Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საძმო სასაფლაოზე ვკრძალავთ, გმირები იქ იმარხებიან“ - აფხაზეთიდან 23 ადამიანი გადმოასვენეს


სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში
სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში

7 დეკემბერს, თბილისში, სამების ტაძარში, აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთის ომის შემდეგ ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ. მათგან 21 მებრძოლი, 2 კი მშვიდობიანი მოქალაქეა. 17 მებრძოლის ცხედარი თბილისში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, სხვები - საგვარეულო სასაფლაოზე.

დალი სანაიას წინ ხუთი კუბო დევს, ბიძის გიგუშა სანაიასი და ბიძაშვილების - გოჩა და გიორგი სანაიების. ცოტა მოშორებით კიდევ ორი სასახლეა.

„მამაჩემის ძმა და მისი ორი შვილი გადმოასვენეს. მათი დედა და ბებია ჯერ ისევ აფხაზეთში არიან დაკრძალულები. მთელი ოჯახი ამოწყდა, ჩვენ დავრჩით ჭირისუფლები. ბიჭები გვარდიაში იყვნენ და კინდღში შეტაკებისას დაიღუპნენ. ვარჩელები ვართ, მთელი სოფელი ერთად მოვდიოდით, ისინი მანქანებით იყვნენ და რაღაც მონაკვეთიდან გზა ვეღარ გააგრძელეს. მამაკაცები ყველა დახოცეს, ზოგი ქალიც. დანარჩენი ქალები გაძარცვეს და გამოუშვეს. იმ დღეს ალბათ 30-მდე ადამიანი დაიღუპა. მე ერთი საათით ადრე ბავშვებთან ერთად წამოვედი ფეხით და ამიტომ გამოვასწარი, - ამბობს დალი სანაია, - ბიძაჩემის ცოლის ძმისშვილებიც გადმოასვენეს, სპარტაკ და კახაბერ ზარანდიები, ისინიც ვარჩელები, 20 და 18 წლისები იყვნენ, სამხედროები, კოდორის ხიდს იცავდნენ.

დალი სანაია
დალი სანაია

მარტო ჩვენ დავრჩით მათი ოჯახიდან, დისშვილები და ძმისშვილები. მე სენაკიდან ვარ წარმოშობით, მაგრამ ყველანი იქ გავიზარდეთ, აფხაზეთში. ათი წელი ვცხოვრობდი სანაიებთან, იქ ვსწავლობდი, იქიდან გავთხოვდი. ჩვენი სიცოცხლე არაფერი არ იყო იმ დღის შემდეგ“.

უფროსი ლეიტენანტი ზურაბ ჭეღელიძე გორის რაიონის სოფელ ზერტიდან იყო. ოჩამჩირესთან შეტაკებისას დაიკარგა. დარჩა ოთხი წლის მოყვანილი ცოლი და ოთხი გოგო.

„ოთხ შვილთან ერთად დავრჩი, მეოთხე ჯერ მუცელში მყავდა. მინდოდა ბიჭი დაბადებულიყო, გვარის გამგრძელებელი, მაგრამ ისიც გოგო დაიბადა. ჩემი მეუღლე მერე უფრო გავიცანი ხალხის მონაყოლით. მერე მეც სამხედრო გავხდი, კაპრალი ვარ“, - ჰყვება ზურაბის მეუღლე მარინე ჭეღელიძე.

„ბოლო წუთამდე ცოცხლებშიც ვეძებდით და მიცვალებულებშიც. ამბობენ, რომ გმირი და სულით მებრძოლი ადამიანი იყო, მე კი მერჩივნა ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენს გვერდით“, - ამბობს მისი შვილი მაია ჭეღელიძე.

ვანო თვალიაშვილი გორის გვარდიაში ირიცხებოდა, 28 წლის ოჩამჩირესთან დაიღუპა.

„მაშინ 8 წლის ვიყავი. მამა მახსოვს, მაგრამ ბუნდოვნად. გარდაცვლილი რომ იყო, ეს ვიცოდით, მაგრამ სად იყო დამარხული, იყო თუ არა საერთოდ, ეს უკვე არა. მერე მისი ცხედარი საერთო საფლავში იპოვეს“, - ამბობს მისი შვილი ნოდარ თვალიაშვილი.

