Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს გაფრთხილებებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილე ვედანტ პატელი კვლავ სცემს პასუხს ჟურნალისტების კითხვას საქართველოს „აგენტების კანონზე“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილე ვედანტ პატელი კვლავ სცემს პასუხს ჟურნალისტების კითხვას საქართველოს „აგენტების კანონზე“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი კიდევ ერთხელ ეხმიანება „აგენტების კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ გაფრთხილებები, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.

„ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ ეს კანონპროექტი, თუკი მიიღებენ, გამოიწვევს სტიგმატიზებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, და მედიისა, რომელიც საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის“, - განუცხადა მან 17 აპრილს ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აშშ-ს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტიკა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოუსმინოს გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ეს ნამდვილად უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე“, - აცხადებს იგი.

დამაზუსტებელ კითხვაზე, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „მკვდარია თუ არა დიპლომატია“ საქართველოსთან ურთიერთობაში, სპიკერის მოადგილე პატელმა განაცხადა:

„ჩვენ არასოდეს ვფიქრობთ, რომ დიპლომატია მკვდარია. ასე რომ, გავაგრძელებთ მოწოდებებს და გავუმეორებთ საქართველოს მთავრობას მსგავს კანონმდებლობასთან დაკავშირებით და მოუსმინოს გაფრთხილებებს, რომ ასეთი კანონმდებლობა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს და ღირებულებებს და ის ცალსახად უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი“.

კითხვაზე, ემზადება თუ არა საქართველო სანქციებისთვის, გამომდინარე დღეს მიღებული ახალი ცვლილებიდან, რომლის თანახმადაც, ოფშორული ზონებიდან საქართველოში კომპანიის გადმოტანა მომხიბვლელი ხდება - საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები წესდება - პატელმა თქვა, რომ ჯერჯერობით არ იცნობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას.

პარლამენტის შენობასთან „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად უკვე მესამე დღეა მოქალაქეები შეიკრიბნენ.

83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს მიიღო.

XS
SM
MD
LG