Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ორივე ნაცემია, დაზიანებები აქვთ“ - აქციაზე ძმები, გიგა და სანდრო ჯოხაძეები, დააკავეს


ძმები, გიგა ჯოხაძე (მარცხნივ) და სანდრო ჯოხაძე (მარჯვნივ), 16 აპრილის ღამეს პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
ძმები, გიგა ჯოხაძე (მარცხნივ) და სანდრო ჯოხაძე (მარჯვნივ), 16 აპრილის ღამეს პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

16 აპრილს, გვიან ღამით, პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ძმები, გიგა და სანდრო ჯოხაძეები, ნაცემები არიან, - ამბობენ მათი თანამოაზრეები.

გიგა ჯოხაძე კვლევითი ცენტრის, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარია.

18 წლის სანდრო ჯოხაძე სკოლის მოსწავლეა, აბიტურიენტი.

„ჭავჭავაძის ცენტრის“ უფროსი მკვლევრის, გია ჯაფარიძის ცნობით, ისინი სასტიკად სცემეს.

დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ოჯახის წევრებისა და თანამშრომლებისთვის უცნობი იყო, სად გადაიყვანეს ისინი, შემდეგ კი მათ იურისტების დახმარებით მიაგნეს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში", - რომელიც ჯოხაძეებს ინტერესებს იცავს, - რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ისინი დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ჯერჯერობით ჯოხაძეების ახლობლებისთვის უცნობია, რა მუხლით დააკავეს ისინი და რას ედავებიან.

გიგა ჯოხაძე (მარცხნივ) და სანდრო ჯოხაძე. ფოტოები ფეისბუკის პირადი არქივიდან
გიგა ჯოხაძე (მარცხნივ) და სანდრო ჯოხაძე. ფოტოები ფეისბუკის პირადი არქივიდან

ორივე ნაცემია

„ორივე ნაცემია, ორივეს დაზიანებები აქვს და ეს იზოლატორის ექიმის ოქმშიც არის ასახული“, - ეუბნება „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორი ნინო კალანდაძე რადიო თავისუფლებას.

კალანდაძის ცნობით, იზოლატორში ისინი უკვე ნაცემები გადაიყვანეს.

კალანდაძის ინფორმაციითვე, ჯოხაძეების დაკავებას თანამშრომლები შეესწრნენ.

ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც პარლამენტის მარჯვენა, გვერდითა შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ, სხვა დემონსტრანტებთან ერთად იმყოფებოდნენ.

დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა „წიწაკის სპრეი“ შეასხეს აქციის მონაწილეებს.

ამ კადრებში ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია სანდრო ჯოხაძეს (ღია ფერის ჯინსებში გამოწყობილი, ტანზე საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული).

„კონკრეტულად სანდრო რატომ ამოიღეს მიზანში, არ ვიცი, მაგრამ, მეგობრების ინფორმაციით, ვინც იქვე იყვნენ, სანდროს მოჰკიდეს ხელი და შემდეგ გიგაც გამოესარჩლა და გიგაც მიაყოლესო“, - ამბობს ნინო კალანდაძე.

„ამ ფოტოდან ორ წუთში დააკავეს“

ფოტოზე, რომელიც წუხანდლიდან ვირუსულად გავრცელდა ფეისბუკზე, სანდრო ჯოხაძე და მისი მეგობარი თემო კოკოზაშვილი ჩანან სპეცრაზმელების პირისპირ.

ზუსტად ეს ფოტო გამოაქვეყნა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო პოსტში.

სანდრო ჯოხაძის მეგობარი თემო კოკოზაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ძმები ჯოხაძეები მას შემდეგ დააკავეს, რაც სპეცრაზმმა პარლამენტის უკან მდებარე პარკი დაიკავა.

„ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ერთ მომენტში ვხედავდი, რომ იდგნენ ისინიც [სპეცრაზმელები]. ჩვენც. როგორც ფოტოზეა. ორიოდე წუთი გავიდა. ჩამოხტნენ ყველანი ერთად და დაიწყო დაკავებები“, - ამბობს თემო კოკოსაშვილი, 18 წლის.

„ინსტინქტურად წამოვედი უკან. უკან რომ გავიხედე, სანდრო დამენახა, ვხედავ, რომ მიათრევდნენ უკვე“, - იხსენებს კოკოსაშვილი.

მისი თქმით, გიგა ჯოხაძეც ამ დროს დააკავეს: „გიგამაც რომ დაინახა, რომ სანდროს მიათრევდნენ, დასახმარებლად იყო, გვერდზე ედგა და მაგ დროს გიგაც ეგრე დაიჭირეს. ორივეს დაესივნენ სპეცრაზმელები“, - ამბობს იგი.

„გიგა ალყაში მოაქციეს, ფარებში მოაქციეს და იქაც იყო ფარების მირტყმა“.

პოლიციის ბოლო ცნობებით, 16 აპრილს 18 ადამიანი დააკავეს. წინა ღამეს - 14.

16 აპრილს პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ხელკეტები.

აქციებზე არაერთი ადამიანი დაშავდა.

დიმიტრი ბერიძე, რომელსაც 16 აპრილს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა ტვინის შერყევა აქვს.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წუხელ, როცა აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებში პოლიცია დასდევდა და სცემდა აქციის მონაწილეებს.

პროტესტი შარშან დემონსტრაციების შედეგად გაწვეული „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირებას მოჰყვა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

საერთაშორისო გამოხმაურებებს შორის რუსეთის ფედერაცია ერთადერთია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ტრაექტორიას უწონებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG