჯანისთვის ოთხი სასაზღვრო სოფლის გადაცემაზე მზაობაა.

აზერბაიჯანი სომხეთის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი სოფლის უპირობოდ გადაცემას ითხოვს. ამ სოფლებზე გადის თბილისი-ერევნის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ძირითადი გზა და, ასევე, რუსეთიდან მომავალი „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენი.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სეირან ოჰანიანმა სომხეთის არმიას მოუწოდა, არ დაემორჩილოს პრემიერის მოსალოდნელ ბრძანებას სასაზღვრო სოფლებიდან გამოსვლაზე.

ამ ამბის გახმაურებას შეიარაღებული წინააღმდეგობის მცდელობაც მოჰყვა.

წინა კვირას, 24 მარტს, ერევნის ერთ-ერთ რაიონში, ნორ-ნორკში მდებარე პოლიციის შენობას სამი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. სამივე მათგანი „ტერორიზმის“ ბრალდებით დააკავეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

იმავე დღეს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებული დაჯგუფების, „საბრძოლო საძმოს“ 49 წევრი დროებით დააკავა. ჯგუფს გამოცხადებული ჰქონდა, რომ თავუშის რაიონში, იმ ადგილას გეგმავდა ჩასვლას, სადაც ეს ოთხი სოფელი მდებარეობს.

24 მარტს სომხეთში, ნორ-ნორკის რაიონში, სამმა შეიარაღებულმა პირმა პოლიციის შენობის დაკავება სცადა
24 მარტს სომხეთში, ნორ-ნორკის რაიონში, სამმა შეიარაღებულმა პირმა პოლიციის შენობის დაკავება სცადა

საბოლოოდ, სამი თავდამსხმელი ამ დაჯგუფების წევრი არ აღმოჩნდა და ისინი მალევე გამოუშვეს.

გამოცემა „ჰრაპარაკის“ ცნობით, თავდამსხმელები ნაციონალისტური ჯგუფის, „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის“ წევრები იყვნენ: ორი მათგანი 2020 წლის ომის ვეტერანი იყო, ერთს კი ამავე ომში შვილი დაეღუპა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ამ ჯგუფის ლიდერებს ახლო კავშირები აქვთ კიდევ ერთ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან, „სასნა ცრერთან“ („სასუნის გაბედულებთან“).

დაჯგუფებამ, რომელსაც ყარაბაღის პირველი ომის ვეტერანი, ჟირაირ სეფილიანი მეთაურობს, 2016 წელს ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის შენობაზე მიიტანა იერიში. მაშინ ერთი პოლიციელი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

ჟირაირ სეფილიანი, ამჟამად უკვე პარტია „სასნა ცრერის“ ლიდერი
ჟირაირ სეფილიანი, ამჟამად უკვე პარტია „სასნა ცრერის“ ლიდერი

ნორ-ნორკის პოლიციის შენობაზე თავდასხმის გამოძიების ფარგლებში, დღეს, 29 მარტს, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა რამდენიმე მისამართზე ჩაატარა ჩხრეკა.

სპიკერმა, გორ აბრაჰამიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს დაუდასტურა, რომ ერთ-ერთი სახლი, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ჟირაირ სეფილიანს ეკუთვნის.

„ზომები“ „გარე ძალების“ წინააღმდეგ

ფაშინიანმა ხუთშაბათსვე, 28 მარტსვე თქვა, რომ სომხეთის უშიშროების სამსახურები მზად უნდა იყვნენ, „შესაბამისი ზომები“ მიიღონ, რათა თავიდან აიცილონ „გარე ძალების მიერ მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული გარკვეული წრეების გამოყენება“.

მართალია, მას ამ შემთხვევაშიც არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა, თუმცა, კონტექსტის გათვალისწინებით, სომხურმა მედიამ მის სამიზნეში ისევ ყარაბაღის „ექსპრეზიდენტი“ სამველ შაჰრამანიანი დაინახა.

ამ კვირის დასაწყისში შაჰრამანიანი, რომელიც ზოგადად, ნაკლებად ჩანს ხოლმე საჯაროდ, ერევანში, უკრაინის ომის შესახებ რუსული ფილმის ჩვენებას დაესწრო.

ეს ჩვენება სომხეთში რუსეთის საელჩომ მოაწყო.

სომხეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი კოპირკინმა ღონისძიებაზე დამსწრეებს „რუსეთის მეგობრები“ უწოდა.

ფაშინიანის მთავრობა კი თანდათანობით, შეძლებისდაგვარად შორდება მოსკოვსა და მის პოლიტიკურ ორბიტას.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (მარცხნივ) და ნიკოლ ფაშინიანი. ერევანი, 2024 წლის 19 მარტი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (მარცხნივ) და ნიკოლ ფაშინიანი. ერევანი, 2024 წლის 19 მარტი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 28 მარტს ფაშინიანის ადმინისტრაცია რუსულ-სომხური კავშირების სისტემურ განადგურებაში დაადანაშაულა.

„სომხეთის ხელმძღვანელობა, რაღაც შორს მიმავალი გეგმებიდან გამომდინარე, ბოლო სამი წლის ისტორიას ცვლის, და მიზანმიმართულად ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განადგურებას“, - განაცხადა მან.

სომხეთის მთავრობა აგრძელებს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებას: დასავლეთისაკენ ნაბიჯების გადადგმას. წინა კვირას ერევანს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვია რეგიონული, სამხრეთკავკასიური ტურის ფარგლებში.

მხარეებმა განაცხადეს, რომ ბრიუსელსა და ერევანს შორის ახალი, „ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობის გეგმა“ (ITPP), მალე დამტკიცდება.

XS
SM
MD
LG