Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონკოპაციენტების მოთხოვნები, არარეგისტრირებული წამალი და შეხვედრა ჯანდაცვის ახალ მინისტრთან


ონკოპაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს შეხვდნენ, მანამდე კი აქცია გამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთან, 12 მარტი, 2024

ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის სახელზე წერილის დასატოვებლად მისულ ონკოპაციენტებსა და მათ ახლობლებს, 12 მარტს ჯანდაცვის ახლად დანიშნული მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე შეხვდა.

„ამ შეხვედრას არ ველოდით“, - გვეუბნება გვანცა აფხაიძე, „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი.

წერილი, რომელიც მათ მიხეილ სარჯველაძის სახელზე უნდა დაეტოვებინათ, მინისტრს პირადად გააცნეს.

პირველი სამუშაო დღის ნაწილი ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ონკოპაციენტებთან შეხვედრას დაუთმო. საკითხის დეტალურად შესასწავლად ათი დღე ითხოვა.

ონკოპაციენტები და მათი მხარდამჭერები ჯანდაცვის სამინისტროსთან, 12 მარტი, 2024 წელი
ონკოპაციენტები და მათი მხარდამჭერები ჯანდაცვის სამინისტროსთან, 12 მარტი, 2024 წელი

ონკოპაციენტების მოთხოვნები

ონკოპაციენტები ერთი თვეა აქციებზე ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან პრობლემების გადაჭრას, მათ შორის, დაფინანსების ლიმიტის მოხსნას და დროული, უწყვეტი მკურნალობის უზრუნველყოფას. ამ მოთხოვნებით თებერვალსა და მარტში რამდენიმე აქცია გამართეს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან.

  • გაუქმდეს 25-ათასლარიანი ლიმიტი - ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით, რაც წლიურად მოიცავს 25 000 ლარს და რაც, ონკოპაციენტების თქმით, ხშირ შემთხვევაში, საკმარისი არ არის;
  • აღმოიფხვრას ონკოპაციენტთა მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტი;
  • ქვეყანაში შემოვიდეს ე.წ. მესამე თაობის, ახალი მედიკამენტები;


ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც ექვსკაციანმა ჯგუფმა ახალ მინისტრთან შეხვედრაზე განიხილა, თუმცა, ონკოპაციენტებმა მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრაზე სხვა პრობლემებზეც ილაპარაკეს:

გვანცა აფხაიძე, ონკოპაციენტები და მათი მხარდამჭერები ჯანდაცვის მინისტრთან შესახვედრად ემზადებიან, 12 მარტი, 2024 წელი
გვანცა აფხაიძე, ონკოპაციენტები და მათი მხარდამჭერები ჯანდაცვის მინისტრთან შესახვედრად ემზადებიან, 12 მარტი, 2024 წელი

„წამლების დეფიციტზე გვითხრეს, რომ უკვე გვარდება ეს პრობლემა, ქვეყანაში შემოდის პრეპარატები და მალე აღარ იქნება დეფიციტიო, მაგრამ, დეტალები არ ვიცით, იმედია, ამასაც დროულად გავიგებთ. გარდა ამისა, ვუთხარით, რომ რთულია მათთან ცხელ ხაზზე დაკავშირება, ონკოპაციენტთა განცხადებებზე რეაგირებას აგვიანდება თვეები და ჩვენ არ გვაქვს თვეები ლოდინისთვის. თვეების მერე კიდევ უარი რომ მოდის, ის თვეები ხომ დაკარგულია და შემდეგ უკვე თავად უნდა დაიწყოს პაციენტმა ამ თანხების მობილიზება და რამდენად შეძლებენ ამას, ესეც საკითხავია“, - ამბობს გვანცა აფხაიძე.

მისი თქმით, 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმების პერსპექტივად, ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა სამინისტროს ბიუჯეტის მილიარდი ლარით გაზრდა დაასახელა:

„გვითხრა, რომ შესაძლოა, ლიმიტის მოხსნა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდეს, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რომ პაციენტებს სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეთო. გვითხრა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით ერთი მილიარდის დაფინანსება რომ ჰქონდეს, ეს პროგრამა ულიმიტო გახდებოდაო.

შესაძლოა, ჩვენ მთავრობას მოვთხოვოთ, რომ ერთი მილიარდი დამატებით გამოყოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ამ საღამოს ონკოპაციენტებს გავაცნობ ჩვენი შეხვედრის დეტალებს და თუ საჭირო გახდება, ჩვენ მივმართავთ პრემიერს, რომ ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი გამოყონ, რომ ულიმიტოდ დაგვიფინანსდეს პროგრამა“.

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ონკოპაციენტებს შეხვდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიაც.

თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

„შევთანხმდით, რომ 10 დღის განმავლობაში ის კონკრეტული საკითხები, რაც მათ დააყენეს, კიდევ ერთხელ იქნება საფუძვლიანად შესწავლილი“, - ამბობს თამარ გაბუნია.

გამოძიება და არარეგისტრირებული მედიკამენტები ბანგლადეშიდან

ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა ონკოპაციენტი მაია გოგოლაური. სამი კვირის წინ ის ავსტრიიდან, დეპორტაციით გამოუშვეს. როდის მოახერხებს ონკოპაციენტთა პროგრამაში ჩართვას, შეძლებს თუ არა მკურნალობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების მიღებას, ამის შესახებ ჯერჯერობით, არაფერი იცის. ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პირდაპირ კლინიკაში წავიდა:

„მოსაცდელში ვარ, ექიმთან. დოკუმენტებს მიმზადებენ. მითხრეს, მერიაში უნდა წაიღოო და რაღაც თანხით ალბათ დააფინანსებენ. გაურკვევლად ვარ. ჩემი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. მის მოსავლელად მჭირდება იმდენი ენერგია. ჩემთვის ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დროზე გავაგრძელო მკურნალობა“.

მაია გოგოლაურს საფრთხის განცდა გაუჩინა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამაც. უფრო ზუსტად კი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის პოსტმა, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და სადაც წერდა, რომ „გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა“:

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა მედიკამენტს ვიღებთ, რამდენად ხარისხიანია ის. დღეს გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა თქვა, რომ ამ საკითხს იძიებენ“, - ამბობს მაია გოგოლაური.

რამდენიმე ათეული ონკოლოგის მიერ პაციენტებისთვის საქართველოში არარეგისტრირებული პრეპარატების დანიშვნის თაობაზე რომ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობდა, ამის შესახებ მარტის დასაწყისში, ზურაბ აზარაშვილის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გახდა ცნობილი.

რადიო თავისუფლებას პროკურატურაში არ დაუზუსტეს, როდის დაიწყო ამ საქმეზე გამოძიება, თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია 6 მარტს დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე“ (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

პროკურატურამ განმარტა, რომ ლაპარაკია „საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტზე“, რაც შემდეგ პაციენტებმა ან საკუთარი ფულით იყიდეს, ან „სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში“.

რადიო თავისუფლებამ 12 მარტს კიდევ ერთხელ მიმართა პროკურატურას გამოძიების დეტალების გასარკვევად, თუმცა, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საქმეზე დამატებით ინფორმაციას არ გასცემენ.

ტვ პირველის გადაცემა, „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც ეთერში 9 მარტს გავიდა, ნათქვამია, რომ მედიკამენტები, რომლის რეგისტრაციაზეც 10 თვის წინ, 2023 წლის მაისში, რეგულირების სააგენტომ უარი თქვა, 600-მდე პაციენტმა მიიღო. პრეპარატები ბანგლადეშშია დამზადებული, მათი შეძენა კი გასული წლის დეკემბრის ჩათვლით, ვაგზლის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში იყო შესაძლებელი.

აფთიაქი დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა, მაცივრები, სადაც გასული წლის ბოლომდე ონკოლოგიური დაავადებებისათვის განკუთვნილი ხუთი დასახელების პრეპარატი იყიდებოდა, დალუქულია.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, მედიკამენტების შემომტანი კომპანია შპს „ვილბი ფარმაა“. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2019 წელს დაფუძნდა. გამოიკითხა თუ არა მედიკამენტების შემომტანი კომპანიის წარმომადგენელი საგამოძიებო უწყებების მიერ, ამ კითხვაზე პასუხი უცნობია.

დოკუმენტაციის თანახმად, რეგულირების სააგენტომ ბანგლადეშში წარმოებული მედიკამენტების რეგისტრაციაზე უარი თქვა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ 11 (11) მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი არეგულირებს ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნულ რეჟიმს.

  • კონკრეტულად რის საფუძველზე თქვა წამლის რეგულირების სააგენტომ მედიკამენტების საქართველოში რეგისტრაციაზე უარი?
  • უფინანსებდა თუ არა სამინისტრო ონკოპაციენტებს ამ კონკრეტული მედიკამენტების საფასურს და თუ კი, რის საფუძველზე?
  • შესაძლოა თუ არა, რომ პრეპარატებს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაერთულებინა?


რადიო თავისუფლების ამ კითხვებს არ პასუხობს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

სააგენტოს რადიო თავისუფლებამ რამდენიმე დღის წინაც მიმართა. მაშინ ჩვენ დავინტერესდით, კონკრეტულად რა მედიკამენტებზე საუბრობდა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ვინ იყვნენ ის ონკოლოგები, რომლებიც პაციენტებს დაურეგისტრირებელ მედიკამენტებს უნიშნავდნენ, თუმცა, პასუხები კითხვებზე ვერც მაშინ მივიღეთ. 6 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოში და შესაძლო ზიანსაც შეისწავლიან.

მანამდე, 17 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ - საბჭომ განიხილა „38 სამედიცინო დაწესებულების 57 ონკოლოგის“ მიერ „ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ისეთი მედიკამენტების დანიშვნის საკითხი, რომელიც საქართველოში დაშვებული არ არის“.

განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ეს მედიკამენტები არ არის აღიარებული „არც ერთი სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ“, ხოლო რეგულირების სააგენტომ აღნიშნული მედიკამენტების რეგისტრაციაზე კომპანიას უარი უთხრა - „რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი შეუსაბამობებისა და საეჭვო წარმომავლობის გამო“.

ერთ-ერთი მედიკამენტის ანოტაციაში, რომლის რეგისტრაციაზეც გასული წლის მაისში წამლის რეგულირების სააგენტომ უარი თქვა, ნათქვამია, რომ მედიკამენტის გაყიდვა 2020 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, მისი მწარმოებელი კომპანია კი ბანგლადეშში დაფუძნებული Beacon Medicare Limited (BML)-ია. ინიექცია ონკოპაციენტებს ეხმარება სიმსივნის გავრცელებასთან ბრძოლაში. მედიკამენტი გამოიყენება მელანომის, ჰოჯკინის ლიმფომის, კუჭის, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების იმუნოთერაპიაში.

XS
SM
MD
LG