მძიმე დღე-ღამის შემდეგ, რადიო თავისუფლება მარინას ბათუმის სასამართლოში გაესაუბრა.
37 წლის მარინა „დიდი ინტერესით ელოდება“ პოლიციელების მტკიცებულებებს, რომელთაც მისი დანაშაული უნდა დაადასტურონ. მას ბრალად ედება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევა - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. მარინა კი პირიქით, პოლიციას ადანაშაულებს უკანონობაში.
ჩობანიანი უკრაინის მოქალაქეა, თუმცა მასთან ერთად საქართველოსაც სამშობლოს უწოდებს და ორ ქვეყანას შორის ცხოვრობს. მისი მამა თბილისიდანაა, ქართულ-სომხური ოჯახიდან, დედა - უკრაინიდან.
„სამჯერადად გამიმართლა - ქართველ-უკრაინელ-სომეხი ვარ“, - ამბობს ჩობანიანი.
საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა. ჯერ ორი კვირით, შემდეგ დარჩენა კიდევ ორი კვირით გაახანგრძლივა. წასვლის დღე 24 თებერვალს დაემთხვა - რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მარინაც თბილისში დარჩა.
„რატომ წავედი აქციაზე? ეს იგივეა, მკითხოთ, რატომ ვჭამ ყოველდღე, რატომ ვიხეხავ კბილებს. იმიტომ...“ - ასე ხსნის ჩობანიანი 31 ივლისს რუსული კრუიზის საწინააღმდეგო აქციაზე წასვლის მოტივაციას.
გემი Astoria Grande რუსეთის ქალაქ სოჭიდან ერთ კვირაში მეორედ ჩავიდა ბათუმში. ბორტზე კი იყვნენ რუსი არტისტები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
„ინტერვიუ ვნახე შეშლილების, რომლებიც პირველ გემს შემოჰყვნენ, რომლებმაც „აფხაზეთი ქართველებისგან დაიცვეს“. როცა გავიგე, რომ მეორე გემიც მოცურავდა, ცხადი იყო, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება ამ წმინდა მიწაზე ფეხის დადგმის, მით უმეტეს ტურისტის რანგში, რომ განიავდნენ აქ იმ დროს, როცა ისინი და მათნაირები მხარს უჭერენ ომს ჩემს ქვეყანაში - უკრაინაში. და მხარს უჭერდნენ ომს ჩემს ქვეყანაში - საქართველოში. წავედი. ვერ ავხსნი ამას. იქ უნდა ვყოფილიყავი და წავედი. იმიტომ, რომ ქართველი ვარ, იმიტომ, რომ უკრაინელი ვარ“, - ამბობს ჩობანიანი.
ის იხსენებს, რომ მიტინგზე ზურგზე შემოხვეული უკრაინის დროშით მივიდა. წინიდან კვანძებით შეკრული და უკან - ზურგჩანთაზე გამობმული.
ნავსადგურში მისვლიდან დაახლოებით 15 წუთში პოლიციელებმა აქციას მოწყვიტეს და მანქანაში ჩასვეს. მარინა ვერ იხსენებს, რატომ და ამტკიცებს, რომ დაკავებისას პროტესტის ეპიცენტრში არ ყოფილა.
ამბობს, რომ პოლიციამ ტელეფონი ჩამოართვა. თუმცა მისთვის უფრო მტკივნეული სხვა დეტალია.
„ფოტოგრაფიულად დამრჩა გონებაში, როგორ ვხრი თავს და ვხედავ, როგორ ცდილობს ვიღაც თითებით ჩემი დროშის კვანძების გახსნას. მეტი არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, როგორ ვეჭიდები დროშას, რომ არ წამართვან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჩობანიანი.
ის ადასტურებს, რომ ამ მომენტში ნამდვილად უწევდა წინააღმდეგობას პოლიციას და ცდილობდა, დროშა არ მიეცა.
„მე ვეწინააღმდეგებოდი არა პოლიციელის მუშაობას, არამედ უკანონობას. ეს არ იყო ნივთი, რომელიც ვინმეს ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს. ან კანონი კრძალავდა მის ტარებას“, - ამბობს მარინა.
მისივე მტკიცებით, პოლიციის განყოფილებაშიც არაერთხელ მოითხოვა დროშის, „მისთვის უძვირფასესი ნივთის დაბრუნება”, თუმცა, მისი თქმით, პოლიციელები დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ, „ახალს იყიდიო“.
მარინას თქმით, დაკარგული დროშა დაკავშირებულია ადამიანებთან, რომლებიც უკრაინაში, წინა ხაზზე იბრძოდნენ.
„პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. არ ვიცი საკუთარი უფლებები. მოვითხოვე განემარტათ ჩემი უფლებები, როდის შემეძლო ადვოკატის აყვანა. მინიმალური განმარტებებიც არ გაუკეთებიათ. მხოლოდ მუქარა [მივიღე]“, - ამბობს ის.
მოგვიანებით მარინა შეუძლოდაც გახდა. ამბობს, რომ დახურულმა სივრცემ, დაკავების პროცედურებმა და მთელი დღის უჭმელობამ ძალა გამოაცალა. წინასწარი დაკავების პერიოდში ცოტა ხნით ის ოზურგეთის საავადმყოფოშიც მოხვდა.
მარინა ჩობანიანის გარდა, ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი უკრაინის მოქალაქე - დმიტრო ზაკრევსკი დააკავეს.
ორივე მათგანის სასამართლო პროცესი 7 აგვისტოს ჩაინიშნა.