Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილი სტადიონზე. 20 წელი "კადიროვშჩინის" დაწყებიდან


ახმატ კადიროვი. ილუსტრირებული ფოტო
ახმატ კადიროვი. ილუსტრირებული ფოტო

20 წლის წინ გროზნოში მოკლეს უფროსი კადიროვი, უმცროსი კადიროვი მაშინ 26 წლის იყო.

20 წლის წინ გროზნოში მოკლეს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ახმატ კადიროვი, რომელიც მოგვიანებით მისმა შვილმა, რამზან კადიროვმა შეცვალა. 20-წლიანი მმართველობის თავზე ჩეჩნეთში კადიროვების კლანის ძალაუფლებას თამამად შეიძლება ეწოდოს „თითქმის უსაზღვრო“.

კადიროვის ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან კადიროვებსაც კი, უკავიათ რესპუბლიკის ყველა საკვანძო თანამდებობა. მაგალითად, რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟი, ადამი, გუდერმესში მდებარე პუტინის სახელობის კერძო რუსული სპეცრაზმის უნივერსიტეტის კურატორია (მას რამდენიმე საპატიო თანამდებობა ადრეც ეკავა, მიღებული აქვს ჩეჩნეთის გმირის წოდებაც). რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი, ხადიჯატი ასევე მაღალი თანამდებობის პირია - მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ.

მთლიანობაში თანამდებობაზე მყოფი კადიროვების სია ძალიან ვრცელია. როგორც წესი, ყველა მათგანი დანიშნულია ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან ახმატის ძე კადიროვის ინიციატივით ან თანხმობით.

ბაბუის სეხნია ახმატ კადიროვი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 2023 წ. 4 მარტი.
ბაბუის სეხნია ახმატ კადიროვი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 2023 წ. 4 მარტი.

2004 წლის 9 მაისს, გროზნოში, „დინამოს“ სტადიონზე, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მსვლელობისას, მოხდა ძლიერი აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის - ჩეჩნეთის პრეზიდენტი ახმატ კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ჰუსეინ ისაევი და რვა წლის გოგონა. მძიმედ დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. იმავე დღეს, აღლუმის დამთავრებისთანავე, ვლადიმირ პუტინმა კრემლში მიიღო ახმატ კადიროვის უმცროსი ვაჟი, რამზანი, რომელიც მაშინ 26 წლის იყო და მამამისის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. რამდენიმე დღეში, 2004 წლის 31 მაისს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს რამზანის უფროსი ძმა ზელიმხანი, ოფიციალურ ვერსიად გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა დასახელდა.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ გროზნოს სტადიონი არაერთხელ და საგულდაგულოდ შემოწმდა ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე. მოგვიანებით, უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტელეკომპანია НТВ-ს განუცხადეს, რომ ძაღლების გამოყენება სირთულის გამო ვერ მოხერხდა, ხოლო ლითონის დეტექტორი შესაძლოა არაეფექტიანი ყოფილიყო სტადიონის კონსტრუქციის გამო.

გამოძიების მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობის კონსტრუქცია მარტივად იყო აწყობილი 152 მმ-იან საარტილერიო ჭურვზე და მისი სიმძლავრე ერთ კილოგრამამდე ტროტილის ეკვივალენტს შეადგენდა. ერთ-ერთი ვერსიით, ნაღმი წინასწარ იყო დამონტაჟებული ბეტონის კონსტრუქციებში ცენტრალური ტრიბუნის ქვეშ სტადიონის რემონტისას, რომელიც ფაქტობრივად ტერაქტის წინა დღეს დასრულდა. მოწყობილობა აფეთქდა ბეტონის ტრიბუნაში პირდაპირ ახმატ კადიროვის ქვეშ - მისსა და ჰუსეინ ისაევის სავარძლებს შორის. ეს ადგილი აფეთქების შედეგად მთლიანად დაიშალა. ადგილის დათვალიერების დროს, მესანგრეებმა ტრიბუნებს ქვემოთ იპოვეს მსგავსი აუფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ჩაშენებული იყო პირველი ნაღმის გვერდით, ტრიბუნის ბეტონის საძირკველში, თუმცა არ აფეთქდა“.

2004 წლის 9 მაისის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჩეჩენმა საველე მეთაურმა შამილ ბასაევმა აიღო. თავის მხრივ, ბასაევი 2006 წელს ინგუშეთში სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. რამზან კადიროვმა მოგვიანებით თქვა, რომ „გაანადგურეს“ მამამისის მკვლელობაში მონაწილე პირები.

რამზან კადიროვი მამამისის მკვლელობის დროს 26 წლის იყო. კანონით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვის გამო მხოლოდ 4 წლის შემდეგ დაიკავა მან ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა. გარდა ამისა, უმცროს კადიროვს არ ჰქონდა მართვის დიდი გამოცდილება, ის ხელმძღვანელობდა პირად დაცვას, რომელიც რამდენიმე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცისგან შედგებოდა.

ჩეჩნეთის სახელმწიფო საბჭო ასაკობრივი წინაღობის მოხსნის ინიციატივითაც გამოვიდა, მაგრამ ამის ნაცვლად გადაწყდა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოსტს დროებით დაიკავებდა რესპუბლიკის შსს-ს ხელმძღვანელი, ასევე კრემლის ერთგული ალუ ალხანოვი.

„რაც მოხდა, მოხდა. წარსულში დაბრუნება ნიშნავს კვლავ დაყოფას, იმის დაუსრულებელ გარჩევას, ვინ მართალია და ვინ - მტყუანი. არ არის საჭირო. ერთი რამ ვიცი, თუ ჩვენ არ გავერთიანდებით, თუ ისევ გავიხლიჩებით მთის და დაბლობის მცხოვრებლებად, ტეიპებად და ვირდებად... გარწმუნებთ, კიდევ ერთხელ აღმოვჩნდებით ვიღაცისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის - დაყავი და იბატონეს - ქვეშ“, - განაცხადა ალხანოვმა 2004 წლის ოქტომბერში გამართული ჩეჩნეთის პრეზიდენტის არჩევნების დროს.

ვლადიმირ პუტინი და რამზან კადიროვი, 2004 წ.
ვლადიმირ პუტინი და რამზან კადიროვი, 2004 წ.

ზუსტად 1,5 წლის შემდეგ რამზან კადიროვი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად და მან დაიწყო რესპუბლიკის ფაქტობრივი მართვა. კიდევ ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს, ალუ ალხანოვი მოსკოვში გადაიყვანეს, 30 წლის რამზან კადიროვმა კი ოფიციალურად დაიკავა ჩეჩნეთის პრეზიდენტის თანამდებობა.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოკლეს თითქმის ყველა ჩეჩენი საველე მეთაური, რომელსაც ვერ აკონტროლებდა კადიროვის კლანი. რამზან კადიროვის პოლიტიკური ოპონენტები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ რუსეთი. მალე კადიროვის ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დაცვაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელ საქმიანობად იქცა.

„გთხოვთ პატიებას ჩემი 15 წლის შვილის არასწორი აღზრდისათვის, რადგან ვერ შევძელი ღირსეულად მისი აღზრდა“, - ასეთი იყო რამზან კადიროვისათვის ჩეჩნეთის ერთ-ერთი მკვიდრის მიერ მოხდილი პირველი საჯარო ბოდიში, რომელსაც მოჰყვა მრავალი სხვა მობოდიშება. რამზან კადიროვისთვის საჯარო ბოდიში აქვთ მოხდილი ბლოგერებს, პოლიტიკოსებს, სპორტსმენებსა და გუბერნატორებსაც კი.

რამზან კადიროვის მიერ დამკვიდრებულ ამ ძალადობრივ ტრადიციას მისი ვაჟებიც აგრძელებენ. მსოფლიომ ნახა სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეო, როგორ სცემა რამზანის არასრულწლოვანმა შვილმა ადამმა დაპატიმრებულს ნიკიტა ჟურაველს გროზნოს იზოლატორში. ჟურაველი დააპატიმრეს ვოლგოგრადში ყურანის დაწვის გამო. ჩეჩნეთის ხელისუფლების მოთხოვნით ჟურაველი გროზნოში გადაიყვანეს. რამზან კადიროვმა დაწერა, რომ ამაყობს თავისი ვაჟით. სწორედ ამის შემდეგ მიანიჭეს ადამ კადიროვს ჩეჩნეთის გმირის წოდება.

ბოლო რამდენიმე წელია რუსული დამოუკიდებელი მედია კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ წერს. „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, 2019 წლის იანვარში პოლიტიკოსს პანკრეასის ნეკროზის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ჩანს, ჩეჩნეთის მეთაური მართლაც მძიმედ არის ავად და მოსკოვში მის მემკვიდრესაც არჩევენ. ყოველ ჯერზე, ასეთი პუბლიკაციების შემდეგ, კადიროვის ტელეგრამის არხზე ჩნდება ვიდეოები, რომლებშიც ჩეჩნეთის ხელმძღვანელი ახდენს თავისი ფიზიკური შესაძლებლობების დემონსტრირებას: ვარჯიშობს დარბაზში, ავტომობილს აწვება, დარბის, თათბირს ატარებს და ა.შ.

ახმატ კადიროვის გარდაცვალებისა და რამზან კადიროვის ხელისუფლებაში მოსვლის 20 წლისთავთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტი, Current Time-ი ესაუბრა ჩეჩენ უფლებადამცველ აბუბაქარ იანგულბაევს, რომლის ოჯახსაც მთელი სისასტიკით შეეხო კადიროვის კლანის რეპრესიები (აბუბაქარის დედა დღემდე პატიმრობაში იმყოფება, ოჯახის სხვა წევრები კი გაქცეულები არიან).

აბუბაქარ იანგულბაევის თქმით, რესპუბლიკის ამჟამინდელი მეთაური თავისი ძალაუფლებით ყველაზე მეტად პუტინისგან არის დავალებული:

„რამზან კადიროვამდე ამ ურთიერთობას აგებდა მისი მამა, ახმატ კადიროვი, რომელმაც გარშემო შეკრიბა ადამიანები, რომლებიც რუსეთისთვის იყვნენ ტერორისტები, რადგან მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. კადიროვები მათ დაჰპირდნენ ამნისტიას, რომლის მიღების შემდეგ ისინი პირველ რიგში ემორჩილებიან კადიროვს, მხოლოდ შემდეგ პუტინს. ვიდრე უხდიან, ისინი მზად არიან სიმბოლურად გამოავლინონ როგორც ერთგულება, ასევე ძალა“.

იმის მიუხედავად, რომ კადიროვის ძალაუფლება ჩეჩნეთში ურყევად გამოიყურება, იანგულბაევი მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთში ვითარებას ძნელად შეიძლება ეწოდოს სტაბილური:

აბუბაქარ იანგულბაევი
აბუბაქარ იანგულბაევი

„ჩეჩნეთი ისეთი საკონცენტრაციო ბანაკი თუ უზარმაზარი ციხეა, სადაც გაბატონებულია სამართლებრივი ნიჰილიზმი, სადაც არ მუშაობს რუსული კანონმდებლობა. თავიდან ამბობდნენ, კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენისთვის იბრძოდნენ, შემდეგ ტერორიზმი უნდა დაემარცხებინათ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სახეზეა სამართლებრივი ნიჰილიზმი ტერორისტებით ხელისუფლებაში. თვითონ კონფლიქტი, კონფლიქტის მიზეზი არ ამოწურულა. მხედველობაში მაქვს როგორც დამოუკიდებლობის წყურვილი, ასევე იმპერიის ბრძოლა. ყველა ეს საკითხია ღიაა. ამიტომ სტაბილურობის წყარო ჯერჯერობით მხოლოდ ცეცხლი და მახვილი, წამება და უკანონო რეიდებია. ომის დროს თუ წმენდებს ატარებდნენ, ახლა რეიდები აქვთ“.

რუსეთის ფედერაციაში ჩეჩნეთი ერთ-ერთი ყველაზე "ძვირადღირებული" რესპუბლიკაა. გროზნო და კადიროვის რეჟიმი წელიწადში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 300 მლრდ რუბლის, დაახლოებით 3 მლრდ აშშ დოლარის დოტაციას იღებს.

მოსკოვი, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს ხოლმე კადიროვის განუკითხაობაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ეშინიათ ან ვერ აკონტროლებენ.

„არ მგონია, რომ კადიროვის ეშინიათ, - ამბობს ჩეჩენი უფლებადამცველი, - კადიროვი სარგებლობს პუტინის დაცვის ერთგვარი აურით, თავის მხრივ, პუტინს ძალიან სჭირდება კადიროვი, რადგან თუნდაც მკვლელობებით, ძალადობითა და შიშით კონტროლის ქვეშ ჰყავდეს ჩეჩნეთი. პუტინს უნდა, რომ იმპერია აღადგინოს. სწორედ ამ საქმისთვის სჭირდება კადიროვი“.

აბუბაქარ იანგულბაევის თქმით, რამზან კადიროვის 20-წლიანმა მმართველობამ არსებითად შეცვალა ჩეჩნეთი.

„თუ შევადარებთ ერთმანეთს 1980-იანი, 1990-იანი, 2000-იანი, 2010-იანი წლების ჩეჩნებს და კადიროვის ეპოქის გაპრიალებული ჩეჩნების ვერსიას, იოლად დავრწმუნდებით, რომ მას არაფერი აქვს საერთო ინტელექტთან, ჭკუასთან, არანაირი შემოქმედება, ლიტერატურა და ა.შ. ეს არის ამბავი ადამიანზე, რომელიც ცოტას ფიქრობს, სულ ბრაზობს და იმუქრება. მორალური ღირებულება - გადააბიჯო სხვის მორალურ ღირებულებებს. ასეთია კადიროვის დღევანდელი კულტურული კოდი“.

თუმცა ჩეჩენი უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ კადიროვის შეცვლა არსებითად შეცვლის ჩეჩნეთს. მისი თქმით, ცვლილებები აუცილებლად მოხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემცვლელად კადიროვის კაცს შეარჩევენ.

„ყველა შემთხვევაში ეს მაინც სხვა ჩეჩნეთი იქნება“, - ამბობს იანგულბაევი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG