მუქარა, შევიწროება და პატიმრობა „აკრძალული კონტენტის“ გავრცელებისთვის ნურლან ლიბრეს გამოცდილი აქვს, თუმცა უკანასკნელი თვეების მოვლენებმა 27 წლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საბოლოოდ აიძულა სამშობლოდან გაქცეულიყო.
2023 წლის მიწურულს, აზერბაიჯანის ავტორიტარულმა ხელისუფლებამ დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე ნადირობა განაახლა. დაკავებების ტალღაში, სხვა 20-მდე ადამიანთან ერთად, მოყვა თეიმურ კარიმოვი, YouTube არხის „კანალ-11“-ის დამფუძნებელი, სადაც ნურლან ლიბრეც მუშაობდა.
კარიმოვი თერთმეტ დეკემბერს გაუჩინარდა. თორმეტში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაკავება დაადასტურა. ამავე დღეს მისი კოლეგა ნურლან ლიბრე უკვე საქართველოში იყო.
არც ერთი დამოუკიდებელი ტელევიზია ან რადიო არ მაუწყებლობს ქვეყნის შიგნიდან და ყველა კრიტიკული პოზიციის მქონე ბეჭდური გაზეთი დაიხურა"რეპორტიორები უსაზღვრებოდ"
„შემატყობინეს, რომ შემდეგი დაკავებული მე ვიქნებოდი“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
ემიგრაცია აზერბაიჯანელი დისიდენტებისთვის თავის გადარჩენის უპირველესი გზაა.
2017 წელს, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან ბაქოში გატაცების შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების შესახებ ილუზიები დიდწილად დაიმსხვრა. ამის მიუხედავად, ქვეყანა გარკვეულწილად მაინც ინარჩუნებს პოლიტემიგრანტების თავშესაფრის სტატუსს.
თუმცა არაერთი მათგანი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საქართველოში კვლავ აწყდებიან აზერბაიჯანის მთავრობისგან „დისტანციურ დევნას“.
„არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ თბილისში“
ნურლან ლიბრე ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ სურს, რომ თბილისში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები შეიკრიბნონ.
„არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ თბილისში“, - ამბობს ლიბრე.
ჟურნალისტი ელმადინ შამილზადე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ახალი წლის დღეებში, თბილისის ერთ-ერთ ბარში მას უცნობები აედევნენ:
„სამი ტიპი შემოვიდა. გვათვალიერებდნენ. ერთ-ერთმა, მგონი გიცნობო და გარეთ გამიყვანა. მგონი, ბაქოური აქცენტი ჰქონდათ. ცდილობდა, რაც შეიძლება შორს წავეყვანე. მერე დანა ამოიღო და ფული მომთხოვა. ჩემი მეგობარი ჩაერია და უცებ გაიქცნენ“, - იხსენებს შამილზადე.
სხვა დროს, შამილზადემ ერთ-ერთი პაბში ყოფნისას, დააფიქსირა, როგორ უსმენდა მას რამდენიმე ადამიანი გამალებით.
ძალიან რეალურია ამ ადამიანების ღელვა და შფოთვები...ნათია თავბერიძე
ჟურნალისტს და ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტს არ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა და ამ უცნაურ ისტორიებს თავის საქმიანობას უკავშირებს.
2023 წლის ივნისში, ელმადინ შამილზადე, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც კონტენტს „ტიკტოკსა“ და „ფეისბუკზე“ აქვეყნებს, აზერბაიჯანის სოფელ სეიოდლუში ოქროს მოპოვების წინააღმდეგ ადგილობრივების პროტესტის გაშუქების დროს დააკავეს და სცემეს.
2023 წლის სექტემბერში, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, თანამშრომლებმა გურბან მამადლის სცემეს. მათგან ერთი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, ორი - ქართველი აზერბაიჯანელი.
გურბან მამადლი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი განცდით თავს აქტივისტური საქმიანობის გამო დაესხნენ.
მამადლის აზერბაიჯანში პოლიტიკური აქტივიზმისა და ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებთან კავშირის ხანგრძლივი ისტორია აქვს.
2012 წლიდან ახალგაზრდულ მოძრაობებში იყო ჩართული. შემდეგ დამოუკიდებელ ინტერნეტტელევიზია „კანალ-13“-ზე დაიწყო მუშაობა ბლოგერად. ამ არხის აღმასრულებელი დირექტორი, აზიზ ორუჯოვი და ამავე არხის წამყვანი, რუფატ მურადლი 2023 წლის დეკემბერში დააკავეს.
2014 წელს, ოპოზიციური „თავისუფალი გაზეთის“ წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოძიებისას მამადლიც დაიბარეს გამოკითხვაზე. გაზეთში, რომლის თანამშრომლები დღემდე ციხეში არიან, დაიბეჭდა რეკლამა წიგნების მაღაზიაზე, რომელიც მამადლის ეკუთვნოდა. პარალელურად, მაღაზია რამდენჯერმე დააჯარიმეს.
„ძალიან მძიმე პერიოდი იყო, ისევე, როგორც ახლა“, - ამბობს მამადლი და ამატებს: „ვიყიდე ბილეთები და წამოვედი საქართველოში. აღარასდროს დავბრუნებულვარ“.
2014 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კანონმდებლობა შეცვალა და უცხოეთიდან დაფინანსების მიღება გაართულა. დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობა აზერბაიჯანში ფაქტობრივად აიკრძალა. ბევრი აქტივობა შეწყდა, ან მიწისქვეშეთში გადაინაცვლა. პოლიტემიგრანტების რაოდენობამ კი საგრძნობლად იმატა.
დღეს აზერბაიჯანი 180-დან 151-ე ადგილზეა ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) პრესის თავისუფლების ინდექსში და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიბია და სუდანი.
„არცერთი დამოუკიდებელი ტელევიზია ან რადიო არ მაუწყებლობს ქვეყნის შიგნიდან და ყველა კრიტიკული პოზიციის მქონე ბეჭდური გაზეთი დაიხურა“, - წერს RSF.
გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის დაარსდა, აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევის, ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის დევნის გამო.
გურბან მამადლი 2017 წელს ჩამოვიდა თბილისში, სადაც ბევრ აზერბაიჯანელ აქტივისტსა და ოპოზიციონერთან ჰქონდა ურთიერთობა. იხსენებს, რომ რამდენჯერმე აფგან მუხთარლისაც დაეხმარა ჟურნალისტური გამოძიების კვლევაში. მაგრამ მისი გატაცების შემდეგ, ეს საქმიანობაც შეწყვიტა. შემდეგ რამდენიმე წლით თურქეთში გადავიდა სასწავლებლად.
„მანამდე ორი წელი ვცხოვრობდი თბილისში, მეგონა უსაფრთხო ქალაქი იყო“, - ამბობს მამადლი და ამატებს, რომ სექტემბრის ინციდენტის მერე წარმოდგენა შეეცვალა: „ამის გამო საცხოვრებელიც შევიცვალე“.
მამადლიმ თავდამსხმელების ანგარიშები ფეისბუკზე დაათვალიერა და ამბობს, რომ მათ მეგობრებში ბევრი ისეთი აღმოაჩინა, ვინც აზერბაიჯანის პირველი ოჯახის, ალიევების ბიზნესის, „ათა ჰოლდინგის“ საქართველოს შტოს თანამშრომლები არიან.
აქტივისტები ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანულ ბიზნესებში აგენტები ჰყავთ. ინფორმატორების ქსელი სცდება ბიზნესს და აღწევს სხვა სფეროებშიც. ასე, აქტივისტების აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს ნდობის დამყარებასა და პოლიტემიგრანტების გაერთიანებას საზღვარგარეთ.
გვგონია, რომ ყველგან გვისმენენ, ყველგან გვიყურებენ...აითან ფარჰადოვა
„GIPA-შიც კი, ყოველ ჯერზე, უსაფრთხოების სამსახურები პოულობენ ადამიანს, რომელსაც მიაქვს ინფორმაცია მათთან. ამიტომ, ხშირად, უბრალოდ არ ვურთიერთობ აზერბაიჯანელებთან“, - ამბობს აითან ფარჰადოვა, გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც ამ დრომდე, სხვათა შორის, თანამშრომლობდა „აბზასმედიასთან“.
2023 წლის ნოემბრის შემდეგ, დაკავებული არიან „აბზასის“ დირექტორი ულვი ჰასანლი, მისი მოადგილე მუჰამედ კეკალოვი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი და ჟურნალისტები ხაფიზ ბაბალი და ნარგიზ აბსალამოვა.
აითან ფარჰადოვა 2019 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, რადგან მისთვის სამშობლოში გაჩერება „მენტალურად რთული იყო“.
„არა მხოლოდ ზეწოლის გამო. საკუთარ თავს ვკარგავდი. საუბრის მანერა შემეცვალა. ინფორმაცია, რომელიც საჯარო უნდა იყოს, ოფიციალური უწყებებიდან გამოაქვთ ასე: „ტკბილეული გაქვთ?“ ყველაფერზე კოდურ სიტყვებს ვიყენებთ. გვგონია, რომ ყველგან გვისმენენ, ყველგან გვიყურებენ. ყოველ ჯერზე, როცა კაფეში ვსხდებით, ვამბობთ ‘გამარჯობა ჩვენს მსმენელებს’“, - ამბობს ფარჰადოვა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ინტერნეტშიც წარმატებით აგროვებს ინფორმაციას ოპონენტებზე.
„ტაქსის კომპანიები არის ძალიან კარგი თვალთვალის საშუალება. ჩემი თვალით მაქვს ნანახი - აზერბაიჯანში ვმუშაობდი მომხმარებელთა მომსახურების კომპანიაში და ვხედავდი, როგორ აწვდიდნენ ყველანაირ ინფორმაციას ხელისუფლებას“, - ამბობს ფარჰადოვა.
ემიგრაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტ ალიევთან დაკავშირებული ბიზნესმენის შესახებ ერთ-ერთი გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, წვდომა დაკარგა მეილზე, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდა.
საქართველოში საცხოვრებლად გადასვლა აითანისთვის მარტივი არ ყოფილა. განსაკუთრებით გაუჭირდა პირველი თვეებში, რადგან სამსახურს ვერ პოულობდა. ორგანიზაციები ხშირად უარს ეუბნებდონენ, რადგან აზერბაიჯანელ ჟურანლისტთან თანამშრომლობა აშინებდათ, განსაკუთრებით აფგან მუხთარლის ინციდენტის შემდეგ. დაკარგა კავშირები და წყაროებთან წვდომა, რის გამოც დისტანციურად ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობა გართულდა. თუმცა სამშობლოსთან სიახლოვის გამო, საქართველო აითანისთვის ყველაზე კომოფრტული ქვეყანაა.
2023 წლის ოქტომბერში სავარაუდო ადევნებაზე საუბრობს ნურანა აშუროვა, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური აქტივისტის, სამირ აშუროვის ცოლი.
„შვილის დაბადების დღეზე ბაზარში ვიყავი. რაღაც მომენტში შევამჩნიე, რომ კაცი დამყვებოდა. თავიდან ვიფიქრე, ხდება ასე, ქალებს ედევნებიან ხოლმე კაცები. მაგრამ შევამჩნიე, რომ დიდხანს გაგრძელდა. ახლოს მოდიოდა. ვცადე გადაღება და ამის შემდეგ გაიქცა“, - ამბობს აშუროვა.
იმავე საღამოს, აშუროვას თქმით, ფეისბუკზე მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.
„ნუ ენდობი ავთანდილს, ვერ დაიცავს შენს ქმარს, ვერავინ დაიცავს მას“, - წერდნენ შეტყობინებაში.
ავთანდილ მამადოვი, რომელზეც ყალბი ანგარიში მიუთითებს, უფლებადამცველი და „ტრანსსასაზღვრო დევნისა და რეპრესიების მსხვერპლთა დაცვის კომიტეტის“ დამფუძნებელია. კომიტეტის მიზანი ალიევის რეჟიმის დევნილი ადამიანების შემთხვევების გამოძიება და ამაზე ინფორმაციის გავრცელებაა.
თითქოს ყოველთვის გვაგებინებენ, რომ დაგვყვებიან...ავთანდილ მამადოვი
კომიტეტი საქართველოდან უწევდა ორგანიზებას საპროტესტო აქციებს ბაქოში. აქტივისტები აშუროვას ქმრის დაკავებას აპროტესტებდნენ.
სამირ აშუროვი ოჯახთან და სხვა შვიდ აქტივისტთან ერთად გერმანიაში ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს. თუმცა 2020 წელს ისინი დაადეპორტეს. მალევე, აშუროვი დააკავეს ბაქოს ცენტრში კაცის დაჭრის ბრალდებით, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ დანა პოლიციამ ჩაუდო.
საპროტესტო აქციებში თავად ნურანა აშუროვა აქტიურად მონაწილეობდა, რის გამოც, მისივე თქმით, მუდმივად უთვალთვალებდნენ და ემუქრებოდნენ ფეისბუკზე.
„დეპორტაციის გამო ევროპაში ვეღარ წავიდოდი, ამიტომ ერთადერთი ადგილი საქართველო იყო. შვილების დასაცავად წამოვედი“, - ამბობს ის.
ახლა ის ავთანდილ მამედოვთან ერთად ჩართულია „კომიტეტის“ საქმიანობაში.
„ნურანას ჩამოსვლამდეც ვამჩნევდი, მაგრამ მისი ჩამოსვლის შემდეგ უფრო მკაფიო გახდა [თვალთვალი]. ბოლო ორი წლის განმავლობაში უფრო მეტ საქმე ვაკეთებ, უფრო შესამჩნევი ვარ და უფრო საჯარო ადვოკატირებას ვეწევი“, - ამბობს პოლიტემიგრანტი მამადოვი, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ცხოვრობს.
მისივე თქმით, ხშირად ამჩნევს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში უცნობი ადამიანები ფოტოებს უღებენ, ან ადამიანი, რომელიც კაფეში გვერდით ეჯდა, პირობითად ერთი საათის შემდეგ, ქუჩაში გადაეყარა.
„კონტაქტში არასდროს შემოდიან, მაგრამ თითქოს ყოველთვის გვაგებინებენ, რომ დაგვყვებიან“, - ამბობს მამადოვი.
„ძალიან რეალურია ამ ადამიანების ღელვა და შფოთვები“, - ამბობს ნათია თავბერიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სახლის“ კოორდინატორი.
„სახლი“ წლებია, აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს ეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში ბაქოსა თუ თბილისში.
„გვაქვს [აფგან] მუხთარლის საქმის გამოცდილება, როცა დღემდე არ გაცემულა კითხვებზე პასუხი და არ დასრულებულა გამოძიება. ასევე, ბოლოდროინდელი ტენდენციაა საქართველოში ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის შევიწროება. ამას ემატება ორ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობა“, - ამბობს თავბერიძე.
აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსების ეჭვებს ამყარებს ბოლო პერიოდში სამი აქტივისტის ბუნდოვანი სიკვდილიც: ბელგიაში - ვუგარ რზაევის, თურქეთში - ბაირამ მამადოვის, საქართველოში კი - ჰუსეინ ბაკიხანოვის.
ოფიციალური ვერსიებით, სამივე შემთხვევა თვითმკვლელობა იყო, რისიც აქტივისტებს არ სჯერათ.
ბაკიხანოვი, ოპოზიციონერი ბლოგერი, რომელიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა, ბუნდოვან ვითარებაში, სასტუმრო „რუმსის“ სახურავიდან, გამოძიების მტკიცებით, გადახტა.
ბოლო ვიდეოები ბაკიხანოვმა „იუტუბზე“ წინა დღეებში გამოაქვეყნა, რომელშიც ჰყვებოდა, რომ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აზერბაიჯანელთა ჯგუფი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
„პერსონალურად ვიცნობდი. ფიქრობდა, რომ საფრთხეში იყო“, - ამბობს ავთანდილ მამადოვი და ამატებს: „ვშიშობ, რომ შეიძლება რამე მსგავსი მომივიდეს“.