Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგარის ლაბორატორია თბილისში და „შეშფოთებული“ რუსეთი


"ლუგარის ლაბორატორია"
"ლუგარის ლაბორატორია"

ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა - ამ ყველაფერს, უკვე წლებია, რუსეთის ხელისუფლება და მისი მედია თბილისში ამერიკელების მიერ აშენებულ ლუგარის ლაბორატორიას აბრალებს. ყველა ამ ინფორმაციას რომ დავუჯეროთ, საქართველოში ცოცხალი უკვე აღარავინ უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებასა და მის მაამებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც რესპონდენტებად ძირითადად კომიკურ პერსონაჟებს იყენებენ, არაფრით უნდათ იმის დაჯერება, რომ ლუგარის ლაბორატორია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებს ემსახურება. რუსეთის პროპაგანდა არ ცხრება მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სხვადასხვა დროს არაერთ რუს მეცნიერსაც უმუშავია და მოსკოვმა სხვა გზებითაც კარგად იცის, რომ ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები ამ ცენტრში ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას, ამოცნობასა და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების დასახვას ემსახურებიან. რა ხდება ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) სტანდარტებით აღჭურვილ ლუგარის ცენტრში? კონკრეტულად ვინ და რას აკეთებს იქ? რადიო თავისუფლება იმ ლაბორატორიაშიც შევიდა, სადაც უშუალოდ ამერიკელები მუშაობენ.

რა კეთდება ამერიკელების აშენებულ ლუგარის ლაბორატორიაში ?

შიშის მომგვრელია, წარმოიდგინო თავი სივრცეში, სადაც მრავალნაირი ვირუსი და ბაქტერია გეგულება - მიკროორგანიზმები, რომლებიც, სხვადასხვა გრიპის გარდა, იწვევენ, მაგალითად, შავ ჭირს, ჯილეხს, ტულარემიას, ბრუცელოზს, წითელასა თუ ბოტულიზმს. მაგრამ აქ, ლუგარის ცენტრში, მიკროორგანიზმები ადამიანების ჯანმრთელობას ემსახურებიან.

პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

„იმისთვის გვჭირდება ეს კოლექცია, რომ ვიცოდეთ, საქართველოში რა მიკრობებია და თუ გაჩნდება რამე ახალი მიკრობი, შევადაროთ იმას, რაც ჩვენს კოლექციაში არის და ვნახოთ, ეს ჩვენია, ადგილობრივია, თუ ეს შემოტანილია და უნდა გამოვიკვლიოთ, როგორ შემოვიდა - ხელოვნური ხომ არ იყო, თუ ბუნებრივად შემოვიდა. ამის დადგენა დღეს ჩვენ შეგვიძლია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NDC) დირექტორის მოადგილე, რომელსაც საქართველოში ყველა იცნობს დაავადებებთან დაკავშირებული თავისი სატელევიზო რჩევებით. სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში აზუსტებენ, კონკრეტულად რა შტამის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და აქ ამოიცნეს თავის დროზე ღორის გრიპად წოდებული H1N1-იც.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი (ლუგარის ლაბორატორია) თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, გზის პირას, თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. ის ამერიკის ყოფილი სენატორის, რიჩარდ ლუგარის, სახელს ატარებს დიდი წვლილისთვის საფრთხეების შემცირების პროგრამის შექმნა-ამოქმედების საქმეში. ობიექტი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს - თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA ) დაფინანსებით აშენდა, 2011 წელს გაიხსნა და ის 2013 წლიდან სავსებით ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. 2018 წლიდან ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხას (წელიწადში 500 ათას დოლარზე მეტს) ქართული მხარე იხდის.

ლუგარის ცენტრის აშენებისას ამერიკელებს ამოძრავებდათ მასშტაბური მიზანი, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაფანტული სახიფათო ბიოლოგიური მასალები უსაფრთხოდ, სამედიცინო მიზნებით ყოფილიყო გამოყენებული. მიკროორგანიზმების კოლექცია, რომელიც საქართველოში გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან გროვდებოდა, ამჟამად კავკასიის რეგიონში ერთადერთ მე-3 დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიებში საიმედოდ ინახება. ეს არის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა, რომელსაც უძლიერესი მიწისძვრაც კი ვერაფერს დააკლებს:

„ვიდრე ლუგარის ცენტრი აშენდებოდა, პათოგენების წლების განმავლობაში შეგროვილი კოლექცია ინახებოდა ბევრ ლაბორატორიაში საქართველოს მასშტაბით და მათ შორის - თბილისშიც. ვირუსები და ბაქტერიები ინახებოდა არცთუ უხიფათოდ. ლუგარის ცენტრის შექმნის შემდეგ კი, ამჟამად ბევრად უფრო უსაფრთხო პირობები არსებობს პათოგენების შესანახად და მათზე მომუშავე მეცნიერთათვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას USAMRD-G-ის წარმომადგენელი, მკვლევარი ენტომოლოგი ჯოშუა ბასტი, რომელსაც ლუგარის ცენტრში შევხვდით.

ლუგარის ლაბორატორიაში განმარტავენ, რომ ყველაფერი მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. აქ ტარდება დიაგნოსტიკური კვლევები და მათ შორის - C ჰეპატიტის სწრაფი ტესტით დადგენილი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. შესაბამისად, ლუგარი ცენტრს დიდი როლი ეკისრება C ჰეპატიტის აღმოფხვრის საქართველოში მიმდინარე მასშტაბური პროექტის ფარგლებში.

ლუგარის ცენტრში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორია, სასწავლო მიზნებით ხშირად იყრიან თავს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები, მათი პედაგოგები, მეცნიერები და აქაურობას არც ცნობისმოყვარე დამთვალიერებელი აკლია. ცხადია, ლაბორატორიებში ყველას ვერ შეუშვებენ, მაგრამ ისედაც კარგად ჩანს ყველაფერი, რაც შუშის კარ-ფანჯრების მიღმა ხდება.

რას აკეთებენ ამერიკელები ლუგარის ცენტრში?

კომპონენტში, სახელწოდებით „აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი-საქართველო (USAMRD-G) “ წარმოდგენილია ამერიკის თავდაცვის სამინისტროს უმსხვილესი ბიოსამედიცინო კვლევითი ორგანიზაცია - უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი (WRAIR). მართალია, მისი ძირითადი ამოცანა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა მისიაში ჩართული ამერიკელი სამხედროების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მაგრამ ინსტიტუტის 125-წლიანი წარმატებული საქმიანობის შედეგებით მთელი მსოფლიო ხეირობს.

ლუგარის ცენტრში ამჟამად მხოლოდ 9 ამერიკელი სპეციალისტი მუშაობს. მათ მხოლოდ ერთი - უსაფრთხოების მე-2 დონის - ლაბორატორია ეთმობათ და ამისათვის იჯარის თანხისა და ოპერირებისთვის საჭირო სხვა დანახარჯების დაფარვაც უწევთ. პროექტებს ისინი ქართველ კოლეგებთან ერთად ახორციელებენ.

მაიკლ ვაშინგტონი
მაიკლ ვაშინგტონი

„ჩვენი ამოცანაა როგორც სამხედროების, ასევე სამოქალაქო პირების დაცვა დაავადებებისა და ეპიდემიებისგან. აქ ჩვენ მსოფლიოს ჯანმრთელობას ვემსახურებით“, - ამბობს USAMRD-G-ის წარმომადგენელი, კვლევითი პორტფოლიოს მენეჯერი, მიკრობიოლოგის 18-წლიანი სტაჟის მქონე მაიკლ ვაშინგტონი. კვლევითი პროექტები უკავშირდება, მაგალითად, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა თუ ნაწლავურ ინფექციებს. მაიკლ ვაშინგტონი ჩვენთან საუბრისას განსაკუთრებით ერთ პროექტს გამოყოფს:

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პროექტი ანტიბიოტიკების რეზისტენტულობას უკავშირდება და მას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) ერთად ვახორციელებთ.ბოლო რამდენიმე ათეული წელია, გამოვლინდა ინფექციები, რომელთა მკურნალობაც შეუძლებელი იყო ანტიბიოტიკების მეშვეობით. ლუგარის ლაბორატორიაში ვიკვლევთ მიზეზებს, თუ რატომ არ ემორჩილებიან მიკრობები ანტიბიოტიკებით მკურნალობას. მიმდინარეობს ახალი მეთოდების შემუშავება, რათა აღმოვაჩინოთ ასეთი მიკროელემენტები, დავადგინოთ მათი ბუნება და განვკურნოთ დაავადებები“.

სიცრუის ტალღები რუსეთიდან - საინფორმაციო ომი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

ჯოშუა ბასტი
ჯოშუა ბასტი

„არ გვაქვს გასაიდუმლოებული სარდაფები, არა... არც სხვა ოთახები...“ - გულიანად იცინის ამერიკელების ჯგუფის წარმომადგენელი ჯოშუა ბასტი. სწორედ ასეთ რეაქციას იწვევს წლების მანძილზე რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რასაც სერიოზულად უკვე თითქმის აღარავინ აღიქვამს.

და მაინც, მას შემდეგ, რაც აშენდა, რუსეთის ხელისუფლებამ და მისმა მაამებელმა მედიასაშუალებებმა ლუგარის ცენტრს ათასი რამ დააბრალეს. სხვადასხვა დროს ითქვა ისიც, რომ საქართველოში ამერიკელები ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. მსგავსი რამ წარსულში ნათქვამი აქვთ, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და რუსეთის ყოფილ მთავარ სანიტარს - გენადი ონიშენკო.

თუმცა რუსეთის პროპაგანდა უფრო შორსაც წავიდა. 2018 წლის 12 აპრილს საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ლუგარის ლაბორატორია იმ ბრიფინგზე ახსენა, რომელიც დიდწილად რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა, და მისი შვილის ბრიტანეთში მოწამვლის სკანდალურ ფაქტს უკავშირდებოდა. ზახაროვამ თქვა:

„ცხადია, რომ ასეთ ცენტრებში შესაძლებელია არა მხოლოდ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოთა მოსახლეობის სასიკეთოდ. ამიტომ, თვითონ ფაქტი, რომ რუსეთის საზღვრების სიახლოვეს პენტაგონი მასშტაბურ სამედიცინო-ბიოლოგიურ საქმიანობას ეწევა, ჩვენში საგანგებო შეშფოთებას იწვევს“.

ლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია

რუსეთის სათვალავზე მოდის ასევე ზიკას ვირუსით დაინფიცირებული კოღოების აფხაზეთის რეგიონში გავრცელების ბრალდება და ცხინვალის რეგიონში ღორის გრიპის, ხოლო აფხაზეთის რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელებაც. ფაროსანას, რომელიც ბუნებაში ბევრგან არსებობს, „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები დივერსიული მიზნებით გამოყვანილს უწოდებენ. როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანის აკრძალვაზე ლაპარაკობდა, იულია მელანომ „როსიისკაია გაზეტას“ უთხრა:

„არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე გვაქვს გარკვეული სახის ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან“.

ლუგარის ლაბორატორიაზე სიუჟეტების მომზადებისას კრემლის ინტერესებით მოქმედი მედია ძირითადად ცალკეული რესპონდენტების უარგუმენტო მსჯელობას ეყრდნობა. ხშირად სხვადასხვა მედიაპროდუქტში ერთი და იგივე პირები და კომიკური პერსონაჟები ფიგურირებენ. რუსეთის ხელისუფლების მიერ მართული მედია არცთუ იშვიათად ამტკიცებს იმასაც, რომ ამერიკელები ცდებს საქართველოს მოსახლეობაზეც ატარებენ. NCDC-ის ინფორმაციით, არასოდეს აღრიცხულა პათოგენების გაჟონვისა და დაკარგვის შემთხვევები და არასოდეს მომხდარა საშიში პათოგენებით ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერების დაინფიცირება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა არაერთხელ მიიწვია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ლუგარის ცენტრის დასათვალიერებლად, მაგრამ მოსკოვი შეთავაზებას არ გამოხმაურებია.

„რუსეთი დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაატა იმნაძე. - აქ იმდენი რუსი მეცნიერია ნამყოფი და არა მხოლოდ დასათვალიერებლად, არამედ ნამუშევარიც კი არიან აქ რუსი მეცნიერები. ამიტომ აქ რა ხდება, ჩემზე კარგად იციან მათ. მაგრამ ეს არის, უბრალოდ, პოლიტიკა, რაც ემსახურება შავი პიარის აგორებას, თორემ აქ რომ არაფერი ხდება, ჩემზე კარგად იციან ნამდვილად“.

რა მიზნები ამოძრავებს რუსეთის პროპაგანდას?

აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ხელს აძლევს შეთქმულების თეორიები და ეს, ანალიტიკოსების თვალით, კრემლის მხრიდან მრავალგზის ნაცადი მეთოდებით რამდენიმე კურდღლის დაჭერის მცდელობას ჰგავს.

“რუსეთი ცდილობს ანტაგონისტურად განაწყოს საქართველოს საზოგადოება სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ და გააღვივოს ის აზრი, რომ თითქოს საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოები რეალურად, კავშირისა და დახმარების ნაცვლად, ახდენენ საქართველოს ექსპლუატაციას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ. მისი აზრით, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა სამომავლო ნიადაგსაც ამზადებს:

ლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია

„რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გამიზნულია ასევე შიდა აუდიტორიისთვის, რომ შექმნან მტრის ხატი ამერიკისა და საქართველოსგან - რომ ისინი არიან რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები. ასე ამზადებენ ნიადაგს საქართველოს წინააღმდეგ სამომავლო მოქმედებების ლეგიტიმაციისთვის. მე ამას იმავე კონტექტსში განვიხილავ, რა კონტექსტშიც ხშირად ვისმენთ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო ტერორიზმის მფარველი სახელმწიფოა. ესეც ხომ აბსურდია?!“

დეზინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, გიორგი გობრონიძე გამოყოფს რუსეთის კიდევ ერთ მიზანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებში წარმატების მიღწევის რწმენის გაქრობასა და ხალხის დემორალიზებას გულისხმობს. პაატა იმნაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთს საქართველოს წარმატების აღიარება ძალიან უჭირს, რადგან მან როლი დაკარგა.

„ადრე იყო პერიოდი, როდესაც რაიმე საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, დახმარება (რუსეთისთვისაც) გვეთხოვა. მაგრამ ლუგარის ლაბორატორიის აშენების შემდეგ ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული რუსეთზე. დღეს ჩვენ თავად შეგვიძლია გავიგოთ, რა (დაავადებები) გვჭირს, რატომ გვჭირს, როგორ გვჭირს... ახლა, პირიქით, ჩვენი მეზობლები მოგვმართავენ დახმარების თხოვნით, რომ გავუგოთ, მათ რა სჭირთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG