Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოიყვან ციტატას და უკვე უცხოეთის აგენტი ხარ“. იმანუილ კანტის 300 წლისთავისათვის


გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუილ კანტის საფლავი კენიგსბერგის საკათედრო ტაძრის კედელთან
გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუილ კანტის საფლავი კენიგსბერგის საკათედრო ტაძრის კედელთან

გერმანული კლასიკური ფილოსოფიის და გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი, იმანუილ კანტი კენიგსბერგში, მაშინდელ პრუსიის სამეფოში (ახლა რუსეთი, კალინინგრადი) დაიბადა და იქვე გარდაიცვალა. 

ქალაქი ახლა თავისი დიდი შვილის დაბადების 300 წლისთავს აღნიშნავს - გამოფენებით და პერფორმანსებით, მაგრამ არა მისი მემკვიდრეობის შემსწავლელი მკვლევრების მონაწილეობით: ზოგს კრემლმა არ დართო ჩასვლის ნება, სხვამ თვითონ არ ისურვა პუტინის რუსეთში სტუმრობა და სახელმწიფოს მიერ მოწყობილ შეხვედრებში ჩართვა, მესამენი კი ღრმა შინაგან ემიგრაციაში იმყოფებიან. 22 აპრილს კანტის 300 წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე კალინანგრადის ოლქის გუბერნატორმა ფილოსოფსს უწოდა „ჩვენი რუსული ნადავლი“.
გამოცემა „ოკნო“ გვიამბობს, როგორ აღინიშნება დიდი ფილოსოფოსის 300 წლისთავი.

კანტი კალინინგრადის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მის პატივსაცემად კანტის სახელი ჰქვია ქალაქში კუნძულს, უნივერსიტეტს, მაღაზიებსა და კანფეტებს. კალინინგრადში ყველამ იცის, რომ მათ ქალაქში დაიბადა გერმანელი კლასიკური ფილოსოფოსი.

იმანუილ კანტი
იმანუილ კანტი

კანტის დაბადებიდან მე-300 წლისთავი აღინიშნა 22 აპრილს. ქალაქის მთავრობა ამ დღეს სერიოზულად მოეკიდა და უამრავი შეხვედრა და ღონისძიება დაგეგმა. 22 აპრილის ღამით კანტის კუნძულზე საკათედრო ტაძარში გაიხსგნა ფილოსოფოსის მუზეუმი. ერთ-ერთ გამოფენაზე წარმოდგენილია კანტის პორტრეტი, რომელიც მის ცხოვრებაშივე, 1768 წელს შექმნა იოჰან გოტლიბ ბეკერმა. კანტის იუბილეს ეძღვნება ახალი „ფილოსოფოსთა ხიდის“ მშენებლობა ქალაქის ცენტრში, დაიწერა არაერთი წიგნი.

კალინინგრადის მთავრობამ ისურვა, ამ ღონისძიებებზე მიეზიდა ახალგაზრდები. კალინინგრადელები მიიწვიეს „ლექცია-პერფორმანსზე“ სახელწოდებით „კანტი და ჩე“, ასევე გასტრონომიულ ბაზრობაზე, სადაც ფილოსოფოსის აზრები მიწერილია ხეებზე, დახლებზე, ნაყინის ქაღალდის ჭიქებზე. იქვე ამზადებენ მისი, როგორც გერმანელის, საყვარელ კერძს, ვირთევზას ან ძეხვს მოშუშული კომბოსტოთი.

ქალაქში, ასე ვთქვათ, „გაითამაშებენ“ კანტის ციტატებს.
ბალტიის ცენტრალური უნივერსიტეტის (ასევე კანტის სახელობის) მკვლევრებმა კანტის იუბილესთან დაკავშირებით შექმნეს ნეიროქსელი „კანტი-ბოტი“. „ბოტს შესწევს უნარი, გაგესაუბროთ ცხოვრების არსზე და პასუხი გასცეთ არცთუ მარტივ ეთიკურ შეკითხვებზე“, - გვპირდება უნივერსიტეტი, თუმცა, ჯერ საჯაროდ ბოტზე წვდომა არ არის.

ამავე უნივერსიტეტმა შეიმუშავა „წმინდა გონების კრიტიკის“ ავტორის სახის, სამგანზომილებიანი ვერსიები, რომლებიც გამოსახულია აფიშებზე, სუვენირებზე და რომლითაც მორთეს ქალაქი.

თვითმხილველი ამბობს, რომ მოდელები არც კანტს ჰგავს და არც ერთმანეთს.

„კანტისთვის სულერთი იქნებოდა“

კანტი კალინინგრადისთვის საყრდენია ისევე, როგორც რუსეთისთვისაა პუშკინი - „ჩვენი ყველაფერი“, ამბობს სოციოლოგი და ნეოკანტიანელი, ვიქტორ ვახშტაინი.

ვიქტორ ვახშტაინი
ვიქტორ ვახშტაინი

"რაღაც ჰანა არენდტს ხშირად არ ახსენებთ, ალბათ, უფრო ძნელია მისი როგორც თანამემამულედ წარმოდგენა, ამბობს ვახშტაინი. კანტის შემთხვევაში ეს უფრო იოლია. „მოიგონეთ ჩვენი უნივერსიტეტის, ჩვენი აეროპორტის დასახელება, და დაფიქრდით, ვინ არის ჩვენი ყველაზე ცნობილი თანამემამულე. რა ვქნათ, როგორ დავუკავშიროთ კანტს გასტრონომიული ბაზრობა…

პროვინციული ამბავია… მათ კოკოშნიკები აქვთ, ჩვენ კი კანტი გვყავს - რაღაც ასეთი. მე ამას როგორც კანტიანელი ვუყურებ. კანტისთვის ეს სულერთი იქნებოდა, და ფილოსოფოსებმაც ასე უნდა შეხედონ“, - თვლის ვახშტაინი და ამტკიცებს, რომ კანტი ისაა, რაც მან დაწერა და არა ის, რაზეც დახატეს. როგორც წესი, მისი და იაკობის (ასევე კენიგსბერგელი ექიმი და რადიკალ-დემოკრატი - რედ.) პორტრეტები რომ ერევათ ხოლმე, იხსენებს მკვლევარი.

ვახშტაინი სამი წლის წინ ჯერ კიდევ კითხულობდა ლექციებს კანტის ქალაქში სოციოლოგიურ ნეოკანტიანობაზე. მაშინ მას მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის სოციოლოგიური კათედრის დეკანის თანამდებობა ეკავა. ვახშტაინი გეგმავდა კანტის იუბილესთან დაკავშირებით კალინინგრადში ჩასვლას, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან რუსეთში ის „უცხოეთის აგენტად“ იქნა შერაცხილი 2022 წლის 22 აპრილს, კანტის დაბადების დღეს, რის შემდეგაც დატოვა რუსეთი და ისრაელში გადასახლდა.

ასე რომ, ახლა, კანტის დაბადების დღე, ჩემი ზეიმიც არის, - ხუმრობს ნეოკანტიანელი და განმარტავს, რომ არაა საწყენი, კალინინგრადში რომ ვერ ჩავდივარ, კანტი საერთოდ ვერ მოესწრო კალინინგრადს და უცნაური იქნება, ვთქვათ, რომ კანტი არასრულია კალინინგრადის გარეშეო. "რაც უნდა მოხდეს, კანტი კანტად დარჩება. მის ნაშრომებს ბევრი სწავლობს, კონგრესები მას არ სჭირდება" - თვლის ვახშტაინი.

იმანუილ კანტის ძეგლი ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტის წინ
იმანუილ კანტის ძეგლი ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტის წინ

კანტის იუბილეს მთავარი ღონისძიება კალინინგრადში არის კანტისადმი მიძღვნილი კონგრესი სახელწოდებით „ფილოსოფიის მსოფლიო გაგება“, - რომელიც 22-დან 24 აპრილამდე იმართება იმანუილ კანტის სახელობის ბალტიის უნივერსიტეტის ბაზაზე. კონგრესში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 15 ქვეყნის 600 წარმომადგენელი.

კონგრესი წლების განმავლობაში მზადდებოდა, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ თავისი ქნა, ბევრი მკვლევარი კალინინგრადში არ ჩავიდა.

„300 წლის იუბილე თავიდანვე დიდ თარიღად იყო ჩაფიქრებული. კანტი ევროპულად მოაზროვნე რუსულენოვანი ფილოსოფოსების სიმბოლოა. და მისი იუბილე მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც მუშაობს კანტის მემკვიდრეობით ფილოსოფიაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ თეორიაში“, - ამბობს ვახშტაინი.

იყო იდეა, რომ რაღაც დიდი თავყრილობა მოწყობილიყო, კალინინგრადში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეკრებილიყვნენ. სამი წელი მზადდებოდა კანტიანელთა სემინარები. შემდეგ კი ზოგიერთი მკვლევარი გამოცხადდა "უცხოეთის აგენტად", ზოგმა უარი თქვა ჩამოსვლაზე, რადგან დღევანდელ პირობებში კატეგორიულ იმპერატივზე საუბარი ყალბად ჟღერს. ზოგიერთმა მიიღო თამაშის წესები. ახლა მათ მოუწევთ, პროფესიონალიზმი სხვაგვარად შეფუთონ და „გიორგის ლენტი“ შემოახვიონ.

კანტის ბევრ უცხოელ მკვლევარს უბრალოდ არ მიეცა იუბილეზე დასწრების უფლება. 2022 წელს რუსეთის უშიშროების სამსახურმა (FSB) აუკრძალა რეგიონში შესვლა კანტისა და კენიგსბერგის მეგობართა საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელს, ჰერფრიდ ჰორსტს. საზოგადოება 2011 წელს ბერლინში ჩამოყალიბდა ტრადიციებისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად „გერმანელებს, რუსებსა და კანტის სხვა ეროვნების მეგობრებს შორის“ და კალინინგრადში მრავალი ღონისძიება გამართა.

აკრძალვის მიზეზები ჰორსტისთვის არ უცნობებიათ. მან თხოვნით მიმართა რუსეთის მთავრობას, რომ კანტის საიუბილეო დღეებში მაინც მისცენ ქალაქში ჩასვლის ნებართვა, რათა საფლავზე ყვავილები მიიტანოს. თავის მიმართვაში მან გაიხსენა ფაქტი, რომ ისტორიის ნებით, ფილოსოფოსის საფლავი რომ რუსეთის ნაწილი გახდა, ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს, კანტის ყველა თაყვანისმცემელს მისცეს ფილოსოფოსის საფლავზე მისვლის უფლება.

„რუსეთის მთავრობის მხრიდან არანაირი პასუხი არ ყოფილა", - ამბობს ჰორსტი, - "რა თქმა უნდა, ჩვენ - კანტისა და კენიგსბერგის მეგობრების საზოგადოება აღვნიშნავთ იმანუელ კანტის 300 წლის იუბილეს. 22 აპრილს გაიმართება Bohnenmahl-ად (ტრადიციული ტრაპეზობა, რომელიც კანტის გარდაცვალების მერე მისმა მეგობრებმა შემოიღეს - რედ.) წოდებული სადილი, საღამოს კი - ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის ღონისძიება კანცლერ შოლცის მოხსენებით".

ივნისში ბერლინში გაიმართება კანტის გარშემო მთავარი სამეცნიერო კონფერენცია. სექტემბერში დაგეგმილია უკვე ბონში გერმანული საზოგადოების Kant-Gesellschaft-ის მიერ ორგანიზებული კანტის მე-14 საერთაშორისო კონგრესი. სწორედ ეს კონგრესი - დიდი რაოდენობით უცხოელი მონაწილეებით, უნდა გამართულიყო კალინინგრადში. საზოგადოებამ უარი თქვა რუსეთში შეხვედრის გამართვაზე უკრაინაში ომის გამო. ყველა ის მეცნიერი, ვინც ომის გამო კალინინგრადში ვერ მოხვდა, ბონში შეიკრიბება.


კალინინგრადში მსოფლიო სახელის მეცნიერები მაინც ჩავლენ

"ვნახე კალინინგრადის კონგრესის პროგრამა, ბევრი პოლიტიზებული პირია სტუმრებს შორის. მაგრამ ამას არა უშავს. იქ არიან ადამიანები, რომლებიც მართლაც დიდი სპეციალისტები არიან, და ისინი მაინც ჩავლენ. მე არ ვიცი, როგორ გააკეთებენ ამას. ბევრი კიდევ ღრმა შინაგან ემიგრაციაშია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ინტელექტუალური ცხოვრება არ მთავრდება. ის ფაქტი, რომ დროებით შეჩერდა რეგისტრაცია კალინინგრადის ტერიტორიაზე, სამწუხაროა კალინინგრადისთვის. მაგრამ კანტისთვის - არაფერი“, - ამბობს ვახშტაინი.

იულია სინეოკაია
იულია სინეოკაია

"რა თქმა უნდა, იყო იმედი, უნიკალური შესაძლებლობა, კანტის მკვლევართა საზოგადოების შეკრებისა კანტის სამშობლოში. ჩემი კალინინგრადელი კოლეგები ბევრს ცდილობდნენ, რომ საიუბილეო კონგრესი კალინინგრადში ჩატარებულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, - ამბობს იულია სინეოკაია, პარიზის ფილოსოფიის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ასოციაციის ხელმძღვანელი.
ფილოსოფოსებმა გააკეთეს მაქსიმუმი დღევანდელ ვითარებაში. და კარგია, რომ კონფერენცია გაიმართება კალინინგრადში. მას ჰქვია საერთაშორისო, მაგრამ მონაწილეებს შორის პრაქტიკულად არ არიან კანტის მემკვიდრეობის ცნობილი უცხოელი მკვლევრები. ეს ძალიან სამწუხაროა. ცუდი ისაა, რომ კანტის რუსი მკვლევრები მსოფლიოში იზოლირებული აღმოჩნდნენ და უცხოელი კოლეგები ვერ შეიკრიბებიან კანტის სამშობლოში. ეს სიტუაცია ნათლად ასახავს რეალობას, რომელშიც აღმოვჩნდით აკადემიური საზოგადოებრიობა ომის დაწყების შემდეგ," - თქვა იულია სინეოკაიამ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი დატოვა. საფრანგეთში მან დააარსა ასოციაცია „ფილოსოფიის დამოუკიდებელი ინსტიტუტი“, რათა რუსეთიდან წასულ ფილოსოფოსებს ერთად გაეგრძელებინათ მუშაობა. ასოციაციის წევრებს შორის არიან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის, ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის და სხვა რუსული უნივერსიტეტების ყოფილი პედაგოგები და მკვლევრები. "მხოლოდ ერთეულები წავიდნენ, რუსეთში დარჩა ფილოსოფოსთა უმეტესობა", ამბობს სინეოკაია. "და მათთვის, ვინც დარჩა და კრიტიკულად აფასებს იმას, რაც დღეს ხდება, რთულია, ისინი ცხოვრობენ გაურკვევლობაში, შიშში და ძალიან განიცდიან უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას", თვლის ფილოსოფოსი.

„კანტს არ შეუძლია წინააღმდეგობა“

იმანუილ კანტი მართლაც ყველაზე ცნობილი კენიგსბერგელია. ის 1724 წელს დაიბადა და მთელი ცხოვრება მშობლიურ ქალაქში გაატარა, თითქმის არასოდეს წასულა. მისი საფლავი ახლა გერმანიის საკათედრო ტაძრის კედელშია განთავსებული, სადაც მუდმივად ჩადიან ტურისტები და ადგილობრივ ახალდაქორწინებულებს ყვავილები მიაქვთ.

კანტი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი საყვარელი ფილოსოფოსია, 2005 წელს სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა ადგილობრივი უნივერსიტეტისთვის კანტის სახელის დარქმევა. 2013 წელს პუტინმა თქვა, რომ აუცილებელია ფილოსოფოსი კალინინგრადის სიმბოლოდ იქცეს.

ფილოსოფოსის საფლავის და მისი ძეგლის გარდა, რეგიონში კანტთან დაკავშირებული სხვა ობიექტები არ ყოფილა. მაგრამ კანტის მკვლევრებმა გაიხსენეს ჩერნიახოვსკის რაიონის ახლანდელ სოფელ ვესელოვკაში მდებარე სახლი. შენობა, სავარაუდოდ, აშენდა ყოფილი პასტორის სახლის საძირკველზე, სადაც ახალგაზრდა კანტი ცხოვრობდა და მუშაობდა მასწავლებლად რამდენიმე წლის განმავლობაში, 1748-1751 წლებში.

მეცნიერები ვერ მივიდნენ საერთო აზრამდე, მართლა ცხოვრობდა თუ არა ფილოსოფოსი აქ, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყურადღება არ მიექცია მსგავსი წვრილმანებისთვის და აქ მაინც გაეხსნა მუზეუმი. მაშინ, 10 წლის წინ, ეს მიტოვებული სახლი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო. სოფლის ადგილობრივებმა ყველა შენობა აგურისთვის თანდათან დაშალეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მუზეუმის იდეა ჩაკვდა - მანამ, სანამ 2015 წლის მარტში, პედაგოგიური ინსტიტუტის 17 წლის სტუდენტმა მიტოვებული შენობის კედელზე დაწერა წარწერა „კანტი - ლაყეა“. სკანდალმა ფედერალურ დონემდე მიაღწია, გოგონა იპოვეს და მან მაშინვე მოინანია. მაგრამ მისი წარწერა მემად იქცა და ადგილობრივმა კომპანიამ ამ ფრაზით მაისურების ბეჭდვაც კი დაიწყო.

ამის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა შენობის აღდგენა - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 46 მილიონი რუბლი.

სამი წლის შემდეგ უკვე გაიხსნა ადგილობრივი საკათედრო ტაძრის მუზეუმის ფილიალი, ახლახან განაახლეს შენობაც, იქ „ფილოსოფოსთა და კომპოზიტორთა სახლია“. საინტერესოა, რომ შენობის ფლიგელის რეკონსტრუქცია დაიწყო ევროპული გრანტით - 1,6 მილიონი ევროთი, მაგრამ უკრაინაში შემოჭრის შემდეგ, ევროკავშირთან ერთობლივი პროექტი შეჩერდა და მუზეუმმა მხოლოდ 14 მილიონი რუბლი მიიღო, საკუთარი სახსრებით მოუწია აღდგენის დასრულება. ახლა მუზეუმს სურს გამოიყენოს ეს შენობა არტისტებისთვის - რეზიდენციად. მაგრამ რეალურად, ჯერჯერობით, სასტუმროა იქ - მუზეუმს არ აქვს საშუალება, ხელოვანებს უფასო ღამისთევის შესაძლებლობა მისცეს.

საღებავშესხმული ძეგლი
საღებავშესხმული ძეგლი

2018 წელს გაჩნდა სურვილი, კანტის სახელი მიენიჭებინათ ქალაქის აეროპორტისთვის.
თუმცა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ჩაერივნენ და ბალტიის ფლოტის შტაბის უფროსმა, იგორ მუხამეტშინმა ფილოსოფოსს „სამშობლოს მოღალატე“ უწოდა. შედეგად აეროპორტს მიენიჭა რუსეთის იმპერატორის ელიზავეტას სახელი და გამარჯვების განსამტკიცებლად უცნობმა პირებმა უნივერსიტეტის შენობის გვერდით მდებარე კანტის ძეგლს საღებავი გადაასხეს.

შემთხვევით არ ახსენა მუხამეტშინმა „სამშობლო“: ცნობილია, რომ კანტი რუსეთის მოქალაქე იყო ოთხწელიწად-ნახევარი. 1758 წლის იანვრიდან 1762 წლის ივლისამდე აღმოსავლეთი პრუსია და ქალაქი კენიგსბერგი რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა და ყველა შრემ დაიფიცა რუსეთის გვირგვინის ერთგულებაზე. მათ შორის იყო ფილოსოფოსი იმანუილ კანტი, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კენიგსბერგის უნივერსიტეტში. მაგრამ რაში გამოიხატა მისი ღალატი, უცნობი დარჩა.

2024 წლის თებერვალში ახალი სკანდალი მოხდა. კალინინგრადის გუბერნატორმა, ანტონ ალიხანოვმა განაცხადა, რომ კანტი პირდაპირ კავშირშია უკრაინის სამხედრო კონფლიქტთან. ალიხანოვმა მოიხსენია რუსი ფილოსოფოსის ვლადიმირ ერნის ნაშრომი, რომელმაც შეძლო ერთმანეთთან დაეკავშირებინა იმანუილ კანტის ნაშრომი „წმინდა გონების კრიტიკა“ და გერმანიის ჩაბმა პირველ მსოფლიო ომში.

შემდეგ ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატმა, ანატოლი ჩერნიაევმა გაზეთ „ვედომოსტიში“ კანტს უწოდა „დასავლეთის იდეოლოგიური იარაღი რუსეთის წინააღმდეგ“. „მისი პოლიტიკური ფილოსოფიის იდეები გამოიყენება რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების დისკრედიტაციისთვის და საკუთრივ მისი სახელი გამოიყენება კალინინგრადის რეგიონში სეპარატიზმის და დიდი სამამულო ომის შედეგების გადახედვის წასაქეზებლად.

"მეხუთე კოლონამ" თავის ერთ-ერთ დროშად გაიხადა კანტის ფილოსოფია, უპირველეს ყოვლისა, ტრაქტატის - „მარადიული მშვიდობისკენ“ იდეები, სადაც წარმოდგენილია ევროპული ფედერაციის კონცეფცია, რომელიც ზღუდავს სუვერენული სახელმწიფოების უფლებებს, მათ შორის - ომის წარმოების უფლებას. კანტის მოძღვრება გამოცხადებულია „მშვიდობის ფილოსოფიად“. კანტის იდეები გამოიყენება რუსეთის დასუსტების იარაღად“, - წერს ჩერნიაევი.

ოლგა დმიტრიევას წიგნი იმანუილ კანტის შესახებ
ოლგა დმიტრიევას წიგნი იმანუილ კანტის შესახებ

„კანტი დიდი ფილოსოფოსია, მისი გვერდზე გაწევა შეუძლებელია. და მთელი ეს აჟიოტაჟი, როცა ცდილობენ თავი ფილოსოფოსად წარმოიდგინონ და კანტის შესახებ რაღაც თემებზე იმსჯელონ, უბრალოდ სასაცილოა“, - ამბობს კალინინგრადელი მხატვარი ოლგა დმიტრიევა. კანტის იუბილეზე მან გამოუშვა პირველი გრაფიკული რომანი რუსეთში მისი ცხოვრებისა და აზრების შესახებ.
კანტის - ფილოსოფოსის ღვაწლი მეცნიერებაში ფასდაუდებელია და თავად კანტის სახელი პოპულარიზაციას საჭიროებს, თვლის დმიტრიევა.

„მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კანტმა მოგვცა, იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიაზროვნოთ დამოუკიდებლად. ჩვენ ვიბადებით და თავს გვახვევენ მშობლები აზროვნებას, სამყაროს ხედვას და რაღაც აზრებს, როცა წამოვიზრდებით, სახელმწიფო აკეთებს იმავეს. კანტის დროს ეს თავსმოხვევა რელიგიის დახმარებით ხდებოდა“, - ამბობს დმიტრიევა. „კანტი მიხვდა ამას - თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ამ იძულებისგან საკუთარ თავში. ეს არის მთავარი აზრი: უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზროვნება, დავინახოთ ის მანიპულაცია, რასაც ისინი ჩვენ მიმართ ცდილობენ. და მე ვხედავ რაღაც სიმბოლურ კავშირს იმასთან, რომ ეს მიწა, სადაც მილიონი რუსი ცხოვრობს, მოგვეცა, რათა კანტი გავიცნოთ. ამას მისტიკური კავშირი აქვს. რომ მილიონმა რუსმა ისწავლოს თავისუფლად აზროვნება. ყველას აქვს შანსი“, - წერს მხატვარი.
როგორ აღმოჩნდა ფილოსოფოსი, ცნობილი ტრაქტატის „მარადიული მშვიდობისაკენ“ ავტორი ომის შესახებ დისკუსიების ეპიცენტრში, გამოცანად რჩება.

„ეს ხდება ზოგადი უგუნურების კონტექსტში, როდესაც აზრები ცინიკურად გადაიქცევა ზუსტად საპირისპირო მოსაზრებად, - ამბობს იულია სინეოკაია, - "როდესაც, პირადი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, შეგიძლიათ იგნორირება გაუკეთოთ ფაქტებს და დაუსჯელად დაამახინჯოთ სხვა ადამიანების მსჯელობა. გასაგებია, რომ კანტს არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ რუსეთში ფილოსოფოსები ღიად ვერ აპროტესტებენ, ეს საშიშია მათთვის. ალიხანოვის სიტყვებზე ხუმრობას ცდილობენ, ზოგი მის მოსაზრებებს კანტზე გაუგებრობად მიიჩნევს, ზოგი კი უცოდინრობაზე საუბრობს. მაგრამ არა მგონია, რომ ალიხანოვის რანგის ჩინოვნიკებს ექსპრომტად ლაპარაკის უფლება ჰქონდეთ. მისი გამონათქვამები იმის დასტურია, რომ დღეს შეგიძლიათ თეთრ ნივთებს შავი უწოდოთ, რომ კანტის სახელით ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია შეგიძლიათ. ახლა სიტყვა "მშვიდობა" დანაშაულია. გასაკვირი არ არის, რომ ტრაქტატის „მარადიული მშვიდობისკენ“ ავტორი ომის მომხრეებისთვის საეჭვო და საშიში ფიგურაა“.

„მოგყავს კანტის ნებისმიერი ციტატა - განსაკუთრებით “მშვიდობის ტრაქტატიდან” და მაშინვე "უცხოეთის აგენტი" ხდები. იქვეა შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა. თქვენ შეგიძლიათ კანტის ციტატები მიუყენოთ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლს“, - ამბობს ვახშტაინი.

მისი თქმით, იმანუელ კანტი არ იყო პაციფისტი თანამედროვე გაგებით. მაგრამ ასევე ვერ მოხერხდა მისი გადაქცევა „ეროვნული რუსული ფილოსოფიის საყრდენად“.

ტრაქტატი „მარადიული მშვიდობისკენ“ „თავის პაციფიზმით დაახლოებით იგივეა, რაც აინშტაინისა და ოპენჰაიმერის პაციფიზმი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ბირთვული ბომბი რომ იყოს, მაშინ ომები ნამდვილად არ იქნებოდა, - განაგრძობს ვახშტაინი, - კანტი იყო სამართლიანობის რეტრიბუციული თეორიის მომხრე: თუ თავს დაესხი, პასუხისმგებლობა უნდა იკისრო. რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად კანტს: მან საფუძველი ჩაუყარა როგორც ცოდნის თეორიას, ასევე მოქმედების თეორიას. რას ნიშნავს პასუხისმგებლობით მოქმედება, რა არის იმპერატივები? ეს არის ძირითადი წესები, რომლებსაც თქვენ იცავთ იმისათვის, რომ ქმედება ჩაითვალოს სამართლიანად და გაცნობიერებულად. კანტის უნივერსალური მორალის გამო, რუსეთის ხელისუფლება იძაბება. დღეს, ზოგადად, რუსეთში ამაზე საუბარი საკმაოდ რთულია. კანტის მემკვიდრეობის ეს ნაწილი დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში კარგად შეიძლება ჩაიწეროს, როგორც რადიკალურად ანტისაომარი. მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან როგორმე მოარგონ კანტის პოზიცია კრემლის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს უკრაინაში ომს. თუმცა ეს არანაირად არ შეესაბამება მოხუცი კანტის ფილოსოფიის სულისკვეთებას“.

ვახშტაინი მოელის, რომ ეს ყველაფერი კალინინგრადის ფილოსოფიურ კონგრესზე იქნება განხილული - ოღონდ კულისებში.

"ჩვენ გვაქვს ძველი საბჭოთა ტრადიცია. არის დიდი პლენარული სხდომები და არის პატარა მრგვალი მაგიდები, მიკროსესიები, სადაც, ამ ბიუროკრატიული აღმაფრენის საფარქვეშ, შინაარსიანი მთავარი საუბარი მიმდინარეობს. ადრე ასეთი საუბარი პლენარულ სხდომებზე იქნებოდა, ახლა კი ეს შეუძლებელია. მაგრამ, ფიქრობს კანტის მკვლევარი, "ეს არ ნიშნავს იმას, რომ აზრიანი საუბარი თავისთავად გამორიცხულია. ხალხი შეიკრიბება მცირე აუდიტორიაში და განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან თეორიულ საკითხს. ფილოსოფიის ისტორიკოსს ვერ ეტყვი - კანტს თავი დაანებე, კანტი აღარ ჟღერს რუსეთის ფედერაციაში. ეს უბრალოდ შეუძლებელია".

XS
SM
MD
LG