გიორგი მიზიაშვილი „თეთრი არწივის“ მებრძოლი იყო, მისი კვალი აგუძერის საავადმყოფოსთან იკარგება, სადაც აფეთქების შემდეგ დაჭრილი მივიდა.

„ერთად ვიბრძოდით. მე მაშინ ცხრამეტი წლის ვიყავი, ის - ოცის. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებამ ხელი მოაგლიჯა და საავადმყოფოში თავად მივიდა. ალბათ ახლოს იყო. ახლა საავადმყოფოს ეზოში იპოვეს დამარხული. ორი დღეა აქ ვარ, გამწარებულ დედებს ვუყურებ და თავი დამნაშავე მგონია - მე ცოცხალი დავბრუნდი, ისინი კი იქ დარჩნენ. დედამისი ქეთინო 30 წელი ყოველდღე იმას ელოდებოდა, ჩემი შვილი კარებს შემოაღებსო“, - ამბობს კახა ხარაზიშვილი.

ელგუჯა მეტრეველი 55 წლის სოხუმელი კაცი იყო, ჭანბას ქუჩაზე ცხოვრობდა. სოხუმი რომ დაეცა, ცოტა ხანი აფხაზი მეზობელი ლიონა ხაშბა მალავდა, მაგრამ მაინც შეამჩნიეს და მოკლეს.

„მე ვიბრძოდი და ვერანაირად მოვახერხე, გამომეყვანა. ქართველი რომ იყო, მხოლოდ იმიტომ მოკლეს. ეზოში დამარხეს მაშინ მეზობლებმა. მწარედ მახსენდება ის ბოლო დღეები. მაშინ ისე ვიბრძოდით, სიმართლეს ვერ ვხედავდით, ომის მერე უფრო დავინახეთ. ორივე მხარე ჩაგვითრიეს ამ ომში, ეს ჩვენი დიდი შეცდომაც იყო და აფხაზებისაც“, - ამბობს ელგუჯას შვილი ბესო მეტრეველი.

გომბორის ბატალიონის მებრძოლი ემზარ სულაქველიძე ახლა 72 წლის გახდებოდა. მისი ცხედარიც ოჩამჩირეში იპოვეს.

„სამჯერ ჩავარდა ტყვედ, სამჯერ გაცვალეს, ყოველ ჯერზე ისევ ომში მიდიოდა. მესამედ რომ წავიდა, აღარ დაბრუნებულა. ბებიაჩემი სანამ ცოცხალი იყო, მთელი ცხოვრება ელოდა, ჩვენ უკვე აღარ, მაგრამ არც ამას (ცხედრის პოვნას) ველოდით და იმხელა შოკი მიიღო დედაჩემმა... თავიდან განუახლდა ყველაფერი. რომ ვიხსენებდით, ვამბობდით, სადაც არის, როგორც არის, იქ გაუმარჯოსო. მორაგბე იყო მამაჩემი. თბილისში მისი სახელობის სტადიონი და ქუჩაა. ბავშვობიდან ამაყი ვიყავი იმით, რომ გმირი მამა მყავდა. ძალიან მაინტერესებს აფხაზეთის ნახვა, ყველაფერი მაინტერესებს, რაც მამაჩემს უკავშირდება“, - ამბობს ემზარის შვილი სალომე სულაქველიძე.

ჯიმშერ მერებაშვილი წელს 75 წლის გახდებოდა, ისიც გორიდან იყო და ოჩამჩირეში დაიღუპა. ახლობლები ბოლომდე ფიქრობდნენ, იქნებ სადმე ცოცხალი იყოსო. 5 შვილი ჰყავდა. დღეს ჯიმშერის მონაგარი - შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები - 22 ადამიანია.

სოფო მერებაშვილი
სოფო მერებაშვილი

„რომ ვიკრიბებოდით, სულ მასზე ვლაპარაკობდით, მაგრამ იმის აღიარება, რომ მკვდარია, მაინც გვიჭირდა. იქნებ, სადმე ცოცხალია, იქნებ არ ახსოვსო, - ამბობს ჯიმშერის შვილი სოფო მერებაშვილი, - საძმო სასაფლაოზე ვკძალავთ, გმირები იქ იმარხებიან“.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 2010 წლიდან მოყოლებული სულ მიაგნეს და ოჯახებს გადასცეს 273 ადამიანის ნეშტი. 1870 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც დაკარგულად მიიჩნევა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG