Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ! - დეპუტატი მათიკაშვილი ალეკო ელისაშვილზე


დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი
დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი

„ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ!“ - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ კოლეგის, მამუკა მდინარაძისთვის სახეში მუშტის ჩარტყმაზე პასუხად.

„მერვე წელია პარლამენტის წევრი ვარ, ამ კედლებსაც, ქუთაისის კედლებსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ არც ჩვენ და არც ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არ უნახავს, ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად მიპარვოდეს გამომსვლელს გამოსვლის პერიოდში და მისთვის გაერტყას“, - თქვა დავით მათიკაშვილმა სამშაბათს, 16 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მათიკაშვილმა ელისაშვილის ქმედებას „ლაჩრობა“ და „არაკაცობა“ უწოდა და თქვა, რომ მან „სათანადო პასუხი მიიღო“.

„ყველა რადიკალი გაფრთხილდეს! როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ, ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ!“ - თქვა მათიკაშვილმა. მან ეს ფრაზა ორჯერ გაიმეორა.

„ვერც ელისაშვილი და ვერც თქვენი ზედმეტი ყვირილი იმ გეზს ვერ შეგვაცვლევინებს, რაც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული“.

საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა 16 აპრილის სხდომაზე „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღებას გეგმავს.

15 აპრილს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „აგენტების კანონის“ განხილვა დაიწყო.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელიც უმრავლესობის კანონპროექტს წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.

ამ წუთების ამსახველ ვიდეოში ჩანს, მდინარაძისთვის მუშტის დარტყმის შემდეგ როგორ ურტყამს რამდენიმე ადამიანი ელისაშვილს, მათ შორის - ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნოდარ ტურძელაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, შოთა ხაბარელი.

„რაც უნდა ის ქნან, თუ შემიშვებენ, კიდევ შევალ და ვიჩხუბებ. გინდა დამიჭირონ, გინდა სული ამომხადონ... აგერ ვარ, არსად არ გავრბივარ...“, - დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მასზე თავდასხმის შესახებაც ილაპარაკა: „გავილახე, მაგრამ საქართველოსთვის გავილახო...“ ის აცხადებს, რომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

პარლამენტი აგრძელებს კანონპროექტის განხილვას.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია და უცხოური ძალის გამტარებელთა გამოვლენას ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG