Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გადიოდა კოალიცია და ვინ ცდილობს ვაკუუმის შევსებას ავღანეთში?


2021 წლის 2 მაისს ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩამოხსნეს აშშ-ის დროშა და ჰელმანდის პროვინციაში ერთ-ერთი სამხედრო ბაზა ავღანეთის თავდაცვის ძალებს გადასცეს. რამდენიმე თვის შემდეგ ავღანეთი თალიბებმა დაიპყრეს.
2021 წლის 2 მაისს ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩამოხსნეს აშშ-ის დროშა და ჰელმანდის პროვინციაში ერთ-ერთი სამხედრო ბაზა ავღანეთის თავდაცვის ძალებს გადასცეს. რამდენიმე თვის შემდეგ ავღანეთი თალიბებმა დაიპყრეს.

აგვისტოს მიწურულს აშშ-ისა და ნატოს ჯარების ქაოსური გასვლა ავღანეთიდან და მსოფლიოს მიერ აღიარებული ავღანეთის ხელისუფლების ელვისებური კრახი აშკარად იყო მიმდინარე წლის უმთავრესი საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენა, რამაც წერტილი დაუსვა დასავლეთის 20-წლიან ყოფნას სამოქალაქო ომში ჩაძირულ ქვეყანაში და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ცენტრალურ აზიაში.

ახლა, როცა თალიბები კვლავ აკონტროლებენ ავღანეთს, რეგიონის სხვა სახელმწიფოები - პირველ ყოვლისა ირანი, ჩინეთი და რუსეთი, ტრადიციულად დასავლეთის მეტოქეებად რომ მიიჩნევიან, აქტიურად ცდილობენ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გასვლის შედეგად წარმოქმნილი ვაკუუმის შევსებას.

არსებობს პროგნოზები, რომ ამ გეოპოლიტიკურმა “გადაწყობამ” შესაძლოა ანტიდასავლური განწყობების ცენტრად აქციოს ცენტრალური და სამხრეთ აზიის რეგიონი, სადაც, როგორც მე-19 საუკუნეში იყო, რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი და ირანი გაერთიანდებიან მორიგი დიდი თამაშის წამოსაწყებად, სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მქონე ავღანეთზე გაბატონების მიზნით.

ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში მოსკოვი, პეკინი, ისლამაბადი და თეირანი ავღანეთთან მიმართებით მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებას ესწრაფვიან და ჯერჯერობით ვერც ავღანეთის დღევანდელ მმართველებთან ახერხებენ საერთო ენის გამონახვას.

ჰუმანიტარული ევაკუაცია და საქართველოს სატრანზიტო დახმარება

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად დაემხო, ძალაუფლება ქვეყანაში მას შემდეგ დაიბრუნა, რაც აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო და მალე სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის თანახმად, სექტემბრიდან ავღანეთში არცერთი ამერიკელი სამხედრო აღარ უნდა ყოფილიყო.

კოალიციური ძალების ყველაზე მრავალრიცხოვან ამერიკულ კონტინგენტთან ერთად, ავღანეთი სხვა მრავალეროვნულმა ძალებმა, მათ შორის საქართველოს 870-მა სამხედრო მოსამსახურემაც დატოვეს. ამასთან, პატარა კავკასიურმა ქვეყანამ, რომელიც ავღანეთში 2004 წლის აგვისტოდან ჯერ „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (International Security Assistance Force - ISAF), შემდეგ კი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიებში უწყვეტად 17 წლის განმავლობაში მონაწილეობდა, მრავალეროვნულ კოალიციას, გადამწყვეტ ეტაპზე, ავღანეთიდან მოქალაქეთა ევაკუაციის დროსაც გაუწია მნიშვნელოვანი სატრანზიტო დახმარება.

აგვისტოს ბოლოს თბილისის აეროპორტში განლაგდნენ ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები. ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა კი ხორციელდებოდა სხვადასხვა ჩარტერული რეისით.

„საქართველომ ძალიან ოპერატიულად იმოქმედა მთელი ამ საევაკუაციო პროცესის დროს. ჩვენ ევაკუაციის ცენტრი მოვაწყვეთ და ძალიან სწორად და სწრაფად იმართა ეს პროცესი. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი აქტორი და პარტნიორი ქვეყანა ამერიკის, ევროპის. ჩვენ ვმონაწილეობდით წლების განმავლობაში ავღანეთში და, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვიხარია, რომ ამას ჩვენი ამერიკელი და ევროპელი ლიდერები აღიარებენ მადლიერებით", - თავმომწონედ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსოფლიოს ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების, თანამშრომლების და თალიბანის რეჟიმს გაქცეული ავღანელების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც რადიკალურმა დაჯგუფებამ დაიბრუნა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება.

„ჩინეთი და რუსეთი არაფერს ამჯობინებენ იმას, რომ ამ კონკურენციის დროს აშშ კიდევ 10 წლით ჩარჩეს ავღანეთში“, - განაცხადა 31 აგვისტოს ჯო ბაიდენმა.
„ჩინეთი და რუსეთი არაფერს ამჯობინებენ იმას, რომ ამ კონკურენციის დროს აშშ კიდევ 10 წლით ჩარჩეს ავღანეთში“, - განაცხადა 31 აგვისტოს ჯო ბაიდენმა.

ავღანეთიდან მოკლე დროში დაახლოებით 123 ათასი ადამიანის გაყვანა მოხერხდა. Ნატოს ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის გარდა, ესენი იყვნენ კოალიციურ ძალებში, უცხოეთის საელჩოებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მისიებში კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე ადგილობრივი ავღანელები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც პრეზიდენტ აშრაფ ღანის ხელისუფლების დამხობისა და ავღანეთიდან საერთაშორისო სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ, თალიბების მხრიდან შურისძიება ემუქრებოდათ.

„ავღანეთში ფაქტობრივად მოხდა ის, რასაც ეძახიან brain drain-ს, ანუ ტვინების გადინება და რაც ავღანეთის მომავლისთვის უარყოფითად აისახება, რადგან ის ელიტა, რომელსაც ავღანეთის გადარჩენის ბოლო იმედსაც ეძახდნენ, ისინიც გავიდნენ. თუმცა ავღანეთში ამით ყველაფერი არ დასრულებულა“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი.

ახალი „დიდი თამაში“ აშშ-ის გარეშე?

ვაშინგტონმა, ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, გააკეთა პირველი მინიშნება, რომ აშშ გავიდოდა ავღანეთიდან, რათა გლობალური ინტერესის ფოკუსი ჩინეთზე გადაეტანა.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ისტორიის პროფესორი ჯეიმს რირდონ-ანდერსონი მაშინ ვარაუდობდა, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ცენტრალურ აზიაში აშშ-ის გავლენის გაქრობას გამოიწვევდა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მაჰმუდ ყურეში (მარჯვნივ) ელაპარაკება აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს თომას ვესტს. ისლამაბადში ავღანეთზე მოსალაპარაკებლად შეხვედრის დროს. 2021 წლის 11 ნოემბერი.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მაჰმუდ ყურეში (მარჯვნივ) ელაპარაკება აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს თომას ვესტს. ისლამაბადში ავღანეთზე მოსალაპარაკებლად შეხვედრის დროს. 2021 წლის 11 ნოემბერი.

„ცენტრალურ აზიაში შესაძლოა დაიწყოს ახალი დიდი თამაში, მაგრამ მას უფრო ნაკლები მნიშვნელობა ექნება აშშ-ისთვის, ვიდრე ახალ დიდ თამაშს წყნარი ოკეანის ნაწილსა და აღმოსავლეთ აზიაში“, - უთხრა რირდონ-ანდერსონმა რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ 2013 წელს.

მოგვიანებით, როდესაც ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის გადაწყვეტილებას იცავდა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „მსოფლიო იცვლება“ და „ვაშინგტონი სერიოზულ კონკურენციაში იმყოფება ჩინეთთან“.

„ჩინეთი და რუსეთი არაფერს ამჯობინებენ იმას, რომ ამ კონკურენციის დროს აშშ კიდევ 10 წლით ჩარჩეს ავღანეთში“, - განაცხადა 31 აგვისტოს ჯო ბაიდენმა.

ვაშინგტონის ზოგიერთი მოკავშირე და ამერიკელი კანონმდებელიც აკრიტიკებდნენ თეთრ სახლს იმისთვის, რომ ავღანეთიდან გასვლა კიდევ უფრო გაზრდიდა ტერორიზმის საფრთხეს აშშ-ზე.

თალიბანი, რომელიც კვლავინდებურად არის კავშირში „ალ-ყაიდის“ ტერორისტულ ქსელთან, გააფთრებულ ბრძოლას ეწევა მოწინააღმდეგე დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რასაც, ზოგიერთი მიმომხილველის თქმით, კიდევ უფრო უწყობს ხელს ავღანეთიდან დასავლეთის უკან დახევა.

რუსეთის პრეზიდენტის ელჩი ავღანეთში, ზამირ ქაბულოვი (მარცხნივ), ოქტომბერში მოსკოვში ავღანეთის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებამდე ხელს ართმევს თალიბანის დელეგაციის წარმომადგენელს მალავი შაჰაბუდდინ დილავარს. 2021 წლის 20 ოქტომბერი.
რუსეთის პრეზიდენტის ელჩი ავღანეთში, ზამირ ქაბულოვი (მარცხნივ), ოქტომბერში მოსკოვში ავღანეთის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებამდე ხელს ართმევს თალიბანის დელეგაციის წარმომადგენელს მალავი შაჰაბუდდინ დილავარს. 2021 წლის 20 ოქტომბერი.

მაგრამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ავღანეთიდან მომავალ ნებისმიერ ტერორისტულ საფრთხეს ე.წ. „ჰორიზონტის მიღმა“ მისიით, ანუ უპილოტო ავიაციის, დრონების და მართვადი რაკეტების გამოყენებით, დაუპირისპირდებიან.

ნოემბერში, ბრიუსელში ნატოს დიპლომატებთან შეხვედრის დროს, აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში, ტომას ვესტმა ავღანეთიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ რეგიონში სხვა ქვეყნების მზარდ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დასავლეთში მიაჩნიათ, ნატოს მოკავშირეებმა რუსეთთან, ჩინეთთან, პაკისტანთან, ირანთან და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად „უნდა იმუშაონ“ სტაბილურ ავღანეთთან დაკავშირებული საერთო და „უცვლელი“ ინტერესებიდან გამომდინარე; ავღანეთისა, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს თავის მეზობლებისთვის, პატივს სცემს და იცავს უმცირესობებისა და ქალების, ზოგადად ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

Მაგრამ, აგვისტოში ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, თალიბანმა დაასახელა მხოლოდ მამაკაცებისგან შემდგარი მთავრობა. მასში შედიან გასამხედროებული დაჯგუფების ვეტერანი წევრები, რომლებიც პირობას დებენ, რომ დაუბრუნდებიან შარიათის მკაცრ კანონმდებლობას. ამით ძლიერი დარტყმა განიცადა ავღანელებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის იმედებმა, რომ ხელისუფლებაში მეორედ მოსვლისას თალიბანი უფრო ნაკლებად მკაცრი იქნება და ნაკლებ აკრძალვებს დააწესებს, ვიდრე ორი ათწლეულის წინ.

პაკისტანის მიერ ავღანეთისთვის გაგზავნილი საკვებით და მედიკამენტებით დატვირთული თვითმფრინავი ყანდაარის აეროპორტში. 2021 წლის 10 სექტემბერი
პაკისტანის მიერ ავღანეთისთვის გაგზავნილი საკვებით და მედიკამენტებით დატვირთული თვითმფრინავი ყანდაარის აეროპორტში. 2021 წლის 10 სექტემბერი

ადამიანის უფლებები, ნარკოტიკები და ტერორიზმის გავრცელება

იმ დროს, როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები ნატოში თალიბანისგან მოითხოვენ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისა და ქალთა უფლებების დაცვას, მოსკოვი, პეკინი და ისლამაბადი ქაბულს მსგავსი მოწოდებებით არ მიმართავენ. გამონაკლისია თეირანი, რომელსაც ყოველთვის აღელვებდა ავღანეთში მცხოვრები შიიტების ბედი.

ირანი, რომელსაც შიიტები მართავენ, დაჟინებით იმეორებს, რომ თალიბებს ოფიციალურად მანამ არ აღიარებს, ვიდრე ავღანეთის სუნიტი მმართველები არ შექმნიან „ინკლუზიურ“ მთავრობას, რომელშიც ავღანეთის შიიტური თემის წარმომადგენლები, ჰაზარებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

ჩინეთის დროშა ფრიალებს სპილენძის მაღაროში, საცხოვრებელი ობიექტების მახლობლად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო იჯარით აქვს აღებული ჩინურ სამთო კომპანიას. 2021 წლის 13 სექტემბერი
ჩინეთის დროშა ფრიალებს სპილენძის მაღაროში, საცხოვრებელი ობიექტების მახლობლად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო იჯარით აქვს აღებული ჩინურ სამთო კომპანიას. 2021 წლის 13 სექტემბერი

ჰაზარები სპარსულად მოსაუბრე ირანელი ხალხია, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ ავღანეთში. შიიტური ისლამის მიმდევარი ჰაზარები ავღანეთის სიდიდით მესამე ეთნიკურ ჯგუფს და მთლიანი მოსახლეობის 9%-ს შეადგენენ.

„ავღანეთისთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ირანია. ვითარებაში, როდესაც მის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები მოქმედებს, ირანისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ნავთობის რეალიზება. მაგრამ მთავარი არის თალიბანის დამოკიდებულება იმავე შიიტების მიმართ. განცხადებების დონეზე არის დაპირებები, რომ შიიტებს არ შეეხებიან და მათი უფლებები დაცული იქნება. მოგეხსენებათ, რომ ავღანეთში 4 მილიონი შიიტი ცხოვრობს და ირან-ავღანეთის ურთიერთობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ვითარებაში მოუწვეთ მათ (შიიტებს) ცხოვრება.

ზურაბ ბატიაშვილი
ზურაბ ბატიაშვილი

სუნიტური ჯიჰადისტური ჯგუფებისთვის ირანი და შიიზმი ისტორიულად არის მოწინააღმდეგე. შესაბამისად, თუ იქაური შიიტების მიმართ თალიბების დამოკიდებულება მკაცრი იქნება, მკაცრი იქნება ირანიც, ხოლო თუ უფრო ლმობიერი იქნება და პრაგმატიზმზე ააგებს თალიბანი ურთიერთობებს, მაშინ ირანის მხრიდანაც პრაგმატული დამოკიდებულება იქნება იგივე ვაჭრობის თვალსაზრისით“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

თავის მხრივ, თეირანი შიშობს, რომ თალიბანის მიერ მხარდაჭერილი სუნიტური დაჯგუფებები ავღანეთიდან აღმოსავლეთ ირანში გადავლენ, ხოლო ოპიუმის უწყვეტი კონტრაბანდა შეარყევს ირანის ხელისუფლებას.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის, ანტიტერორისტული ოპერაციებისა და ავღანეთის განვითარების მიმართ მიდგომებში არსებული განსხვავება ართულებს დასავლეთსა და ახალ რეგიონულ მოთამაშეებს შორის შემდგომ თანამშრომლობას.

ავღანეთის აღორძინებისადმი აშშ-ისა და ევროკავშირის მიდგომა კონცენტრირებული იყო სამოქალაქო დახმარებაზე, სახელმწიფო მშენებლობისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირებასა და განვითარებაზე.

ჩინეთისა და რუსეთისთვის კი დღესდღეობით მთავარია ავღანეთიდან მომდინარე იმ ისლამური ექსტრემიზმის საფრთხისა და ნარკოტიკების გავრცელების თავიდან აცილება, რაც შუა აზიას და ჩინეთის დასავლეთ სინძიანის პროვინციას ემუქრება.

ვინ მიიჩნევს თავს „გამარჯვებულად“?

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების (SWP) გერმანული ინსტიტუტის ექსპერტები, საბინა ფიშერი და ანელა სტანცელი მიიჩნევენ, რომ ყველაზე მეტად „გლობალურ დონეზე“ სწორად ჩინეთი და რუსეთის სარგებლობენ იმ „შესუსტებით“, რასაც ავღანეთიდან წასვლის შემდეგ დასავლეთის ინტერესები განიცდის ამ რეგიონში.

„ჩინეთისა და რუსეთის თვალთახედვით, ავღანეთიდან გასვლა კიდევ ერთი დადასტურებაა დასავლეთის ალიანსის თანდათანობითი დასუსტებისა“, - აღნიშნავდნენ ფიშერი და სტანცელი ამასწინანდელ ანგარიშში.

ასეთი ვითარება აძლიერებს მოსკოვისა და პეკინის ნარატივებს, რომელიც შეიცავს მოწოდებებს, რომ ბოლო მოეღოს დასავლეთის ლიდერობით შემუშავებულ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს. თუმცა, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ დასავლეთის წარუმატებლობა ავღანეთში ავტომატურად არ ნიშნავს ჩინეთის და რუსეთის გამარჯვებას.

„ბოლოს და ბოლოს მოსკოვს და პეკინსაც ასევე მოუხდებათ შებრძოლება იმ საფრთხეებთან, რომლებიც შესაძლოა მომდინარეობდეს ავღანეთიდან და რეგიონულ დონეზე პირდაპირ ემუქრებოდეს ჩინეთისა და რუსეთის ინტერესებს“, - მიიჩნევენ ფიშერი და სტანცელი.

ავღანეთიდან დასავლეთის გასვლისა და ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნების შემდეგ, ანალიტიკოსების თქმით, ყველაზე დიდ გამარჯვებულად საკუთარ თავს მიიჩნევს ავღანეთის მეზობელი პაკისტანი, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში.

ავღანეთზე თალიბების კონტროლი პაკისტანს აძლევს სტრატეგიულ უპირატესობას მის მთავარ მეტოქე, ინდოეთზე, ვინაიდან ქაბულში მყოფი მთავრობა შესაძლოა უშუალოდ იმყოფებოდეს ისლამაბადის გავლენის ქვეშ.

მაგრამ ამ მოსაზრების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ისლამაბადსაც აქვს, როგორც ამბობენ, თავისი გამაღიზიანებელი ფაქტორი - პუშტუნების ლიდერობით მოქმედი თალიბანი არასოდეს არ ცნობდა მე-19 საუკუნეში ავღანეთსა და პაკისტანს შორის ბრიტანეთის კოლონიის დროს აღიარებულ ოფიციალური საზღვარს, რაც ღიად ტოვებს ტერიტორიული პრეტენზიების საკითხს. მით უფრო იმ დროს, როდესაც პაკისტანის უკონტროლო რეგიონში მოქმედი „ხაყანის“ ქსელის ერთ-ერთ ლიდერს, სირაჟოდინ ხაყანს, ავღანეთის ამჟამინდელ ხელისუფლებაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი უკავია.

თალიბები „არ არიან ირანის მეგობრები“

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნების შემდეგ ჯგუფ „ტროიკა პლუსის“ ფარგლებში ავღანეთის თემაზე მოლაპარაკებები გაიმართა პაკისტანში, რუსეთსა და ჩინეთში. ამ ჯგუფში ასევე შედის აშშ-ც.

ჯგუფის არცერთ წევრ ქვეყანას ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია ავღანეთის მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ თალიბებთან ორმხრივი მოლაპარაკებები ცალ-ცალკე პაკისტანმაც გამართა, ჩინეთმაც და რუსეთმაც.

ესმაილ ყაანი, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსების „ყუდსის ძალების“ სარდალი
ესმაილ ყაანი, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსების „ყუდსის ძალების“ სარდალი

თალიბების ხელისუფლება ოფიციალურად არც მეზობელ ირანს უღიარებია. ოქტომბერში თეირანმა რუსეთისა და ავღანეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად გამართა მოლაპარაკება რეგიონის გეოპოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგრამ ამ მოლაპარაკებაზე თალიბანის დელეგაცია არ მიუწვევიათ.

გარდა ამისა, დეკემბრის დასაწყისში დაძაბული ვითარება შეიქმნა ირან-ავღანეთში საზღვრის მონაკვეთზე ნიმრუზის რეგიონში, სადაც საქმე სროლამდეც მივიდა თალიბებსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის.

მოგვიანებით ირანის სახელმწიფო მედიამ ინციდენტს თალიბების მხრიდან „გაუგებრობა“ უწოდა. Მაგრამ აღმოსავლური დიპლომატია ვერ მალავს ორ ქვეყანას შორის არსებულ წინააღმდეგობას.

უფრო ადრე, სექტემბერში ესმაილ ყაანიმ, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსების „ყუდსის ძალების“ სარდალმა, გააფრთხილა ირანის პარლამენტი, რომ დაუშვებელია ავღანეთიდან მომავალი რელიგიათაშორის დაპირისპირების ირანის ტერიტორიაზე გავრცელება.

თალიბების ახალი რეჟიმი „არ არის ირანის მეგობარი“, - განაცხადა ყაანიმ, რომელიც წარსულში ავღანეთში მომხდარ კონფესიათშორის დაპირისპირებაზე საუბრობდა.

„თეირანის რევოლუციური ლიდერები პერიოდულად საჯაროდ მიესალმებიან ხოლმე თალიბანის გამარჯვებას, მხოლოდ იმიტომ, რომ აშშ-ის გასვლა ავღანეთიდან ირანს რეგიონში მეტი თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს. მიუხედავად ამისა, ავღანეთის გადაქცევა ტერორისტების მოსამზადებელ გლობალურ ცენტრად ირანს ნამდვილი კმაყოფილების საფუძველს უსპობს“, - ამბობს ინდიანის უნივერსიტეტის ევრაზიული და ირანული კვლევების სპეციალისტი, პროფესორი ჯემში ჩოყსი.

ამასთან, ავღანეთის ხელახალმა თალიბანიზაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ირანის კიდევ უფრო დიდი დამოკიდებულება ჩინეთსა და რუსეთზე, რაც ჩოყსის თქმით, ძირს გამოუთხრის უამრავი ირანელისათვის ძვირფას, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG