Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქნება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი კერძო ავტოტრანსპორტის ალტერნატივა ქუთაისში


საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში
საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში

ქუთაისს, უკვე 12 წელია, აღარ აქვს მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემა. ამჟამად ქალაქში მგზავრებს ემსახურება ტენდერებში გამარჯვებული ათზე მეტი კომპანიის ავტოტრანსპორტი, რომლის მდგომარეობა და მომსახურების ხარისხი ბევრს არ მოსწონს.

ვითარების გამოსასწორებლად მერიას სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ. მისი განცხადებით, ჯგუფმა უნდა იმუშაოს ძველი და არაადაპტირებული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახლით შეცვლაზე, სამარშრუტო ხაზების დახვეწასა და სხვა პრობლემების მოგვარებაზე. გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის მერია აპირებს ტრანსპორტი მუნიციპალურ დაქვემდებარებაში დააბრუნოს, რაც, ქალაქის ბიუჯეტის გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნება:

„ქუთაისის მერიას არ წარმოუდგენია სამოქმედო გეგმა, თუ როგორ აპირებს პრობლემის მოგვარებას, არ არის დათვლილი ხარჯი, რა თანხის გადახდა მოუწევს თვითმმართველობას. ათეულობით მილიონი ლარი დაჯდება სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და მათი ექსპლუატაცია. ეს ასევე წარმოქმნის უამრავ კორუფციულ რისკს, რაც არ აკლია ტრანსპორტის სფეროს“.

მუნიციპალური ტრანპორტის შექმნას სჭირდება სპეციფიკური დაგეგმვა და მუშაობა, რათა ერთიანი სისტემა შეიქმნას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას გავაუმჯობესოთ მომსახურება მგზავრებისთვის.
ირაკლი ცხვედიანი

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელ გიგა შუშანიასავე განცხადებით, ამჟამად ქალაქში მოქმედი ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის დაწესებული მოსაკრებელი, საერთო ჯამში, შეადგენს 800 ათას ლარს, მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნის შემდეგ კი ბიუჯეტში ეს თანხა აღარ შევა.

თავის მხრივ, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ საქართველოს ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შესაქმნელად და მგზავრების კომფორტული, უსაფრთხო, სწრაფი და იაფი გადაადგილების უზრუნველსაყოფად. მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი ცხვედიანის, განცხადებით, მგზავრებისთვის მომსახურების გაუმჯობესება მერის, გიორგი ჭიღვარიას, წინასაარჩევნო დაპირება იყო და მის შესრულებას ცდილობს:

„მუნიციპალური ტრანპორტის შექმნას სჭირდება სპეციფიკური დაგეგმვა და მუშაობა, რათა ერთიანი სისტემა შეიქმნას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას გავაუმჯობესოთ მომსახურება მგზავრებისთვის. ამისთვის ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა“.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ცხვედიანი ვერ აკონკრეტებს, რა თანხა დასჭირდება მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შექმნას, თუმცა ამბობს, რომ დაპირება, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში შესრულდება და პირველ ეტაპზე მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადავა 10 საავტობუსო ხაზი. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, ცხვედიანის თქმით, მერია საკრებულოს ქვემდებარე სტრუქტურაა და მზად არიან საკრებულოს წევრებს დაეხმარონ მოსახლეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების შესრულებაში.

ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამჟამად ქალაქში მგზავრებს ყოველდღიურად ემსახურება 10 სვლაგეზზე 68 ავტობუსი და 42 სვლაგეზზე 160 მიკროავტობუსი. მათი მომსახურებით ქუთაისელთა ნაწილი კმაყოფილია, ნაწილი კი სატრანპორტო საშუალებების გაუმართაობასა და ანტისანიტარიას უჩივის. მგზავრები იმასაც ამბობენ, რომ პიკის საათებში ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაჭედილია და მათი რაოდენობა, განსაკუთრებით გარეუბნებში, არასაკმარისია. რესპონდენტების ნაწილის თქმით, საღამოს საათებში სახლამდე მისვლა უჭირთ.

მგზავრთა საპასუხოდ, ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში ამბობენ, რომ ყველა შიდასაქალაქო ხაზზე გვიან საღმომდე მუშაობს მორიგე სატრანსპორტო საშუალება, რასაც მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს და დარღევევის შემთხვევაში გადამზიდავი კომპანია ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG